"ერთხელ მაკა ჩემოდანში ჩავკეტე" - გზაპრესი

"ერთხელ მაკა ჩემოდანში ჩავკეტე"

თავს ჩვეულებრივ ადამიანად მიიჩნევს. როგორც თავად ამბობს, რომ არა სახელოვანი მშობლები (კოტე მახარაძე, მედეა ჩახავა) და და-ძმა, მისი ბიოგრაფია არაფრით იქნებოდა გამორჩეული. იგი სპორტული მიმომხილველია, თავის საქმეს აკეთებს და ფიქრობს, რომ საზოგადოებას თავი არ უნდა შეახსენოს ინტერვიუებით. თუმცა, ივიკო მახარაძემ ჩემი თხოვნა და არგუმენტები მოისმინა და ეს საუბარიც შედგა.

- როგორია კულისებში გაზრდილი ბავშვის მოგონებები?

- კულისებში მოწყენილი არასდროს ვიყავი, სადაც მომინდებოდა, ყველგან შევდიოდი. ულამაზესი ქალბატონი ბელა მირიანაშვილი მიყვარდა და არა მარტო მე ( ), ჩემზე ბევრად უფროსებსაც. "ჭინჭრაქას" არც ერთი სპექტაკლი არ გამიცდენია. ერთი ამბავი ბუნდოვნად მახსოვს, უფრო მშობლების მონაყოლით: თეატრი გასტროლზე იყო საქართველოში. მე ადგილობრივ ბავშვებთან ვთამაშობდი. მითქვამს, რომ მამაჩემიც მონაწილეობდა დადგმაში. ეტყობა, მათ არ დამიჯერეს. ზაფხულია, ჯერ სინათლეა გარეთ, სპექტაკლი დაიწყო. ბავშვები სცენაზე გავიყვანე შუა სპექტაკლის დროს. "ბახტრიონიდან" ფარიკაობის სცენა მიდის. ყველა მამაჩემთან მივიყვანე და ვუთხარი - აი, ესაა-მეთქი (იღიმის). საერთოდ, ძალიან ცელქი ვიყავი. ერთხელ მაკა ჩემოდანში ჩავკეტე. 5 წლისა გახლდით, მაკა 11-ის და კი არ ვაიძულე, ეშმაკობას მივმართე: შენ ხომ ბალერინა ხარ და აბა, თუ შეძლებ, რომ ჩაეტიო-მეთქი. იმანაც მოინდომა, საოცრად მოქნილი იყო, ჩემოდანიც არ გახლდათ მომცრო ზომის... მერე ძიძამ გაათავისუფლა... სკოლა 16 წლისამ დავამთავრე, ადრე შემიყვანეს. ვაღიარებ, კარგად არ ვსწავლობდი. თუმცა, კითხვა მიყვარდა. ატესტატში ერთადერთი ოთხიანი გეოგრაფიაში მეწერა. პირველ წელს არ გავედი უმაღლესის გამოცდებზე, მზად არ ვიყავი. სხვათა შორის, არც მსახიობობა მინდოდა, მაგრამ იმ ერთი წლის მანძილზე რაღაც მოხდა, გონებაში ყველაფერი გადაბრუნდა და თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე.

მნიშვნელოვანი იყო მოზარდ მაყურებელთა თეატრში გატარებული სამი წელი. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ბიძაჩემ შალვა გაწერელიას ჩემთვის შეღავათები არასდროს მოუცია და სწორიც იყო. ამ თეატრის ცნობილი მსახიობი ლადო მექვაბიშვილი და ჩვენი ოჯახის ახლობელი ქალბატონი - ლამარა ბერაია ჩემი ნათლიები იყვნენ, ორივე საკმაოდ ტანმორჩილი აღნაგობის. 22 წლისა მომნათლეს. ვიყავი მაღალი, გრძელი თმით და წვერმოშვებული დავდიოდი. ეკლესიაში რომ შევედით, მღვდელი მეკითხება, - რომელს ნათლავო? ეგონა, რომ ბავშვები მივიყვანე (იცინის).

