ხატია ბრაჭული: "ჩემთვის ერთგვარი შვება იყო დღიურთან "მეგობრობა" - გზაპრესი

ხატია ბრაჭული: "ჩემთვის ერთგვარი შვება იყო დღიურთან "მეგობრობა"

"მიხარია, რომ ქართულ რეალობას მორგებულ სერიალში ვმონაწილეობ, სადაც ბევრს შეუძლია, საკუთარი თავი ამოიცნოს", - ამბობს საკუთარ პროფესიაზე უსაზღვროდ შეყვარებული მსახიობი, რომლისთვისაც თეატრის სცენა ბევრს ნიშნავს, მაგრამ კამერის წინ მუშაობაზეც ვერასდროს ამბობს უარს, რადგან მიიჩნევს, რომ ასეთ დროს შეუძლია იყოს ნამდვილი ხატია...

GzaPress- 13-დან 19 წლამდე ასაკის მოზარდებს, რომლებიც გარდატეხის ასაკში არიან, ეჩვენებათ, რომ ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ, უჩნდებათ პროტესტის გრძნობა, უფროსებისადმი წინააღმდეგობის გაწევის სურვილი. საკუთარ თავს ეძებენ და ამ ძიების პროცესში ყველაფერი სწყინთ, თითქოს ყველაფერს უფრო მეტად ემოციურად აღიქვამენ და მერე დეპრესიაშიც ვარდებიან. გარკვეულწილად, აგრესიულებიც ხდებიან, გამუდმებით თავისუფლებას ეძებენ.

- მოზარდი თავადაც დეპრესიისკენ იყავი მიდრეკილი?

- კი, რაღაცების გამო მეც ვტიროდი, თითქოს დეპრესიაც მქონდა. ასეთ დროს ადამიანები შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს ეძებენ და ამას მეც ვცდილობდი. ჩემთვის ერთგვარი შვება იყო დღიურთან "მეგობრობა". მყავდა დაქალები, რომლებსაც ყველაფერში ვენდობოდი, მაგრამ ხომ არის ისეთი პირადი რაღაცებიც, რისი გაზიარებაც არავისთვის გინდა? ჰოდა, ასეთ რაღაცებს ვანდობდი დღიურს. მაშინ სხვანაირი დრო იყო და თითქოს, გოგოს მხრიდან სიყვარულზე ხმამაღლა ლაპარაკი მიზანშეწონილი არ გახლდათ. ჰოდა, ვინმე თუ მომეწონებოდა, ამას დღიურს თამამად ვუმხელდი...

- შენი დღიური სხვას არასდროს წაუკითხავს?

- მე და ჩემი ბავშვობის დროინდელი დაქალი (კლასელებიც გახლდით) ჩემს ოთახში ვიყავით. ცოტა ხნით მისი მარტო დატოვება მომიხდა. იცოდა, დღიურს სადაც ვინახავდი. ჰოდა, როცა ოთახში შევბრუნდი, დავინახე, რვეულს უჯრაში დებდა. ძალიან მეწყინა. ვფიქრობდი, რომ მეგობარმა მიღალატა. ვუსაყვედურე, - ეს როგორ გააკეთე-მეთქი? და გავებუტე. ეს დღიური ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო და როცა ვინმე მის გადაშლას ცდილობდა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემს სულში იჩხრიკებოდნენ. ალბათ რაღაცები დედასაც აქვს წაკითხული, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვცდილობდი, "მეგობარი" გადამემალა (იღიმის).

- დაქალთან შესარიგებლად რა პერიოდი დაგჭირდა?

- ძალიან მალე შევურიგდი. სხვათა შორის, ვაღიარებ: მეც წამიკითხავს ჩემი დის დღიურები, მაგრამ მეგობრების - არასდროს.

- შენი პირველი სიყვარული გაიხსენე.

