"ეს სიყვარული დიდხანს არ გაგრძელებულა - არ მიყვარს, როცა ვიტანჯები" - გზაპრესი

"ეს სიყვარული დიდხანს არ გაგრძელებულა - არ მიყვარს, როცა ვიტანჯები"

სიყვარულის შესახებ საუბარი არ უყვარს, მაგრამ ინტერვიუზე მაინც დაგვთანხმდა. თითქმის ყოველი პასუხის ბოლოს ამბობდა, - ამ თემისთვის ცუდი რესპონდენტი ვარო, თუმცა საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ გამოგვივიდა... მსახიობი და რეჟისორი კახა გოგიძის პერსონაჟი (სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში") - პრეზიდენტი დარდიანიძე, სასიყვარულო გატაცების გამო, საკმაოდ უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა. საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ...

- სერიალში ჩემი პერსონაჟის საქციელი ჩემთვის მიუღებელია - პრეზიდენტია, რა სიყვარული აუტყდა? ქვეყანა სამართავია!

- სიყვარულის გამო, თქვენ არასდროს დაგიკარგავთ თავი?

- ემოციების კონტროლი მიყვარს. ბრაზის გამო, თავი დამიკარგავს, მაგრამ სიყვარულის გამო? - ასეთი რამ არ მახსენდება. თუმცა, ჩემს ცხოვრებაში რაღაც ეპიზოდები იყო, ამას ვერ გამოვრიცხავ. მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, კაცო...

- ოდესმე, ერთდროულად 2 ქალით ისე მოხიბლულხართ, რომ მათ შორის არჩევანი გაგჭირვებიათ?

- იცი, რა არის? შეიძლება, კაცს ჰგონია, რომ ქალს თავად ირჩევს, მაგრამ სინამდვილეში, ქალი ირჩევს მას. თუ ქალს არ უნდა, კაცი მას ვერასდროს მოხიბლავს. თუ ქალს სურს, რომ იმ კაცით მოხიბლული იყოს, უფლებას აძლევს, რომ მოხიბლოს. მერე კაცს ჰგონია, რომ თავად მოხიბლა, "შეაბა". არადა, კაცი თავიდანვე განწირული იყო (იღიმის)...

- გოგონებისთვის თავის მოწონება რა ასაკიდან დაიწყეთ?

- ალბათ, დაბადებიდან. მერე, როცა ძალიან გავსუქდი და სხეულის ფორმები შევიცვალე, მოხიბვლის თემები დავასრულე. შეიძლებოდა, ისეთი სქელი ვინმეს მოვწონებოდი?! ეს თემა ამიტომაც "ჩავხურე"... ახლა უკვე ასაკში ვარ, რაღა დროს მოხიბვლაა? საქმეა საკეთებელი (იცინის). 47 წლის ვარ, შვილიშვილი მყავს... თუმცა, ადამიანმა არასოდეს უნდა თქვას - "არასოდეს": ქალის გარეშე, ადამმა სამოთხეში მოიწყინა და აქ - მით უმეტეს...

- მეუღლის მოხიბვლას ყოველდღიურად არ ცდილობთ?

- ყოველდღიურად ვცდილობთ, რომ რაღაცნაირად, ცხოვრებას ვაჯობოთ და თავი გავართვათ. ეგ პრობლემები ჩვენ არ გვაქვს, რომ ერთმანეთი მოვხიბლოთ, ამისთვის დრო აღარ გვრჩება. ყოველ შემთხვევაში, ცხოვრების ამ ეტაპზე უამრავი საქმე მაქვს. ახლა სენაკში სპექტაკლს ვდგამ და მთლიანად საქმეში ჩაფლული ვარ.

- მომავალი მეუღლე როგორ გაიცანით?

- თეატრალურ უნივერსიტეტში, ჩემი ჯგუფელი იყო. ფაქტობრივად, ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობთ, რადგან 16 წლის ვიყავი, როცა თეატრალურში ჩავაბარე.

- მისი გულის მოგება რთული იყო?

- თეატრალურში ბევრი გოგო-ბიჭი იყო. ჯერ, ვიდრე საკუთარ თავში გავერკვიე, რა მინდოდა, ვინ მინდოდა... მოკლედ, ეს არც ისე ადვილი არ ყოფილა. საერთოდ, ასეთ თემებზე საუბარი არ მიყვარს: ეს ისეთი პირადულია, რომ გამომზეურება საჭირო არაა. განა იმიტომ, რომ კომპლექსი მაქვს? უბრალოდ, ეს მარტო ჩემია...

- მაგრამ იქნებ, პირველი პაემანი მაინც გაიხსენოთ?