GzaPressმერე რუსთაველის თეატრში გადავედი. მშობლების და მათი კოლეგების ნამუშევრებიდან ვცდილობდი, უფრო მეტი მესწავლა, თუმცა მსახიობი აუცილებლად ინდივიდუალური უნდა იყოს. მიბაძვას ყოველთვის გავურბოდი.

- შემდეგ სპორტული კომენტატორი გახდით...

- კომენტატორობა საკმაოდ გვიან დავიწყე. ფაქტობრივად, ყველა ფეხბურთით იწყებს და მით უმეტეს მე, აბა, რითი უნდა დამეწყო?! ძალიან მალე კალათბურთიც დავუმატე. კომენტატორი იმიტომ კი არ გავხდი, რომ კოტეს შვილი ვიყავი, ეს თავისთავად მოხდა - გულწრფელად მომინდა. მამამ მითხრა: აიღე მაგნიტოფონი და ჩაწერე რეპორტაჟიო. ცარიელი ჯიხურების მეტი რა იყო, მეც რამდენიმე ჩავწერე. მამას ვასმენინებდი, ის მხოლოდ გრამატიკულ შეცდომებს მისწორებდა და ფრაზის აგებას მასწავლიდა, დანარჩენს თავს არ მახვევდა. სულ მეუბნებოდა: არაფრის შეგეშინდეს და არ იფიქრო იმაზე, შენი სტილი მისაღებია თუ არა? ვიღაცას მოეწონები, ვიღაცას არა. არც სხვა კომენტატორების გავლენის ქვეშ მოექცე, იყავი განსხვავებულიო.

- თავად სპორტის რომელ სახეობას მისდევდით?

- ბავშვობაში ბევრი სპორტის სახეობა მოვსინჯე. ჩემს მშობლებს ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ: არ გინდა? კარგი და მეც სხვა სახეობაზე შევდიოდი. ჯობდა, ერთ-ერთზე მაინც თუ დამტოვებდნენ. ჩემი შვილი კოტე, ერთდროულად სპორტის იმ ორ სახეობაზე შევიყვანე, რომლებსაც დღემდე მივდევ: ჩოგბურთი და თხილამურები. სამი წლის შემდეგ კოტე ჩოგბურთიდან გამოვიყვანე, რადგან თხილამურები გაცილებით უკეთ გამოსდიოდა. შეიძლება შევცდი კიდეც. ჩოგბურთი ცოტა რთული სახეობაა ბავშვისთვის და კაცმა არ იცის, ზოგიერთი როდის დაიწყებს კარგად თამაშს. როგორც წესი, ჩოგბურთს კვირაში სამჯერ ვთამაშობ და მთელი ზამთარი თხილამურებზე ვსრიალებ. თანრიგიც კი მაქვს თხილამურებზე სრიალში, მაგრამ სპორტსმენი ვიყავი-მეთქი, ვერ ვიტყვი, პროფესიულად არ გავყოლილვარ. ისე, მშობელმა ბავშვს რაღაც უნდა დააძალოს კიდეც.

- მუსიკაზე სიარულს გაძალებდნენ თუ გსიამოვნებდათ?