- ბაღის პერიოდში მომწონდა ერთი ბიჭი, სახელად დიმა. მოწონებას იცი, როგორ გამოვხატავდი? ან მის გვერდით ვჯდებოდი, ან ბევრ ლექსს ვამბობდი, რათა მისი ყურადღება მიმექცია. ზეიმზე "ქართულს" ერთად ვცეკვავდით, რაც ძალიან მიხაროდა... მერე სკოლაში მომწონდა ჩემზე ერთი წლით უფროსი ბიჭი. მასზე "შეყვარებული" ძალიან დიდხანს ვიყავი. ილიაზე ლექსებს ვწერდი ჩემს დღიურში. ერთხელ ისე მოხდა, რომ "შატალოზე" გამოგვყვა, რადგან ჩემს კლასელთან ძმაკაცობდა. იმ დღეს ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ უნებურად თუ შემომხედავდა, საოცრად ვწითლდებოდი. მერე, როცა წამოვიზარდეთ, ვუთხარი, - შენ ჩემი ბავშვობის დროინდელი სიყვარული ხარ-მეთქი. ამბობდა, - არ მჯერა, რაღაცას მატყუებო (იღიმის)... 15 წლის ასაკში მომწონდა კიდევ ერთი ბიჭი და სწორედ იმ პერიოდში დავიწყე გაპრანჭვაც. სხვათა შორის, იმასაც მოვწონდი. ახლა ვფიქრობ, ჩვენ შორის სიყვარული კი არა, უბრალოდ, მოწონება იყო, რომელიც ლამაზ მოგონებად შემომრჩა.

- კონრეტულ ბიჭზე ფიქრი სწავლაში არ გიშლიდა ხელს?

GzaPress- არა, არ მიშლიდა... თუმცა, აი, იმ პერიოდში, როცა ილია მომწონდა, ბევრჯერ ვყოფილვარ "შატალოს" ინიციატორი ან რაღაცას ვიმიზეზებდი და გაკვეთილიდან გავდიოდი, რადგან გარეთ ის მეგულებოდა (იღიმის)... გაკვეთილიდან გაპარულები "ბულკს" ან სხვა რამეს ვყიდულობდით, ქუჩაში მივირთმევდით, მერე რომელიმე დაქალის სახლში ან დიღმის მასივში, ერთ-ერთ გორაზე მივდიოდით, სადაც ძველი, დანგრეული მუზეუმია. ხომ იცი, პატარები ყველაფერს სხვაგვარად აღიქვამენ და ჩვენ ეს ადგილი გამოქვაბული გვეგონა. იქ სიბნელეში შევდიოდით, ვთამაშობდით, შინ წასვლის დრო რომ დადგებოდა, იასამნებს ვკრეფდით.

- კლასელ გოგონებთან ჩხუბი არასდროს მოგსვლია?

- გასაყოფი არაფერი გვქონდა, მაგრამ იყო ეჭვიანობის მომენტი. მაგალითად, მე თუ ვიყავი ერთთან განსაკუთრებულად ახლოს, მეორე ეჭვიანობდა. "სასტავებად" გახლდით დაყოფილი. ყოველთვის პირველობის სურვილი მქონდა და მსურდა, ყველაფრის ინიციატორი თავად ვყოფილიყავი. ვინმე ლიდერობას თუ მოისურვებდა, ცხადია, ჩვენი ინტერესები გადაიკვეთებოდა და ამის გამო მოგვდიოდა მცირეოდენი კონფლიქტი. იყო ენის მიტან-მოტანაც... ყველასთან, "ოროსანი" იყო თუ "ხუთოსანი", კარგი ურთიერთობა მქონდა, მთავარი ყო, კონკრეტულ სიტუაციაში ყველაფერი ისე მომხდარიყო, როგორც მე მინდოდა.

- გამორჩეულად კარგი მოსწავლე იყავი?

- ფრიადოსანი არ ვყოფილვარ, მაგრამ ძალიან მონდომებული კი გახლდით. ჰუმანიტარულ საგნებში ვიყავი უფრო ძლიერი, ტექნიკურში - ვერა. არ მიყვარდა რუსული ენის გაკვეთილი. ამ საგნის სწავლა ჩემთვის ტანჯვა იყო. ასევე, ვერ ვიტანდი მათემატიკას: ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ძალიან მკაცრი მასწავლებელი გვყავდა და მეორეც, ვერ ვიგებდი ამ საგანს. სამაგიეროდ, მიყვარდა ისტორია, გეოგრაფია, ქართული ლიტერატურა, გრამატიკაზე ხომ საერთოდ, ვგიჟდებოდი.

- გრამატიკა იშვიათად თუ უყვარს ვინმეს...

