"ძმაკაცობა" მეუღლესთან და სახელი, რომელიც არჩილ სულაკაურმა შვილიშვილს შეურჩია - გზაპრესი

"ძმაკაცობა" მეუღლესთან და სახელი, რომელიც არჩილ სულაკაურმა შვილიშვილს შეურჩია

თურმე, ზღვა ძალიან ჰყვარებია. მისი შვილი - მატასი საუბრობს მამისა და ზღვის სიყვარულზე.

1-5 ნოემბერს, თბილისის ღვინის ქარხანა #1-ის საგამოფენო დარბაზი მხატვარისა და შემოქმედის - ლაშა სულაკაურის გამოფენას მასპინძლობდა. დამთვალიერებელს საშუალება მიეცა, კიდევ ერთხელ გაეზიარებინა ლაშას ინდივიდუალური ხედვა და შემოქმედებითი მრავალფეროვნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 200-ზე მეტი ნამუშევარი. მათ შორის: ფერწერული ტილოები, გრაფიკა, ლითოგრაფია, კოლაჟი, ხელნაკეთი იარაღები, გრავიურა, ლინოგრავიურა და წიგნის ილუსტრაცია. გამოფენის დასრულებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ლაშა სულაკაურის მეუღლესა და შვილს შინ ვესტუმრე.

თეა მდივნიშვილი:

GzaPress- ამ საბედისწერო ამბის შემდეგ, თბილისში რომ დავბრუნდით, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ლაშას სიცოცხლეში პერსონალური გამოფენა არ ჰქონია, მხოლოდ ჯგუფურ და თემატურ გამოფენებში მონაწილეობდა. ჰოდა, სხვა რა შემეძლო, მისთვის გამეკეთებინა, თუ არა გამოფენა?! პრინციპში, ყველაფერი მე და მატასიმ გადავწყვიტეთ, მორალურად დაგვეხმარა ჩემი უფროსი ქალიშვილი ნინო, რომელიც ახლა საქართველოში არ იმყოფება.

- ორი შვილი გყავთ?

- დიახ. ნინო ჩემი შვილია პირველი ქორწინებიდან, მაგრამ 4 წლის ასაკიდან ლაშასთან გაიზარდა. ის ქობულეთშიც კი იყო ჩამოსული, შემდეგ თბილისშიც წამოგვყვა, მაგრამ მერე ინგლისში გაემგზავრა, რადგან საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს, შვებულების ვადა ამოეწურა და გამოფენას ვერ დაესწრო. სამაგიეროდ, გამუდმებით მირეკავდა და მაგულიანებდა. გამოფენის ორგანიზებაში ჩართულები ვიყავით: მატასი, მისი მეუღლე, მეგობრები და მაკა დვალიშვილი - ლაშასა და ჩემი ბავშვობის მეგობარი. ფაქტობრივად, მაკამ არ მომცა უფლება, წელში გავტეხილიყავი. გამოფენის გამართვის სურვილი რომ გამოვთქვი, მაკამ "კონტროლზე" ამიყვანა და მოშვების საშუალება არ მომცა. საგამოფენო სივრცე დიდხანს ვეძებეთ. აღმოჩნდა, რომ უამრავი საგამოფენო სივრცეა, მაგრამ ყველა რამდენიმე თვით ადრეა გაწერელი; რომელიც თავისუფალი იყო, იმ დარბაზის დაქირავება დიდ თანხებთან გახლდათ დაკავშირებული. ბოლოს, მაკამ ღვინის ქარხნის სივრცე შემომთავაზა. როგორც კი მივედი და დარბაზები ვნახე, მივხვდი, ეს გარემო ძალიან მოუხდებოდა ლაშას ფერწერას. მე რეჟისორი ვარ და არა ხელოვნებათმცოდნე, მაგრამ ექსპოზიცია შვილთან ერთად გავაკეთე. ლაშას შემოქმედება მრავალმხრივი იყო. მუშაობდა კინომხატვრობასა და ფრესკების რესტავრაციაზეც: დავითგარეჯში, ლატალში, ლიხნის ტაძარში. ძალიან კარგად თქვა ლუბა ელიაშვილმა, - ლაშა იყო ადამიანი, რომლის ხელშიც ნებისმიერი ნივთი შეიძლებოდა, ხელოვნების საგნად ქცეულიყო...

- მატასი პროფესიით ვინ არის?

