"თითქოს უკვდავების წყალი მომაწოდა..."
font-large font-small
"თითქოს უკვდავების წყალი მომაწოდა..."
როგორ დააძლევინა შიში რუსუდან ბოლქვაძემ ზურა ანთელავას წლების მანძილზე ზურაბ ანთელავა თელავის თეატრის წამყვანი მსახიობი იყო. თელავში მოხდა მისი ჩამოყალიბება შემოქმედებითად, ადამიანურად, მსოფლმხედველობრივად. იქ 21 წლის ყმაწვილი ჩავიდა და 45-ისა წამოვიდა. 90-იანებში სამუშაოდ საზღვარგარეთ წასვლა ცოტა ხნით გადაწყვიტა, მაგრამ ეს დრო 14 წელი გაგრძელდა. ესპანეთში დრამატულ წრეებთან თანამშრომლობდა, სადაც სცენისმოყვარულები იკრიბებიან, სპექტაკლს დგამენ და მთელი წელი აჩვენებენ სხვადასხვა ადგილას. მსახიობი ესპანურად კი საუბრობდა, მაგრამ ეს სცენისთვის საკმარისი არ იყო, ამიტომ დადგმებში არ მონაწილეობდა, თუმცა მათ ყველანაირად ეხმარებოდა. ასევე ატარებდა მასტერკლასებს თუმანიშვილისა და სტანისლავსკის მეთოდებით. ზურაბ ანთელავას ბიოგრაფიით დაინტერესდა ესპანელი ახალგაზრდა ფილოსოფოსი, მწერალი მარიანო, რომელმაც ქართველ მსახიობზე წიგნის წერა კარგა ხანია დაიწყო და მალე დაამთავრებს.


თუმანიშვილის სკოლა
GzaPress- თეატრალურში სწავლა დავიწყეთ და პირველი, რამაც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა იყო ის, რომ აუდიტორიაში ნახევარწრეზე დავსხედით. პედაგოგმა, ბატონმა მიშამ გვითხრა: ახლა თქვენ ბავშვები აღარა ხართ და საქმეს სერიოზულად უნდა მოეკიდოთო. მერე სათითაოდ მოგვაყოლა, ვინ ვიყავით, როგორი ოჯახიდან და ა.შ. ყველაზე შთამბეჭდავი ერთი რამ იყო - რენტგენის სურათივით, თითქოს შიგნიდან ხედავდა ყველას. მომაჯადოებელი კაცი გახლდათ. კითხვაზე - რატომ მინდოდა მსახიობობა? მიამიტური, ბავშვური პასუხი გავეცი: "მინდა ხორავასნაირი ვიყო!" ბატონი აკაკი ნანახი მყავდა. პიონერთა სასახლეში მხატვრული კითხვის წრეზე დავდიოდი და ოლიმპიადებზე გამოვდიოდი. ერთხელ რუსთაველის თეატრში, 14 იანვარს დასკვნით ტურში ვაჟა-ფშაველას ლექსს ვკითხულობდი, უკვე ვიცოდი, რომ ვერცხლის მედალს მაძლევდნენ. ჩემი გამოსვლის შემდეგ ბატონ აკაკის უთქვამს, ამ ბავშვს ოქროს მედალი მიეცითო. იმ დროს მეათეკლასელი ვიყავი. თეატრალურში რომ ჩავაბარე, ბატონი აკაკი რექტორი აღარ იყო, მაგრამ მისი ხმა ხომ ისმოდა! ჩვენ გვერდით საოცარი თვალებით ცოცხალი ლეგენდა დადიოდა. თუმანიშვილი 4 წლის მანძილზე გვასწავლიდა: შეიძლება ვიღაცას ან რაღაცას უღალატო, მაგრამ თუ თეატრში მოხვედი, ყველაფერი უნდა გადადო და აქ უნდა იყო. რომ დაუკვირდეთ, მისი მოწაფეებიდან ყველა ცნობილია, რადგან გონებაში ჩადებული გვაქვს - "თეატრი უპირველეს ყოვლისა!" მსახიობი არის საქმისთვის თავგადადებული ადამიანი. როგორც რაინდები სწირავდნენ თავს სიმართლისთვის ან სიყვარულისთვის, შენც ასე უნდა გაწირო თავი. დიდ მაესტროს