ნინო ადამაშვილი: "არ მჭირდება რქიანი ქმარი"
ნინო ადამაშვილი წარმოშობით კასპიდანაა, მაგრამ თბილისში დაიბადა და გაიზარდა. პროფესიით მსახიობია. მონაწილეობდა შალვა რამიშვილის შოუში, სკეტჩებში ხან ტელეწამყვანი ნარიკო იყო, ხან ხაჭაპურის დამტარებელი მეგრელი ხათუნა, ხან მეძავის როლში გვევლინებოდა, ხანაც სოფლის გამგებლის, ილო ბეროშვილის ცოლის როლში. ახლა "POშთV"-ზე მიჰყავს გადაცემა "მეგობრობის დღიურები". ჰყავს მეუღლე და ქალ-ვაჟი. ნინო საკმაოდ გულახდილი რესპონდენტი აღმოჩნდა.
- ნინო, სწავლა გიყვარდა?
- გულწრფელი რესპონდენტი ვარ და მიყვარს ჯიგრულად საუბარი. დედაჩემი ფილოლოგია, პედაგოგი და ხომ იცი, დედა რომ არ უნდა შეარცხვინო და იძულებული ხარ, ისწავლო - აი, ეგ მომენტი იყო. ისე, უფრო ჰუმანიტარული საგნები მიყვარდა.
- პირველად წარმატება და პოპულარობა რამ მოგიტანა?
- ალბათ, ტელეკომპანია "202"-დან დაიწყო ჩემი პოპულარობა. ამ პერიოდშივე იყო ჯგუფი "ვია-გრა სუპერლაითი", რასაც საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, გარკვეულ ნაწილში აგრესიაც გამოიწვია. ეს იყო სატირულ-იუმორისტული ვიდეოარტი. არასდროს არანაირი ამბიცია არ მქონია, რომ პროფესიონალი მომღერალი ვარ. სხვათა შორის, ამ კლიპში თამაშობდა გოლა, ონისე ტყაბლაძე (წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატია ახლა).
- ერთგული ხარ?
- თანაც, ძალიან ერთგული. ყოველთვის მეგობრების, საყვარელი ადამიანისა და ჩემი გუნდის ერთგული ვარ. როდესაც შალვა დაიჭირეს, ერთი წუთითაც არ მიფიქრია სხვა ტელევიზიაში გადაბარგება და გზების ძიება. იმ პერიოდში ჩამოვშორდი საქმეს, გავთხოვდი და შვილები გავაჩინე.
- ზედმეტად არაკლასიკური ტიპის წამყვანი ხომ არ ხარ?
- დიახ, ვარ პროვინციული, ეპატაჟური, ვინტაჟური წამყვანი. ეს არის ზოგიერთი ჩვენი ტელეჟურნალისტის გაშარჟებული სახე, რადგან გამოდიან ეთერში და გონზე არ არიან, რას ლაპარაკობენ.
- კითხვებს ექსპრომტად იგონებ? ზოგიერთ სტუმარს ალბათ, არ სიამოვნებს შენი შეკითხვები. აი, მაგალითად, ერთ-ერთ გადაცემაში კესარია გყავდა მიწვეული და ჰკითხე, შენ რომ დაიბადე, მამაშენმა თოფი ისროლაო? ასეთ იუმორზე არ გინაწყენდებიან?
- (იცინის) კესარიამ არ შეიმჩნია, მაგრამ "გაუტყდა"... არის კითხვები, რომლებსაც წინასწარ ვამზადებთ, თუმცა ექსპრომტადაც ვეკითხები ხოლმე რაღაცებს.
- სილამაზის ეტალონი ხარ?
- არა, საერთოდ არ ვფიქრობ ასე, უამრავი ლამაზი ქალი არსებობს.
- შენი წონა ან მკერდი დისკომფორტს გიქმნის?
- ფიზიკურ ასპექტს თუ გავითვალისწინებთ, მაშინ კი, მაგრამ ვიზუალური თვალსაზრისით - არა. არ ვთვლი, რომ რამე ანომალია მჭირს, მეამაყება ჩემი მკერდი.
- კომპლექსი, რომელიც ბავშვობიდან მოგყვება - რა არის?
- ბავშვობაში მქონდა მკერდის კომპლექსი და ამის გამო მაბულინგებდნენ კიდეც, მაგრამ დიდობაში ეს კომპლექსი გამიქრა.
- კარიერაში უფრო გაგიმართლა თუ პირად ცხოვრებაში?
