თაკო ჭანუყვაძის სუსტი წერტილი - გზაპრესი

თაკო ჭანუყვაძის სუსტი წერტილი

მსახიობი თაკო ჭანუყვაძე გამოგვიტყდა, რომ მის სამუშაო სფეროში ქალური შური ხშირად და ზოგჯერ, მძაფრადაც იგრძნობა. თავშეკავებულ და მშვიდ მსახიობსაც ჰქონია სუსტი წერტილი, რამაც შეიძლება, წონასწორობა დააკარგვინოს.

- საერთოდ, ბავშვობიდან ძალიან პრანჭია ვარ. მგონი, გაპრანჭვა ადრეულ ასაკში - 2 წლიდან დავიწყე. 3 წლის შვილი მყავს, რომელიც ვერ წარმოიდგენთ, ისეთი პრანჭიაა! ჩემს ასაკში ამას "გამოპრანჭვა" კი არა, უკვე "ფორმაში ყოფნა" ჰქვია და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მომწონს და მოხიბლული ვარ ყველა იმ ქალით, ვინც ყოველდღიურად ფორმაშია. შესაბამისად, მეც ვცდილობ, კარგად გამოვიყურებოდე.

GzaPress- ბევრ დროს ხარჯავთ, რომ მუდმივად ფორმაში იყოთ?

- ვერ ვიტყვი, რომ თავის მოვლას ძალიან ბევრ დროს ვუთმობ, მაგრამ გარკვეული დროის დახარჯვის გარეშე, ეს არ გამოდის.

- თავს როგორ უვლით?

- პირველ რიგში, თმა ყოველთვის მოწესრიგებული უნდა იყოს, ასევე - ფრჩხილები, კანი... კანზე არანაირ პროცედურას არ ვიკეთებ და არც თმას ვუვლი განსაკუთრებულად - მხოლოდ დავარცხნას, ფორმის მიცემას ვგულისხმობ. ქალის ფრჩხილები ყოველთვის მოწესრიგებული უნდა იყოს.

- თავის მოსაწესრიგებლად სალონს სტუმრობთ, თუ ამას დამოუკიდებლადაც ართმევთ თავს?

- სიმართლე გითხრათ, დამოუკიდებლადაც შემიძლია. უბრალოდ, მიყვარს და მომწონს პროცესი, როდესაც სალონში მიკეთებენ მაგალითად - ვარცხნილობას, მაგრამ ყველაზე მეტად, ჩემი გაკეთებული მომწონს.

- ოდესმე, თუნდაც ბავშვობაში თუ გიფიქრიათ, - ნეტავ, ბიჭი ვყოფილიყავიო?

- არასოდეს. აქსესუარები, კაბები ძალიან მიყვარდა და მომწონდა, რომ გოგო გახლდით. სულ მინდოდა, პირველი შვილიც გოგო მყოლოდა, რომ გამეპრანჭა, მისთვის აქსესუარები გამეკეთებინა, კაბები ჩამეცმია... ამიტომ, ბიჭობის სურვილი არასოდეს გამჩენია.

- ბავშვის აღზრდაზე როგორ ზრუნავთ?

- ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესი თემაა და ვცდილობ, ამ პროცესში მაქსიმალურად ჩართული ვიყო. მოგეხსენებათ, თეატრსაც ბევრ დროს ვუთმობ, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, შვილის აღზრდაში ვმონაწილეობდე.

- თუ გყავთ მეგობრები, რომლებსაც მინიმუმ, კვირაში ერთხელ მაინც ხვდებით?

- რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანები ჩემს ცხოვრებაში არსებობენ. პრინციპში, ჩემი ყოველი დღე მათ გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომ, ჩემს მეგობრებს ხშირად ვნახულობ.

- თქვენი განხილვის საგანი რა არის ხოლმე?

- აბსოლუტურად ყველა თემას განვიხილავთ. ჩემი ბავშვობის მეგობრებთან აბსოლუტურად ყველა თემა "გახსნილია".

- სამეგობრო წრეში უსიამოვნო სიტუაცია შეგქმნიათ?

- კი, ჩემს ცხოვრებაში ასეთი შემთხვევა ყოფილა. საერთოდ, ჩემთვის მეგობრული ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. ამ დამოკიდებულებებს და გრძნობებს საკმაოდ ვუფრთხილდები. ამიტომ, ისეთი ადამიანები მიყვარს, ვინც ამ ყველაფერს აფასებენ. შესაბამისად, ვისაც დაფასება არ შეუძლია, მირჩევნია, მასთან ურთიერთობა მალევე დავასრულო. რასაც მე არ გავაკეთებ, მგონია, არც სხვები გააკეთებენ, თუმცა რეალური ცხოვრება ცოტა სხვა მაგალითებს გვიჩვენებს ხოლმე. ამიტომ ცხადია, ისეთი სიტუაცია მქონია, როდესაც ურთიერთობისთვის წერტილი დამისვამს, ყველაფერი მარტივად დასრულებულა.

- ანუ მეგობარი დაგიკარგავთ?

- კი, მეგობარი დამიკარგავს. ჩემი ბრალი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან საერთოდ, ადამიანები ძალიან მიყვარს. თავიდანვე ყოველთვის ყველას მიმართ დადებითად განწყობილი ვარ, თუმცა არ უნდა შეგეშალოს, ზღვარს არ უნდა გადახვიდე...

- როცა ურთიერთობაში გაუგებრობა იჩენს თავს, შესარიგებლად პირველი ნაბიჯის გადადგმა ხომ არ გიჭირთ?

