10-წლიანი მეგობრობის გემო - გზაპრესი

10-წლიანი მეგობრობის გემო

მომღერალ ნინი შერმადინს მსოფლიო სილამაზისა და სამოდელო კონკურსების დირექტორთან, "მის და მისტერ პლანეტის" დამფუძნებელ ეკატერინე მგალობლიშვილთან დიდხნიანი ურთიერთობა აკავშირებს... საქმიანი და მხიარული მეგობრები ინტერვიუზე სიამოვნებით დაგვთანხმდნენ...

ეკა:

- თითქმის 10 წელია, რაც ვმეგობრობთ. მე და ნინი ერთმანეთს სად გავიცნობდით, თუ არა კონცერტზე? დანახვისთანავე აღვიქვი, რომ ნინი "ჩემია". ჩავთვალე, რომ მე მას უკვე ვიცნობდი. ამიტომ ჩემთვის, ჩვენი პირველი შეხვედრა გაცნობას კი არა, დიდი ხნის უნახავი მეგობრების შეხვედრას უფრო ჰგავდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ადამიანი ჩემს ცხოვრებაში არსებობს, რადგან ნინი მეგობარზე მეტი - ფაქტობრივად, ოჯახის წევრია.

ნინი:

GzaPress- ერთმანეთთან ოჯახებით ვმეგობრობთ. შეუძლებელია, ეკა თავისი პოზიტიური ენერგიით დანახვისთანავე არ დაგამახსოვრდეს. ეს არის გოგო, რომელიც ცუდ ხასიათზე მყოფს, მოწყენილს თუ დაგინახავს, გეტყვის, - "კაი, დეე". გაგეცინება და საერთოდ დაგავიწყდება, რომ რაღაც პრობლემა გაქვს. ერთმანეთს ვგავართ კიდეც და ბევრი რამითაც განვსხვავდებით, მაგრამ როგორც მეგობრები, ერთურთს ვავსებთ. ეკა არის მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი მეგობარი - უღალატო, სანდო, რომელსაც შეგიძლია, თვალდახუჭული დაეყრდნო. ღმერთის მადლიერი ვარ, რომ ადამიანებთან ურთიერთობაში ყოველთვის მწყალობდა - ყოველთვის ღირსეულ და კარგ ადამიანებს მახვედრებდა - ეს ყველაზე დიდი საჩუქარია.

- ერთმანეთის უარყოფითი თვისებების შესახებ რას გვეტყვით?

- უი, ეკა ძალიან არაპუნქტუალურია!

- თქვენ შესახებ წერდნენ, "ჩემი ცოლის დაქალების" პერსონაჟის - ჩიკას პროტოტიპიაო...

ეკა: - ჰო, მაშინ ამის შესახებ რომ მკითხეს, გამეცინა და ვუთხარი: ჩემი ქმარი ბიზნესმენი არ არის, პოლიტიკოსია-მეთქი (მაშინ სამგორის რაიონის გამგებელი გახლდათ). მნიშვნელობა არ აქვს, თანამდებობის პირია თუ არა - "ჯარისკაცია", რომელიც ყოველთვის მზადაა, ქვეყანას ემსახუროს. ჩიკასგან იმით განვსხვავდები, რომ ჟურნალისტები ძალიან მიყვარს, არაპუნქტუალურობით კი ამ პერსონაჟს ნამდვილად ვგავარ: როცა ადამიანს ვეტყვი, - დილით მოდი-მეთქი, ჩემი "დილა" დღის 2 საათია. სამაგიეროდ, ღამით ვმუშაობ...

- ეკას არაპუნქტუალურობა დისკომფორტს არ გიქმნით?

ნინი: - არა, რადგან როცა მეუბნება, - 2 საათზე მზად იყავიო, მე მზად 4-ზე ვარ. ამიტომ ეს საკითხი აღარ მაწუხებს.

- ნინის რა უარყოფითი თვისება აქვს?

ეკა: - არ ვიცი, ეს უარყოფით თვისებად უნდა მივიჩნიოთ თუ არა, მაგრამ მასთან პირადი პრეტენზია მქონდა, რომ ზედმეტად თავმდაბალი იყო. უფალმა მომიტევოს, თუ არასწორად ვსაუბრობ. ამერიკაში ცხოვრების შემდეგ, ნინი "180 გრადუსით" შეცვლილია. ერთხელ ერთმა შავმა ბერმა მითხრა: - შვილო, სიკეთე სიბრიყვეში არ უნდა გადაგეზარდოსო. ნინი გულს ამოიღებდა სხვის გამო... ბედნიერი ვარ, რომ ახლა მას ეს თვისება აღარ აქვს.

- ნინი, ცოტათი ქედმაღალი გახდით თუ საკუთარი თავის ფასი ისწავლეთ?

