"წინ ძალიან ლამაზი 3 დღე გველოდება" - გზაპრესი

"წინ ძალიან ლამაზი 3 დღე გველოდება"

16 ივლისს, მცხეთაში მდებარე სასტუმრო-კომპლექსში, სამოდელო საგენტო "კატრინის" ხელმძღვანელობით, კასტინგი გაიმართა, სადაც ჟიურის წევრებმა 10 გოგონა და 15 ბიჭი შეარჩიეს. ფინალისტებს 1.000-ლარიანი ვაუჩერები და ბათუმში, 5-ვარსკვლავიან სასტუმროში დასვენება ერგოთ საჩუქრად. კასტინგის შედეგად შერჩეული 25 კონკურსანტი 21 ივლისს, ბათუმში სილამაზის ლიცენზირებულ კონკურსში - "მის და მისტერ პლანეტა - საქართველო" მონაწილეობას მიიღებს. კონკურსს მუსიკალურად გააფორმებენ ნინი შერმადინი და მარკუს მეტრეველი, წამყვანები კი - ეკა მგალობლიშვილი და გიგა ბატკუაშვილი იქნებიან. კონკურსანტი გოგონების ჩაცმულობაზე ცნობილი დიზაინერი - ფატუნა ბუშიჰედი იზრუნებს, ხოლო ვაჟების სამოსზე - მარკუს მეტრეველი და ტატანა. გამარჯვებულები, საქართველოს სახელით, მსოფლიო სილამაზისა და მოდელების სხვადასხვა კონკურსზე მიიღებენ მონაწილეობას: Miss & Mister Planet (საქართველო), Best Model of the World (საფრანგეთი), Miss Model of the World (ჩინეთი), Best Global Model of the Year (პორტუგალია), Future Fashion Faces World (თურქეთი) და Miss International Tourism - 2019 (ბულგარეთი).

GzaPressეკა მგალობლიშვილი, სამოდელო სააგენტო "კატრინის" ხელმძღვანელი:

- დატვირთული დღეების შემდეგ მცხეთაში, საცურაო აუზზე კასტინგი ერთგვარი განტვირთვაც იყო. საცურაო კოსტიუმების ტური ჩავატარეთ, რომელზეც მონაწილეებს მაკიაჟისა და ვარცხნილობის გაკეთება ეკრძალებოდათ, ისინი ჟიურის წინაშე ბუნებრივად წარდგნენ და მათი სხეული ნათლად წარმოჩინდა. კონკურსანტების შერჩევა იოლი არ ყოფილა, რადგან უამრავი გოგონა და ბიჭი მოვიდა. შემდეგ ტურში ყველას ვერ გადავიყვანდით, ვინც სახლში გავუშვით, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ღირსეული კანდიდატები არ იყვნენ - უკეთესად მოემზადებიან, დაიხვეწებიან და მომავალშიც ცდიან ბედს.

- მოდელობის მსურველთა წლევანდელ ნაკადს როგორ შეაფასებთ?

- ყოველ წელს ძალიან კარგი ნაკადია. მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად, Best Model of the World არანაკლები მსოფლიო კონკურსია, მეტი თუ არა (25 წელია, იმართება და ნაომი კემპბელიდან დაწყებული, მასში ბევრი ცნობილი მოდელი მონაწილეობდა), ვიდრე "მის და მისტერ პლანეტა", რატომღაც, კასტინგზე მოსული ყველა მონაწილე "მის და მისტერ პლანეტის" კონკურსზე გამარჯვებისკენ უფრო მიისწრაფვის. მოგეხსენებათ, ეს საერთაშორისო კონკურსი სექტემბერში, საქართველოში გაიმართება და თუ ვინ წარადგენს ჩვენს ქვეყანას, მათ ვინაობასაც 21 ივლისს, ბათუმში გამართულ კონკურსზე შევიტყობთ. წინ ძალიან ლამაზი 3 დღე გველოდება - არა მარტო კონკურსანტებს და ჟიურის წევრებს, არამედ ჟურნალისტებსაც.