- დამთავრებული აქვს ილიაუნის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, მანამდე ნიკოლაძის სამხატვრო ტექნიკუმი და მუსიკალური სასწავლებელი - ვიოლინოს განხრით. ყოჩაღი ბავშვი იყო, ორკესტრშიც უკრავდა და კონსერვატორიაში კონცერტებიც ჰქონდა. ერთხელ ჩემი უფროსი ქალიშვილი ნინო საგარეო საქმეთა სამინისტროდან საბერძნეთში გაუშვეს და მისგან შევიტყვეთ, რომ ათენის აკადემიამ უცხოელებისთვის დაუშვა გრანტები. გავგზავნეთ მატასის მონაცემები და მიიღეს, დაუნიშნეს სტიპენდია 500 ევროს ოდენობით. იქ სწავლების სხვა სისტემაა, სტუდენტი თავად ირჩევს პედაგოგს მისი ნამუშევრების, სახელოსნოს დათვალიერების შემდეგ და რომელი მხატვარიც მოეწონება, მასთან იწყებს მეცადინეობას. მატასის იქ ერთი წელი უნდა ესწავლა, ხოლო მეორე წელს ბერძნულ ენაში სერტიფიკატს თუ მიიღებდა, მეორე წელსაც შეძლებდა დარჩენას. უყვარს მეცადინეობა, მოემზადა, მოიპოვა სერტიფიკატი და ათენში მეორე წელსაც დარჩა. იქ გაიცნო მომავალი მეუღლე.

- მატასის მეუღლე გაგვაცანით.

- კოტე თბილისში დაბადებულ-გაზრდილია, მაგრამ ბერძნული გვარი აქვს - ჩატიდი. ის ჯერ ამერიკაში, ერთ-ერთ კოლეჯში სწავლობდა, შემდეგ ათენის უნივერსიტეტში - ბიზნესის განხრით. პარალელურად მუშაობდა საკონსულოში ანუ იმავე შენობაში, სადაც ჩემი უფროსი ქალიშვილი. კოტე და ნინო დამეგობრდნენ, შემდეგ მატასიც გაიცნო.

- ქალბატონო თეა, თქვენ და ლაშა სად შეხვდით ერთმანეთს და როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა?

GzaPress- ჩვენ 1981 წელს, ახალი წლის წინა დღეებში, მაკა დვალიშვილის სახლში შევხვდით. მაკა და ლაშა სამხატვრო აკადემიის სტუდენტები იყვნენ. ქმარს უკვე გაშორებული ვიყავი და ნინო მყავდა. მაშინვე დავმეგობრდით. ძალიან ღვთისნიერი ადამიანი იყო და მაკას ვუთხარი, - ჩემი შვილი მონათლული არ არის და მარტო ლაშას თუ მოვანათვლინებ-მეთქი. 9 იანვარს ნინოს დაბადების დღე იყო და მინდოდა, ნათლობა სწორედ ამ დღისთვის დამემთხვია. ეს რომ ვთქვით, ლაშა რამდენიმე დღით გაუჩინარდა; ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერ გავიგეთ. ეტყობა, ბედისწერა იყო, თორემ ბავშვი რომ მოენათლა, მერე ვეღარ შევუღლდებოდით.

- მან თავი აარიდა ნათლობას?

- არა, მხოლოდ მაკამ იცოდა, ლაშასთვის რის შეთავაზებასაც ვაპირებდი... ნინო მონათლეს ჩემმა მეგობრებმა - მაკამ და ირინამ... და შემდეგ, როცა ლაშა გამოჩნდა, ჩვენი ურთიერთობაც დაიწყო. ძველი თბილისის მიდამოებში ბევრს დავდიოდით, ლაშა ნინოს ასეირნებდა. ძალიან დიდი ხანი ვძმაკაცობდით, შემდეგ რაღაცნაირად, ურთიერთობამ სხვა ფაზაში გადაინაცვლა. ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ ლაშასნაირი კარგი და ახლო მეგობარი სხვა არავინ მყოლია. სახლში, როცა რაიმე იყო გასაკეთებელი, ვეუბნებოდი: როგორი კარგი ძმაკაცი ხარ, მაგრამ აი, ქმრისა რა მოგახსენო-მეთქი (იღიმის)... წლები დაგვჭირდა, რომ გადაწყვეტილება მიგვეღო. ძალიან მიჭირდა ოჯახის ხელმეორედ შექმნა. რომ არა ლაშა, ალბათ ამ ნაბიჯს ვერ გადავდგამდი და სხვასთან ხელს არასდროს მოვაწერდი. 1987-ში შევუღლდით და 1988 წელს მატასი დაიბადა.