ყველასთან ინდივიდუალური ფსიქოლოგიური მიდგომა ჰქონდა. ყოველთვის იცოდა, ვინ რითი სუნთქავდა? მე ხომ თელავში ვცხოვრობდი, მაინც არაფერი გამორჩებოდა. როცა ჩამოვიდოდი, მკითხავდა: "ზურა, შენ იქა ხარ, არა?" თან საოცარი გაღიმება იცოდა, ულვაშში ეცინებოდა. მან საფუძვლიანად გვასწავლა: "უნდა იცოდე რას, რატომ და რისთვის აკეთებ. კიდევ ის, რომ მუდმივად დაუკმაყოფილებლობის გრძნობა უნდა გქონდეს, აქტიური უნდა იყო. დღეს ასე გავაკეთე, მაგრამ უფრო კარგად შეიძლებოდა - მსახიობს ეს განცდა თუ გაქვს, ე.ი. შემოქმედი ხარ, უკვე არტისტი გქვია. ჩვენ ასე გვგონია: მსახიობები ბევრნი არიან, არტისტები ცოტანი. ამით განსხვავდება ჩვენი სკოლა. ბატონი მიშა სასწაული ადამიანი იყო. სხვათა შორის, თუმანიშვილის ნამოწაფარს სცენაზე მხოლოდ გავლითაც ამოიცნობ.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ...
- რეჟისორმა ნუგზარ ლორთქიფანიძემ, რომელსაც თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ თელავში გავყევი, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ კონკრეტულად, რეალურ თეატრში გამევლო ის, რასაც თუმანიშვილის მოწაფეები მის მიერ შექმნილ სტუდიაში (თეატრი მერე დაერქვა) გადიოდნენ. ფაქტობრივად, მის ხელში გავიზარდე. ბატონ ნუგზარს მამა-მარჩენალს ვეძახდი. ასე ვთქვათ, ფეხის ადგმიდან ბოლომდე ჩემ გვერდით იდგა. უცხოეთიდან დაბრუნების შემდეგ, ისევ მან დამაყენა ფეხზე და სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრში მიმიწვია. პოლკოვნიკი ვითამაშე ბატონი ნუგზარის დადგმულ სპექტაკლში "ამბავი ჯარისკაცისა". რეპეტიციებზე ისე შევიბოჭე, როგორც პირველ კურსზე. მეშინოდა, ვაითუ, ჩამოვრჩი, ვაითუ, ისე ვერ გავაკეთე-მეთქი. ნულიდან დავიწყე ყველაფერი, სცენაზე დადგომა გამიჭირდა. ადრე რა იყავი, არავის აინტერესებს... ჩემმა ჯგუფელმა ქეთი დოლიძემ სპექტაკლში "ჭირვეულის მორჯულება", რომლის რეჟისორი ჰილარი ვუდი იყო, ჩემთვის როლი მოიგონა. რუსიკო ბოლქვაძემ თავის დადგმაში "ზვავი" შემიყვანა და ძალიან დამეხმარა. სამ კვირაში აღვიდგინე ის, რაც დაკარგული კი არ მქონდა, შიშის გამო ვერ ვაკეთებდი. რუსიკომ სასწაული შეძლო, შიში დამაძლევინა; თითქოს უკვდავების წყალი მომაწოდა. მე და გია აბესალაშვილი ერთ როლზე ვიყავით და იმანაც ხელი შემიწყო. მიმიშვა, ითამაშე რამდენიც გინდაო, რომ შევთამაშებულიყავი. აი, ესა გვაქვს ჩვენ - ბატონი მიშას ხალხს.
სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრს შენობა არა აქვს. წელიწადში მხოლოდ ერთ პრემიერას ვთამაშობთ და ისიც, თუ დარბაზი ვიშოვეთ. ამას წინათ, ზღაპარი "ბრემენელი მუსიკოსები" დავდგით, სადაც ვირი ისე ვითამაშე, ამგვარი არავის უთამაშია (იღიმის). თუ ფანტაზია გაქვს, ზღაპარი ყველაფრის საშუალებას გაძლევს.

