"არ მომწონს ზედმეტად გადაპრანჭული, მაკიაჟიანი და დიდმკერდიანი გოგონები" - გზაპრესი

"არ მომწონს ზედმეტად გადაპრანჭული, მაკიაჟიანი და დიდმკერდიანი გოგონები"

"X ფაქტორის" ფინალში გორის გოგონათა კაპელა და სამი ბათუმელი მონაწილე მოხვდა. გიორგი ფუტკარაძე ერთადერთია, ვინც ორ "ლაივ"-კონცერტზე ესემეს-ლიდერი იყო. გიორგის, როგორც თვითონ მითხრა, ადვილად შეუძლია ადამიანებთან კონტაქტში შესვლა და მეგობრების ნაკლებობას არ უჩივის, მაგრამ მაინც, ყოველთვის მარტოსულად გრძნობს თავს. ფიქრობს, რომ მისი გაგება რთულია. წერს მუსიკას სიყვარულსა და ბედნიერებაზე, თუმცა ზარმაცია და წუხს, რომ დროს სათანადოდ ვერ იყენებს. მას საინტერესო გეგმები აქვს.

- კარგი მოსწავლე ვიყავი, მაგრამ ამის მიუხედავად, სწავლის გაგრძელება არსად მინდოდა, რადგან სიმღერაა ჩემთვის ყველაფერი. ვაბარებდი საზღვაო აკადემიაში, რადგან დედას უნდოდა ასე. პირველ წელს სპეციალურად ჩავიჭერი ქართულში, მეორე წელს ისევ ქართულში ხომ არ ჩავიჭრებოდი და მათემატიკაში ჩავიჭერი (იცინის). ამ წელს კიდევ, "X ფაქტორი" დაიწყო და გამოცდებისთვის არ მეცალა. მახსოვს ბაღში ჩემი გამოსვლები ზეიმზე, დამაყენებდნენ და მამღერებდნენ ხოლმე. 8 წელი ქართულ ხალხურ ცეკვაზეც დავდიოდი და ამანაც განმივითარა სმენა. საბოლოოდ, ცეკვასაც თავი დავანებე. მუსიკალურ სკოლაში ვსწავლობდი, მაგრამ იქ წელიწადში ერთხელ მივდიოდი. გიტარაზე დაკვრა მეგობარმა, ქეთი ფუტკარაძემ მასწავლა. პროფესიულ დონეზე არა, მაგრამ ვუკრავ ფორტეპიანოზეც, ტამტამებზეც, ბასგიტარაზე, დოლზე, ელექტროგიტარაზე. დამოუკიდებლად ვისწავლე ამ საკრავებზე დაკვრა. ახლა გიტარის გარეშე არსად დავდივარ, ეს მუსიკალური ინსტრუმენტი ჩემი სულის ნახევარია.

- მეგობრების წრეში სიმღერა და მოლხენა გიყვარს?

- დიდი მომლხენი და მოქეიფე ტიპი არ ვარ... მე ისეთ სიმღერებს ვასრულებ და თანაც ისე, რომ უფრო უნდა იტირო. ქართულ სიმღერებს იშვიათად ვმღერი, უფრო - ირაკლი ჩარკვიანისას, რაც ჩემს სტილშია.

- ბებიაშენი ამბობდა, რომ ყოველთვის ლიდერი იყავი და შენს ჭკუაზე დაგყავდა სხვა ბავშვები. ასე იყო?

GzaPress- მართლა ასე იყო, სულ რაღაც საღამოებს ვატარებდი, ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი. იმდენად აქტიური გახლდით, რომ სკოლის დირექტორი მარტო ჩემს სახელს გაჰკიოდა: "ფუტკარაძე, შენ დაამტვრიე"? "ფუტკარაძე, შენი ნაფეხურია, ხომ, ჭერში?" მოკლედ, კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ცელქი ვიყავი, სისხლს ვუშრობდი მასწავლებლებს...

- კონკურსში მონაწილეობა რატომ გადაწყვიტე?