- მასწავლებლის დამსახურება იყო, ამ საგნით რომ მოვიხიბლე. ძალიან კარგი პედაგოგი მყავდა. ბავშვობის დროინდელი დაქალი ახლა მეუბნება: ვერ გიტანდი, რადგან ეზოში ჩამოსული, თამაშის დროსაც კი სულ გრამატიკაზე ლაპარაკობდი. ამბობდი, ახლა გავიარე პუნქტუაცია, სინტაქსიო. ჰოდა, ასეთ დროს ვფიქრობდი, - ამ ბავშვს ეტყობა, ცოტა აკლია, თორემ როგორ შეიძლება, გრამატიკა ასე გიყვარდესო (იცინის)?..

- მასწავლებელს არასდროს დაუსჯიხარ?

- ვიცოდი თუ არ ვიცოდი, იმდენად აქტიური ვიყავი, ყოველთვის ვწევდი ხელს. არ შემეძლო ერთ ადგილას დიდხანს ჯდომა, სულ რაღაც უნდა მეკეთებინა... მასწავლებელს მეც დავუსჯივარ. მაგალითად, ერთხელ, მეხუთე კლასში ყოფნისას, ბიჭებთან ვიჯექი და ბევრს ვლაპარაკობდი. გაბრაზებულმა მასწავლებელმა თმაში მომქაჩა. ჰოდა, ჯერ გავებუტე, მერე - დავემუქრე: ამას დედას ვეტყვი, პრობლემებს შეგიქმნი-მეთქი. იმ ქალმა ბოდიში მომიხადა.

- შენი საყვარელი თამაშები რა იყო?

- "რეზინობანა", "წრეში ბურთი" "5-ქვაობანა"... სახლში "თოჯინების თეატრს" ვაწყობდი ხოლმე.

- ხატია, მშობლები ხშირად გაკონტროლებდნენ? რამდენად მკაცრად გზრდიდნენ?

- დედა ძალიან მკაცრი იყო. მაგალითად, მანიკიურის წასმა არ შემეძლო, მაკიაჟი ჩემთვის არ არსებობდა თითქმის მეათე კლასამდე. სკოლიდან აუცილებლად, სახლში უნდა მივსულიყავი. ცოტათი თუ დამაგვიანდებოდა, ერთ ამბავს დამაწევდა. სამაგიეროდ, სტუდენტობის პერიოდში მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ვფიქრობ, კარგი იყო, თავის დროზე სიმკაცრესაც რომ იჩენდა.

- მაგრამ იმ პერიოდში, როცა რაღაცებში გზღუდავდა, ალბათ, მისთვის წინააღმდეგობის გაწევის სურვილი გქონდა...

- გვიანობამდე ეზოშიც კი არ მტოვებდა. მეუბნებოდა, - დაჯექი და წიგნი წაიკითხეო. ამის გამო ცხადია, ვღიზიანდებოდი, ვბრაზდებდი და ვამბობდი, დედას არ ვუყვარვარ-მეთქი. დედის მართლა ძალიან მეშინოდა და მერიდებოდა კიდეც. როგორ დამსჯიდა? სახლში ჩამკეტავდა, კარგა ხანს არსად გამიშვებდა. ხომ არიან მშობლები, რომლებსაც შვილების ცრემლის დანახვა არ შეუძლიათ და ასეთ დროს მათ ყველაფერს ჰპატიობენ? დედაჩემი პირიქით იყო - თუ ვიტირებდი, უფრო მეტად გამიჯავრდებოდა.

- ჩაცმულობასთან დაკავშირებითაც გქონდა შეზღუდვები?

- მთელი ოჯახი: მე, დედა, მამა და ჩემი და-ძმა ერთად მივდიოდით საყიდლებზე. მერე მთელი გზა ერთმანეთს არ ველაპარაკებოდით, ერთურთზე ვბრაზობდით. ვერ ვიტანდი სხვისი გემოვნებით შერჩეულ სამოსს. ახლა რომ ვუკვირდები, თურმე, საშინელებებს ვყიდულობდი, მაგრამ მაშინ მომწონდა. ეს ალბათ, პროტესტის ერთგვარი გამოვლინებაც იყო: სხვისი კარგიც კი "ცუდი" გახლდათ. ჰოდა, ამ საქმეში ჩემი გამქონდა; ყოველთვის იმას ყიდულობდნენ, რაც მე მინდოდა.

- შენი პროფესიული არჩევანი თუ მოიწონეს?