- მატასის ახსოვს ბაბუა - არჩილ სულაკაური?

- არჩილი გიჟდებოდა მატასიზე. ჩემი შვილის სახელის შერჩევაც მისი დამსახურებაა. პაპა ჰყვებოდა: მე რომ სამშობიაროში ვიყავი, თურმე, იმ დილით რედაქციაში მისულს (მაშინ "მნათობის" მთავარი რედაქტორი გახლდათ), კარზე დაუკაკუნეს და თანამშრომელ ქალს, სახელად გოგუცას უზარმაზარი ვარდის ნერგები შეუტანია, - პრიბალტიკიდან გამოგიგზავნესო. შემდეგ არჩილი ამბობდა, მაშინვე მენიშნა, რომ გოგო გაჩნდებოდაო. მე რომ სამშობიაროში ვიყავი, არჩილი, მისი ძმა და ორი მეგობარი რესტორან "აჭარაში" წავიდნენ. სუფრასთან არჩილის იდეა გამოუთქვამს, - მატასი ხომ არ დავარქვათო? მეორე დღეს ლაშა ჩემთან რომ მოვიდა და მამამისის აზრი გამიზიარა, ვიუარე. მამიდა მყავდა, რომელსაც შინ "მატას" ეძახდნენ, ცოტა ექსცენტრიკული ქალი იყო და ვიფიქრე, ჩემს შვილს ამ სახელის გამო მისი ხასიათი არ დაჰყვეს-მეთქი. პირველ დღეს ბავშვი არ მინახავს; მეორე დღეს, ჩემი და ლაშას საუბრის მერე, შვილი რომ მომიყვანეს, შევხედე და მივხვდი, მატასი იყო! კლინიკაში ვერ მიხვდნენ, ეს რა სახელი იყო, რადგან გრიგოლ რობაქიძის "გველის პერანგი" არავის ჰქონდა წაკითხული.

- მაშინ გრიგოლ რობაქიძის ნაწარმოებების კითხვა იკრძალებოდა...

- დიახ, მისი ნაწარმოებები ასლების სახით გადადიოდა ხელიდან ხელში. მოგვიანებით დავინტერესდი და ვნახე, რომ აკაკი წერეთლის დას ერქვა მატა ანუ მატასი და საერთოდაც, ეს სახელი რაჭასა და იმერეთში ყოფილა გავრცელებული.

- როგორი იყო ბაბუა-შვილიშვილის ურთიერთობა...

- პაპიკო გიჟდებოდა, აფანატებდა მატასიზე. ბავშვები ანთებულ ნაძვის ხეს გაფართოებული თვალებით რომ შესცქერიან, ასე უყურებდა შვილიშვილს. ერთხელ, ქვიშხეთში, მწერალთა სახლში წავედით დასასვენებლად. მატასის "ტომ სოიერის თავგადასავალი" წავუღე, მაგრამ ვერაფრით წავაკითხე. თბილისში რომ დავბრუნდი, ეს ამბავი მის პაპას შევჩივლე. საერთოდ, არჩილის ასეთი პოზიცია ჰქონდა: "მატასი ყველაზე ლამაზია, ყველაზე ჭკვიანი და ყველაფერს კარგად აკეთებს", მაგრამ ეს ამბავი რომ გაიგო, შეცბა. წიგნიერებას ჩვენ ოჯახში ყოველთვის დიდი ყურადღება ექცეოდა. არჩილი საკმაოდ მკაცრი კაცი იყო, მაგრამ მითხრა: იცი, რატომ ვერ წაიკითხა "ტომ სოიერის თავგადასავალი"? ეს 12 წლის ბიჭის საკითხავი წიგნია, მატასი კი ჯერ პატარააო... ბოლოს ოპერასთან ქუჩაში შეგვხვდა, მატასი მუსიკაზე მიმყავდა. სადღაც შორს გაიხედა და თქვა, თეა, მე აღარ ვიქნები, მაგრამ შენ ნახე, ეს რა გოგო დადგესო. ეს მატასისა და პაპას ბოლო შეხვედრა იყო...