- მუსიკაზე შემიყვანეს, მაგრამ არაფრით მოვინდომე, არადა, ჯაზისა და როკის ფანატიკოსი ვარ. არც ერთ ინსტრუმენტს არ ვფლობ და ახლა, 62 წლის ასაკში დავიწყე გიტარის ათვისება, მაგრამ რამდენად გამომივა, არ ვიცი (იღიმის). ჩემი მეგობარი კაკო ვაშალომიძე მეხმარება. მეზობლები მყავდა მუსიკის დიდი მოყვარულები, ალეკო მეტრეველი და ოთარ ჯაყელი. ისინი ჩემზე უფროსები იყვნენ. 60-იან წლებში ჩანაწერებს რაღაცნაირად შოულობდნენ. პირველად "ბითლზი" რომ მოვისმინე, "ჭკუა გადამეკეტა". იქიდან დაიწყო და დაიწყო. ელვის პრესლის და ჩაკ ბერის სიმღერებს ე.წ. რენტგენის "ფირფიტებზე" (სურათებზე იწერდნენ) ვისმენდით და მახსოვს, საოცარი "ფხიკინი" ჰქონდა. არ იყო ადვილი ვინილის ფირფიტების შოვნა, მაგრამ ვახერხებდით და ვაგროვებდი, მაგრამ ერთხანს გული ავიცრუე. კომპაქტდისკების ეპოქა რომ დადგა, ფირფიტების შეგროვებას აზრი აღარ ჰქონდა. ახლა 400-მდე კომპაქტდისკი მაქვს... მშობლები ჯაზისა და როკის მოყვარულები ვერ გავხადე, მაგრამ ჩემს დისშვილ ნატო მურვანიძეს შევაყვარე და ამას თვითონაც ამბობს. ჩემი ბევრი კერპის კონცერტზე ვყოფილვარ თბილისში, 1989 წელს კი მოსკოვშიც წავედი "პინკ ფლოიდის" კონცერტის გამო. ბედმა გამიღიმა, ბილეთი თემურმა მიშოვა, მაშინ დეპუტატი იყო. დღემდე მიმაჩნია, რომ ამ კონცერტზე გრანდიოზული არაფერი მინახავს, ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ანსამბლია.

თეატრალურში სწავლის პერიოდში, მგონი ხელოვნებათმცოდნეობის ლექციაზე, მუსიკაზე ვსაუბრობდით. ლექტორი ყველას ეკითხებოდა მათი საყვარელი კომპოზიტორების გვარებს. დაასახელეს ბეთჰოვენი, ბახი და ა.შ. ჩემი რიგი მოვიდა და ვთქვი, რომ ჩემთვის საყვარელი მუსიკოსია ამერიკელი ფრენკ ზაპა. ლექტორმა მისი არსებობა არ იცოდა და ჯერ გაუკვირდა, მერე გაბრაზდა. ბოლოს დაასკვნა: ეს როგორ, არ მესმისო. მე კი ვუპასუხე: მაგით, ფრენკ ზაპას არაფერი დააკლდება-მეთქი. მუსიკაში არის ბევრი სტილი, რომელსაც არ ვუსმენ. მერე რა? სხვას მოსწონს. ანდრეი მაკარევიჩმა გენიალურად თქვა: "არ არსებობს ცუდი მუსიკა. ერთ შემსრულებელს ორი მსმენელი მაინც თუ ჰყავს, ე.ი. მათთვის ის კარგი მუსიკაა".

- ჩოგბურთში გამორჩეული რეპორტაჟები გაქვთ?

- ვერ გამოვარჩევ. 7 წლის მანძილზე პრაქტიკულად ყველა ჩოგბურთელის თამაში მინახავს და ყველა რანგის შეჯიბრება გამიშუქებია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრია უდიდესი ჩოგბურთელი, ჩემი გულშემატკივრობა პიტ სამპრასზე დამთავრდა. ის ჩოგბურთი მერჩივნა, ადრე როგორც თამაშობდნენ. არ ვამბობ, რომ დღევანდელი ცუდია. ჯონ მაკინროუ და ჯიმ კონორსი ჩემთვის კერპებად დარჩებიან, თუნდაც, როგორც ცაციები. დღეს, რა თქმა უნდა, ქართველი ჩოგბურთელის, ნიკა ბასილაშვილის გულშემატკივარი ვარ.

ზოგადად, ჩოგბურთი ბავშვებში პოპულარულია და ბევრი დადის სპორტის ამ სახეობაზე, მაგრამ ადრე უფრო დალაგებული სისტემა იყო. დღეს ფინანსური პრობლემის გამო, ბევრს შესაძლებლობა არა აქვს, ჩოგბურთზე და ან სპორტის რომელიმე სახეობაზე იაროს. ასეთ დროს, შეიძლება ტალანტი დაიკარგოს კიდეც. ჩემი აზრით, საწყისი უნდა იყოს მასობრიობა, რომ ადვილად მიაგნო გამორჩეულს. ალბათ, მაინც სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს ბავშვთა სპორტი.

