რამ გაამხიარულა ნინი ოკუჯავას ცხოვრება - გზაპრესი

რამ გაამხიარულა ნინი ოკუჯავას ცხოვრება

"ოჯახში უფროსობაზე არც მე და არც ჩემს მეუღლეს პრეტენზია არ გვაქვს. ორივე თანაბარი უფლებებით ვსარგებლოთ: ის მარჯვენა ხელია, მე კი მარცხენა", - ამბობს მსახიობი ნინი ოკუჯავა, რომლის აზრითაც, ცხოვრობაში დაცემა აუცილებელია იმისთვის, რომ ბრძოლა ისწავლო.

- როგორ ფიქრობთ, მამაკაცებს ძლიერი ქალი აშინებთ თუ კომფორტს უქმნით?

- მამაკაცს გააჩნია, თვითონაც თუ ძლიერია, ალბათ, ძლიერი ქალის გვერდით ყოფნა სიამოვნებას მიანიჭებს. სუსტ, უსუსურ კაცებს არ მოსწონთ, როდესაც ქალი მათზე ბევრად მეტს აღწევს. სუსტი კაცები, არასდროს აღიარებენ ქალის სიძლიერეს და ცდილობენ, ე.წ. სუსტ სქესს ხელი შეუშალონ ყველაფერში, ბიზნესი იქნება ეს, თუ კარიერული წინსვლა. სულიერ სიძლიერეს რაც შეეხება, ამ დროს სუსტი კაცები მაქსიმალურად ცდილობენ ქალს დაბალი თვითშეფასება ჩამოუყალიბონ. ხშირ შემთხვევაში, ასეთ მამაკაცთან კავშირი განწირულია განშორებისთვის.

- თავად სუსტი ხარ თუ ძლიერი? რა არის შენი ძლიერი და სუსტი მხარე?

- როგორც ყველას, სუსტი მხარეები მეც მაქვს, მაგრამ მთლიანობაში თავს ლიდერად მივიჩნევ. ჩემი სიძლიერე იმაში გამოიხატება, რომ არასდროს არაფერს ვნებდები; რაღაც თუ ჩავიფიქრე, მზად ვარ, მიზანს ყველაფრის ფასად მივაღწიო და ვაღწევ კიდეც... ალბათ ისიც სიძლიერეა, პატიება რომ შემიძლია. იშვიათად ვტირი და საკუთარ თავზე დიდი პასუხისმგებლობებიც ამიღია. სუსტ მხარეებს რაც შეეხება: არ შემიძლია ფულის მოგროვება, ერთ წამში მინდა ვიყიდო ის, რაც მომწონს და ხშირად ისეთ სიტუაციაში აღმოვჩენილვარ, რომ საფულეში ტაქსის ფულიც აღარ დამჩენია... თუმცა, ბოლო დროს ეს სისუსტე გამოვასწორე, ანაბარი გავხსენი და... არ მჯერა, რომ ფულს ვაგროვებ (იცინის).

- როდის ხდები ყველაზე ძლიერი?

- ყველაზე მეტად ვძლიერდები, როდესაც ბევრი ადამიანია ჩემს წინააღმდეგ. თავდაცვისა და ჩემი სიმართლის გატანის რაღაც მექანიზმი მერთვება და უკან დახევა არ მიყვარს.

GzaPress- როგორ ფიქრობ, კაცი უნდა იყოს ოჯახის უფროსი?

- არავითარ შემთხვევაში! ოჯახში ქალს თავისი ადგილი აქვს, კაცს - თავისი. ორივე სქესი თანასწორია. მე და ჩემი მეუღლე ოჯახის მარჯვენა და მარცხენა ხელები ვართ, უფროსობის ამბიცია არც ერთს გვაქვს.

- ჩაგიდენია ისეთი ცოდვა, რომელსაც დღემდე ნანობ...

- რასაც კაცობრიობა ცოდვებად მიიჩნევს, ამის მიხედვით ძალიან ცოდვილი გამოვდივარ... წარსულ შეცდომებს რაც შეეხება: არასდროს არც ერთი შეცდომა არ მინანია, რადგან იმ მომენტში, როდესაც ამ შეცდომებს ვუშვებდი, მე ეს მჭირდებოდა... ვფიქრობ, თვითკრიტიკა და იმაზე დარდი, - ვაი, ეს რატომ ჩავიდინეო, დროის ფუჭად კარგვაა... სინანულით ვერაფერს შევცვლით. ბავშვობიდან მძულდა რუსულის გაკვეთილი და ყოველთვის "ვახალტურებდი", არ ვსწავლობდი. დედას ბევრჯერ უთქვამს: არ ნანობ, რომ არ იცი რუსულიო? - არა, არ ვნანობ, რადგან იმ მომენტში, როცა "შატალოზე" ვიყავი, კარგად ვგრძნობდი თავს, რუსულის სწავლა კი არც ახლაა გვიანი.

- როგორ ფიქრობ, რომ მოინდომო, ნებისმიერ მამაკაცს მოხიბლავ?

- მთავარი მოქმედება და მონდომებაა, თორემ ყველა ქალს შეუძლია მოხიბლოს ნებისმიერი მამაკაცი. მეწვრილმანე ვარ, ადამიანში ყველა დეტალს ვაქცევ ყურადღებას და ამიტომაც, ჩემი მოხიბვლაა რთული... წარსული გამოცდილებიდან მახსოვს: წლები მჭირდებოდა, რომ ადამიანი შემყვარებოდა. თუმცა, ვინც ნამდვილად შემიყვარდა, ის დღეს ჩემ გვერდითაა. მან წარმატებით გაიარა ყველა გამოცდა და საფეხური.

