"ქართველები თავიანთი პენსიით მოგზაურობას კი არა, ნორმალურად ცხოვრებასაც ვერ ახერხებენ!" - გზაპრესი

"ქართველები თავიანთი პენსიით მოგზაურობას კი არა, ნორმალურად ცხოვრებასაც ვერ ახერხებენ!"

"საერთოდ ვერ ვეგუები იმას, საქართველოში ყველას შავი რომ აცვია. იმას კი არ ვამბობ, რომ ეს ფერი არ მომწონს, მაგრამ ვფიქრობ, ეს ტენდენცია მრავალფეროვნებას აკლებს მოსახლეობის ჩაცმულობას... მე პირიქით ვარ, ნათელი ფერები მიყვარს", - ამბობს ლანა ღოღობერიძე, რომელიც დიზაინერმა ზალიკო ბერგერმა ერთ-ერთ გამორჩეულად გემოვნებიან და მისაბაძ ქალბატონად დაასახელა...

- ქალბატონო ლანა, როგორი ნაწარმოებები იყო და არის თქვენთვის გამორჩეული?

- არც ვიცი, ახლა რომელი ერთი გავიხსენო... ბავშვობაში ძალიან მიყვარდა "გრაფი მონტე კრისტო"... გამორჩეული პოეტები თავიდანვე ჩემი ცხოვრების თანამდევი იყო: გალაკტიონ ტაბიძე, მარინა ცვეტაევა, ბორის პასტერნაკი, ბოდლერი...

- რომელი ქვეყნებია თქვენთვის უფრო მიმზიდველი, თანამედროვე მეგაპოლისები თუ ისტორიული წარსულის მქონე?

- რა თქმა უნდა, ისტორიული წარსულის მქონე... ჩემთვის საფრანგეთია ძალიან ახლობელი ქვეყანა. ბავშვობიდან ამ ქვეყნის კულტურას ვიყავი ნაზიარები. ჩვენს ოჯახში ფრანგული იყო გავრცელებული და მეც ჩავეფალი ამ ყველაფერში...

- როგორი იყო თქვენი შთაბეჭდილება, როდესაც ამ ქვეყანაში პირველად აღმოჩნდით?

- ყველაფერი დაწვრილებით მაქვს აღწერილი ჩემს წიგნში... საფრანგეთს ბევრი ემოცია უკავშირდება: ეს არის ორი ჩემი დეიდა, რომლებმაც მთელი ცხოვრება იქ გაატარეს. მე ისინი პირველად 1961 წელს ვნახე, როდესაც პარიზში ჩავედი. ჩუმად დავიპარებოდი სასტუმროდან, "კაგებეშნიკი" რომ არ გამომყოლოდა და მთავარი ემოცია ეს შიში იყო... გარდა ამისა, იყო შეგრძნება, როდესაც ირგვლივ ყველაფერმა განმაცვიფრა, თუნდაც კაფეებმა. კაფე, ქუჩაში ჯდომა და ყავის დალევა ჩემთვის თავისუფლების სიმბოლო გახდა. მერე გავიგე, რომ თურმე, მერაბ მამარდაშვილი ფიქრობდა, რომ პარიზის კაფეები - ეს იყო თავისუფალი ცხოვრება. ჩვენ ვიცით, რომ მსოფლიოს უდიდეს ხელოვანებს თავიანთი საყვარელი კაფეები ჰქონდათ შერჩეული პარიზში, სადაც ხშირად იკრიბებოდნენ... ამ ყველაფერმა იმდენად მომხიბლა, რომ საფრანგეთი პირველი ნახვისთანავე შემიყვარდა.

- შემდეგ თქვენ კიდევ უამრავ ქვეყანაში იმყოფებოდით, დიდი ხანი იცხოვრეთ საზღვარგარეთ. კიდევ, რომელი ქვეყანა დაგამახსოვრდათ გამორჩეულად?