- ოჯახის შესახებ მიამბეთ.

GzaPress- ჩემი მეუღლე ნინო ნემსიწვერიძე ფარმაცევტია. ამჟამად მუშაობს იქ, სადაც სწავლობდა - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაცევტულ ფაკულტეტზე. ქალიშვილი ნათია 20 წელია, ამერიკაში ცხოვრობს. ის კინომსახიობია, ჰოლივუდის ლი სტრასბერგის უნივერსიტეტი დაამთავრა. მისი საეკრანო ფსევდონიმია ნათია დიუნი. სიძე გახლავთ მუსიკოსი ფრედერიკ კოლდუელი. იგი წერს მუსიკას ფილმებისთვის, გამოშვებული აქვს რამდენიმე ალბომი თავის ანსამბლთან ერთად. ახლახან ერთ-ერთი ალბომი გამომიგზავნეს. ფრედერიკი ლირიკული როკის მიმდევარია, არის გიტარისტი კარგი ვოკალური მონაცემებით და ანსამბლის ლიდერია. შვილიშვილები არ მყავს, ამისთვის ჯერ ვერ იცლიან.

კოტემ დაამთავრა კინოსარეჟისორო ფაკულტეტი, ჯერ მხოლოდ ბაკალავრიატი. მაგისტრატურა მინდა სადმე, კარგ სასწავლებელში საფუძვლიანად შეისწავლოს. შვილისთვის ჩემი გემოვნება თავს არასდროს მომიხვევია, მაგრამ ზუსტად ის მუსიკა უყვარს, რაც მე. ჩემი ბიჭი რამდენიმე წლის წინ სტამბოლში სპეციალურად ჩავიდა "პინკ ფლოიდის" ერთ-ერთი წევრის, როჯერ უოტერსის კონცერტზე, რომელიც ჯგუფიდან წამოვიდა.

- ფეხბურთში წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატს რა ემოციებით უყურებდით?

- მესი სჯობს თუ რონალდო? - ამ თემის გამო "ფეისბუკზე" ლამის დახოცეს ერთმანეთი. ვერ ვიგებ, ამას რა მნიშვნელობა აქვს? ჩვენი ხომ არც ერთი არაა. მე მაგალითად, ორივეს დათო ყიფიანი მერჩივნა. ჩემთვის ფეხბურთელების ის თაობა და მაშინდელი თბილისის "დინამო" ყველაფერია. კი, 1966 წლიდან ინგლისის თამაში მომწონს და მიყვარს, მაგრამ გულშემატკივარი არ ვარ. უბრალოდ, ბობი ჩარლტონი მომეწონა, მერე გამოჩნდა ჯორჯ ბესტი ჩემსავით გრძელი თმით და ასე გაგრძელდა... ძალიან დამწყდა გული, ინგლისის ნაკრებმა რომ ნახევარფინალის მატჩი წააგო, მაგრამ საკითხი ამით ამოიწურა.

ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი, როცა თბილისის "დინამომ" სწორედ ინგლისის გუნდებს, ლივერპულსა და ვესტჰემს მოუგო. ნეტავ, ასეთი ბევრი დღე გამითენდეს, ინგლისელებთან ჩვენები რომ იგებდნენ. როდესაც ჩემპიონატში საქართველო არ მონაწილეობს, ყველა რომელიმე ქვეყნის გუნდს ირჩევს. ვინც გინდა, ის მოგწონდეს - ბრაზილია, არგენტინა თუ სხვა, მაგრამ პირად შეურაცხყოფაზე ნუ გადახვალ. შენც კარგად იყავი და მეც.

ნანული ზოტიკიშვილი