- ქედმაღლობის, ამპარტავნების შეგრძნება არასოდეს გამჩენია. საერთოდ, ადამიანები არ ვიცვლებით - როგორებიც ვართ, ისეთები ვრჩებით, ჩვენი შინაგანი სამყარო არ იცვლება. უბრალოდ, რაღაცების შენიღბვას ვსწავლობთ. ბევრმა გულისტკენამ, გინდა თუ არა, უნდა გასწავლოს, რა და როგორ გააკეთო, სად და როგორ მოიქცე, თავი როგორ გეჭიროს... ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგივე ნინი არ ვარ, ვინც აქამდე ვიყავი. უბრალოდ, საკუთარ წარმატებაზე ლაპარაკის ყოველთვის მერიდებოდა. შემეძლო, გვერდით გავწეულიყავი და წინ სხვა გამეტარებინა. ერთმა ძალიან ჭკვიანმა ადამიანმა მითხრა, - ღვთისგან მოცემული შანსი არ გამოიყენე - რაც შენია, ის სხვას არასდროს უნდა დაუთმო. ამერიკაში ვისწავლე, რომ სირცხვილი არ არის საკუთარ თავზე ლაპარაკი. როცა რამეს მეკითხებოდნენ, ძალიან მოკლედ ვპასუხობდი. შემდეგ ჩემმა ერთ-ერთმა მენეჯერმა მითხრა, - შენ საკუთარი თავი უნდა წარადგინო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე ზედმეტი მითხრა. უბრალოდ, შენი თავი გამაცანი. საკუთარ თავს როგორც გამაცნობ, შენზე ისეთი წარმოდგენა მექნება. თუ მორცხვი ხარ და თავდაუჯერებელი, თუ საკუთარ თავს არ ენდობი, რაღაცაში ეჭვი გეპარება, მე როგორ დამარწმუნებ რამეშიო?! უბრალოდ, ეს რჩევა გამოვიყენე და საკუთარ თავზე საუბრის აღარ მრცხვენია - იმის შესახებ, რაც სიმართლეა, რაც მართლა გამიკეთებია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავმდაბალი აღარ ვარ. ყოველთვის მერიდებოდა მეთქვა, რომ პროფესიონალი მომღერალი ვარ. ახლა შემიძლია, ამაზე თამამად, ხმამაღლა ვილაპარაკო. საკუთარი თავის, ქვეყნის ღირსეულად წარდგენა შემიძლია.

- მეგობრებს არასოდეს გიჩხუბიათ, ერთმანეთს არ გაბუტვიხართ?

ეკა: - ერთმანეთის უთქმელად გვესმის. რაც საქართველოში დაბრუნდა, შერმადინით ვიღვიძებ და ვიძინებ. ამერიკაში რომ წავა, რამ მეშველება?!. ეგოისტი ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ნინი უნდა წავიდეს, რადგან დარწმუნებული ვარ, იქ კიდევ უფრო კარგად იქნება. სექტემბრის ბოლოს, როცა "მის და მისტერ პლანეტას" ჩავატარებთ, მერე წავა - ეს გულს მტკენს, მაგრამ უფლის წყალობით, ერთმანეთს ხშირად ვნახავთ.

- ამერიკაში შვილის წაყვანაც გადაწყვიტეთ?

ნინი: - კი, დეკემბერში მიმყავს. მანამდე მარიამს ამერიკაში შესაფერისი სკოლა უნდა მოვუძებნო, საბუთები გავუმზადო...

- მეგობრები ზაფხულს როგორ ატარებთ?

ეკა: - ზაფხული ისედაც ცხელია, მაგრამ წინ ძალიან "ცხელი" სექტემბერი გველოდება: უკვე მეხუთე წელია, საქართველოში კონკურსი - "მის და მისტერ პლანეტა" იმართება, სადაც საერთაშორისო ჟიურის თანხლებით, 30-35 ქვეყნის ფინალისტები საქართველოში ჩამოდიან. 25-დან 30 სექტემბრის ჩათვლით, საერთაშორისო კონკურსი გაიმართება. მანამდე, მსოფლიო სილამაზისა და სამოდელო კონკურსისთვის შესარჩევი კასტინგი გვაქვს. 21 ივლისს, ბათუმში "მის და მისტერ პლანეტა - საქართველო" გამოვლინდებიან, რომლებიც სექტემბერში 35-მდე ქვეყნის წარმომადგენელს კონკურენციას საქართველოს სახელით გაუწევენ. ფაქტობრივად, ნინი სამოდელო სააგენტო "კატრინის" წევრია და ყოველთვის მხარში გვიდგას.

- როგორც ვიცი, თქვენი უმცროსი გოგონა სამოდელო სფეროში აქტიურადაა ჩართული, ახლახან კი ნინის გოგონაც "პატარა მის პლანეტაზე" საქართველოს სახელით წარდგა და გაიმარჯვა კიდეც. ნინი, როგორი რეაქცია გქონდათ, როცა შვილის წარმატების შესახებ შეიტყვეთ?