- ამერიკამ და იაპონიამ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა... ამერიკაში განსაკუთრებულად მომხიბლა ნიუ-იორკმა და სან-ფრანცისკომ. ეს ორი ქალაქი მართლაც, მომნუსხველია. დანარჩენი ამერიკა რაღაცნაირად, არ მაინტერესებს და არც მიზიდავს... ასევე, ძალიან მომწონს იაპონია. ტოკიო არის ქალაქი, რომელიც ერთდროულად, ძალიან თანამედროვეც არის და ტრადიციების დამცველიც. იეროგლიფებით მორთული ტოკიო საოცრებაა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ საქართველოშიც ასე უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი ანბანი. ქართული ანბანი ხომ ერთ-ერთი ულამაზესია მსოფლიოში.

- რომელ ქვეყანაში იყო ყველაზე გემოვნებიანი მოსახლეობა?

- ყველაზე გემოვნებით ჩაცმული ხალხი რომ საფრანგეთშია, ეს აღიარებული ფაქტია. ფრანგი ქალების ელეგანტურობა შეუდარებელია! მთავარი ის არის, რომ ფრანგები აუცილებლად გამხდრები არიან, გამორჩეული სილუეტი აქვთ და საოცრად იხდენენ სამოსს... ამ მხრივ დიდი შთაბეჭდილება დატოვა ტოკიომაც. იქ მთელი ოჯახი შეიძლება იჯდეს დღეების განმავლობაში და უყურებდეს, ყვავილი როგორ იშლება... საკურას ყვავილობა იაპონიაში ხომ საოცარი კულტია! ჩვენი ფილმების ჩვენება იყო კინოფესტივალზე, სადაც დარბაზი საკურას ყვავილებით გახლდათ მორთული. არაჩვეულებრივი რამ იყო, დაუვიწყარი...

GzaPress- დიზაინერმა ზალიკო ბერგერმა თქვენ ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან ქალბატონად დაგასახელათ... ქართველი ქალბატონებიდან თქვენ ვის დაგვისახელებდით, როგორც გამორჩეული გემოვნების მქონეს?

- არ მიყვარს ასეთი შეკითხვები, მაგრამ რადგან ასე გსურთ, გიპასუხებთ: ძალიან ბევრი კარგი გემოვნების მქონე ქალბატონები გვყავს საქართველოში, მაგალითად: ნანი ბრეგვაძე, მაკა მიქაძე და სხვები...

- რჩევა რომ მისცეთ ქალბატონებს, როგორ შეიძლება ყველა ასაკში საინტერესო იყვნენ?

- ეს ყველაფერი ბუნებრივად ხდება... ინტერესი თუ გაქვს სამყაროსადმი, თუ თვალს ადევნებ რა ხდება დღეს შენ გარშემო, შენ გვერდით, მთელ მსოფლიოში - ეს ინტერესი განსაზღვრავს ყველაფერს. ბევრ რამეს იტევს სიტყვა "ცნობისმოყვარეობა"... ნებისმიერ ასაკში კარგია აღმოჩენები. ახალი აზრი, ახალ რამეზე ფიქრი - შინაგანი სამყარო შენს გარეგნობაზე აუცილებლად აისახება...

- საქართველოში საპენსიო ასაკის მქონე ქალბატონების ცხოვრება ადვილი არ არის. მეთანხმებით?

- რა თქმა უნდა! საქართველოში ქალბატონები რაღაც ასაკის მერე, სახლს არიან მიჯაჭვული. მხოლოდ ეზოში ან იქვე ახლოს, ქუჩაში თუ გავლენ... არადა, სხვა ქვეყნებში სწორედ საპენსიო ასაკის ადამიანები იწყებენ აქტიურ მოგზაურობას და ცხოვრებით ტკბებიან, ძალიან ბევრს დადიან ფეხით. მე ვიცი ერთი ქალბატონი, რომელიც 97 წლისაა და დღეს მსოფლიოს გარს უვლის. ეს ქალი გარეგნულად ისე გამოიყურება, როგორ საინტერესოდაც ატარებს ცხოვრებას... ჩვენთან ამის საშუალება არ აქვთ. ქართველები თავიანთი პენსიით მოგზაურობას კი არა, ნორმალურად ცხოვრებასაც ვერ ახერხებენ!

- როგორი სამოსი და აქსესუარები გიზიდავთ?

