"კვაზი მანტკავას როლი რითია ფასეული? ჩემი აზრით, კვაზის პერსონაჟი ხმობისკენ წასული ფესვის ისტორიაა" - გზაპრესი

"კვაზი მანტკავას როლი რითია ფასეული? ჩემი აზრით, კვაზის პერსონაჟი ხმობისკენ წასული ფესვის ისტორიაა"

წლების განმავლობაში ზურაბ ანთელავა თელავის თეატრის წამყვანი მსახიობი იყო. თელავში მოხდა მისი ჩამოყალიბება შემოქმედებითად, ადამიანურად, მსოფლმხედველობრივად. იქ 21 წლის ყმაწვილი ჩავიდა და 45-ისა წამოვიდა. 90-იანებში სამუშაოდ საზღვარგარეთ წასვლა ცოტა ხნით გადაწყვიტა, მაგრამ ეს დრო 14 წელი გაგრძელდა.

ზურაბ ანთელავას ბიოგრაფიით დაინტერესდა ესპანელი ახალგაზრდა ფილოსოფოსი, მწერალი მარიანო, რომელმაც ქართველ მსახიობზე წიგნის წერა კარგა ხანია დაიწყო და მალე დაამთავრებს.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული მისი გულახდილი ინტერვიუდან:

"ევროპაში ერთადერთი კუნძული მდინარე ენგურსა და მის შენაკადს შორის არის მოქცეული და დასახლებულია. ეს არის სოფელი შამგონა, ეკუთვნის ზუგდიდის რაიონს, 350 კომლი ცხოვრობს. იქ დავიბადეთ მეც და ჩემი ძმაც. შამგონა ჩემი დედულეთია. ბაბუა ლევან ჩარკვიანი და კანდიდ ჩარკვიანი გვარის ერთი შტოდან არიან. სოფლიდან თბილისში როცა ვბრუნდებოდი, ქართული აღარ მახსოვდა..."

"ჩხორიაში ბაბუაჩემის მირონი ნათესავები ნაჭყებიები ცხოვრობდნენ. ჯურუ ბიძიას 6 შვილი ჰყავდა, მეშვიდე მე ვიყავი. ახლაც ვიხსენებ, სახლის უკან ვიღაცას ვირი ჰყავდა გაშვებული და ზედ 6 ბავშვი ვისხედით. მთელი დღე სახლში ვეღარ შემოგვიყვანეს. ბოლოს გული რომ ვიჯერეთ, ჯურუ ბიძიამ მეგრულად გვითხრა: ეი, ვირებო, ვირი რა უყავითო?! ისეთი ცელქი ვიყავი, სახლიდან გასულს კითხვა-კითხვით მეძებდნენ. ერთხელ ჯურუ ბიძია ისე გავაბრაზე, ბოსელში ჩამკეტა..."

"კვაზი მანტკავას როლი რითია ფასეული? ხშირად ვამბობთ, - ჩვენი ჯიში, გენი, ფესვი, ტრადიცია. ჩემი აზრით, კვაზის პერსონაჟი სწორედ ხმობისკენ წასული ფესვის ისტორიაა, რომელიც იკარგება, მაგრამ მაინც სასიამოვნოა საყურებლად. გმირის ტიპაჟიდან გამომდინარე, მისი შინაგანი და გარეგანი თვისებები ფაქტურაში უნდა ჩაჯდეს, უნდა გაითავისო..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 26 ივლისის ნომერში წაიკითხავთ...

ნანული ზოტიკიშვილი