- ძალიან რომანტიკული ბავშვი არ ვყოფილვარ - ბრაზიანი და ცელქი გახლდით. პირველი პაემანი?.. ბავშვობაში ჩემს პირველ შეყვარებულთან ერთად ცეკვაზე დავდიოდი. როცა ცეკვაზე მივდიოდი, ჩემთვის პაემანი ეს იყო (იცინის). ისე, ვერ ვიხსენებ...

- პარტნიორისთვის გიღალატიათ?

- ღალატი არ მიყვარს, ეს ძალიან ცუდი რამაა, თუმცა ისეთი კატეგორიის ადამიანებს არ მივეკუთვნები, ვისაც ღალატის პატიება არ შეუძლიათ: ადამიანმა ღმერთს სამოთხეში უღალატა და შენ აქ რატომ არ უნდა გიღალატოს?! ისეთი ეჭვიანი და გადარეული არ ვარ, რომ ამის გამო ვიღაც დავახრჩო, მოვკლა, მაგრამ ღალატი არასწორი საქციელია. ეს პრეზიდენტი ("ჩემი ცოლის დაქალებში" ჩემს გმირს ვგულისხმობ) ამიტომ არ მიყვარს: ის ოჯახს კი არა, სრულიად საქართველოს, თავის ამომრჩევლებს ღალატობს.

- ცალმხრივად გყარებიათ?

GzaPress- კი, კაცო, როგორ არა! მაგრამ ეს სიყვარული დიდხანს არ გაგრძელებულა - არ მიყვარს, როცა ვიტანჯები: მე აქ ვიტანჯებოდე, მას კი ვიღაც "პლატონა" უყვარდეს, ასე არ გამოვა (იცინის). ერთი-ორი იგნორის მერე, გამიფიქრებია, - უჰ, კაი, კაცო, კარგად იყავი-მეთქი და ჩემს ცალმხრივ ტანჯვას ვასრულებდი. საქმე ის გახლავთ, რომ რომანტიკული, ცრემლიანი შეყვარებული არ ვარ. შეყვარებულების როლების შესრულებაც არასდროს გამომდიოდა და არც მთავაზობდნენ, რადგან თავიდანვე მეცინებოდა სიყვარულის გამო ტანჯვა-გრეხაზე. რაკი მე არ მომწონს, იმას არ ნიშნავს, რომ ცუდია: ეს გრძნობა გენიალურია, ფანტასტიკურია, მთელი სამყარო სიყვარულით ტრიალებს. უბრალოდ, მე ვარ ასეთი პრაგმატული, სხვაგვარად მოაზროვნე. ვგიჟდები, ჩემი საქმე ისე მიყვარს! რაღაცებს ვდგამ, ვთამაშობ... ამიტომ დავამთავრე სამჯერ უნივერსიტეტი და ახლაც ვსწავლობ. საქმე უფრო მეტად მიყვარს, თუმცა, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ: 3 შვილი, შვილიშვილი, უამრავი მეგობარი მყავს და ეს ემოცია - სიყვარული ჩემთვის უცხო არ არის, მაგრამ ამაზე საუბარი არ მომწონს. მგონია, სიტყვებით დავაკნინებ იმის გადმოცემას, მაგალითად, შეყვარებულობისას როგორი ვიყავი... ეს თემა ძალიან ინტიმურია. არ მიყვარს ჩემს რელიგიურ მრწამსზე საუბარიც, რადგან ეს საერთოდ, უფრო მეტი ინტიმია და აბსოლუტურად არავისი საქმე არ არის. როცა "ფეისბუკზე" წერენ - "მიყვარს, მიყვარს, მიყვარს", მეცინება. გაჩუმდი, რა, შენთვის გიყვარდეს! ეს გრძნობა ყველას აქვს, მათ შორის - ჩემს ოთხფეხა მეგობრებსაც, მაგრამ ჩუმად არიან, არ ყმუიან. თუმცა, კატები სიყვარულს ძალიან ხმამაღლა გამოხატავენ (იცინის)... ადამიანი სასაცილოა, როცა დგას და თავისი სიყვარულის შესახებ თვალცრემლიანი ჰყვება. წარმოიდგინეთ, ჩემისთანა ჯმუხი კაცი რომ დადგება და აცრემლებული სიყვარულზე ალაპარაკდება... სიტყვებით ვერ გადმოსცემ, ადამიანი როგორ ემოციურ დაძაბულობაშია, როცა მეორე ადამიანი უყვარს. ამ შემთხვევაში, მდუმარება გაცილებით მძაფრია, ვიდრე სიტყვების რახარუხი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შოთა რუსთაველი უნდა იყო...

- და მაინც, სიყვარულის გამო, სულელურ სიტუაციაში აღმოჩენილხართ?

