"ამერიკაში ხშირად მიწევს ღომისა და ბაჟეს მომზადება"
ვიქტორია პლეშაკოვა ფართო საზოგადოებამ პროექტიდან - "ცეკვავენ ვარსკვლავები" გაიცნო, თუმცა მოდის სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის ის მანამდეც კარგად იყო ცნობილი. ვიქტორია მაღალანაზღაურებადი მოდელია, რომელიც ამერიკის წამყვან სამოდელო სააგენტოებთან თანამშრომლობს. წლებია, შტატებში ცხოვრობს. ის ახლახან "სუხიშვილების" მოცეკვავეზე - გუგა თოიძეზე დაქორწინდა.
- ჩემი ქვეყანა, იქ, სადაც დავიბადე, გავიზარდება და ბედნიერი ბავშვობა გავატარე, ძალიან მიყვარს. 15 წლის ვიყავი, როცა საქართველოში ჩატარებულ სილამაზის კონკურსში გავიმარჯვე, შემდეგ საქართველოდანვე გავაფორმე კონტრაქტი ამერიკაში ერთ-ერთ პრესტიჟულ სამოდელო სააგენტოსთან და ასეთი პატარა გოგო, წარმატებული მომავლის იმედით გამოვეშურე უცხო ქვეყანაში... ჩამოსვლის დღიდანვე დაიწყო თავბრუდამხვევი კარიერული წინსვლა... იყო უამრავი საინტერესო შემოთავაზება წამყვანი მოდის სახლებიდან, უამრავი გადაღება პოპულარული ჟურნალებისთვის. თითქოს ზღაპარივით აეწყო ჩემი ცხოვრება. საქართველოს კი ჩემი არსებობა პროექტმა - "ცეკვავენ ვარსკვლავები" გაახსენა. იმ ზაფხულს, როცა ეს პროექტი იწყებოდა, საქართველოში ვიყავი დასასვენებლად ჩასული. მოულოდნელად მივიღე შემოთავაზება, რომელმაც გამახარა და როგორც იცით, შემოთავაზებას დავთანხმდი კიდეც.
- ისევ აქტიურად ხარ ჩართული სამოდელო საქმიანობაში, არა? რთული იყო გზა თბილისიდან შტატებამდე?
- ძალიან რთულია ამერიკაში მიაღწიო წარმატებას. აქ ხომ უამრავი ნიჭიერი ადამიანია თავმოყრილი სხვადასხვა ქვეყნიდან, ძალიან დიდი კონკურენციაა. თუმცა, ვფიქრობ, მე ეს შევძელი და ამით ამაყი ვარ. ძალიან რთული და დაბრკოლებებით სავსე გზა წარმატებით გავიარე. ფაქტობრივად, ყველა ოცნება ავიხდინე. თუმცა, ეს ყველაფერი ჩემთან თავისთავად არ მოსულა, ეს იყო დიდი შრომისა და მონდომების შედეგი. სამომავლოდ კიდევ უფრო "მაგარი" გეგმები მაქვს.
- როგორია შენი ერთ ჩვეულებრივი სამუშაო დღე?
- დილით ადრე ვდგები და ვვარჯიშობ, შემდეგ საცურაოდ მივდივარ. მერე იწყება დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი - უამრავი საინტერესო გადაღება, გამოსვლა... საღამოს უკვე მე და ჩემი მეუღლე გავდივართ გასართობად, სასეირნოდ.
- ოდესმე გინანია, რომ საქართველო დატოვე და უცხო ქვეყანაში გადაწყვიტე ცხოვრების, კარიერის აწყობა?
- თავიდან ჩემი აქ ყოფნა რთული იყო, აქაურობასთან შეჩვევა ძალიან გამიჭირდა, ახლა უკვე კარგად ვგრძნობ თავს. არასდროს მინანია წამოსვლა, რადგან ვთვლი, რომ ამხელა წარმატებას სხვანაირად ვერ მივაღწევდი. მიღწეულით არასდროს ვკმაყოფილდები, სულ სიახლეების ძიებაში ვარ. მუდმივად ვმუშაობ საკუთარ თავზე, არ ვდუნდები და არ ვფიქრობ, რომ ამ სფეროში მაღალ მწვერვალებზე ავედი და გასაკეთებელი აღარაფერი მაქვს-მეთქი.
- შენი პროფესია გაძლევს საშუალებას, რომ მატერიალურად ძლიერი იყო?
- კი, ამერიკა ყველას აძლევს შესაძლებლობას, რომ მატერიალურად კარგად იყოს. თუ შენი საქმის კეთება არ გეზარება, აუცილებლად იქნები მატერიალურად ძლიერი. რთულია საქმის აწყობა, თუმცა ეს ქვეყანა გიფასებს ნიჭსა და შრომას.
- გქონია პერიოდი, როცა სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილხარ და გიფიქრია, რომ ყველანაირი წარმატება უფერულია?
- დიახ, ძალიან რთული პერიოდი მქონდა - ერთსა და იმავე წელიწადს გარდამეცვალა დედა, მამა და ბაბუა. ეს იყო დიდი ტრაგედია, ტკივილი, იმედგაცრუება. თუმცა, როგორღაც შევძელი და ნელ-ნელა გამოვედი მდგომარეობიდან.
- შეგიძლია შენს პირად ცხოვრებაზეც მოგვიყვე? ვინ არის შენი მეუღლე და სად გაიცანით ერთმანეთი? რამდენი ხანი იყავით შეყვარებულები?
