"ნინუცას სულ ვეჩხუბები, კედლის გაზეთს ჰგავხარ-მეთქი" - გზაპრესი

"ნინუცას სულ ვეჩხუბები, კედლის გაზეთს ჰგავხარ-მეთქი"

მსახიობი თამარ მაყაშვილი შემოდგომისთვის მონოსპექტაკლის პრემიერისთვის ემზადება, მანამდე კი ცხელ ზაფხულს, რეპეტიციების პარალელურად, რა თქმა უნდა, შვილებსა და შვილიშვილებთან ერთად ატარებს. როგორი დედა და ბებიაა, რა არის მისთვის პრიორიტეტული შვილებთან მიმართებაში, რა მოსწონს, რა უხარია, რამდენად კარგი დედაა რუსკა - ამ და სხვა თემებზე თამარ მაყაშვილი გულახდილად გვესაუბრა.

- შემოდგომაზე მონოსპექტაკლის გაკეთებას ვაპირებ, რომელიც მთლიანად აღწერს ჩემი, ჩემი ოჯახის, შვილების ისტორიას და ამავდროულად იქნება განზოგადებული; მუსიკალურ-ლიტერატურული, ჩემი მეგობრების ლექსებით და ა.შ. ამ ყველაფერში ბევრი მეგობარი მეხმარება, ბევრი სიმღერა დაიწერა და ზაფხულში კარგად ჩამოვყალიბდები.

- როგორ ფიქრობთ, რისი შედეგია ის, რომ თქვენს ოჯახში ამდენი წარმატებული მსახიობი ხართ და პატარა ელიზბარიც ამ სფეროში უკვე ძალიან განვითარებული ბიჭია?

GzaPress- რა გითხრათ, გოგონებს არაერთხელ უთქვამთ, 9 საათზე ვიძინებდითო... წესრიგში იყვნენ, თუმცა, ვფიქრობ, ყველაფერი მხოლოდ ამაზე არ არის დამოკიდებული. მათ სულ კუდში დავდევდი. ახლა ადამიანებს დღე და ღამე სამსახურში უწევთ ყოფნა, რომ შვილები გამოკვებონ, მე კი მაშინ საშუალება მქონდა - ფინანსურად ჩემი ძმა უზრუნველგვყოფდა და ჩემს შვილებს თუ სადმე უვლიათ და რამე უსწავლიათ, ეს არის აბსოლუტურად ჩემი ძმის დამსახურება. მართლაც, ყველაფერს აკეთებდა, რომ ამათ არაფერი მოჰკლებოდათ, ესწავლათ, კარგად ჩაეცვათ და ა.შ. დედაჩემიც გადაყოლილი იყო მათზე. დანარჩენი - წაყვანა-მოყვანა, თეატრი, კინო, მე ვიყავი. როცა ფინანსურად უზრუნველყოფილი ხარ, შენი შვილების აღსაზრდელად მეტი დრო გაქვს. მოხდა ისე, რომ დრო შეიცვალა და ახლა მე ვარ შვილებზე დამოკიდებული, რაც რაღაცნაირად, შეურაცხმყოფელია, თუმცა, თვითონ სულ მეჩხუბებიან, ამას ნუ ამბობო. არ მწყდება გული იმაზე, რომ დღეს თეატრში აქტიურად დაკავებული არ ვარ, ვინაიდან ჩემს ოჯახში ახლა უმცროსი თაობა იზრდება, მირჩევნია, მათ მივხედო და კაცებად გაიზარდონ. მათაც უნდა დევნა, ყურადღება, სწავლა და ა.შ. ყველას უკვირს, რომ სახლში ინტერნეტქსელები არ მაქვს. ავკრძალე, არ მინდა, რომ სულ ზედ იყვნენ მიწებებულები. ელიზბარი ნაკლებად, მაგრამ ნოდარიკო ამ ყველაფრისკენ ძალიანაა მიდრეკილი და მირჩევნია, წი-ფი საერთოდ არ გვქონდეს.