- ვფიქრობ, ორივეში თანაბრად.
- საყვარელი მამაკაცის გამო ყველაფერზე წახვიდოდი?
- ყველაფერზე ალბათ, ვერა! კომენტარებისა და შეფასებების გამო, ბევრჯერ უთხოვია მას, რომ დამენებებინა თავი სამსახურისთვის და უთქვამს, დავიღალეო. მე კი მიპასუხია: თუ გიყვარვარ, ასეთი უნდა მიმიღო-მეთქი.
- მეუღლე ვინ არის? გვითხარი, რამ მოგხიბლა მასში?
- არ არის შოუბიზნესის წარმომადგენელი, არ სურს საქვეყნოდ გამოჩენა. სარეკლამო კომპანიაში მუშაობს, დამფუძნებელია. მისმა უბრალოებამ მომხიბლა. თვითონაც ძალიან უბრალო ადამიანი ვარ - ეს ალბათ, ერთი შეხედვითაც მეტყობა. არ მიყვარს გადაპრანჭული ხალხი, "ფეისები" და ა.შ. მეგობრის ოჯახში გავიცანით ერთმანეთი, რამდენჯერმე შევხვდით და შემიყვარდა. მართალი ადამიანია, მორწმუნეა და ეს ყველაფერი ჩემთვის მნიშვნელოვანია.
- გიბრაზდება აქტივობების გამო?
- მე არა, რადგან მენდობა, სხვებზე კი ბრაზობს, ვინც არაკორექტულ კომენტარებს წერს. როგორც გითხარი, არავისთვის მიღალატია და მან ეს ძალიან კარგად იცის. დაქორწინების შემდეგ ვუთხარი, თუ ოდესმე აღარ მეყვარები და აღარ მენდომება შენთან ურთიერთობა, ამას აუცილებლად გეტყვი, რადგან ყველაფერს აქვს დასასრული-მეთქი. მეც არ მჭირდება რქიანი ქმარი, ტყუილი აფუჭებს ყველანაირ ურთიერთობას.
- ეჭვიანი ხარ?
- კი, მიეჭვიანია, ყოფილა ასეთი შემთხვევა (იცინის). თვითონ დამიმტკიცა, რომ იმ ქალთან არანაირი საეჭვო ურთიერთობა არ ჰქონდა. ღალატის პატიება არ შემიძლია, გამორიცხულია! თუ მე ვიქნები მოღალატე, მეც უნდა დავისაჯო, მაგრამ არც ქმარს ვაპატიებ "გაგულავებას"...
- რთულია შენი მოხიბვლა?
- ჩემი მეუღლე საკმაოდ სიმპათიურია, მაგრამ ერთი ნახვით, მხოლოდ გარეგნობის გამო არასდროს მოვხიბლულვარ. ადამიანი შინაგანადაც უნდა მომეწონოს. ცოტა ბანალურია, მაგრამ ასეა.
- რას აკვირდები ადამიანის გაცნობისას?
- ვაკვირდები და ვცდილობ გამოვიცნო, რამდენად ერთგული შეიძლება იყოს, თუმცა ბევრჯერ შევმცდარვარ. კაცი "მელოჩნიკი" არ უნდა იყოს.
- სხვები რას აკვირდებიან შენი გაცნობისას?
- (იცინის) თვალებში მიყურებენ, თვალები ხომ სულის ანარეკლია...
- რისგან იღებ ყველაზე მეტ სიამოვნებას?
- ჩემი შვილების წარმატება ყველაფერზე მეტად მახარებს. ცოტა ხნის წინ ჩემმა შვილმა 9 წლის გოგონათა შორის მხატვრულ ტანვარჯიშში პირველი ადგილი დაიკავა და უბედნიერესი ვიყავი. სულ საქმე მაქვს, მაგრამ ვცდილობ, მათ ყურადღება არ მოვაკლო.
- ქალისგან სიმპათია გიგრძნია?
- ოოო, ასე პირად ურთიერთობებში არა... იყო შემთხვევა, რომ მომწერა, შენთან ურთიერთობა მინდაო, მერე დამირეკა კიდეც. ავუხსენი, რომ ქალი ვარ, ჰეტეროსექსუალი და მხოლოდ მამაკაცი მაინტერესებს.
- როდის იგინები ხოლმე?
