"ლუნას" ყოველდღიური საზრუნავი და მოტივაცია ბედნიერებისთვის - გზაპრესი

"ლუნას" ყოველდღიური საზრუნავი და მოტივაცია ბედნიერებისთვის

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" კასპელმა მთვარისა (ლუნა) მაზიაშვილმა, რომელმაც დახვეწილობის კურსიც გაიარა, ბიზნესიც ააწყო და პრეზიდენტის გულიც მოინადირა, ბოლო წამს ახალ რომანზე უარი თქვა, კასპელ ქმარს დაუბრუნდა და მთავრობაც გადაიკიდა... ქეთი ხუციშვილი ლუნას როლს ისე დამაჯერებლად ასრულებს, რომ მისი პირადად გაცნობისას ადამიანები გაოცებულები რჩებიან, რადგან ლუნას და ქეთის შორის საერთოს ვერაფერს ხედავენ... ქეთი ხუციშვილს "ქალურ-დიასახლისურ" თემებზე ვესაუბრეთ, თუმცა ლუნაზე საუბარსაც ვერ ავუარეთ გვერდი...

- თქვენი პერსონაჟი - ლუნა მაზიაშვილი საინტერესო სიტუაციაში აღმოჩნდა. მის საქციელს როგორ აფასებთ?

- ძალიან აქტიური ქალია. ქმარს უღალატა თუ არა, ამას მეკითხებით? მოდი, აქედან დავიწყოთ - პრინციპში, ჯერ ქმარმა უღალატა (იცინის)... მე ლუნას მხარეს ვარ, რადგან ჩემი პერსონაჟია, ეს როლი ძალიან მიყვარს... საერთოდ კი, ღალატის წინააღმდეგი ვარ, რა თქმა უნდა, მაგრამ ვფიქრობ, ლუნას ქმრისთვის მაინც არ უღალატია.

- მთავარი ის ხომ არაა, ცოლ-ქმარს შორის სხვასთან სექსი პირველად ვის ექნება? ლუნა აშკარად "რაღაცას" აპირებდა...

- ღალატის გამო, ქმარი სახლიდან ხომ გააგდო? ბატონ პრეზიდენტთან ამის შემდეგ ჰქონდა ურთიერთობა.

- მანამდეც ხომ ეფლირტავებოდა პრეზიდენტს?

- ჰო, ჰო, მიმაყენეთ ახლა კედელთან (იცინის)!.. მაინც ლუნა მიყვარს, რაც გინდათ, ის თქვით. ჩემს პერსონაჟს ნუ დამიჩაგრავთ, ძალიან გთხოვთ!

- ლუნა თითქოს ძლიერი და მიზანდასახული ქალია, თუმცა მის გულში მაინც გრძნობებმა იმძლავრა, არა?

- ჰო, ხან ოლოზე ფიქრობდა, ხან - ფროდოზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ნამდვილი გრძნობით არც ერთი არ ჰყვარებია, ყველა მათგანი საქმისთვის სჭირდებოდა... ლუნას ნუგო უყვარს - მაინც მისი შვილების მამაა და წლებია, ერთად ცხოვრობენ. ხომ იცით, ასეთი გამოთქმა არსებობს, რომელზეც ძალიან მეცინება: "ავია თუ კარგია, ქალო, შენი ქმარია" (იცინის).

- თქვენ როგორი ხართ - შეგიძლიათ, რაღაცის გამო, გრძნობაზე უარი თქვათ?

- როგორ არა! გრძნობების კონტროლიც შეიძლება. თუმცა, ზოგი ამბობს, - ვერ გააკონტროლებ, საგიჟეთიაო. რა თქმა უნდა, საგიჟეთია, როცა გიყვარს, მაგრამ ადამიანს ტვინი იმისთვის გაქვს, რომ ემოციები აკონტროლო, რაც შესაძლებელია. თუ ემოციები მივუშვი, შეიძლება, მეც უკონტროლო გავხდე, მაგრამ ჩემი გადასახედიდან, გრძნობების, ემოციების კონტროლი ჩვეულებრივად შეიძლება.

- სიყვარულის გამო თავი დაგიკარგავთ?

- არასდროს, თუმცა ურთიერთობებში თავისუფალი ვარ, კომპლექსები არ მაქვს. ისეთი სიყვარულიც არ განმიცდია, რომ თავი დამეკარგა, თუმცა შეყვარებულიც ვყოფილვარ, დავშორებივარ კიდეც, მაგრამ არც სიყვარულის დროს დამიკარგავს თავი და არც დაშორების დროს ჩავვარდნილვარ დეპრესიაში. ძალიან მალე "გადამდის" ეს ყველაფერი. დღემდე ვერ გავიგე, ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ ასე ვარ.