ჩემი მეუღლე - გია ყიფშიძე რომ არა, ალბათ იმასაც ვერ გავაკეთებდი, რასაც ვაკეთებ. მიყვარს სადღაც წასვლა, ამდენი ბავშვით სიარული კი უხერხულია ხოლმე და გია ყოველთვის მხარში მიდგას, სარეცხის გაფენა იქნება თუ სხვა რამ, ყველაფერში მეხმარება. ელიზბარი საერთოდ, მისი გაზრდილია. როცა კარგი დრო იყო და მუშაობდა (მერე გამოუშვეს), სამსახურიდან მორბოდა ბავშვის გამო.

- ნოდო და ელიზბარი როგორი ბავშვები არიან, რა ინტერესები აქვთ?

- ნოდო ძალიან ჭკვიანი ბიჭია, სამ ენაზე ლაპარაკობს - ქართულად, რუსულად და ინგლისურად. ელიზბარი რაგბიზე დადიოდა და საკმაოდ კარგადაც თამაშობდა, მაგრამ გავაჩერეთ იმის გამო, რომ ხერხემლის ქვედა ნაწილის პრობლემა აღმოაჩნდა და დატვირთვა არ შეიძლება. ტკივილი დაეწყო და 3-4 წლით მაინც, კატეგორიულად აგვიკრძალეს. ელიზბარი როგორი ტიპია, იცით? დილით ხან რიჩარდია, ხან მეფე ლირი, მერე უცებ მორაგბე - კოლელიშვილის "ობრაზში" და ა.შ. ნოდარიკო უფრო ტექნიკაზეა მომართული. მოვა, ჩაგიძმაკაცდება, რა ლამაზი ხარო, კომპლიმენტებს გეტყვის, ვგიჟდები შენზეო და ბოლოს, - ტელეფონს მათხოვებო? ნოდო ცურვაზე დადიოდა. მასწავლებელი რასაც ეტყოდა, ის უკუღმა აკეთებდა, - არა, მე ასე მინდაო, შეშალა მასწავლებელი (იცინის). იგივე მოხდა ბაკურიანში: თხილამურებზე დადგომას რომ ასწავლიდნენ, გვითხრეს, - ოღონდ ეს ბავშვი მომაშორეთ და თქვენი არაფერი მინდაო (იცინის). თუმცა, საოცრად მოწესრიგებულია სკოლაში, ოსტაპ ბენდერი დავარქვით. ელიზბარი ვერაფრით მიხვდა, ვინ იყო ეს ოსტაპ ბენდერი, მერე ფილმი გადიოდა, დაჯდა, ორივე სერიას უყურა და დაასკვნა, - კი, ნოდარიკო ნამდვილად ოსტაპ ბენდერიაო. იცის, სად როგორ მოიქცეს. პლაჟზე სამ ენაზე საუბრობს ხოლმე და რომ მიუშვა, თურქულსაც ისწავლის. ნიჭიერია. ნინუცას აქვს ფენომენალური მეხსიერება და აბსოლუტური სმენა, ტექსტს ერთხელ დახედავს და ზეპირად იცის, ჩემი ძმაც ასეა.

- რუსკას და ნინუცას შემთხვევაში როგორ იყო საქმე?

- რუსკა და ნინუცა თეატრში გაიზარდნენ. მაშინ აქტიურად ვიყავი დატვირთული ორ ადგილას, რეპეტიციები მქონდა, კინოში მიღებდნენ და ესენიც სულ ჩემთან ერთად იყვნენ. რუსოს თავიდანვე მსახიობობა ჰქონდა გადაწყვეტილი, ნინუცას ენების სწავლისკენ აქვს საოცარი მიდრეკილება და ვეხვეწებოდით, აღმოსავლეთმცოდნეობაზე ჩაებარებინა, იაპონური ესწავლა, მაგრამ იუარა, თეატრალურში მინდაო. მათი არჩევანი არასდროს გამიპროტესტებია. ორივე ისეთი მომზადებული მივიდა თეატრალურში, არ ვტრაბახობ, მაგრამ ამას წინათაც მითხრეს, ამ ინსტიტუტში "რუსკა და ნინუცა" ჯერ არ მოსულაო. გაუმართლათ, რომ ისინი მედეა კუჭუხიძესთან მოხვდნენ, რადგან მედეა პედაგოგიკის სულ სხვა განზომილებაა. სტუდენტებს ინტელექტუალებად ზრდის.