იღბალი
- მთელი სამსახიობო კარიერის მანძილზე იღბალი დამყვებოდა - ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა ნებისმიერი პროფესიის ადამიანი პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯს დგამს და პირველივე კოჭი ალჩუზე დაუჯდება, მაგარია! თუ არ დაჯდა, მერე დიდხანს უნდა იწვალო. გარდა ამისა, პირველი შეფასება და რეაქცია მუდმივად, იარლიყივით რჩება. მაგალითად, შეიძლება როლის მეორე შემსრულებელი უძლიერესი იყოს, მაგრამ პირველი შემსრულებლის შთაბეჭდილება უფრო დასამახსოვრებელია, მისი ჩანაცვლება რთულია. ამიტომ არის ყველაზე მთავარი პირველი ნაბიჯი. ჩემს ასაკში უკვე შემიძლია ვთქვა, - იმდენად დატვირთული მსახიობი ვიყავი, რომ დრო არ მქონდა სპექტაკლში ვიღაცის მაგივრად შევსულიყავი.
პირველად ეკრანზე ძალიან პატარა ეპიზოდში, 21 წლისა გამოვჩნდი, გიგა ლორთქიფანიძე "დათა თუთაშხიას" იღებდა. მნიშვნელოვანი იყო გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილთან შეხვედრა. გვარს - თუმანიშვილს რომ გაიგებ, უკვე სხვა განწყობა გაქვს... მის ფილმში "ათოვდა ზამთრის ბაღებს" ჩემი გმირის ხაზი არსებობს. ამას წინათ ტელევიზიით ვნახე ეს ფილმი, როგორ ზუსტად დაინახა რეჟისორმა თითოეული პერსონაჟის შინაგანი სახე. გავიდა წლები და დიდი სიცარიელის შემდეგ, გიორგი ოვაშვილთან ფილმზე "ხიბულა" ვიმუშავე. სერიოზული როლია, პრეზიდენტის ერთ-ერთ პირად მცველს ვასახიერებ. გასაუბრებებზე შიში დამეუფლა და რეჟისორს ვეკითხებოდი: მართლა გჯერათ, რომ ამ როლზე გამოვდგები-მეთქი? მან მითხრა, შენ მომყევი და რასაც გეუბნები, ის გააკეთეო. ურთულესი იყო გადაღების პირველივე დღე - საკვანძო ეპიზოდს ვიღებდით, თან ღამით. ფაქტობრივად, გიორგი ოვაშვილთან ისევ ფეხის ადგმა ვისწავლე, ამჯერად კინოში და კამერასთან მუშაობა საშინელება ყოფილა.
კვაზი მანტკავას როლი რითია ფასეული? ხშირად ვამბობთ, - ჩვენი ჯიში, გენი, ფესვი, ტრადიცია. ჩემი აზრით, კვაზის პერსონაჟი სწორედ ხმობისკენ წასული ფესვის ისტორიაა, რომელიც იკარგება, მაგრამ მაინც სასიამოვნოა საყურებლად. გმირის ტიპაჟიდან გამომდინარე, მისი შინაგანი და გარეგანი თვისებები ფაქტურაში უნდა ჩაჯდეს, უნდა გაითავისო. ყველაფერს დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს, მე ასე მივუდექი. ალბათ, ამან განაპირობა გმირის პოპულარობა.