- ქალობა რთულია?

- რას ლაპარაკობ? ძალიან მაგარია! ბევრჯერ მიფიქრია, - ღმერთს მადლობა, რომ ქალად დავიბადე-მეთქი. ეს ისეთი მაგარი შეგრძნებაა, რომ ვერც გადმოგცემ. კიდევ კარგი, კაცად არ დავიბადე. აუცილებლად ქალად უნდა დავბადებულიყავი.

- სქესის გამო, თუნდაც საქმეში, უპირატესობა გიგრძნიათ ან დაბრკოლება შეგქმნიათ?

- არა, ქალობის გამო არანაირი დაბრკოლება არ შემქმნია, პირიქით - თაყვანისმცემლები, ყურადღების ცენტრში ყოფნა მიყვარს. ასეთი რაღაცები მომწონს და მხიბლავს.

- ქალური შური თუ გიგრძნიათ?

- შეიძლება, ვიღაცას ზურგს უკან რაღაცის შურს, მაგრამ არ ყოფილა შემთხვევა, რომ პირადად მეგრძნო, პირიქით - სიყვარულისა და სითბოს მეტი არაფერი მიგრძნია. თავად "გახსნილი", კომუნიკაბელური ადამიანი ვარ - ურთიერთობები არ მიჭირს. ძალიან ლაღი გახლავართ. შესაბამისად, ადამიანი როგორ აურასაც გასცემ, იგივე გიბრუნდება, თუკი ბოროტ პიროვნებასთან არ გვაქვს საქმე.

- თავს როგორ უვლით?

- განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ: არც სალონში ვზივარ 24 საათის განმავლობაში, არც სახის განსაკუთრებულ ნიღბებს ვიყენებ. ძალიან უბრალოდ, ოჯახურ პირობებში ვუვლი თავს. თმასაც ჩვეულებრივად, "ჰაერზე ვიშრობ" (იცინის), მაგრამ ჯანმრთელი ცხოვრების წესს მივდევ. კვების რეჟიმს ვიცავ, ღამით არ ვჭამ - იმიტომ კი არა, რომ ვსუქდები? უბრალოდ, გვიან ვახშმობა არ მიყვარს. წლებია, ასე ვცხოვრობ. არც ტკბილეულის და ცომეულის ჭამა მინდება. უკვე 1 წელია, რაც ვარჯიში ჩემი ცხოვრების წესი გახდა - კვირაში სამჯერ მაინც სავარჯიშო დარბაზს ვსტუმრობ.

- ქეთი, ლუნა გაბრაზებას ძალიან ემოციურად გამოხატავს. თქვენ როგორი ხართ, როცა ბრაზობთ?

GzaPress- ლუნას დაძაბული სიტუაციები აქვს. ამიტომ სულ შემართულია. პირადად მე, ყოველდღიურ ცხოვრებში, მსგავს სიტუაციებში არ ვხვდები - არავინ მაბრაზებს. მე და ჩემი შვილი ერთად ვცხოვრობთ, შეხმატკბილებული ურთიერთობა გვაქვს. ყოფილა შემთხვევა, დამიყვირია კიდეც, მიჩხუბია, მაგრამ ცხადია, ამას ყოველდღიური სახე არ აქვს. ჩემს სახეზე სულ ღიმილია. ამ მხრივ, ლუნასგან ძალიან განვსხვავდები. ლუნა თითქოს, თავდაცვის მიზნითაა შემართული, რომ ვინმემ არ დაჩაგროს, მე კი პირიქით - ლაღად, იუმორით ვუყურებ ყველაფერს. როცა გამიცნობენ ხოლმე, შოკი ემართებათ, - შენი ლაპარაკით, მანერებით საერთოდ სხვანაირი ხარო. ლუნასთან ვერ მაიგივებენ. როცა ძალიან გაბრაზებული ვარ, შეიძლება, ვიყვირო, მაგრამ შემდეგ, ერთი საათი ვგდივარ - ცუდი ემოციების ფრქვევა არ შემიძლია, ვერ ვიტან. სულ ვცდილობ, კონფლიქტურ სიტუაციებში არ მოვხვდე...

- თქვენი ყოველდღიური საზრუნავი რა არის?

