"არც ძალიან "გაფერადებული" გოგო მინდა და არც "ჩამქრალი"
"ფეხით სიარული მიყვარს, მეგობრებთან ერთად ხშირად დავდივარ სალაშქროდ, ბუნებას ვასუფთავებთ. ერთხელ ლაგოდეხის ნაკრძალში, გურგენიანის ჩანჩქერი სრულიად მარტომ დავალაგე", - ამბობს მსახიობი ირაკლი ჩხიკვაძე. მას "ჩემი ცოლის დაქალებში" შესრულებულმა კერძო დეტექტივის როლმა დიდი პოპულარობა მოუტანა. ორგზის გმირი პოლიციელი მაყურებელმა შეიყვარა, ემოციას ხშირად ქუჩაშიც დაუფარავად გამოხატავენ. მსახიობის თქმით, პერსონაჟთან არაერთი საერთო პიროვნული თვისება აკავშირებს, არ უყვარს ტყუილი და ბევრ რამეს აპროტესტებს.
- დაბადების თარიღი...
- ...1986 წლის 17 თებერვალი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...მსახიობი. სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. ერთი პერიოდი ფეხბურთზე დავდიოდი. მსახიობობა თეატრის სიყვარულმა გადამაწყვეტინა. იმ პერიოდში, სინათლე არ იყო, ფილმები რომ მენახა; კონცერტი არ ტარდებოდა, გასართობად რომ წავსულიყავი და თეატრი იყო ერთადერთი ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ყველაზე ახლოს იდგა ადამიანებთან.
- პროფესიული არჩევანის გამო სინანული...
- ...არასდროს მქონია. სანამ არჩევანს გავაკეთებდი, საკუთარ თავს დავუსვი კითხვები, უფრო კარგად რომ გავრკვეულიყავი, რა მინდოდა.
- ჩემზე ამბობენ...
- ....კეთილი, მიზანდასახული და შრომისმოყვარეაო; მას შემდეგ, რაც წონაში 23 კილო დავიკელი, ამბობენ, - დიდი ნებისყოფა აქვსო.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...მარჯანიშვილის თეატრის დასის წევრი ვარ და ჩემს პროფესიას ვემსახურები. წლების განმავლობაში, არაერთ თეატრთან მითანამშრომლია. მესამე კურსზე ვიყავი, თეატრალურ სარდაფში "თეთრ ბაირაღებში" გამომძიებლის როლი რომ ვითამაშე. ძალიან ვღელავდი, ნერვიულობისგან სხეული დამიბუჟდა.
- სცენაზე გასვლის წინ ყოველთვის...
- ...ვემზადები, ვფიქრობ ჩემს ხაზზე, რა მაქვს გასაკეთებელი.
- სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები"...
- თამაში ძალიან საინტერესოა. მაყურებელი ჩემი პერსონაჟის მიმართ დადებითადაა განწყობილი. ზოგიერთი კრიტიკული თვალით მიყურებს, რაც ძალიან სასარგებლოა. ქუჩაში მიღიმიან, მესალმებიან, რაც სასიამოვნოა. დადებითი განწყობა დიდი ენერგიით მავსებს, ისევე, როგორც აპლოდისმენტები სპექტაკლის შემდეგ. ეს მდგომარეობა მსახიობისთვის ცოტა საშიშიც არის. მაყურებელმა შესაძლოა, პროფესიული ხარვეზი ვერ შენიშნოს, შენ კი როცა იცი, რა შეგეშალა, შექება არ უნდა მიიღო, როგორც დამსახურება.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს.
- ...ყველანაირად ვცდილობ, ზედმეტად არ ჩავერიო სხვის საქმეში, არ მივცე შენიშვნები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩუმად ვარ, მე შეიძლება მეგობარს მივანიშნო, ან მაგალითი მივცე.
- თვისება, რომელიც საკუთარ ხასიათში არ მომწონს...