- მანამდე კონცერტები მქონია, მაგრამ კონკურსში მონაწილეობა აქამდე არ მიცდია. კონკურსის მომღერლად არ მიმაჩნია თავი - ჩარჩოებში ზიხარ, რაც არ მომწონს. ნამდვილი მუსიკა კონკურენციას ვერ იტანს. მე შეიძლება, არ ვიცოდე ნოტები, შეიძლება, არ მქონდეს 100%-იანი სმენა, რაც სხვა ვოკალისტებს აქვთ, მაგრამ იმით განვსხვავდები, რომ ჩემი ემოცია ნამდვილია. მუსიკა ჩემთვის ემოციების გამოხატვის შესაძლებლობაა; ხელოვანი უფრო ვარ, ვიდრე ვოკალისტი. "X ფაქტორამდე" თუ ცოტა მსმენელი მყავდა, ამ პროექტმა პოპულარული გამხადა. ასე რომ, ის მოლოდინი, რაც მქონდა, გამართლდა.

- ხელოვანი უფრო ვარო, - მეუბნები და გამახსენდა დათო ევგენიძის შეფასება: გიორგი სადღაც არის სიმღერის დროს და სულ მაინტერესებს, ეს სადღაც სად არისო...

- ასეა, როგორც კი სცენაზე ვდგები, თვალებს ვხუჭავ, რათა ემოციურად "შევიდე" მუსიკაში. თუ "დაგრუზული" ვარ, მაშინ ზედმეტად კარგად ვმღერი. ყველა მუსიკას თავისი ემოცია აქვს. მე რომ ვწერ, ჩემს ემოციას ვდებ მასში, მაგრამ როცა სხვა მღერის, ის ვეღარ იმღერებს ჩემი ემოციით, ვერ მომბაძავს. როცა მუსიკოსი მუსიკოსს ჰბაძავს, იქ ინდივიდუალიზმი იკარგება და საინტერესო აღარ არის მსმენელისთვის. შეიძლება, არაჩვეულებრივი მონაცემების მქონე ვოკალისტი იყო და ზუსტად აიღო ყველა ნოტი, მაგრამ ემოცია ვერ გადმოსცე.

- თუ ჟიურის შეფასებებს გავითვალისწინებთ, ნახევარფინალი წარუმატებელი იყო შენთვის. თვითონ როგორ შეაფასებ შენს გამოსვლას?

- მე არ ვთვლი, რომ წარუმატებელი იყო ჩემი გამოსვლა. შეიძლება, მეტს ელოდნენ ჩემგან, მაგრამ მე მაგრად "ვიკაიფე" ქართული სიმღერით და ამ "ლაივზე" ზუსტად ის გავაკეთე, რაც მინდოდა. ინგლისური სიმღერით ნამდვილად უკმაყოფილო ვარ. საერთოდ, ყველას თავისი აზრი აქვს და როცა კონკურსში ხარ, ჟიურის მოსაზრებას პატივი უნდა სცე.

- ანუ კრიტიკაზე მშვიდად რეაგირებ?

- მთავარია, კრიტიკა იყოს სუფთა, ყოველგვარი ქვენა გრძნობების გარეშე.

- რომელი მენტორის შეფასება დაგამახსოვრდა განსაკუთრებულად?

- სიმართლე გითხრა, იმ წუთებში არც კი მესმის, რას ამბობენ ჩემზე, რადგან იმ დროს მუსიკალურ კაიფში ვარ და 5-10 წუთი მაინც მჭირდება გამოსასვლელად. როდესაც დიდ ემოციას გასცემ, ბოლომდე იცლები, მაგრამ როდესაც ტაშს გიკრავენ, ეს ემოცია უკანვე გიბრუნდება. მახსოვს, დათო ევგენიძე რომ წამოდგა და მითხრა, - მოდი, მე და შენ ერთად ვიმღეროთო...

- ამ პროექტმა ალბათ, თაყვანისმცემლები შეგძინა - გოგონებს ვგულისხმობ...

- ასეთ კონკურსებში მონაწილეობით, რა თქმა უნდა, თაყვანისმცემლები გემატება, მაგრამ მთავარია, ასეთ დროს საკუთარი თავი არ შეგიყვარდეს და ხიბლში არ ჩავარდე. დღემდე ჩემს თავს მახინჯს ვეძახი და არც ამის შემდეგ გამაყოყოჩებს რამე (იცინის). 1000 წერილიც რომ მივიღო, ყველას ვპასუხობ.