რუსო და ნინუცა სახლში სულ რაღაცას დგამდნენ, მაიმუნობდნენ, დასასვენებლად რომ მივდიოდით, იქ ბავშვებს შეყრიდნენ, სპექტაკლებს ადგმევინებდნენ, პოდიუმებზე გამოდიოდნენ... სულ ნინუცა იმარჯვებდა და რუსკა "სკდებოდა", მერე ამის გამო "კლავდა".

- რით ჰგვანან დები ერთმანეთს და რით განსხვავდებიან?

- პატარაობისას, გარეგნობით ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს, ანა-ბანას ეძახდნენ. "წვრილვარსკვლავთა ღამეში" რომ იღებდნენ, ჯერ ერთი გადაიღეს, მერე - მეორე, ერთნაირად ეცვათ და სერია რომ უნდა გასულიყო, მემონტაჟემ აღმოაჩინა, რომ ნინუცა რუსკაზე გადაუბია - მიხვდა იმით, რომ ჯინსის ქურთუკის ნახატი იყო სხვადასხვა. ხასიათით კი აბსოლუტურად განსხვავებულები არიან. რუსკას რომ გავუჯავრდებოდი, უცებ ვერიკოდ გარდაისახებოდა და მისი ხმით დაიწყებდა მოთქმას, - მე უბედურიო. ნინუცა "გაჯორდებოდა" და შეიძლება ხმა არ ამოეღო: ხან მარინეს ვეძახდით და ხან რას, რომ კუთხიდან გამოგვეყვანა.

- თქვენ რით გგვანან შვილები? გარდა იმისა, რომ სამივე მაღლები, გამხდრები და ნიჭიერები ხართ.

- რუსო უფრო ბრძოლისუნარიანია, საბალეტო სკოლაში ისეთი პრესი გაიარა, საოცარი თვისებები გამოუმუშავდა, - "მე მაინც მივაღწევ, მე მაინც გავაკეთებ!" ასეთი არც მე ვარ და არც ნინუცა. რაიმე წინააღმდეგობის შემთხვევაში, მე უკან დავიხევდი, რუსო - არა, ჯიბრზე მიაწვება და მიაღწევს მიზანს. ხასიათი აქვს ასეთი. ვეფხვის წელიწადში დაბადებული მორიელია.

- გოგონების პირად ცხოვრებაში თუ ერეოდით?

- როგორ არა და რჩევებსაც ვაძლევდი, მაგრამ სანამ ცხვირს არ წაიტეხს ადამიანი, მანამდე ვერავინ ვერაფერს სწავლობს...

- ბებიობა რა შეგრძნებაა?

GzaPress- სულ ვიცინი, - ნოდარიკოს შვილად უფრო აღვიქვამ, ვიდრე შვილიშვილად-მეთქი. ნოდო და ელიზბარი ერთად გაიზარდნენ და ბებიობა ალბათ, რუსკას შვილზე უფრო აღვიქვი, რადგან ეს არის "მიმსვლელ-მომსვლელი" ბავშვი. კი გავიძახი, სულ აქ იყოს-მეთქი, მაგრამ ვინ დამანებებს (იცინის).

- როგორი დედაა რუსკა?

- ყბა გვაქვს ჩამოვარდნილი, ამას არ ველოდით, მაგრამ ფაქტია, სასწაული დედაა, ძიძებისა და გადიების გარეშე, აბსოლუტურად მარტო უვლის თავის შვილს. როცა სჭირდება, პატარას ხან ჩვენ ვიტოვებთ, ხან სანდრო, ხან სანდროს მშობლები. ზოგჯერ ძლივს დაათრევს ფეხებს, ისე იღლება და როცა ვეუბნებით, 1-2 დღით ილია დაგვიტოვე და შენ დაისვენეო, ამბობს, - არა, ბავშვთან მინდაო.