მატასი სულაკაური:

GzaPress- არჩილს პაპიკოს ვეძახდი. დაახლოებით 8 წლის ვიყავი, როცა ის გარდაიცვალა, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს. მასთან საბურთალოზე რომ მივდიოდი, პირველად პაპიკოს ოთახში შევრბოდი, სადაც ყველას აკრძალული ჰქონდა შესვლა. მუშაობდა თუ წერდა, აუცილებლად უნდა შეჩერებულიყო და ჩემთვის ყურადღება მოექცია. მიხაროდა და ამაყი ვიყავი, რომ ერთადერთი ვიყავი, ვისაც ამის უფლება ჰქონდა (იღიმის). უჯრაში კანფეტებს მახვედრებდა და ერთი სული მქონდა გამომეღო.

- მამა ჰგავდა ბაბუას თვისებებით, ხასიათით?

- როგორც პაპიკოს მეგობრები იხსენებდნენ, არჩილს მძიმე ხასიათი ჰქონდა და სიტყვას ტყუილად არ "ხარჯავდა". ამაში ლაშა ნამდვილად ჰგავდა...

- ლაშა როგორი იყო შინ, მუშაობისას?

- იყო პერიოდები, როცა განსაკუთრებით ბევრს მუშაობდა. მასალები მთელ სახლში იყო მიმოფანტული. მახსოვს, შინ მოჰქონდა ტელევიზორის ძველი ეკრანი, მანქანის კატალიზატორი, გაჭყლეტილი ლუდის ქილა და ამ ყველაფერს თავის კოლაჟებში კარგად იყენებდა. გამოფენისთვის რომ ვემზადებოდით, ვნახე, რომ შემოქმედებითად ყველაზე აქტიური 2002 წელს იყო. როცა მუშაობდა, ირგვლივ არაფერი აინტერესებდა.

- ალბათ ბევრი მეგობარი სთხოვდა, ესა თუ ის ნივთი და ტილო მაჩუქეო...

- ნივთების გაჩუქება სიამოვნებას ანიჭებდა. ოჯახში მგონი, მხოლოდ მე ვიყავი, ვისაც ყველაზე მეტად სწყინდა ნახატის გაყიდვა ან გაჩუქება. სულ ისეთი განცდა მქონდა, რომ თითოეული მათგანი ჩემი იყო. ახლა, ნამუშევრებს რომ გადავხედე, ბევრზე აღმოვაჩინე მამას წარწერა: "ჩემს მატასის", რამაც ძალიან გამახარდა... ძალიან პატარა ვიყავი, როცა ლაშას გვერდით ვიჯექი და მეც ვხატავდი. ხშირად მაძლევდა რჩევას პროფესიული თვალსაზრისით.

- სიკვდილის წინ ბევრს აქვს ერთგვარი წინათგრძნობა...

- (მაწყვეტინებს) მსგავსი რამ არ ჰქონია. ვიდრე დედა და მამა ქობულეთში წავიდოდნენ, მიყვებოდა, რომ უნდოდა რამდენიმე ქვეყნის გავლით წმინდა იაკობის გზა დაეფარა და ბოლო ლოკაცია პარიზი ყოფილიყო. ხუმრობით შემომჩივლა: მარტო ვერ წავალ, თეა უნდა წამოვიდეს, ის კი ამდენს ვერ ივლის და აი, ასეთ შავ დღეში, გასაჭირში ვარო. ამაზე ბევრი ვიცინეთ. ბოლო დროს ლაშა მოგზაურობამ ძალიან გაიტაცა და ნოემბრის დასაწყისში დედასთან ერთად, ეგვიპტეში გამგზავრებას გეგმავდა.

- ქობულეთში სამუშაოდ წავიდა?

თეა:

- 23 სექტემბერს ჩემი დაბადების დღე იყო და არ გვინდოდა თბილისში ყოფნა. მითხრა, - წამო, ერთი-ორი დღე ზღვაზე წავიდეთო. ზღვა ჩვენი სიგიჟე იყო...

მატასი:

- თეას დაბადების დღეს მისალოცად რომ ვურეკავდი, არ მიპასუხა. მერე ლაშასთან გადავრეკე. მითხრა, ახლა გავიღვიძე, მარტო ვარ და გადასარევად ვგრძნობ თავს. წყლის პირას ვზივარ, უდარდელადო. ეს წინადადება გონებაში ჩამრჩა, ეს ჩვენი ბოლო საუბარი იყო...

ანა კალანდაძე