- შეყვარებული გყავს?

- მაგარია... სიყვარული ისეთი რაღაცაა ჩემთვის (ფიქრობს), როგორ გითხრათ...

- ოღონდაც არ მითხრა, ვერტიკალური და ბრუნვადიაო...

- (იცინის) აი, ზუსტად, მასეა... თუ ოდესმე ვინმე შემიყვარდება, ერთი შემიყვარდება და სამუდამოდ! აქამდე მხოლოდ მომწონებია, არ მყვარებია. "სიყვარული" ისეთი სიტყვაა, რომელიც იშვიათად უნდა თქვა, რათა ემოცია და ფერი არ დაკარგოს. სიყვარულს რა დამტკიცება უნდა? ის ძალაა, რომელიც გავსებს. ერთხელ მოდის სიცოცხლეში და ან გტანჯავს, ან გაბედნიერებს.

- მაშინ ის მითხარი, როგორი გოგონები მოგწონს?

- არ მომწონს ზედმეტად გადაპრანჭული, მაკიაჟიანი და დიდმკერდიანი გოგოები. ერთი შეხედვით, უბრალო და ჩვეულებრივები მომწონს, განათლებულები და ჭკვიანები. გარეგნულად უნდა მომეწონოს, მაგრამ რომ დაელაპარაკები და საერთოს ვერაფერს აღმოაჩენ, ეს უკვე დაბრკოლებაა.

- ყველაზე მეტად, ვინ ნერვიულობს შენს გამოსვლებზე (ინტერვიუ ჩაწერილია 6 ივლისს)?

- დედაჩემსა და ბებიაჩემზე მეტად, მგონი, არავინ. მათთვის უმნიშვნელოვანესი ვარ, მე კი იმდენად ჩაკეტილი ადამიანი გახლავართ, რომ ვინც ყველაზე მეტად მიყვარს, მათაც კი ვერ ვაგრძნობინებ სითბოს; გრძნობების გამოხატვა არ შემიძლია. დედაჩემმა იმდენი რამ გააკეთა ჩემთვის და ჩემი ძმისთვის, რომ ვერაფრით ავუნაზღაურებ დახარჯულ ენერგიასა და სიყვარულს. ქართვლის დედას ჰგავს, ყოველთვის ხმლით ხელში დგას შვილების დასაცავად. დედაა მიზეზი იმისა, რომ ვმღერი და ამ პროექტში ვარ. განსაკუთრებულად მიყვარს დედაჩემის დედა, ჩემი გამზრდელი ბებია - როდესაც დედა მუშაობდა, ბებიასთან ვიყავი და ამიტომ, დედისგან ვერ განვასხვავებ. ჩემს ძმაზე აღარაფერს ვამბობ, ის ჩემი კერპია.

- სამომავლო გეგმები როგორია, რას აპირებ პროექტის შემდეგ?

- გამარჯვების შემთხვევაში ალბათ, შოკში ვიქნები, მაგრამ ჩემთვის უკვე გამარჯვებაა, როცა ხალხი გცნობს და აფასებს შენს ნამღერს, როცა სრულიად უცნობები მოდიან, გეხუტებიან და წარმატებას გისურვებენ. გული არაფერზე მწყდება, რადგან მე ჩემი გეგმები მაქვს და მათ განხორციელებაში ხელს ვერაფერი შემიშლის. ჩემი ძმა, ნიკოლოზ ფუტკარაძე წარმატებული და ნიჭიერი პოეტია, უკვე 5 წიგნის ავტორი გახლავთ. სხვათა შორის, მისი ერთი წიგნი 5 ენაზეა ნათარგმნი. მისი ლექსები ძალიან უხდება ჩემს მუსიკას. როკპოეზიაა ჩვენი ჟანრი... დაგეგმილი მაქვს, ბუნებაში სხვადასხვა ბენდთან ერთად კონცერტები, რაც ვფიქრობ, საინტერესო იქნება...

ნინო ჯავახიშვილი