- როდესაც საჭესთან ვარ - ვგიჟდები სხვა მძღოლების საქციელზე და ემოციებს ვერ ვთოკავ. მე თვითონ ძალიან მოწესრიგებული და წესიერი მძღოლი ვარ. არ მიყვარს სისწრაფე.
- უზომოდ დაგილევია?
- 2-3 ჭიქაც მშვენიერ ხასიათზე მაყენებს.
- დღე, რომელსაც ცრემლების გარეშე ვერ იხსენებ...
- "202"-ის დახურვის დღე, ეს ძალიან მტკივნეული თემაა დღემდე. როდესაც კოდუა სპეცრაზმთან ერთად მოვიდა, საკუთარი ნივთების აღების უფლებაც კი არ მოგვცეს, ყველაფერი წაიღეს. მახსოვს, ცხარე ცრემლებით ვტიროდი.
- რომ შეგეძლოს, ვის სთხოვდი პატიებას?
- (ფიქრობს) ძმა მყავს გარდაცვლილი და ბავშვობისას სულ ვჩხუბობდით. 10 წლის წინ თბილისის ზღვაზე ვიპოვეთ გარდაცვლილი, მაშინ 27 წლის იყო. სულ ვფიქრობ, რომ ბევრი რამ მქონდა მისთვის სათქმელი და ბევრი რამისთვის ვთხოვდი პატიებას. ის ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული იყო, მე კი შემტევი. ბევრჯერ მინატრია, მქონოდა შესაძლებლობა, რომ პატიება მეთხოვა მისთვის.
- ძლიერ ქალად თვლი თავს?
- რაღაც მომენტში, ძლიერი ქალი ვარ...
- შენი სისუსტე რა არის?
- ზედმეტად ვენდობი ყველას და ადამიანში ადამიანს თუ ვერ ვპოულობ, ამას ყოველთვის მტკივნეულად განვიცდი.
- უხერხულ სიტუაციაში აღმოჩენილხარ?
- ერთხელ მახსოვს, ბაზარში ვიყავი, საზამთროს გამყიდველები მომაჩერდნენ და უცებ, ერთი ეუბნება მეორეს კახური აქცენტით: ბიჯოო, უყურე, რამხელა მკერდი აქვს, რადიაციაშია მოყოლილი? თავი უხერხულად ვიგრძენი, მაგრამ გამეცინა.
- შალვა რამიშვილი არასდროს გავიწროებდა?
- მგონი, თათია სამხარაძეზე ოდნავ უკეთეს "ვიდზე" ვარ, მაგრამ უკვე 14 წელია, შალვასთან ვმუშაობ და მსგავსი არაფერი მომხდარა... თუ ქალს ავიწროებენ, მან ხმა უნდა ამოიღოს, მაგრამ თათია შალვას მეუღლესთან სელფებს იღებდა და საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა მაშინ, როცა მისი თქმით, შალვა მასზე ძალადობდა... ეს ყველაფერი ცოტა გაუგებარია ჩემთვის.
- ახლა ისიც მითხარი, რას გერჩოდნენ ქალთა უფლებების დამცველები და რა გეგმები გაქვს?
- მე ვიყავი ორგანიზატორი კონკურსისა "მის მკერდი 2016", რომელიც ტარდებოდა მკერდის კიბოთი დაავადებული ქალბატონების მხარდასაჭერად და ასევე, ეძღვნებოდა ანორექსიასთან ბრძოლას. ანალოგიური კონკურსი ბევრ ქვეყანაში მშვიდობიანად ჩატარებულა, მაგრამ აქ დიდი ამბები ატეხა ბაია პატარაიამ, ჩაატარა ბრიფინგი და თქვა, რომ ქალების დისკრიმინაციაა, როდესაც მკერდმოკვეთილ ქალს 4 და 5 ზომის სიდიდის მკერდს ახარბებო. კი, მაგრამ სხვა ქვეყნებში, სადაც მსგავსი ღონისძიება ტარდება, დისკრიმინაციად რატომ არ ითვლება? დავიჯერო, იქ ქალთა უფლებებს არავინ იცავს? მოკლედ, ამაში ჩაერთვნენ სასულიერო პირებიც, ამიტომაც კონკურსი ჩატარდა, მაგრამ ეს სტატუსი მოვუხსენი. წელსაც ვგეგმავთ ივლისში ჩავატაროთ კონკურსი სახელწოდებით "მის დეკოლტე". არაჩვეულებრივი კონკურსანტები გვყავს...
- წარმატებები და მადლობა საუბრისთვის.
ნინო ჯავახიშვილი