- გიტირია მამაკაცის გამო?

- საერთოდ, იშვიათად ვტირი. მამაკაცთან ურთიერთობისას გულისტკენა მქონია და მიტირია კიდეც. არაფერი მინანია, მაგრამ იმ დროს რომ არ მეტირა, გული გამისკდებოდა. ხანდახან ცრემლებიც საჭიროა, ეს შვებას გგვრის. ვფიქრობ, არავინ ღირს ქალის ცრემლებად. მამაკაცი, რომელიც შენი ღირსია, არასდროს გატირებს.

- ბედნიერებისთვის მამაკაცის გვერდით ყოფნა აუცილებელია?

- სულაც არა მგონია, რომ ბედნიერება მამაკაცში უნდა ვეძებოთ. ბედნიერება ყველგანაა, ყველა წამში, ყველა დეტალში... მთავარია გადავწყვიტოთ, რომ უნდა ვიყოთ ბედნიერები და ვიქნებით კიდეც მამაკაცთან ერთად ან მის გარეშეც. პირადად მე, იკა მაბედნიერებს.

- როდის მიდის მამაკაცი ქალისგან?

- ქალისგან მამაკაცი მიდის მაშინ, როდესაც ქალი ხდება ერთფეროვანი და მოსაწყენი, არ უვლის თავს, არ ჰყვება ქმარს ამა თუ იმ სიგიჟეში... არ უმტკიცებს მუდმივად სიყვარულს. ყველაზე მეტად ვერ ვიტან, როცა ამბობენ, სიყვარულს დამტკიცება არ სჭირდებაო... ნურას უკაცრავად! ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვკვებოთ სიყვარული, რომ ის კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს და გაძლიერდეს...

- ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფს, ოდესმე თავი დაგიკარგავს?

- თავი არასდროს დამიკარგავს, მათ შორის, არც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფს. სამაგიეროდ, ხშირად დამიკარგავს ნივთები. ნასვამი ადამიანები მიყვარს, რადგან უფრო გულწრფელები არიან, ვიდრე სიფხიზლეში...

- ძლიერი ქალებს სიყვარული აფერხებს წარმატების მიღწევაში?

- თუ ცივილიზებული და მოაზროვნე ადამიანი ჰყავთ გვერდით, მაშინ კი არ უნდა აფერხებდეს, უნდა აძლიერებდეს.

- ძლიერი ქალები ეცემიან, მაგრამ ყოველ ჯერზე დგებიან... შენ ბევრჯერ წაქცეულხარ?

- ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის ჩავარდნები, იმედგაცრუებები და ცუდი პერიოდი, მაგრამ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, არ არსებობს დაღმართი, რომელსაც არ მოჰყვება აღმართი. ყველა ვარდნას ახლავს წინსვლა. საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ მქონია მომენტი, როცა ჩემს ცხოვრებაში ნათელი წერტილი არსაიდან არ ჩანდა, მაგრამ მალევე გამოჩნდებოდა ხოლმე გამოსავალი, ვარდნა აუცილებელია, რომ ბრძოლა ვისწავლოთ. რაც არ გვკლავს, ის მართლაც გვაძლიერებს! ხელი არ უნდა ჩაიქნიო და არ უნდა თქვა, რომ რაღაცას ვერ შეძლებ. თუ მოვინდომებთ, ყველაფერს მივაღწევთ!

- თავს წარმატებულ ადამიანად მიიჩნევ?

- უფრო ასე ვიტყოდი, რომ თავს ბედნიერ ადამიანად მივიჩნევ. ბედნიერებაა, როდესაც ვარ ჯანმრთელი და გვერდით მყავს ადამიანები, რომლებიც მაბედნიერებენ: დედა, რომლის ხმის გაგონებაც ყველაზე დიდი სიხარულია ჩემთვის; მეუღლე, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრების აზრის მიმცემია; დეიდაშვილები, რომლებიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს; მეგობრები, რომელთა იმედიც მუდამ მაქვს - ეს ის ადამიანები არიან, რომლების გარემოცვაში მოწყენა წარმოუდგენელია და რომლებიც ყველაფერ ცუდს მავიწყებენ.

- ოდესმე საკუთარი თავი შეგცოდებია?

- როგორც მიყვებიან, ბავშვობაში ძალიან მტირალა ვიყავი, თუმცა მას მერე, რაც გავიზარდე, ამ კუთხით რადიკალურად შევიცვალე. იშვიათად ვტირი. მამა რომ გარდამეცვალა, ვერ ვიტირე, არადა, გული გასკდომაზე მქონდა... ცრემლი არ მომდიოდა და შინაგანად ეს მდგომარეობა ბევრად უარესი იყო.

- შენს პოპულარობას პირად ცხოვრებაში დაბრკოლება შეუქმნია?

- არა, პირიქით, საზოგადოების გარკვეული ნაწილი რომ მცნობს, ამან ბევრად უფრო გაამხიარულა ჩემი ცხოვრება, ძალიან ბედნიერი და ამაყია იკაც. ჰოდა, როდესაც პროფესიით მიწევს მუშაობა, მამხნევებს და მხარში მიდგას, გადაღებებზეც სულ დამყვებოდა. ძალიან მოსწონს, რომ პოპულარული მეუღლე ჰყავს (იღიმის).

სოფო ჭონიშვილი