- არა, სიყვარულთან დაკავშირებით, ყოველთვის ასეთი ვიყავი. უკონტროლო, მძაფრი ემოციები არ მიყვარს. მაშინებს ის, რაც თავს მაკარგვინებს. ამიტომ არ მიყვარს ნარკოტიკი, ამიტომ აღარ ვსვამ ალკოჰოლურ სასმელებს. როცა ადამიანი თავს ვერ აკონტროლებს, მგონია, რომ ის ცუდი ცხოველია - სადაც რა მოუნდება, იქვე აკეთებს. მრცხვენია, როცა თავს ვერ ვაკონტროლებ. ამიტომ ჩემთვის ბავშვობიდანვე ერთი გამოხედვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიტყვები: "მიყვარხარ", "ვარდებს შევჭამ ეკლების მხრიდან", "ტანკს თავს დავუდებ"... ამაზე ლაპარაკი დიდ სისულელედ მიმაჩნია, თორემ რომ განიცდი, ნორმალურია. შვილები, დედა-მამა ხომ გვიყვარს? მზად ვართ, მათ გამო თავი გავწიროთ, მაგრამ ამას ხშირად ხომ არ ვამბობთ?..

- ცნობილი ქართველი ქალბატონებიდან ყველაზე სექსუალურად, სასურველად ვის მიიჩნევთ?

- დედამიწაზე ქალებს შორის ყველაზე სექსუალურები და მიმზიდველები ქართველები არიან. ქართველი ქალი გაიძულებს, თაყვანი სცე, ოღონდ - მათრახს კი არ გადაგარტყამს. ასეთია, რა... ქართველი ქალი არავის ჰგავს. ჩემთვის ის არის ყველაზე სათაყვანებელი. არ ვამბობ, რომ დანარჩენი ცუდია, მაგრამ ქართველი პირველი მგონია. სექსუალური ქართველი ქალი ვინ არის? და ვინ არ არის?!

- დელიკატური პასუხია.

- არ ვიცი, რამდენად დელიკატურია, მაგრამ გულწრფელი ნამდვილად არის. ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ გახლავთ: ამას წინათ, ჩემი მეგობარი ამბობდა (ხანდახან კაცები ქალების შესახებ ვჭორაობთ ხოლმე): ბიჭო, ქართველი ქალი თაყვანს გაცემინებსო. ჩვენი გოგონები მაგრები ხართ. კაცს მაგარ ნერვებად და დიდი რისკის ფასად უჯდება ქართველ ქალებთან ურთიერთობა, მაგრამ ღირს! ქართველ გოგოს თუ შეუყვარდი, შენ გამო ციხეშიც ჩაჯდება. მოკლედ, ქართველო გოგოებო: თქვენ შემოგევლეთ! 9 აპრილს ჩემი თვალით მაქვს ნანახი, რას აკეთებდნენ. ფოტოც არსებობს, ქართველი გოგო სამხედროებს როგორ ვაჟკაცურად უტევს. მათ შეუძლიათ, ჭირშიც მხარში ამოგიდგნენ. ამის დასტურია თუნდაც, აფხაზეთის, ცხინვალის ომში მათი თავდადება... ახლახან "გზის" ერთ-ერთ ნომერში წავიკითხე, ერთი ქართველი ქალი 3 შვილთან ერთად ავღანეთშია. ქართველ ქალს ყველაზე ძლიერი სიყვარული შეუძლია და ასევე, ყველაზე მაგარი გაბრაზება (იღიმის)... შეკითხვაზე პასუხი, ცოტა არ იყოს, "სადღეგრძელოს რეჟიმში" გამომივიდა, მაგრამ რასაც ვფიქრობ, იმას ვამბობ...

- თქვენთან ურთიერთობის ინიციატორი ქალი თუ ყოფილა?

- შეიძლება, ინიციატივა ისე გამოიჩინოს და მიმანიშნოს, - მზად ვარ, შენ რას იზამო? მესიჯები და "მოდი აქ, ბიჭო, გარეთ გამოდი" - მსგავსი ინიციატივები ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა და დიდად არც მომეწონება.

- დაბოლოს, რა არის სიყვარული?

- არაადეკვატურობა. სიყვარული არის ბრმა, ყრუ, ბლუ, უაზრო თავგანწირვა... როცა ადამიანს მეორე ადამიანი უყვარს და მოგიყვება, რატომ უყვარს, მორჩა - ის უპირობო სიყვარული აღარ არის, პრაგმატულობა და ანგარიში გახლავთ. მეცნიერებმა თქვეს, - სიყვარული შიზოფრენიის გარკვეული ფორმააო. ამას ასე ვერ ვიტყვი - ჩემი აზრით, ეს ამ გრძნობის დამცირებაა, მაგრამ ეს აზრი ჭეშმარიტებასთან ახლოს არის...

ეთო ყორღანაშვილი