- როცა გადაღებები არ მაქვს, სახლში ვარ, ვისვენებ, რადგან როლის შესრულება უამრავ ენერგიას მოითხოვს. გადასაღებ მოედანზე ენერგიისგან ისე ვიცლები, რომ მერე ჩემს ოთახში წამოწოლა მინდება ან სადმე გავდივარ, შვილთან ვურთიერთობ... ყოველდღიურად აქტიური, კლუბური ცხოვრებით დაკავებული არასდროს ვყოფილვარ. კლუბური ცხოვრება რა არის, არც ვიცი. უბრალო, ჩვეულებრივი ცხოვრება მაქვს.

- ისეთი საქციელი ჩაგიდენიათ, რისიც დღესაც გრცხვენიათ?

- არა, მსგავსი არაფერი მახსენდება. შეიძლება, რაღაც ნიუანსები ყოფილა, რომ მეფიქრა, - აუ, ნეტავ, ასე გამეკეთებინა, ასე ჯობდა-მეთქი, მაგრამ სერიოზული - არაფერი.

- ბოლოს როდის იტირეთ?

- მგონი, გუშინწინ. სენტიმენტალურ "ტალღაზე" ვიყავი. ჩემს მეგობარს, მომღერალ გიორგი ძმანაშვილს დავურეკე, - მოვდივარ-მეთქი. რა ვიცი, რა მატირებდა? ემოციები მომეძალა. გიორგი ჩემი განმუხტვის საშუალებაა. ძალიან კარგი ადამიანია. ყველასთან ისეთი "გახსნილი" არ ვარ, როგორიც - მასთან. მართალია, ძალიან კომუნიკაბელური ვარ, მაგრამ ახლო ურთიერთობები იშვიათად მაქვს. მოკლედ, ავედი მცხეთაში და განვიმუხტე - გიორგი ხალისიანი ადამიანია.

- ყველაზე მეტად, რა გაბედნიერებთ?

- ბევრი რაღაც. არ არსებობს, რომ დილით ცუდ ხასიათზე გავიღვიძო. მაშინვე მახსენდება, - უი, რა კარგია, არაფერი მაწუხებს, ჯანმრთელი ვარ, ბავშვი გვერდით მყავს-მეთქი... ბევრი მოტივაცია მაქვს. შეიძლება, ვინმეს რაიმე სერიოზული მოტივაცია სჭირდება, რომ კარგ ხასიათზე იყოს, ჩემთვის კი მოტივაცია ელემენტარული რამ არის. მაგალითად, შეიძლება, ყავის დასალევად გავიდე, კაფეში მარტო დავჯდე - ეს მაბედნიერებს. ცხოვრებას ყოველდღიური წვრილმანებით ვიტკბობ.

- თქვენი აზრით, სრულყოფილ ბედნიერებას მეორე ნახევრის გარეშე შეიძლება მიაღწიო?

- მეორე ნახევარი მაინც აუცილებელია, თუმცა ბედნიერ ქალს შენი საქმე ყოველთვის გექნება. თუ შენი საქმე გაქვს, ჯანმრთელი ხარ, შენ გვერდით მყოფებიც ჯანმრთელები არიან, ეს, რა თქმა უნდა, გაბედნიერებს, მაგრამ ქალისთვის მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვერდით მეორე ნახევარი ჰყავდეს, ეს აუცილებელია. მე ასე ვფიქრობ.

- პირად ცხოვრებაში რაიმე სიახლე ხომ არ გაქვთ?

- სერიოზული არაფერია. შეძლება, ფლირტის დონეზე რაღაც იყოს, მაგრამ ისეთი, რომ ამის ხმამაღლა თქმა ღირდეს, არაფერი. ჩვეულებრივი ცხოვრება მაქვს. თუ რამე სიახლე იქნება, ვიტყვი.

- ქეთი, ოდესმე სასოწარკვეთილ დიასახლისად გიგრძნიათ თავი?

- არა. დეპრესია მქონია, მაგრამ - ძალიან ხანმოკლე, რაც ისევ ჩემი ხასიათის გამო ყოფილა: ასეთ დროს გარეთ გავდივარ. ადამიანებთან ურთიერთობა, საუბარი ძალიან მიყვარს. შეიძლება, შინიდან 1 საათით გასულ ადამიანებთან საუბრით ცუდი მდგომარეობიდან გამოვიდე. ასე რომ, თავს სასოწარკვეთის უფლებას არ მივცემ (იცინის)...

ეთო ყორღანაშვილი