- ნათელი ფერები მიყვარს. შავიც მომწონს, მაგრამ სხვადასხვა ფერის რაღაცებს უფრო ხშირად ვატარებ... რაც შეეხება სამკაულებს, საფრანგეთში ერთი ფირმა მქონდა ამორჩეული, რომლის სახელწოდება ქართულად ასე ითარგმნება: "საფრანგეთის სამხრეთი"... სულ იქ ვყიდულობდი ხარისხიან ბიჟუტერიას და საკმაოდ ბევრი დამიგროვდა. ასევე, ძალიან მიყვარს შარფები. მგონია, რომ ყველანაირ სამოსს უხდება (იღიმის).

- როცა ელჩის თანამდებობაზე იყავით, თქვენი ჩაცმულობა კიდევ უფრო განსხვავებული იყო?

- ცხრა წელი ვიყავი ელჩი და ბუნებრივია, ისე მეცვა, როგორც ამ თანამდებობას შეეფერებოდა - კოსტიუმები, საღამოს კაბები და ა.შ.

- როგორია თქვენთვის კომფორტული სახლი?

- ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი გარემოა სახლში... ჩემი სახლი დახუნძლულია მოგონებებით. მთავარია, რომ აქ არის ლადო მესხიშვილის ხსოვნა და მისი პორტრეტები - ზურა ნიჟარაძის დახატული. ასევე, მისი არაჩვეულებრივი, გრაფიკული ნამუშევრები... მაქვს სერგო ფარაჯანოვის, კოკა იგნატოვის, გოგი მესხიშვილის, გოგი მიქელაძისა და ბევრი ჩვენი გამოჩენილი მხატვრის ნამუშევრებიც და ძალიან ბევრი წიგნი... ასევე, მაქვს დიდი მსახიობის - ლადო მესხიშვილის რელიკვიები, მართლაც ძალიან უნიკალური ნივთები და რაც მთავარია, ის სკივრი, რომლითაც დაატარებდა თავის კოსტიუმებს მაშინ, როცა ჯერ კიდევ ეტლით დადიოდნენ საქართველოში. ეს სკივრი დიდ ოთახში, ცენტრში გვიდევს... სახლს ძალიან დიდი ფანჯრები აქვს. ლადო მესხიშვილმა ასე ააშენა თავისი სახელოსნო და გამორჩეულად ლამაზია. ძალიან ძვირფასია ეს გარემო ჩემთვის, სწორედ იმიტომ, რომ ბევრი რამ წარსულთან და დედაჩემთან არის დაკავშირებული, ლადოსთან, ლადოს წინაპრებთან...

- თქვენს სახლში ასევე ბევრი მცენარეა...

- დიახ... ერთი უზარმაზარი კუთხე გვაქვს მცენარეებისთვის გამოყოფილი. ზურაბ ჟვანიას განსაკუთრებულად უყვარდა ეს კუთხე და ბაღს ეძახდა. ღამის 12 საათზე მირეკავდა ხოლმე და მეკითხებოდა, - თუ შეიძლება, მოვიდე თქვენთან ბაღში და ყავა დავლიოო?.. მართლაც მოდიოდა ღამის 12 საათზე და ყავას არა, მაგრამ ჩაის მივირთმევდით ბაღში...

- თუ არ ვცდები, დღემდე აქტიურად მისდევთ სპორტს. ასეა?

- მთელი ცხოვრება სპორტის სხვადასხვა სახეობით ვიყავი დაკავებული: ჯერ სამთო-თხილამურებით და საქართველოს ჩემპიონიც კი ვიყავი... ახლა ძირითადად, ცურვა და ჩოგბურთი მაქვს ამოჩემებული: ზაფხულობით ბევრს ვცურავ, ჩოგბურთს ვთამაშობ კვირაში ორჯერ. ძალიან მიყვარს სპორტი.

- დაბოლოს, როგორც ვიცი, ფილმზე მუშაობთ. ხომ ვერ გაგვანდობთ საიდუმლოს, როდის იხილავს მაყურებელი თქვენს ახალ ნამუშევარს?

- ჯერ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ შემოდგომაზე დავასრულებ ფილმის გადაღებას.

მანანა გაბრიჭიძე