- ბავშვობიდანვე ვამჟღავნებდი მსახიობობის სურვილს. დაწყებით კლასში ვიყავი, როცა დედამ რეზო თავართქილაძესთან, მხატვრულ კითხვასა და დრამატულ წრეზე მიმიყვანა. ის დღე, როცა ამ "გაკვეთილზე" მივდიოდი, ჩემთვის ზეიმი იყო. ვკითხულობდით ლექსებს, ბატონმა რეზომ დაგვიდგა პატარა ეტიუდები, მერე - სპექტაკლიც. ყოველთვის ვამბობდი: მინდა, ძალიან ცნობილი მსახიობი გამოვიდე-მეთქი. მამასაც არასდროს უთქვამს, მსახიობობაზე არ იფიქროო. მხოლოდ ის მითხრა: ყველანაირ შენს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მაგრამ მინდა, რომ იმაში, რასაც აირჩევ, საუკეთესო იყოო. დღეს მშობლები ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან და რა თქმა უნდა, ძალიან უხარიათ თითოეული ახალი როლი თუ შემოთავაზება.

- მშობლებმა პირველად როდის გნახეს სცენაზე?

GzaPress- დაახლოებით 14 წლის ვიყავი, როცა პიონერთა სასახლეში, გიორგი სავანელმა და ივეტა ტყაბლაძემ დადგეს სპექტაკლი "ბურატინოს თავგადასავალი", რომელშიც არლეკინო განვასახიერე. ამ სპექტაკლში ასევე, მონაწილეობდნენ: ნიკუშა წულუკიძე, ეკა აბშილავა და სხვები... პროფესიულ სცენაზე კი უკვე პირველკურსელი მნახეს, ისევ გიორგი სავანელთან, ვაკის სარდაფში ვითამაშე სპექტაკლში, "ათვინიერებენ მიმინოს", სადაც ერთ-ერთი ბაზიერი ვიყავი. მახსოვს, მაშინ ჩემს მშობლებს ცრემლი მოერიათ... ჩემთვის თეატრის სცენაც ძვირფასია და გადასაღები მოედანიც. უბრალოდ, თეატრიდან ვიღებ ძალიან დიდ ადრენალინს. სულ სხვაა, როცა მაყურებელთან პირდაპირი კავშირი გაქვს, ეს მართლა სასწაულია, მაგრამ კამერასთან მუშაობაც საინტერესოა. გადასაღებ მოედანზე სულ სხვანაირი ვხდები, უფრო მეტად ლაღი ვარ.

- ამბობენ, რომ მსახიობს კამერა აფუჭებს, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ მხოლოდ თეატრში თამაშით პოპულარული (ყოველ შემთხვევაში, საქართველში) ვერ გახდები.

- კარგი თეატრის მსახიობი კინოში ითამაშებს, მაგრამ კინომსახიობს სცენაზე თამაში შესაძლოა, გაუჭირდეს. ისიც უნდა ითქვას, რომ თეატრში უფრო მეტი თამაში გიწევს, კამერა კი მოითხოვს ბუნებრიობას. ისე უნდა მოიქცე, ვითომ რეალურად იმ პერიოდში ცხოვრობ, რაც სცენარშია აღწერილი. თეატრალურ უნივერსიტეტში დამწყებ მსახიობებს ნაკლებად ასწავლიან კამერის წინ მუშაობას და ამიტომაცაა, რომ არ გვყავს ბევრი კარგი კინომსახიობი. ბევრი ჩვენი არტისტი ისე თამაშობს კამერის წინ, როგორც სცენაზე და მერე რაღაცები ისეთი არ გამოდის, როგორიც უნდა იყოს. სამწუხაროდ, მართალი ხართ, დღევანდელ რეალობაში პოპულარობა მხოლოდ ტელეეკრანს მოაქვს, რის გამოც გული მტკივა. თეატრში საოცარ შრომას დებს თითოეული მსახიობი, მაგრამ ის შესაბამისად დაფასებული არ არის. არავინ თქვას, პოპულარობა არ მინდაო. ვფიქრობ, ყველა მსახიობს სურს აღიარება... მეორე კურსზე ვიყავი, როცა სერიალში სათამაშოდ მიმიწვიეს და უარი ვერ ვთქვი. ამის გამო ზოგჯერ, ლექციის გაცდენა მიხდებოდა და პრობლემა შემექმნა. სამაგიეროდ, მთელი კურსი გავიარე კამერასთან მუშაობის და საზოგადოებამაც გამიცნო.

- რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში მას მერე, რაც პოპულარული გახდი?

- ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა! დიდი პატივია თუნდაც ის, რომ გავხდი იმ საზოგადოების წევრი, რომელიც ხალხს უყვარს, რომელსაც პატივს სცემენ. ცნობილი ადამიანისთვის ბევრი რამ უფრო მარტივი ხდება, მაგრამ ამას მინუსიც აქვს: ასეთ დროს ხვდები, რომ ბევრი კონკურენტი გაგიჩნდა, ვიღაცებს აღარ უყვარხარ, ზოგი შურსაც ამჟღავნებს. იყო პერიოდი, როცა ამას ძალიან განვიცდიდი, ახლა კი ვფიქრობ, ასეთ რაღაცებს ყურადღება არ უნდა მიაქციო. უნდა იფიქრო: "რადგან ჩემზე ლაპარაკობენ, ე.ი. კარგი ვარ". დაბოღმილი ადამიანები მეცოდება. პოპულარობას მოაქვს ის, რომ გინდა არ გინდა, ყველა შენზე ლაპარაკობს, ზოგჯერ უსაფუძვლოდ ჭორაობენ. ეს ყველაფერი თითქოს, მაკომპლექსებს და ქუჩაში ძველებურად ლაღი ვეღარ ვარ. ყველა უცნაურად, თითქოს მიკროსკოპით გაკვირდება.

- ბოლო დროს რომელმა ჭორმა გატკინა გული?

- თქვეს, ღარიბაშვილის საყვარელიაო. მე ხომ ვიცი, რომ ასე არ არის, მაგრამ გული მაინც მტკივა და ამ ამბავს ჩემი ახლობლებიც განიცდიან.

- ადრე მიხეილ სააკაშვილთან შენი რომანის შესახებაც ლაპარაკობდნენ, არა?

- კი, ეგ ძველი ამბავია. ახლა ღარიბაშვილზე ლაპარაკობენ. ეს რომ გავიგე, ჯერ ბევრი ვიცინე, მაგრამ მერე დავფიქრდი ამ სისულელეზე და გული მეტკინა...

- ხატია, სინამდვილეში როგორი ხარ?

- ძალიან მხიარული, თავისუფალი, უკომპლქესო, ცოტა გიჟი და ცოტაც - ბავშვური.

- თუ შეგიძლია, გულწრფელად მიპასუხე: არასდროს არავისი შეგშურებია?

- მერწმუნეთ, ყველასთვის მხოლოდ სიკეთე მინდა. მიზნისთვის სხვისი დახმარებით არასდროს მიმიღწევია, ყველაფერს დამოუკიდებლად ვაკეთებ და შრომის ფასი ვიცი. მარტივად არასდროს არაფერი მოსულა ჩემამდე და ალბათ ამიტომაც, არასდროს არავისი შემშურებია.

- დაბოლოს, უნდა გკითხო: რას ურჩევ ბოღმიან ადამიანებს?

- ზოგჯერ, როცა ამა თუ იმ ადამიანის ინტერვიუ სოციალურ ქსელში ან რომელიმე საიტზე ვრცელდება, ვიღაცები იქვე საოცარ კომენტარებს ტოვებენ. უმეტეს შემთხვევაში, რესპონდენტებს (არა აქვს მნიშვნელობა, ის ცნობილი პიროვნებაა თუ არა) უსაფუძვლოდ ლანძღავენ. როგორი კარგი ადამიანიც უნდა იყოს, რაღაც ნაკლს გამოუძებნიან. ასეთი კომენტარების ავტორებს მინდა, ვუთხრა: ვიდრე სხვისი ცხოვრების ქექვას დაიწყებენ, ჯერ დაფიქრდნენ საკუთარ ცხოვრებაზე და იმაზე, თუ რა გაუკეთებიათ აქამდე, ახლა რას აკეთებენ და მერე განსაჯონ სხვები. ყველაფერს აჯობებს, თავისუფალი დრო რაღაცის სწავლას ან რაიმე სასარგებლო საქმეს დაუთმონ და მიხედონ საკუთარ თავს, თორემ ბოლოს ძალიან დაიჩაგრებიან.

ლიკა ქაჯაია