- მე და ჩემმა მომავალმა მეუღლემ პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" გავიცანით ერთმანეთი. ის "სუხიშვილების" მოცეკვავეა და ერთად მოგვიწია ცეკვამ, შემდეგ "სუხიშვილები" გასტროლით ამერიკაში ჩამოვიდნენ და აქ ისევ შევხვდით ერთმანეთს - ზუსტად 4 წლის შემდეგ. ძალიან თბილად მოვიკითხეთ ერთმანეთი, გავიხსენეთ პროექტის ამბები და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობა. გავცვალეთ ტელეფონის ნომრები, ვხვდებოდით, დავდიოდით ბარში, მუზეუმში, ვსეირნობდით მანჰეტენის ქუჩებში... ბოლოს მივხვდით, რომ შეგვიყვარდა ერთმანეთი. დღეს ძალიან ბედნიერები ვართ, წინ ბევრი საინტერესო გეგმა გვაქვს. შესაძლებელია გუგამ ჩემს სფეროშიც გააგრძელოს კარიერა, რადგან სააგენტოში დაინტერესდნენ მისით.
- ანუ მეუღლეს მოსწონს შენი საქმიანობა.
- დიახ, მოსწონს და ამაყობს კიდეც. მეუბნება, რომ ჩემი წარმატებისთვის ყველაფერს გააკეთებს. გუგა ძალიან თავისუფალი ადამიანია. ყველაფერში მხარში მიდგას და მეხმარება.
- გათხოვების შემდეგ ბევრი ქართველი მოდელი თავს ანებებს სამოდელო საქმიანობას, შენ ეს საფრთხე არ გემუქრება, ხომ?
- არა, რა სისულელეა! როცა ადამიანს უყვარხარ და პატივს გცემს, შენს პროფესიასაც პასუხისმგებლობით და გაგებით ეკიდება - სხვანაირად შეუძლებელია.
- პირველი სიყვარულში რომელი გამოუტყდით?
- ყველაფერი ისე მოხდა, რომ ორივემ ერთად ვთქვით "მიყვარხარ", ოღონდ არა სიტყვებით, არამედ საქციელით. სიტყვები ჩემთვის არაფრის მთქმელია, ადამიანებმა ერთმანეთის მიმართ სიყვარული ჩვენი დამოკიდებულებით უნდა გამოვხატოთ.
- რამდენი ხანია, რაც ერთად ცხოვრობთ?
- მე და გუგა უკვე ერთი წელია, ერთად ვცხოვრობთ. ჩვენ, პირველ რიგში, მეგობრები ვართ. კარგად ვუგებთ ერთმანეთს. უთქმელად ვხვდებით, რა დროს რა გვიხარია, რა გვწყინს...
- დაოჯახების შემდეგ ერთმანეთში განსხვავებული თვისებები თუ აღმოაჩინეთ?
- ჩვენი ურთიერთობა გულწრფელი იყო, ერთმანეთისთვის არაფერი მოგვიტყუებია, არ გვიმსახიობია და შესაბამისად, თანაცხოვრების შემდეგ განსხვავებული თვისებები ნამდვილად არ აღმოგვიჩენია.
- რით ანებივრებთ ერთმანეთს?
- პირველ რიგში, ერთმანეთს სიყვარულით ვანებივრებთ. მეც და გუგაც მზრუნველები ვართ. ვცდილობთ, ერთმანეთს დისკომფორტი არ შევუქმნათ.
- ქართული კერძების მომზადება გეხერხება?
- დიახ და სამზარეულოში ფუსფუსი, გუგასთვის გემრიელი სადილების მომზადება დიდ სიამოვნებას მანიჭებს. რასაც ვამზადებ, გუგას ყველაფერი მოსწონს. განსაკუთრებით ღომი და ბაჟე უყვარს, ამიტომ ხშირად მიწევს მათი მომზადება. გუგაც მეხმარება სამზარეულოში.
- ქორწილი უკვე გქონდათ?
- ქორწილი გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ დედა გარდამეცვალა და... სამომავლოდ საქართველოში ვგეგმავთ ქორწილის გადახდას, კერძოდ, გურიაში. თქვენც დაპატიჟებული ხართ.
- დიდი მადლობა, სიამოვნებით გესტუმრებით... დაბოლოს, სად აპირებთ ზაფხულის ცხელი დღეების გატარებას?
- მაიამში გავატარებთ შვებულებას.
- ზღვა თუ მთა - რომელს ანიჭებთ უპირატესობას?
- საქართველოში ბახმაროს, გურიას ვანიჭებ უპირატესობას, აქ კი ზღვაზე ყოფნა მომწონს...
- როგორ მიგიღეს გუგას მშობლებმა?
- ყველამ კარგად მიმიღო. გუგას ძალიან თბილი მშობლები ჰყავს. მისი დედა სულ მეფერება კომენტარებით, ესემესებით. სულ მეუბნება: როგორც ჩემი შვილი, ისე მიყვარხარო.
- შვილის ყოლას ჯერ არ გეგმავთ?
- დიახ, ვგეგმავთ. ბახმაროში, სუფთა ჰაერზე (იცინის)... როგორც კი თავისუფალი დრო გამოგვიჩნდება, საქართველოსკენ გამოვეშურებით. მე და გუგას ძალიან დიდი გეგმები გვაქვს, საქართველო ორივეს ძალიან გვიყვარს. გუგა, როგორც აღვნიშნე, გურულია და ჩემი ოცნებაა გურიის ყველა კუთხე-კუნჭული მოვინახულო. სურათების თვალიერებისას ძალიან მომხიბლა კურორტმა ბახმარომ. გუგაც სულ მიყვება გურიაზე და იქ გატარებულ დღეებზე.
სოფო ჭონიშვილი