განსხვავებული და აზარტული "მარტივი ფული" - გზაპრესი

განსხვავებული და აზარტული "მარტივი ფული"

- "მარტივი ფული" საკმაოდ აზარტული თამაშია. გადაცემა 19 ნოემბრიდან, ყოველ ოთხაშაბათს, 22 საათზე გავა ეთერში. 2 გადაცემა უკვე წარმატებით ჩავწერეთ. რატომღაც, საქართველოში ხალხის უმეტესობა კამერებთან კომპლექსდება. ამიტომ მეშინოდა, რომ მონაწილის პოვნა ძალიან რთული იქნებოდა. საბედნიეროდ, პირველივე ადამიანი, ვისაც გადაცემაში მონაწილეობა შევთავაზე, დამთანხმდა და საკმაოდ კარგადაც ვითამაშეთ.

- თამაშის წესები როგორია?

GzaPress- მონაწილეს 5 მარტივ კითხვას ვუსვამ. ყოველი სწორი პასუხი 10 ლარს გულისხმობს, მაგრამ მოთამაშემ სწორი პასუხი იცის თუ არა, მაინც ვალდებულია, ნებისმიერ გამვლელს ჰკითხოს (ინტუიციურად). მაგალითად, თუკი შეკითხვა ფეხბურთის ან საერთოდ, სპორტის შესახებ არის, ახალგაზრდა ბიჭებთან მივა... ვადა 2 წუთი აქვს. სწორ პასუხს თუ გამცემს, 10 ლარს მიიღებს. რამდენ შეკითხვაზეც სწორად მიპასუხებს, იმდენ თანხას მოიგებს. ხუთივე შეკითხვის წარმატებით "გადალახვის" შემთხვევაში, უკვე სუპერთამაშს ვთავაზობ. მონაწილეს შეუძლია, დამთანხმდეს ან მოგებულ თანხას დასჯერდეს. სუპერთამაშიც მარტივია: კონვერტი მაქვს დამალული, რომელშიც ან 50 ლარზე მეტი დევს, ან - ნაკლები... მთავარია, აქტიური, თავისუფალი, რისკიანი ადამიანი ვიპოვო. ქუჩაში გამვლელებს შეკითხვებს თავად მონაწილე უსვამს. მე უბრალოდ, დავყვები. თავად მონაწილეები ძალიან წვალობენ, რადგან როგორც აღვიშნე, საზოგადოების უმეტესი ნაწილი კამერის დანახვისთანავე გარბის. ასეთი კომპლექსი რატომ აქვთ, არ ვიცი. მაგალითად, ჩემთან რომ მოვიდნენ კამერით, გავჩერდები - განა, ისეთი რა უნდა მკითხონ, რომ დავიბნე და შევრცხვე?

- ძირითადად, მონაწილეებს რა ტიპის შეკითხვებს უსვამთ? კითხვებს ვინ არჩევს?

- კითხვებს (ნებისმიერი სფეროდან) ჩვენი პროდიუსერები არჩევენ. ძალიან მარტივია. მაგალითად, "რომელ პოზიციაზე თამაშობდა კახი კალაძე?" ერთ-ერთ მონაწილეს კოტე მარჯანიშვილის ფოტო მივეცით. დარბოდა, გამვლელებს ეკითხებოდა, - ფოტოზე ვინ არის აღბეჭდილიო? თუ გამვლელმა უპასუხა, - არ ვიციო, მონაწილე თამაშს აგრძელებს მანამ, ვიდრე 2 წუთი არ ამოეწურება, მაგრამ თუკი გამვლელმა არასწორად უპასუხა, ე.ი. მოთამაშემ წააგო და შემდეგ შეკითხვას ვუსვამ... ინტუიცია უნდა გამოიყენოს: მაგალითად, თუ სანდრო ახმეტელის შესახებ ვეკითხები, ჯობია, ხანში შესულ ადამიანთან მივიდეს, ვიდრე - 14 წლის ბავშვთან და დახმარება სთხოვოს...