ბავშვობა და ფესვებთან მიბრუნება
GzaPress- ევროპაში ერთადერთი კუნძული მდინარე ენგურსა და მის შენაკადს შორის არის მოქცეული და დასახლებულია. ეს არის სოფელი შამგონა, ეკუთვნის ზუგდიდის რაიონს, 350 კომლი ცხოვრობს. იქ დავიბადეთ მეც და ჩემი ძმაც. შამგონა ჩემი დედულეთია. ბაბუა ლევან ჩარკვიანი და კანდიდ ჩარკვიანი გვარის ერთი შტოდან არიან. სოფლიდან თბილისში როცა ვბრუნდებოდი, ქართული აღარ მახსოვდა, ისეთი შერწყმა ხდებოდა გარემოსთან. ჩემი ძმა იქ ცხოვრობს ოჯახით, 4 წლით უფროსია. ბავშვობაში და ახლაც, ჩემზე გადაგებულია. ლეღვი გვიან, აგვისტოს ბოლოს შემოდის ჩვენთან. მთელ სოფელს შემოივლიდა, რომ ერთი ჯამი მაინც მოეგროვებინა, ისე არ გამომიშვებდა. ზაფხულობით ორ თვეს იქ ვატარებდი, აწყვეტილი ხარივით დავრბოდი მთელ ნათესაობაში და საერთოდ, სოფელში. ჩხორიაში ბაბუაჩემის მირონი ნათესავები ნაჭყებიები ცხოვრობდნენ. ჯურუ ბიძიას 6 შვილი ჰყავდა, მეშვიდე მე ვიყავი. ახლაც ვიხსენებ, სახლის უკან ვიღაცას ვირი ჰყავდა გაშვებული და ზედ 6 ბავშვი ვისხედით. მთელი დღე სახლში ვეღარ შემოგვიყვანეს. ბოლოს გული რომ ვიჯერეთ, ჯურუ ბიძიამ მეგრულად გვითხრა: ეი, ვირებო, ვირი რა უყავითო?! ისეთი ცელქი ვიყავი, სახლიდან გასულს კითხვა-კითხვით მეძებდნენ. ერთხელ ჯურუ ბიძია ისე გავაბრაზე, ბოსელში ჩამკეტა... თბილისში, მამიდაჩემთან თითის წვერებზე დავდიოდი, სოფელში კი ავიწყვეტდი.
ბოლო ხანებში სოფელში ხშირად ჩავდივარ, ასაკში შევდივარ და ადგილის დედა მეძახის. საერთოდ თბილისიდან წასვლაზე ვფიქრობ, მინდა იქ დავსახლდე. თუ საჭირო ვიქნები, ჩამოვალ, გადამიღებენ და ისევ წავალ. გეგმები მაქვს ზუგდიდის თეატრთან დაკავშირებით, იქ მეგობრები მყავს. ამის შესახებ ვესაუბრე უნიჭიერეს და უპატიოსნეს ადამიანს, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ბადრი წერედიანს.

შვილიშვილი ზუკა
- შვილიშვილს ვართობ, ვეთამაშები, ვათამამებ, თუმცა მის მიმართ ცოტა სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს. დედასთან, მამასა და ბებიასთან ყველაფერი გასდის, ჩემთან - არა. რა თქმა უნდა, ბავშვი ყველაფრით უნდა უზრუნველყო, მაგრამ ისე არ უნდა გაანებივრო, რომ აღარ დაგიჯეროს. მას უნდა გამოუმუშავდეს, რომ ზედმეტი არ შეიძლება. წყალს თუ ღარი არ მიეცი ან წალეკავს ყველაფერს, ან მთლიანად დაიკარგება. ასე მესმის და ასე გავიზარდე.
ნანული ზოტიკიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ქართველები ტრადიციებსა და ჩარჩოებს მაინც ვერ გავურბივართ"
"მინდა საკუთარ ქვეყანაში ვიცხოვრო და მგონი, ამის უფლება მაქვს"
"რაც ტელევიზიაში მუშაობა დავიწყე, უფრო მეტ ტკბილეულს ვჭამ"
რისთვის იჩაგრება დიმიტრი ლორთქიფანიძის ქალიშვილი
"ბევრი ადამიანი მინახავს უძვირფასესი სამოსითა და ჩამქრალი თვალებით"
ბავშვობისას ჩაფიქრებული და ახდენილი ნატვრა
გიზო ჟორდანიას გამო შეცვლილი გადაწყვეტილება
თამრიკო ჭოხონელიძის გულახდილი ინტერვიუ
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი