"საყვარელი ადამიანისთვის თავგანწირვა შემიძლია" - გზაპრესი

"საყვარელი ადამიანისთვის თავგანწირვა შემიძლია"

პერსონაჟი მისი კოლეგაა, რამაც თამაში და როლზე მუშაობის პროცესი მეტად სასიამოვნო და საინტერესო გახადა.

პრეამბულის მაგიერ

- სერიალში გოგის როლს ვასრულებ, ირაკლი ჩხეიძის მეგობარი გოგის შვილიშვილი ვარ. ბაბუის სახელი მქვია და მეც ექიმი ვარ. ირაკლისთან კლინიკაში მორგში ვმუშაობ. ჯერ არავინ იცის, ჩემი გმირის ცხოვრება როგორ განვითარდება. გოგი საინტერესო ადამიანია, მხიარულია, თავისი სამყარო აქვს, დადის და ღიღინებს.

- ამ გმირმა მეტად პოპულარული გაგხადა?

- რა თქმა უნდა, სერიალს ბევრი მაყურებელი ჰყავს.

- ექიმის პროფესიას ეუფლები და მსახიობი როგორ გახდი?

- სტუდენტობის წლებში "კავეენში" ვთამაშობდი. ეს სფერო ძალიან მაინტერესებდა, კასტინგებზეც დავდიოდი.

- პროფესიით მუშაობას არ აპირებ?

- ჯერ ლიცენზირებული ექიმი არ ვარ. რეზიდენტურას 1 წელში დავამთავრებ, რის შემდეგაც ლიცენზიას ავიღებ. ექიმი-რადიოლოგი ვარ.

- სწავლას და გადასაღებ მოედანზე ყოფნას ერთმანეთთან როგორ ათავსებ?

- ჯერ ვახერხებ და მერე ვნახოთ რა იქნება.

- წიგნების კითხვა გიყვარს?

- აქტიური მკითხველი არ ვარ. ბავშვობის წლებში გაცილებით მეტს ვკითხულობდი, ვიდრე - დღეს.

- წიგნი მოგიპარავს?

- არასდროს მომიპარავს, თუ არ ჩავთვლით სკოლაში გართობის მიზნით კლასელებს რომ ვპარავდი ხოლმე.

- გამორჩეულად საყვარელი ავტორები თუ გყავს?

- ნოდარ დუმბაძე, ჭაბუა ამირეჯიბი.

- რომელ ლიტერატურულ გმირთან იმეგობრებდი?

- რა საინტერესოა, ამაზე ერთხელაც არ დავფიქრებულვარ (პაუზის შემდეგ). გრაფ მონტე კრისტოსთან ვიმეგობრებდი.

- ეს პერსონაჟი რით გხიბლავს?

- მიზანდასახულობით, არ ნებდება, ფარ-ხმალს არ ყრის ბოლომდე იბრძვის.

- პიროვნული თვისებებით ჰგავხარ?

- (იცინის) არაა, ერთადერთი რითაც ვგავარ ის არის, რომ საყვარელი ადამიანისთვის თავგანწირვა მეც შემიძლია. სხვა მსგავსებას ვერ ვხედავ. უბრალოდ სურვილი მაქვს, ვგავდე.

- სკოლაში კარგად რომელ საგნებს სწავლობდი?

- ისტორიას და ქიმიას.

- გამოდის, რომ ექიმობაზე ბავშვობიდანვე ფიქრობდი.

- ამ პროფესიაზე ფიქრი მე-9 კლასიდან დავიწყე.

- პროფესიულ არჩევანზე გავლენა რამ იქონია?

- ოჯახმა, ჩემი მშობლები ექიმები არიან. მაგრამ ორივე წინააღმდეგი იყო, რომ ეს პროფესია ამერჩია. მე მოვინდომე ძალიან და...

- როცა სამედიცინო საქმიანობას, როგორც ლიზენზირებული ექიმი დაიწყებ, მსახიობობას თავს დაანებებ?

- ეს ის კითხვაა, რომელიც საკუთარ თავს რამდენჯერაც დავუსვი, იმდენჯერვე გავექეცი. მსახიობობა არ მეთმობა. მერე არ ვიცი, რა მოხდება.

- ლეგენდარული იბნ სენა ამბობდა: "ექიმს პირველ რიგში სჭირდება ... მეორე რიგში - ბალახი, მესამე რიგში - რკინა". დაასახელე გამოტოვებული სიტყვა.

- განათლება.

- კარგად რომ დაფიქრდე, იქნებ გამოიცნო. მიგანიშნებ, ადმიანების უმრავლესობას ექიმთან მისვლის ეშინია, მაშინაც კი როცა ჯანმრთელია. რა არის საჭირო, სანამ ექიმი მკურნალობის კურსს დანიშნავს?

- პირველ ეტაპზე პაციენტს დაძაბულობა უნდა მოუხსნას, კონფიდენციალურობა დაიცვას, ნდობა მოიპოვოს, თბილად დაელაპარაკოს.

- ანუ გამოტოვებულია...

- ტკბილი ენა, სიტყვა.

- დიახ. "სიტყვაა" სწორი პასუხი. ეს ორგანო ადამიანის წონის დაახლოებით 3%-ს შეადგენს. მოიხმარს მთელი ორგანიზმის ჟანგბადის 20%-ს და კალორიების 20%-ს. რაზეა ლაპარაკი?

- შესაძლოა ტვინი იყოს.

