ყველაზე მომხიბვლელი ქალების სია - გზაპრესი

ყველაზე მომხიბვლელი ქალების სია

ქალის სილამაზის სტანდარტები საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა და ყველა ქვეყანაში განსხვავებული იყო. დღესაც, ჩვენი პლანეტის სხვადასხვა წერტილში მცხოვრები ადამიანები ქალის მომხიბვლელობას სხვადასხვა ნიშნით აფასებენ: ცნობილია, რომ ფრანგებს ნატურალური სილამაზე მოსწონთ - მათი აზრით, რაც უფრო ნაკლებია მაკიაჟი, მით უფრო მიმზიდველია ქალი. სამხრეთ კორეაში სილამაზის ეტალონად ძალიან თეთრი, ფერმკრთალი კანი და დიდი, მრგვალი თვალებია მიჩნეული. ამის გამო კორეელი ქალები ხშირად მიმართავენ პლასტიკურ ქირურგებს, რათა თვალის ჭრილი გაიფართოონ. ტაილანდშიც ღია ფერის კანის მქონე გოგონებს ანიჭებენ უპირატესობას - იქ თეთრი კანი სიმდიდრისა და მაღალი სოციალური მდგომარეობის ნიშნად ითვლება. მთელი სამყარო გახდომას ცდილობს, შორეულ მავრიტანიაში კი, სილამაზის იდეალად სავსე, ფუმფულა გოგონებია მიჩნეული და მავრიტანიელი ქალებიც ცდილობენ წონაში მოიმატონ...

ჩვენ დავინტერესდით, ვის მიიჩნევენ სილამაზის ეტალონად და ყველაზე მომხიბვლელ ქალად პოპულარული ქართველი მამაკაცები.

ნიკა არაბიძე, იუმორისტი:

- მე ქალის სილამაზის ეტალონად მერილინ მონროს მივიჩნევ - ეს არის ქალი, რომლის სილამაზემაც წლებს გაუძლო. ის დღესაც ყველას მოსწონს და ახსოვს მიუხედავად ასაკისა - უფროს თაობასაც მოსწონს და თანამედროვე ახალგაზრდებსაც. მის ფილმებს ახლაც სიამოვნებით ვუყურებთ მიუხედავად იმისა, რომ სილამაზის სტანდარტები იცვლება. ეს მშვენიერი ქალი დღესაც ყველაზე მომხიბვლელი და გამორჩეულია. როგორც მსახიობი, ძალიან მომწონს მერილ სტრიპი, გარეგნობით კი, მონიკა ბელუჩისა და ნიკოლ კიდმანს გამოვარჩევდი. ამ ქალებს აქვთ ხიბლი, რომელსაც წლებიც ვერ ახუნებს. ყველა ადამიანს თავისი აზრი და გემოვნება აქვს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ შენი იდეალისგან სრულიად განსხვავებული ტიპაჟი მოგეწონოს და შეგიყვარდეს. რა თქმა უნდა, პირველ შთაბეჭდილებას ადამიანზე გარეგნობა ახდენს, თუმცა ქალის ხასიათზე, განათლებასა და საქციელზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. შეიძლება ადამიანს რომ შეხედავ, ძალიან მოგეწონოს, მაგრამ მერე, ურთიერთობაში, იმედი გაგიცრუოს.

ნუგზარ ერგემლიძე, მომღერალი: GzaPress- ჩემს ახალგაზრდობაში მოდაში იყო და მეც ძალიან მომწონდა კლაუდია კარდინალე. საქართველოში კი - ლია ელიავასა და სოფიკო ჭიაურელს ჰქონდათ განსაკუთრებული შარმი და ხიბლი. ჩემს თაობაში კიდევ იყვნენ ლამაზი ქალები, რომლებსაც თავისებური, გამორჩეული სილამაზე ჰქონდათ. ლიკა ქავჟარაძე არაჩვეულებრივად ლამაზი გახლდათ, თანამედროვე მსახიობებს შორის კი ნინო გაჩეჩილაძეს გამოვყოფდი, რომელიც სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" თამაშობს და ძალიან მომხიბვლელია. ისე, გარეგნული სილამაზე ერთია და სიყვარული - სულ სხვა რამ. სიყვარული არანაირ სტანდარტებს არ ემორჩილება და არ გამოვრიცხავ, რომ ვინც გიყვარს, სულაც არ იყოს იდეალური გარეგნობის.

ხვიჩა მაღლაკელიძე, მუსიკოსი: - ჩემი ბავშვობიდან დავიწყებ, როცა ცნობილი მხატვრის - ივან კრამსკოის ნახატი - "უცნობი ქალი" მომწონდა, ამ ქალზე ვგიჟდებოდი. დრო რომ გავიდა, იდეალურ ქალად სესილია თაყაიშვილი ვაღიარე, რომელიც ახალგაზრდობაშიც არაჩვეულებრივი იყო, მერე კი, ბებიის როლში - საერთოდ საოცრება. მე აქ არ ვლაპარაკობ მხოლოდ გარეგნობაზე - ქალის მომხიბვლელობა მის შინაგან ბუნებასა და კეთილშობილებაშია. რაღაც ასაკში კაცს შეიძლება, სამანტა ფოქსიც მოგეწონოს, მაგრამ ნამდვილი ქალის ხიბლი სულ სხვაა. ძალიან მიყვარდა და მომწონდა სოფიკო ჭიაურელი; ყველაზე ლამაზი, უნიჭიერესი და უმშვენიერესი - ნანი ბრეგვაძე. 21-ე საუკუნეა და ძალიან ბევრ ტუჩებდაბერილ, გადატყლარჭულ და გადაღებილ ქალს ვიცნობთ, მაგრამ მე ამას სილამაზეს ვერ დავარქმევდი. ჩემთვის ქალის სილამაზე სულ სხვა კრიტერიუმებით იზომება.

