"ჩემი ოცნება გემზე მუშაობა გახლდათ" - გზაპრესი

"ჩემი ოცნება გემზე მუშაობა გახლდათ"

დათო გომართელი ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. მის სიმღერებსა და ვიდეოებს მრავალი პრიზი მიუღია. მას დღესაც ჰყავს უცნობი თაყვანისმცემლები, რომლებიც სახლში ყვავილებს უგზავნიან.

- უნივერსიტეტის ტრიოში მღეროდით, ვინ იყვნენ თქვენთან ერთად?

- ტრიოში დათო გოგიაშვილი, ირაკლი ჭანტურია და მე ვმღეროდით. ჩვენ ერთმანეთი პირველ კურსზე გავიცანით, ეს გახლდათ 1978 წელს. შეიძლება ითქვას, ღმერთის ნება იყო ჩვენი შეხვედრა. ირაკლი და მე უნივერსიტეტში ვსწავლობდით, თავგასა (დათო) - "გეპეიში". ტრიოს სახელი არ ჰქონდა. გამოვდიოდით ტელევიზიით, სტუდენტურ დღეებზე. ერთი კონცერტი სოხუმში გვქონდა. იქ ქართული პოეზიის დღეები ტარდებოდა, რომელიც ჯანსუღ ჩარკვიანს მიჰყავდა. ჩვენ გარდა კონცერტში მონაწილეობდნენ ტრიო "ჰარმონია" (ქეთი ჯაფარიძე, ნანა გურგენიძე, ნინო შირიაშვილი), ფოლკლორული ანსამბლი "ფაზისი", სადაც მაშინ გოგი დოლიძე და მამუკა ჩარკვიანი მღეროდნენ. უნივერსიტეტის ტრიო კარგა ხანს არსებობდა, მერე თავგასა "ქართულ ხმებში" წავიდა. ამის შემდეგ ჩვენ გავაგრძელეთ მეგობრული ურთიერთობა და ქალაქური შეხვედრები სუფრასთან. სამწუხაროდ, თავგასა ადრე გარდაიცვალა, იუმორით სავსე და ჭკვიანი ბიჭი იყო.

GzaPressჩვენი სასიმღერო წრე გაფართოვდა, როცა შემოგვიერთდა გია გორდეზიანი (წახნაგა), მერაბ თევზაძე, გიო ხუციშვილი, ალეკო კვაშალი, კაკი რამიშვილი... არა მარტო ჩვენი თაობის ადამიანებს, უფროს თაობასაც უნდოდა ჩვენთან ერთად ყოფნა, რადგან ეს იყო ფეიერვერკი სიმღერის მხრივ, სიტყვა-პასუხით, საოცარი იუმორით. დღე და ღამე უნიჭიერეს ხალხთან გვიწევდა ურთიერთობა. ყველა თაობაში გვყავდა მეგობრები და ძმაკაცები. სამწუხაროდ, მაშინ გადაღების საშუალება ნაკლებად იყო, მაგრამ არსებობს ვიდეოები მეგობრების მიერ მოწყობილი კარნავალებიდან და ისინი ოჯახურ არქივებში ინახება.

- საკმაოდ ბევრი კლიპი გაქვთ, რას გაიხსენებთ გადაღებებიდან?

- სეიშელის კუნძულებზე გადაღებული კლიპის იდეა ჩემი იყო და რეჟისორი ფაქტობრივად, მე გამოვედი (იცინის). მარტო ვიყავი, კუნძულზე ვინმეს წაყვანა ცოტა ძნელი იყო. ადგილობრივი ოპერატორი ავიყვანეთ. სიმღერას "მზე და სიყვარული" ჰქვია. ყველაზე ხალისიანად და სასიამოვნოდ აზერბაიჯანული სიმღერის კლიპის გადაღება მახსენდება. "აგენტი 0013"-ის ეპიზოდები გადავიღეთ თბილისში, გუდაურსა და აზერბაიჯანში. ერთი ვიდეო გავაკეთე ფოტოსურათების კოლაჟებით სიმღერაზე "ყველაფერი კარგად იქნება". ამ სიმღერის ტექსტი და მუსიკა წახნაგას ეკუთვნის. ბოლოში ხუმრობით მივაწერე - "დირექტორი დათო".

- მოგზაურობა გიყვართ?

- ძალიან მიყვარს. სპეციალობით ოკეანოლოგი ვარ. საბჭოთა კავშირის დროს საზღვარგარეთ წასვლა რთული იყო. ჩემი ოცნება გემზე მუშაობა გახლდათ, რომ ბევრი ქვეყანა მენახა და ეს პროფესიაც ამიტომ ავირჩიე. თუმცა, ერთი დღეც არ მიმუშავია ჩემი პროფესიით.

- გომართელების ფუძე საიდან მოდის?