- დიახ. რომელი ცნობილი ქართველი პოეტი ამბობდა, "ანგელოზი მკარნახობს, თორემ ლექსების წერისთვის სად მცალიაო"?

- გალაკტიონი.

- "ლამის სახლში შემოიჭრას თუთა,/ ლამის თავზე გადამისვას ხელი/…დამიძახებს, თვალს ჩამიკრავს მუდამ,/ ხე მაღალი, ხე ზურმუხტისფერი.../ რა ჩურჩული ესმით ჩემთა ყურთა!/ რა ჩურჩული!.. დამდაგველი, მწველი.../ ლამის სახლში შემოვიდეს თუთა/ ლამის წელზე შემომხვიოს ხელი". ვინ არის ამ ლექსის ავტორი?

- ანა კალანდაძე.

- რა ჰქვია იაპონიის ეროვნულ დროშას?

- არ ვიცი.

- პინომარუ ("მზის წრე"). ადამიანის რომელ ორგანოს აქვს 24 კუნთი? მას სწრაფად მოძრაობა შეუძლია.

- ვერ გიპასუხებ.

- ენას. "ეს არის ფითილი, რომლის ერთ მხარეს ცეცხლია, მეორე მხარეს - სულელი". რის შესახებ ამბობდა ამ სიტყვებს ბერნანდ შოუ?

- თამბაქო, სიგარეტის მოწევა.

- წარსულში ქმრის მოღალატე ცოლებს შუბლს უდაღავდნენ, რათა მისი უღირსი საქციელის შესახებ ყველას სცოდნოდა. სწორედ მაშინ გაჩნდა და დღემდე არსებობს ვარცხნილობის ფორმა, რომელსაც ჩვენ ვეძახით.

- ჩოლკას, არა?

- რა თქმა უნდა. 1911 წელს ლეონარდო და ვინჩის ჯოკონდა მოიპარეს. ერთ-ერთ ეჭვმიტანილად ცნობილი ესპანელი მხატვარი იყო მიჩნეული. დაასახელე იგი.

- ვერ გეტყვი.

- პიკასო. რომელ თევზს აქვს ორივე თვალი ცალ მხარეს?

- ვერ ვიხსენებ.

- კამბალას. - რომელ თვეს უწოდენებ გიორგობისთვეს?

- ნოემბერს.

- 7 საოცრებიდან ერთ-ერთი - არტემიდეს ტაძარი ამ ადამიანმა დაწვა, მისი მიზანი იყო, სახელი გაეთქვა მთელ ქვეყანაზე, მაგრამ კანონის ძალით, ვინც მის სახელს ახსენებდა, სიკვდილით სჯიდნენ. მიუხედავად ამისა, ისტორიამ მისი სახელი მაინც შემოგვინახა. დაასახელე იგი.

- ჰეროსტრატე.

- რა ფერის პერანგები ეცვათ ჯუზეპე გარიბალდის მიმდევრებს?

- ვერ ვიხსენებ.

- წითელი. რომელ ბიბლიურ პირს გადასცა ღმერთმა 10 მცნება?

- მოსეს.

- ეს ხე აღმოსავლეთ აზიის ბინადარია, დღე-ღამეში 60-70 სანტიმეტრით იზრდება. 100 წლამდე ცოცხლობს და სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ ყვავის.

- ასე სწრაფად ბამბუკი იზრდება.

- არსებობს მხედველობის ნაკლი, რომლის დროსაც ადამიანი ფერებს კარგად ვერ არჩევს. დაასახელე ინგლისელი მეცნიერი, რომელსაც მხედველობის ეს ნაკლი ჰქონდა და რომელმაც პირველმა აღწერა იგი. შემდგომში მხედველობის ამ ნაკლს მისი სახელი დაერქვა.

- დალტონიზმზე ამბობ, არა? ეს დაავადება დალტონმა აღწერა.

- რა ერქვა ავაზაკს, რომელიც იესო ქრისტეს დასჯის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

- ბარაბა.

- როდის აღნიშნავენ ამერიკაში დამოუკიდებლობის დღეს?

- 4 ივლისს.

- რომელი სახელმწიფოა მეორე ადგილზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით?

- ინდოეთი.

- რას ნიშნავს სიტყვა "ზახრუმა"?

- არ ვიცი.

- სპარსული სიტყვაა და არგადარჩენას ნიშნავს. - საქართველოს რომელ კუთხეს უწოდებდნენ თაკვერს?

- არ ვიცი.

- რაჭა-ლეჩხუმს. რომელმა ისტორიკოსმა აღწერა ვახტანგ გორგასლის ცხოვრება?

- ჯუანშერმა.

- ტოკიოს ზოოპარკს წელიწადში ერთხელ 2 თვით კეტავენ. რატომ?

- ცხოველებს მშობიარობის პერიოდი ხომ არ აქვთ?

- მათ დამთვალიერებლებისგან ასვენებენ. რა ჰქვია ცხოველების შიშს?

- ზოოფობია.

- თავად რისი ფობია გაქვს?

- მაწანწალა ძაღლების მეშინია. ზოოფობიის ნაწილია, ზუსტად არ ვიცი, რა ჰქვია.

- დაბოლოს, დაასრულე ბერნეს ცნობილი გამონათქვამი: "მძულვარების დამალვა და არ გამოჩენა ადვილია, სიყვარულის ძნელია, ხოლო, გულგრილობის თითქმის...

- "...თითქმის შეუძლებელი".

თამუნა კვინიკაძე