ეკა: GzaPress- ამაზე მე გიპასუხებთ: ნინიმ თქვა, - ახლა მივხვდი, დედაჩემი როგორ ნერვიულობდა, როცა კონკურსებში ვმონაწილეობდიო (იცინის). მარიამ ციცაგმა (ნინის შვილმა) 50 ქვეყნის წარმომადგენელს შორის გაიმარჯვა და "პატარა მის პლანეტა" გახდა. ჩემს გოგონას - ანასტასია ბაკურაძეს რაც შეეხება, 2014 წლის "პატარა მის მსოფლიო" გახლავთ, ახლა კი 90 ქვეყანას შორის, მსოფლიო კონკურსზე საქართველოს სახელით წარდგება. მე, როგორც დედამ, ჟიურის წევრობაზე უარი ვთქვი. საქართველოში ჩემი და ნინი შერმადინის შვილები ძალიან იჩაგრებიან, რადგან ისინი ვერანაირ კონკურსზე ვერ გამყავს: სადაც ჟიურის წევრები მე და ჩემი მეგობრები ვართ, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რომ კონკურსში ჩვენი შვილები მონაწილეობდნენ. თუმცა, ჩვენმა გოგონებმა თავი მაინც ისახელეს - ყველგან ვერ დავჩაგრავთ (იცინის). წელს თავად "პატარა მის და მისტერ მსოფლიოს" პრეზიდენტმა ტასუნა ოფიციალურად მიიწვია, რომ ტაილანდში საქართველოს სახელით ჩავიდეს... ნინის გოგონა უკვე პროფესიონალი პატარა მოდელია. ინდოეთისა და ბრაზილიის წარმომადგენლები გვერდით მესხდნენ, როცა მარიამ ციცაგი მღეროდა. ამბობდნენ, - ეს გოგონა ისე მღერის, რომ დაგვბურძგლაო. ნინი შერმადინის შვილი რომ კარგად მღერის, ამაში საკვირველი არაფერია (იცინის).

- ნინი, სამოდელო სფეროთი შვილის გატაცებას როგორ შეხვდით?

- მარიამი 10 წლის ხდება. ამ ასაკში მეც ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა. მარიამი არტისტული ბავშვია: მღერის, ხატავს, ცეკვავს, მოდელობს, გარდასახვის დიდი უნარი აქვს... არ შემიძლია, ხელი არ შევუწყო. რა შეცდომებიც თავად დავუშვი, იმის დაშვების უფლებას შვილს არ მივცემ. ჩემი სახით მას კარგი დამრიგებელი და მრჩეველი ეყოლება.

- თქვენი შვილებიც მეგობრობენ?

ეკა: - კი. ანასტასია ახლა შინ არის და მარიამს ელოდება. ტასუნა მარიზე 2 წლით უმცროსია. თითქმის სულ ერთად არიან, ერთად გაიზარდნენ. ბოლო 2 წელია, განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობა აქვთ. ტასო ისეთი ბავშვია, რომ ყველაფერი უნდა: მაგალითად, ერთხელ "იმედის" პირდაპირ ეთერში შემოგვივარდა - მე მსოფლიო ჩვენებებს ვხსნი და თქვენ "იმედის დილას" არ მახსნევინებთო (იცინის)?!. არადა, შეგნებულად არ მინდოდა, ჩვენება ჩემს შვილს გაეხსნა.

- რას ფიქრობთ, ეკა როგორი დედაა?

ნინი: - ძალიან მაგარი დედაა: მზრუნველი, დამთმობი. შვილებს მხარში უდგას და მათთვის ყველაფერს აკეთებს. მისთვის სიმკაცრე არ შემინიშნავს, თუმცა, მომთხოვნი არის. ეკა მხოლოდ შვილებს კი არ უდგას მხარში, ზოგადად, მზრუნველი ტიპია - ცდილობს, ყველას დაეხმაროს.

- თქვენ რას გვეტყვით ნინიზე, როგორც დედაზე?

ეკა: - ვიცი, რომ ადამიანები ამერიკაში მიდიან, უკან დაბრუნებას კი ვეღარ ახერხებენ. ნინი საქართველოსა და ამერიკას შორის "გაბმულია". რა მიზეზიც უნდა თქვას - თბილისში ამიტომ ჩამოვედიო, ის საქართველოში შვილის გამო ჩამოდის. შვილის ამერიკაში წაყვანა იოლი არ არის. ნინის ყოველი ამოსუნთქვა მარის ეკუთვნის. თუნდაც, როცა სადმე მივდივართ, ნინი ამბობს, - მარი და ტასოც წავიყვანოთო. ვგრძნობ, შვილი ისეთი მონატრებული ჰყავს, რომ უნდა, 24 საათი გულში ჩახუტებული ჰყავდეს. მარიამი ნამდვილად ბედნიერია, რომ ასეთი კარგი დედიკო ჰყავს.

ნინი: - მინდა, ჩემმა შვილმა უყუროს, რა გრაფიკი მაქვს, როგორ ვმუშაობ, თითოეული წარმატების მისაღწევად რა ძალისხმევა მჭირდება. თუ სურს, ამ ყველაფრის მონაწილე იყოს, არ ვეტყვი, - წადი, დაიძინე-მეთქი.

ეკა: - ჩვენი თითოეული წარმატებული ნაბიჯი დიდი შრომის ფასად არის მიღწეული, თუმცა, ძალიან ბევრი საშუალება იყო, "პოდნოსზე მორთმეული" აგვეღო...

ეთო ყორღანაშვილი