- კონფლიქტი არ მიყვარს. ყოველთვის ვცდილობ, ასეთ სიტუაციაში არ მოვხვდე, ვინმესთან კონფლიქტი არ მომივიდეს, თუმცა თუ მაინც მოხდება, შესარიგებლად პირველი ნაბიჯის გადადგმა არანაირად არ გამიჭირდება, რადგან ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ: თუ შემეშალა, ვალდებული ვარ, ბოდიში მოვიხადო და შეცდომა გამოვასწორო.

- თქვენთვის განტვირთვის ყველაზე კარგი საშუალება რა არის?

- ჩემს ოჯახთან ერთად საღამოს გატარება.

- ცოლქმრული თანაცხოვრებისას კრიზისული სიტუაცია შეგქმნიათ?

- საბედნიეროდ - არა. სხვათა შორის, საკმაოდ დიდი ხანია (მეათე წელია), დაოჯახებული ვარ. კრიზისული პერიოდი არასოდეს მქონია, რაც ძალიან მახარებს.

- რთულია ქალობა საქართველოში?

- ვერ ვიტყოდი, რომ რთულია. მე არაფერს ვაპრობლემებ და შეიძლება, ამის გამო მიმარტივდება კითხვაზე პასუხის გაცემა - რთული არაფერია, ყველაფერს მარტივად ვუყურებ.

- თავშეკავებული ხართ?

- ზომიერად.

- რამ შეიძლება, წონასწორობა დაგაკარგვინოთ?

- უსამართლობა ჩემთვის ყველაზე მიუღებელი რამ არის. ამის გამო შეიძლება, მოთმინება დავკარგო, ოღონდ აუცილებელი არაა, სიტუაცია მე მეხებოდეს: შეიძლება, ადამიანს საერთოდ არ ვიცნობდე, მაგრამ თუკი შევესწარი, რომ უსამართლოდ ეპყრობიან, აუცილებლად ჩავერევი, რადგან უსამართლობა ჩემთვის ყველაზე მიუღებელი რამ არის.

- ბილწსიტყვაობა გჩვევიათ?

- არა, არ მახასიათებს.

- გაბრაზებული როგორი ხართ?

- არ ვილანძღები, ცუდ სიტყვებს არ ვიყენებ. გაბრაზებული იშვიათად ვარ. ამიტომ, ცოტა არ იყოს, პასუხის გაცემა მიჭირს. მშვიდი ვარ. შემიძლია, საკითხს (თუმცა, თემასაც გააჩნია) მარტივად შევხედო და არ გავბრაზდე.

- მზარეულობა გეხერხებათ?

GzaPress- კი, მაგრამ ვერაფერს ვამზადებ - არ მცალია. ეს საქმე არც მხიბლავს, თუმცა შეძლებისდაგვარად ვაკეთებ.

- ყველაზე უკეთ რისი მომზადება გამოგდით, მეგობრები რას გეუბნებიან?

- სასწაულ საჭმელებს არ ვაკეთებ, თუმცა მაგალითად, ჩემ მიერ მომზადებული ბლინი შოკოლადით ძალიან მოსწონთ. პრინციპში, მეტს ვერაფერს გამოვარჩევ (იცინის).

- სადღესასწაულო სუფრის სამზადისს დამოუკიდებლად გაართმევთ თავს?

- ყოვლად წარმოუდგენელია! ისეთი სამუშაო გრაფიკი მაქვს, რომ მთელი დღე სახლში არ ვარ. პრინციპში, ძალიან თუ მოვინდომე, ალბათ, შევძლებ. უბრალოდ, დიდი ინტერესი არ მაქვს. მირჩევნია, გარეთ ვჭამო. ცუდ რაღაცას ვამბობ, მაგრამ რა ვქნა? გარეთ ჭამა მიყვარს. ასევე, გემრიელად მივირთმევ დედასთან, დეიდასთან. როცა საჭმელს ოჯახის წევრები მიმზადებენ, სიამოვნებით გეახლებით, თავად კი მირჩევნია, მომზადებული ვიყიდო.

- მიუხედავად ამისა, მშვენიერ ფორმაში ხართ. ფორმის შესანარჩუნებლად რაიმე მეთოდი გაქვთ?

- არანაირი. ჩემი კვების შემხედვარე, ყველა გაოცებულია. თუ არ ვჭამე, არ შემიძლია. ხომ არის შემთხვევები, ვიღაც პურს არ ჭამს, ვიღაც - ხორცს. პირადად მე, მსგავსი რამ არასდროს გამიკეთებია, რადგან საკვები ენერგიისთვის მჭირდება - ძალიან ბევრ ენერგიას ვხარჯავ. ამიტომ წონის პრობლემა არ შემქმნია და იმედია, არც შემექმნება (იღიმის).

- ქალური შური გიგრძნიათ?

- ჩემი პროფესია ისეთია, რომ შეიძლება, ქალური შური ყოველდღიურად იგრძნო. ხანდახან მძაფრად მიგრძნია და ისე ცუდად გავმხდარვარ, რომ სუნთქვაც გამჭირვებია. ბედნიერებაა, რომ შური არავის მიმართ არ გამჩენია.

- ოდესმე სასოწარკვეთილ დიასახლისად გიგრძნიათ თავი?

- ვაიმე, არასოდეს! საერთოდ, როგორც გითხარით, ყველაფერს დადებითად ვუყურებ. სასოწარკვეთა, დეპრესია ჩემგან შორს არის. წვრილმანებისგან ბედნიერების მიღება შემიძლია. მიმაჩნია, რომ ბედნიერება მართლაც წვრილმანებშია და ბედნიერების ჩანასახი აბსოლუტურად ყველაფერშია. მთავარია, ეს დავინახოთ. ამიტომ სასოწარკვეთილი არასდროს ვარ...

ეთო ყორღანაშვილი