რუსო პროექტს რომ დაამთავრებს, მეგობრები ცოტა ხნით ევროპაში მიდიან და პატარა მსუქანას ჩვენთან ტოვებენ. ქუთაისში შესანიშნავი მეგობრები მყავს, რომლებიც სულ მხარში მიდგანან და ისინი მეპატიჟებიან სოფელში, ალბათ მოვკიდებ ხელს სამივე ბავშვს და წავალ დიმში ან ვარციხეში. მართალია, სულ ჩემი კივილი ისმის, მაგრამ მაინც არაჩვეულებრივად ვისვენებთ იქ. მთელი ცხოვრება ასე დავდიოდი აგარაკებზე, თვეობით და საშუალება როცა მქონდა, მეგობრებიც მიმყავდა. მიჩვეული ვიყავი და მომწონდა ბევრნი რომ ვიყავით.

- როგორი ურთიერთობა გაქვთ სიძესთან?

- ოჰ, შესანიშნავი! სანდრო და საერთოდ, მთელი მისი ოჯახი არაჩვეულებრივი ხალხია. უბრალო, შენს ენაზე მოსაუბრე, არისტოკრატები არიან. ბედნიერი ვარ, რომ რუსო ასეთ კარგ ხალხთან მოხვდა. მგონი, აქ ვერ გრძნობდა ისე კარგად თავს, როგორც იმ ოჯახში, ოღონდ მართლა.

- საკუთარი თავისთვის დრო გრჩებათ?

- ვერ ვიტყვი, რომ დრო სულ არ მრჩება. მეგობრები ჩემთან ხშირად მიდი-მოდიან, გიტარა და ტაშ-ფანდურია. ახლა ჩემმა ძველმა მეგობარმა აუზის აბონემენტი მაჩუქა და ძალიან გამიხარდა, ჩემი ხერხემლისთვის მისწრებაა. ასეთი ადამიანები რომ არსებობენ, მიხარია. ლამის ცრემლი წამომივიდა, ისე მესიამოვნა. მიყვარს ადამიანები, ვცდილობ, ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდეს.

- შოპინგზე სიარული გიყვართ?

- ვგიჟდები! არასდროს ფული არ მაქვს, მაგრამ მაინც ვგიჟდები! შევდივარ და ყველაფერს ვირგებ! კარგი მეგობრები მყავს და მაგარ ტანსაცმელს მჩუქნიან, მაგრამ რად გინდა? მაინც ერთი და იმავე ამოჩემებული რაღაცით დავდივარ. სადმე როცა მივდივარ, მაგალითად, სამი დღით, უზარმაზარი ჩემოდანი მიმაქვს, რომელშიც მთელი გარდერობი დევს. ერთხელ, მატარებელში არ მიშვებდნენ, ფაქტობრივად, კარადა მიმქონდა (იცინის). მერე, ამოვიჩემებ ერთ მაისურს და იმით დავდივარ რესტორანშიც, ზღვაზეც, სახლშიც და ყველგან. მთავარია, ყუთში ჩაწყობილი 248 ფეხსაცმელი ხომ მიდევს. მთელი ცხოვრება ასე ვარ.

ასევე, მიყვარს, როცა მაცივარში ბევრი რამ მაქვს, ვინმე რომ შემოვა, ხომ უნდა გავუმასპინძლდე, გემრიელობები ვაკეთო და ვასიამოვნო... არ მესმის ისეთი ადამიანების, არაფერს რომ არ აკეთებენ და დავიღალეო, ამბობენ. 15 წლის რომ ვიყავი, ხერხემალი გავიტეხე და მას შემდეგ, პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც დავქრივარ.

- რას აღნიშნავს თქვენი ახალი ტატუ ხელზე?

- იაპონური სიმბოლიკაა, მათ კულტურაზე ვგიჟდები. აქ წერია - ღირსება, სახელი, ჩემი სახლი, ჩემი კერა, ჩემი ოჯახი, ჩემი სიმდიდრე. ტატუების დიდი მოყვარული არ ვარ და ნინუცას სულ ვეჩხუბები, კედლის გაზეთს ჰგავხარ-მეთქი, ისეთი მოხატულია, მაგრამ ტვინმა რაღაცნაირად მომთხოვა, რომ ეს ტატუ გამეკეთებინა. წლები დამჭირდა, რომ ეს გადამეწყვიტა. სხვათა შორის, მალე 50 წლის ვხდები.

თამთა დადეშელი