- ...ხანდახან მოშვების პერიოდი მაქვს, რაც სიზარმაცის ბრალია. პერიოდულად ამ შემოტევებს სულ ვებრძვი. გაცილებით მეტი მაქვს გასაკეთებელი, ვიდრე დღემდე გამიკეთებია. კიდევ, არ მომწონს, რომ სიტუაციებს ძალიან მალე და მარტივად ვეგუები. შემწყნარებელიც ვარ. ვაცნობიერებ, რომ ეს კარგი თვისებაა, ადამიანები შემწყნარებლები უნდა ვიყოთ, მაგრამ ზედმეტი არც ეს ვარგა.
- ჩემი პირველი წარმატება...
- ...იყო, როდესაც გადავწყვიტე ამერჩია პროფესია, რომელიც ძალიან მიყვარს. წარმატებაა, როცა მარჯანიშვილის თეატრში გეუბნებიან, შენ ჩვენი დასის წევრი ხარო.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...მეტი ვიმუშაო საკუთარ თავზე და მეტი გავაკეთო ჩემს პროფესიაში.
- არ მჩვევია...
- ...უზრდელობა, მავნებელი არ ვარ.
- მეშინია...
- ...ტყუილისა და მატყუარების. ყველაზე მეტად მეშინია, როცა ადამიანები საკუთარ თავს ატყუებენ. ვაღიარებ, ამაში ჩემი თავიც არაერთხელ დამიჭერია. თითქოს საკუთარ თავს ვუმალავ იმ ცუდ თვისებას, რომელიც მაქვს. უფრო მეტად უნდა გაიცნო შენი თავი, რომ უფრო დიდ წარმატებას მიაღწიო.
- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- არ დავუთმო ადამიანებს, რომლებიც აგდებულად უყურებენ ჩემს პროფესიას, ქვეყანას... ვერ ვისწავლე, რომ ასეთ ადამიანებთან კომპრომისზე აღარ წავიდე.
- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...
- ...ბევრს არაფერს, მეტად ათლეტური გავხდებოდი, მეტს ვივარჯიშებდი.
- ყოველთვის მრცხვენია, როცა...
- რაღაც ისეთი მბრალდება, რაც არ ჩამიდენია. ასეთ დროს გაცლას ვამჯობინებ, თავის მართლებას ყოველთვის არ აქვს აზრი.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ...მრცხვენია. ეს ცუდი თვისებაა.
- ვნანობ, რომ...
- ...უფრო მეტი არ გავაკეთე ჩემი პროფესიისთვის. პატარა სინანულებიც მაქვს, ზოგიერთი ძალიან პირადულია.
- პატიება შემიძლია, თუ...
- ...ვხვდები, რომ იმ მეორე ადამიანის სინანული გულწრფელია, ძალიან სტკივა. სამწუხაროდ, ახლა "მოდიდანაა" გადასული შეცდომის აღიარება, ბოდიშის მოხდა.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...არაერთი რამ. კონკრეტულ ქმედებებზე მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, - ამას აღარ ვიზამ-მეთქი, თუმცა ადამიანი ვარ და არ ვიცი, მომავალში რა მოხდება. "არასოდეს თქვა არასოდეს"! წლების განმავლობაში შეხედულებები, ფასეულობები გადაფასდა და თავის ადგილზე დადგა, ამან სიმშვიდე მომიტანა.
- ვიბნევი, როცა...
- მოულოდნელად ადამიანი ისეთ რამეს ჩაიდენს, რასაც მისგან არ ველი.
- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა...
- ...შეუძლია, როცა ადამიანს ვიჭერ ტყუილში, უმადურობაში, უზრდელობაში. ის პიროვნება ჩემთვის თანდათან ფერმკრთალდება და ქრება. ასე არაერთი ადამიანი დამიკარგავს.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- ...სადმე კარგ კაფეში, ნაყინს შევჭამდი.
- სიყვარული ეს...
- ...არის ყველაფერი ის, რასაც წარმატებას ვეძახით, რაც გვაბედნიერებს. ხშირად სიყვარულს ელოდებიან, მერე ბედნიერი ვიქნებიო. უნდა გიყვარდეს ახლა, ამწამს და შენ ბედნიერი იქნები, ბედნიერი ადამიანები კი საუკეთესო რაღაცებს ქმნიან.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ...მივედი და პირდაპირ ვუთხარი. მერე ძალიან ვინერვიულე. თავიდან გაბედული ვიყავი.
- ახლა შეყვარებული...
- ...არ ვარ.
- ჩემთვის სასურველი გოგო...
- ...უნდა იყოს მშვიდი (სიწყნარეს არ ვგულისხმობ), თავდაჯერებული, სადა (ეს ყველაზე დიდი სილამაზეა). უბრალოება ყველაზე კარგი რამ არის. არც ძალიან "გაფერადებული" გოგო მინდა და არც "ჩამქრალი", ის ბუნებრივი უნდა იყოს. წარსულში უფრო რომანტიკოსი ვიყავი, ახლა ჩემში რომანტიზმი და რეალიზმი გათანაბრებულია.
- რისკზე...
- ...ხშირად მივდივარ. ჩემი პროფესია, სცენაზე ყოველი გასვლა თავიდან ბოლომდე რისკია.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...უყურადღებობის გამო. ხან უდროობის, ხან გადაღლილობის გამო წვრილმანები მავიწყდება. შეიძლება ადამიანი ვერ მოვიკითხო, მაგრამ ის სულ მახსოვდეს.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ...პირველ რიგში, კარგ კინო და თეატრალურ სკოლებს გავხსნიდი. მსოფლიოში საუკეთესო პედაგოგებს მოვიწვევდი, რომლებიც ახალგაზრდებთან იმუშავებდნენ. ეს იქნებოდა მაღალტექნოლოგიური სკოლა ძალიან დიდი შესაძლებლობებით. მექნებოდა აგარაკი, სადაც მშვიდად ვიცხოვრებდი. სუფთა ჰაერი თბილისში ძალიან ჭირს.
- თავისუფლებაა...
- ...როცა ტვინში და გულში არანაირი ზიზღი, ბოღმა, შური არ გაგაჩნია. როცა არ ზღუდავ სხვა ადამიანის უფლებებს, როცა არავის ეჩხუბები, - რატომ მოსწიე? ასე რატომ ჩაიცვი და ა.შ. ასეთ დროს საკუთარი თავისთვის მეტი დრო გრჩება. როცა თითის გაშვერას დავასრულებთ, მაშინ ვიქნებით თავისუფლები.
- როცა მარტო ვარ...
- ვფიქრობ, როგორ გავხადო ჩემი ცხოვრება უფრო შემოქმედებითი, საინტერესო, ლაღი... ვფიქრობ ოჯახზე, მეგობრებზე.
- ბედისწერა...
- ...არსებობს თუ არა? რადგან ეს სიტყვა არსებობს, ალბათ იმას ნიშნავს, რომ ისიც არსებობს, უბრალოდ, საკუთარი არსებობა საფუძვლიანად ჯერ ვერ დაამტკიცა.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ამ დროს საუკეთესო "წამალია" ცეკვა, მერე ტვინი ამ პრობლების მოგვარების გზას თავისით პოულობს.
- ადამიანები, ვის აზრსაც ყოველთვის ვითვალისწინებ...
- ...არიან მშობლები, მეგობრები. მათ ყოველთვის ვუსმენ.
- საკუთარ თავს ეკრანზე...
- ...ყოველთვის კრიტიკული თვალით ვუყურებ. თუ ჩემი თავით ტკბობა მეწყება, მაგ შემთხვევაში ვთიშავ. ალბათ მალე ამასაც აღარ ვიზამ. ეკრანზე საკუთარი თავის ყურება დიდად სასიამოვნო არ არის.
- ვჯიუტდები...
- ...როცა ვხვდები, ჩემი არ სჯერათ. რაც მეტ წინააღმდეგობას ვაწყდები, მეტად ვჯიუტდები.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ...როდესაც თეატრალურში ვაბარებდი, მეგობარმა დათო ბუაძემ მითხრა, - არავის მოუსმინო, გააკეთე ის, რაც შენ გინდა. ეს მაშინ ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული იყო.
- დაბოლოს, გეტყვით...
- ბევრი იარეთ ფეხით, ისეირნეთ, იცხოვრეთ ჯანსაღად, იარეთ მთებში, გიყვარდეთ ის, რაც თქვენ ირგვლივ ხდება. იყავით ბედნიერები და სხვისი ბედნიერებით ბედნიერებიც!
თამუნა კვინიკაძე