- საჩხერის რაიონში არის სოფელი გორისა, ისაა ჩვენი ფუძე. საჩხერიდან 7 კმ-ითაა დაშორებული. დღესაც დგას გომართლების სახლი, დიდი ეზოც გვაქვს. როცა ბებია-ბაბუა ცოცხლები იყვნენ, ყველანი იქ ვიკრიბებოდით, ახლა - ნაკლებად. საოცრად ლამაზია იქაურობა. მახსოვს, როცა ბებია ნიყვს კეცზე წვავდა, ბოსტანში მგზავნიდა: მიდი, დათუნა, ქინძი გადმოიტანეო. ხალხი ნიყვზე გიჟდება და ამ ამბავს ხშირად ვყვები. სოფელში, ბებია-ბაბუასთან გავიზარდე. ეს ჩემი ცხოვრების დაუვიწყარი ნაწილია - ბავშვობა და სილაღე.

- თქვენი მამა, ბატონი გურამი ცნობილი ჟურნალისტი იყო. მის მეგობრებს შორის იყვნენ პოეტები, მწერლები. გვიამბეთ მათ შესახებ.

- მამას მეგობრებისა და ნაცნობების ძალიან დიდი წრე ჰყავდა. რა თქმა უნდა, მეც მიხდებოდა მათთან ურთიერთობა. ნოდარ დუმბაძე და ჯანსუღ ჩარკვიანის მეუღლე, ქალბატონი ირმა ჩხეიძე ჩემი ნათლიები არიან. ბატონი ჯანსუღის ენაკვიმატობა მოგეხსენებათ. ერთხელ ასეთი ლექსი დაწერა: "ვენაცვალე შოთა რუსთველს, თავის ლერწმის ღერით. გომართლებში ყველა უსტვენს, მარტო დათო მღერის" (იცინის). ირაკლი აბაშიძე კოიევიჩს მეძახდა, მამაჩემის მეტსახელიდან გამომდინარე. არსებობს ისტორია, რომ ჭიათურაში ვიღაც კოლია ცხოვრობდა და როცა თვრებოდა, კოია ვარ, კოიაო, - ამბობდა. მამაჩემი ამ კაცის იმიტაციას აკეთებდა და ასე დაერქვა კოია.

- სკოლის პერიოდში "შატალოები" და ჩხუბები არ იყო?

- როგორ არა, მშობლების მანქანის მოპარვებიც ხშირად ყოფილა. ყველა ბიჭი გიჟდება მანქანაზე. ერთხელ მამაჩემს მანქანა იმ დროს მოვპარე, როცა თვითონ საზღვარგარეთ იყო. ჩავსხედით ირაკლი ჩარკვიანი, მე და ერთი ჩვენი მეგობარი გოგონა. მე პარიკი დავიხურე, ვითომ დიდი რომ გამოვჩენილიყავი. მრგვალ ბაღთან ავარია მოგვივიდა, ვიღაცის მანქანას დავარტყით, შეგვეშინდა და გავიქეცით. უცხოეთიდან ჩამოსულ მამაჩემს მილიციისგან შეტყობინება დახვდა... ირაკლიც ჰპარავდა მამამისს, ბატონ გელას. ამხანაგი მყავდა, რომელმაც ტარება არ იცოდა, მამამისის მანქანას მოიპარავდა და ჩემთან მოჰყავდა (იცინის). დილით ჩვეულებრივად სკოლაში მივდიოდი და ეს მომადგებოდა, მერე ქალაქში ვსეირნობდით.

- რამდენიმე კინოფილმში მონაწილეობთ, სინჯებს გიღებდნენ თუ პირდაპირ გიწვევდნენ?

- სინჯები გავიარე ელდარ შენგელაიასთან ფილმზე "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბები" სოსოს როლზე, რომელიც მერე რამაზ გიორგობიანმა შეასრულა. არ ვიცი, ალბათ დამწყდა გული, რომ არ ამიყვანეს. ისე, სკოლის დამთავრების შემდეგ მსახიობობაზე ვფიქრობდი და თეატრალურში მინდოდა ჩაბარება, მაგრამ მშობლებმა არ გამიშვეს. 3-4 ფილმში კი ვთამაშობ.

- სახლში ხშირად მოგნდომებიათ რაიმეს წაღიღინება?

- კი, მონატრება იცის ძალიან. არის მომენტები, გიტარას ავიღებ და ვღიღინებ. სხვათა შორის, ასეთ დროს იდეებიც მომდის.

- საკუთარი სიმღერა არ გაქვთ?

- მაგას ხშირად მეკითხებიან, მე კი ვპასუხობ, დრო არა მაქვს-მეთქი (იცინის). თუმცა, ახლა ისეთი განწყობა მაქვს, შეიძლება კიდეც დავწერო.

- ახლა რაზე მუშაობთ?

- ერთი სიმღერა უკვე ჩავწერე. ახლა რუსა მორჩილაძის ახალ სიმღერას ვწერ, ტექსტის ავტორია ირინა სანიკიძე. კლიპის გადაღებაც გვინდა.

ნანული ზოტიკიშვილი