- თამაშს მოულოდნელი შედეგები აქვს ხოლმე?

- კი. არის შემთხვევები, როცა გამვლელები აბსოლუტურად სხვა თემაზე იწყებენ ლაპარაკს. ამ დროს ვეუბნებით, - იცით, ჩვენ მხოლოდ 2 წუთი გვაქვს, კარგად ბრძანდებოდეთ-თქო, მაგრამ ისინი საუბარს მაინც განაგრძობენ... ამისთვის მზად ვიყავით - ათასნაირი ადამიანი არსებობს...

- თქვენ შეგიძლიათ, ერთი შეხედვით განსაზღვროთ, ადამიანი რომელ სფეროშია გათვითცნობიერებული?

- შეიძლება, ვერ განვსაზღვრო, მაგრამ მგონი, ინტუიციურად, ნებისმიერმა ადამიანმა იცის, შეკითხვა ვის რა თემაზე დაუსვას. ცხადია, კომპიუტერთან დაკავშირებით, 70 წლის ადამიანს არ უნდა ჰკითხო. რომელიმე მწერლის შესახებ უმჯობესია, შეკითხვა ხანში შესულ ადამიანს დაუსვა, კოსმეტიკის შესახებ - ახალგაზრდა ქალს და ა.შ. ინტუიცია უნდა გამოიყენო, თორემ ისე, ადამიანის ინტელექტის განსაზღვრა რთულია.

- როცა გადაცემის სახელწოდება - "მარტივი ფული" შეიტყვეთ, მასზე როგორი წარმოდგენა შეგექმნათ?

- გამეცინა. როცა წესები ამიხსნეს და კითხვები წამიკითხეს, ვთქვი: - მირჩევნია, მოთამაშე ვიყო, ვიდრე წამყვანი-მეთქი. ისეთი იოლი შეკითხვებია, რომ მართლა "მარტივი ფულია"...

- აზარტული ხართ?

- ყველაფერში: ნარდი, ბანქო, სპორტი... ისეთი აზარტული ვარ, რომ მაგალითად, "კარტის" თამაშისას შემიძლია, არასწორი სვლის გამო, მეგობარს სერიოზულად ვეჩხუბო, ყველაფერი "თავზე დავამხო"! ნარდის თამაში 24 საათის განმავლობაში შემიძლია. დამარცხება არ მიყვარს. წაგებისას საკუთარ თავსა და მთელ სამყაროზე ვბრაზდები.

- მაქსიმუმ, რა თანხა მოგიგიათ?

- ფული მომიგია, მაგრამ თანხის რაოდენობას საიდუმლოდ დავტოვებ.

- ინტელექტუალური თამაშები გიყვართ?

GzaPress- კი, რატომაც არა?! რაღაც ინტელექტუალური თამაშები ტელეფონშიც მაქვს... ზოგი დამარცხებას იტანს და ამბობს, - წაგება და მოგება ძმები არიანო. ჩემთვის ძმები კი არა, ახლო ნათესავებიც კი არ არიან!..

- ბოლო დროს ტელეწამყვანის ამპლუაში აღარ ჩანდით...

- ამის დრო სად მაქვს? სხვათა შორის, წამყვანობა ურთულესია. არ ვიცი, ამის თქმა გამართლებულია თუ არა, მაგრამ - წამყვანობა ძალიან მიჭირს.

- რატომ?

- ეს ჩემი პროფესია არ არის. უბრალოდ, ადამიანებთან კომუნიკაცია ჩემთვის უფრო მარტივია: თუ მიცნეს, კარგია - კონტაქტში უფრო ადვილად შემოდიან და მეც უფრო "გახსნილი", თამამი ვარ, გადაცემაც უფრო ხალისიანი გამოდის. წამყვანის მუშაობის სპეციფიკა მსახიობობისგან აბსოლუტურად განსხვავებულია. ადრე ვფიქრობდი, - ტელეწამყვანობის შესწავლას 4-5 წელი რად უნდა? ადამიანი ზის და სუფლიორიდან კითხულობს-მეთქი. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი მსახიობი ტექსტს ტელეწამყვანზე ნაკლებად არ წაიკითხავს... როგორც კი კამერის წინ წამყვანის ამპლუაში დავდექი, მივხვდი - 4 კი არა, 8 წელიც უნდა ისწავლო. "შინაგანად" ყველა წამყვანს ბოდიში მოვუხადე, რადგან მივხვდი, რთული საქმეა, მით უმეტეს - მაშინ, როცა სერიოზულ გადაცემაზე მუშაობ და სერიოზულ თემებზე საუბრობ...

- ვიდრე "მარტივი ფულის" წამყვანობას დასთანხმდებოდით, ბევრი იფიქრეთ?

- მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე ვითხოვე. ამ ხნის განმავლობაში, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, გადაცემისთვის როგორ მოვიცლიდი? ძირითადად, გადაღებები ქუჩაში მიმდინარეობს. არ გვჭირდება: სტუდია, პავილონი, დამატებითი განათება და ა.შ. გადაღებაზეც მარტივად ვთანხმდებით. რეჟისორ მაკა ლომიძესთან მუშაობის გამოცდილება მაქვს - მისი რეჟისორობით "გაკეთებული" 3 გადაცემის წამყვანი ვიყავი. ასე რომ, ფაქტობრივად, ყველანი "ჩვენები" არიან.

- როგორ ფიქრობთ, სხვა აზარტულ ტელეგადაცემებს კონკურენციას გაუწევთ?

GzaPress- ამას დრო გვიჩვენებს. მაგალითად, როცა სერიალს იღებ, როგორი მაგარი და ხარისხიანიც უნდა გამოვიდეს, ეთერში გაშვებამდე მაინც ვერ იტყვი - სხვა სერიალებს კონკურენციას გაუწევს თუ ვერა. ამის თქმა გადაცემაზეც ძნელია. ცხადია, "მარტივი ფული" საინტერესო და განსხვავებული გადაცემაა. ბევრი სასაცილო სიტუაციაც იქნება...

- გადაცემაში ცნობილ ადამიანებს შევხვდებით?

- ხალხმრავალ ადგილას თუ რომელიმე ცნობილი ადამიანი შემხვდა, აუცილებლად მივალ და გადაცემაში მონაწილეობას შევთავაზებ. დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია: ჩემზეა დამოკიდებული, როგორი მონაწილე მეყოლება. პირველი გადაცემა აღმაშენებლის გამზირზე ჩავწერეთ. ძალიან სასაცილო იყო: კოტე მარჯანშვილის სურათით მოთამაშე სულ თურქებთან მიდიოდა და ეკითხებოდა, - ვინ არისო (იცინის)? ეს ჩემთვის უცნაური იყო. ადამიანს ხომ აშკარად ეტყობა, რომ უცხოელია, უცხო ენაზე საუბრობს და ნაკლები შანსია, კოტე მარჯანიშვილის ვინაობა იცოდეს?

- მოთამაშისთვის რჩევის მიცემის უფლება არ გაქვთ?

- კი? შემიძლია, ვურჩიო, მაგრამ მისი გადასაწყვეტია - დამიჯერებს თუ არა. გულდასაწყვეტია, როცა სწორი პასუხი თავად იცი, მაინც სხვას ეკითხები, ის კი მცდარად გპასუხობს და აგებ...

- ნიკა, თქვენს შემოქმედებით საქმიანობაში კიდევ რა ხდება?

- სპექტაკლზე - "ჯაყოს ხიზნები" ვმუშაობთ. რეჟისორი სანდრო ელოშვილი გახლავთ. თეიმურაზის როლს ვასრულებ. პრემიერა დაახლოებით, 2 თვეში გვექნება.

ეთო ყორღანაშვილი