გია ბუღაძე, მხატვარი: GzaPress- სილამაზის იდეალიც, ეტალონიც და გატაცებაც ჩემთვის იყო და არის ოდრი ჰეპბერნი. ის არაჩვეულებრივია, განსაკუთრებით "რომაულ არდადეგებში". ოდრი ბავშვობიდან მოყოლებული ძალიან მომწონს - ის იმდენად მშვენიერი და დახვეწილია, რომ ძნელია ეს ყველაფერი სიტყვით გადმოსცე. ასევე, მომწონს გრეტა გარბო - ეს კლასიკაა, კლასიკური პერიოდი კი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორ შეიძლება არ მოგწონდეს მერილინ მონრო? - მას რაღაც სხვა შარმი აქვს. ქართველებს შორის ულამაზესი იყო ლიკა ქავჟარაძე. ის იმდენად მშვენიერი გახლდათ, რომ ვერ დავხატე. ერთი არაზუსტი ფუნჯის მოსმა და სახე გეკარგებოდა. სხვათა შორის, ყველაზე ლამაზ ქალებს აქვთ ეს მოუხელთებელი სილამაზე, რომელსაც ფუნჯით ვერ გადმოსცემ. როდესაც ლიკას ვხატავდი, დროც ცოტა მქონდა, არადა, ასეთ სილამაზეს როცა ხატავ, დრო გჭირდება, რომ მისი ხასიათის ნიუნსებს ჩასწვდე.

რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი: - საერთოდ, ქალები ძალიან მომხიბვლელი არსებები ხართ. რომ დაუკვირდე, ყველა ქალში არის რაღაც ლამაზი, გამორჩეული და განსაკუთრებული. ამიტომ, ვინმეს გამოყოფა და გამორჩევა ძალიან მიჭირს. ბევრი მომხიბვლელი ქალი ვიცი, როგორც ქართველებს, ასევე უცხოელებს შორის. ისე კი, გამოგიტყდებით: ყველაზე მომხიბვლელი ქალი ჩემთვის ჩემი მეუღლეა, რომელიც ადრეც ძალიან ლამაზი იყო და თავის ხიბლს დღესაც ინარჩუნებს.

ბუბა მირცხულავა, მსახიობი: - სილამაზის ეტალონი ჩემთვის შვედური წარმოშობის ებრაელი მსახიობი სკარლეტ იოჰანსონია. ლამაზიც არის, სექსუალურიც, მოხდენილიც. ქართველებს შორის ვერავის გამოვარჩევ. შეიძლება ქალი ძალიან ლამაზი და საყვარელი, მაგრამ სექსუალური არ იყოს და საერთოდ არ მიგიზიდოს. ვფიქრობ, როდესაც ადამიანი ბუნებით არის სექსუალური, ეს მის გარეგნობაზე აუცილებლად აისახება. საერთოდ, სილამაზეც და სექსუალურობაც ინდივიდუალურია, მაგრამ ჩემთვის სკარლეტია სილამაზისა და სექსუალურობის ეტალონი.

ბადრი ვადაჭკორია, ფოტოგრაფი: - ჩემთვის ყველაზე მომხიბვლელი ქალი იყო მილენ დე მონჟო, ალბათ თქვენც იცით - ფრანგი მსახიობი, რომელიც "სამ მუშკეტერში" მილედის როლს ასრულებს. არანაკლებ მომწონდა ნატალია ვარლეი, რომელიც "კავკასიელ ტყვე ქალში" მთავარ როლს ასრულებს. ის სინამდვილეში გაცილებით ლამაზი იყო, ვიდრე ამ ფილმში ჩანს. სოფი ლორენიც ძალიან, ძალიან მომწონდა, უფრო მეტიც, მასზე შეყვარებული ვიყავი - ახლა აღიარებით ჩვენებას გაძლევთ (იცინის). ბავშვობაში ლეილა აბაშიძე მიყვარდა განსაკუთრებით. მოგვიანებით, პირადად რომ გავიცანი, დავრწმუნდი, რომ ის არაჩვეულებრივი ქალი იყო, რომელსაც განუმეორებელი ხიბლი ჰქონდა. თანამედროვე უცხოელ მსახიობებს შორის განსაკუთრებით მომწონს სკარლეტ იოჰანსონი. რაც შეეხება მილა იოვოვიჩს, მასთან ფოტოც მაქვს გადაღებული - თვითონ მთხოვა ფოტო ერთად გადაგვეღო.

დიტო კუპატაძე, იუმორისტი: - ჩემთვის ისევე, როგორც უამრავი ადამიანისთვის, ქალის სილამაზის ეტალონი მონიკა ბელუჩია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვა სტილის ან სხვა გარეგნობის გოგონა არ მომეწონება. გემოვნებაზე არ დაობენ და ადამიანის გადასაწყვეტია, როგორი იქნება მისი რჩეული. ქართულ შოუბიზნესში, ყველაზე მეტად, ნანკა კალატოზიშვილი და ია სუხიტაშვილი მომწონს.

ხათუნა ჩიგოგიძე