"თბილისისგან მოშორებით სიამოვნებით გადავსახლდებოდი" - გზაპრესი

"თბილისისგან მოშორებით სიამოვნებით გადავსახლდებოდი"

ბოლო რამდენიმე წელია, "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობის - ანი ტყებუჩავას დასვენება-განტვირთვის სტილი შეიცვალა: ანი უკვე 2 გოგონას დედა გახლავთ...

- ანი, როგორ ხართ? სერიალის გადაღებები უკვე დასრულდა თუ ისევ მიმდინარეობს?

- კარგად. გადაღებები მიმდინარეობს, როგორც ყოველთვის. თუ რაიმე პრობლემა არ დაემთხვა (მაგალითად, როგორც შარშან, როცა "რუსთავი 2"-ის პრობლემების გამო, სეზონი ერთი თვით ადრე დასრულდა), ტრადიციულად, გადაღებებს ივლისის ბოლოს ვამთავრებთ. მიმდინარე სეზონი აგვისტოს დასაწყისში გადადის.

- სერიალში თქვენი პერსონაჟი და მისი მეუღლე პრეზიდენტის ინიციატივას - მეექვსე საერთო შვილის ყოლისთვის 100 ათასი ლარის დაწესებას სერიოზულად განიხილავენ. ამ საკითხთან დაკავშირებით, თქვენ რა აზრის ხართ?

- ქეთი დევდარიანი ძალიან ჭკვიანი გოგოა. მის შესახებ ყველა ამბობს, - როგორ წინასწარმეტყველებსო?! ამაში მისტიკურს ვერაფერს ვხედავ: უპირველეს ყოვლისა, ქეთიმ საქართველოს წარსული ძალიან კარგად იცის, ქართველი ადამიანის ბუნებას კარგად იცნობს, აწმყოსიც ესმის და შესაბამისად, ასე თუ ისე, მომავალსაც კარგად განჭვრეტს. ამიტომ სერიალში ცოტათი წინასწარმეტყველური რაღაცებია ხოლმე. ჩვენი სახელმწიფო სერიალის პერსონაჟ პრეზიდენტს თუ მიჰბაძავს, კარგი იქნება: ცოლ-ქმრისთვის საერთო მესამე შვილის ყოლისთვის 10 ან 5 ათასი ლარიც რომ დააწესონ, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ქალი შვილს გააჩენს. დღესდღეობით საქართველოში რთული სიტუაციაა: ჰაერი დაბინძურებულია, საშინელი გამონაბოლქვია, ქვეყანაში უხარისხო საწვავი შემოდის. მიხარია, რომ ამ ყველაფრის გამო, ჩვენი მერი, მთავრობა შეწუხდა. ცდილობენ, სიტუაცია გამოასწორონ, რადგან პირველ რიგში, სწორედ ეს არის გამოსასწორებელი, თორემ თუ ადამიანი საღ გონებაზე ხარ და დედობრივი გრძნობები მოჭარბებული არ გაქვს, შეიძლება, საერთოდ არ გაგიჩნდეს სურვილი, რომ ამ ქალაქში ბავშვი გააჩინო, რადგან საშინელი ჰაერია. ჟანგბადი თითქმის აღარაა და ყოველდღე უფრო მეტად მცირდება. მგონი, მთავრობამ ადამიანების სასიკეთოდ ბევრი პროექტი უნდა განახორციელოს, ბევრი რაღაც გააკეთოს და საერთოდ, დედებს დახმარება სჭირდებათ, რადგან ეს ის ქალები აღარ არიან, ვინც წინათ, 3-4-თვიან დეკრეტულ შვებულებაში გადიოდნენ. დღევანდელი დედები 21-ე საუკუნის ქალები არიან, რომლებსაც გადაჭარბებული სამუშაო საათები აქვთ და სამსახურიდან შინ დაბრუნებულები შვილებთანაც ატარებენ დროს, მეუღლესთანაც, მშობლებთანაც და ბანკის კრედიტებსაც იხდიან. საუბრის სხვა თემაზე გადავედი, მაგრამ გამრავლებას რაც შეეხება, ამ საკითხში მნიშვნელოვანი და წვრილმანი დეტალებია მოსაგვარებელი. მთავარია, ადამიანმა იგრძნობს, რომ ის, როგორც ქალი და დედა, დაფასებულია, მას მნიშვნელოვანი როლი აქვს, თორემ დარწმუნებული ვარ, ბავშვის ყოლა ყველას ძალიან უხარია. მეც დიდი სიამოვნებით გავაჩენდი ბევრ შვილს, თუკი მეცოდინება, რომ ჯანსაღ გარემოში გაიზრდებიან.

- ასეთ გარემოში შვილებზე როგორ ზრუნავ?

- ვცდილობ, ბავშვები მეტ-ნაკლებად ჯანსაღი საკვებით ვკვებო. სამსახური თბილისში მაქვს, თორემ თბილისისგან მოშორებით სიამოვნებით გადავსახლდებოდი, რადგან გული მისკდება, როცა ვხედავ, ჩემ წინ მიმავალ მანქანას როგორი გამონაბოლქვი აქვს!.. ალბათ, ჩემ უკან მომავალსაც იგივე რეაქცია აქვს, რადგან საერთოდ, ავტომობილებს საშინელი გამონაბოლქვი აქვთ. "იმიტომ, რომ ბევრი მანქანაა" - ეს სწორი ფორმულირება არ არის, რადგან მსოფლიოში უამრავი ავტომობილია, მაგრამ სუფთა ჰაერი აქვთ. პრობლემის დაძლევა ყველამ უნდა მოვინდომოთ... მაინც მგონია, რომ არის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელსაც სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი...

- საზაფხულო არდადეგები უკვე დაგეგმეთ?

- არა. მე და ჩემს მეუღლეს საზღვარგარეთ კარგი მიწვევები გვაქვს და ვნახოთ...

- შვილების გამო ალბათ, თქვენი დასვენების სტილი შეიცვალა, არა?

- რა თქმა უნდა, შეიცვალა. ახლა დასვენებას სულ სხვა აზრი და გემო აქვს. მე აქტიური დასვენება არ მიყვარს, წყნარად ყოფნა მირჩევნია - ზღვა, წყალი, წიგნები... თუმცა, დასვენების ყველანაირი სტილი მომწონს, ალკოჰოლიც მიყვარს, მაგრამ როცა ბავშვები გყავს, ყველაფერი იცვლება: დასასვენებლად უფრო ჯანსაღ გარემოზე ვფიქრობ, პირველ რიგში - სუფთა ჰაერზე... დასვენების სტილთან ერთად, დამსვენებელთა შემადგენლობაც იცვლება. ჩემი მეუღლე ჩვენთან ერთად ისვენებს, მაგრამ მივლინებით საზღვარგარეთ გაფრენა ხშირად უწევს. ასეთ შემთხვევაში, ჩემი სადაქალო ბავშვებთან ერთად ვისვენებთ. თან, ბავშვებიც ერთმანეთთან მეგობრობენ. მოკლედ, სამეგობრო ერთად განვიტვირთებით ხოლმე.

- მშობლებისგან დამოუკიდებლად, დასასვენებლად პირველად როდის წახვედით?

- არ მახსოვს, ეს საკმაოდ ადრე იყო - ალბათ, სტუდენტობის პირველ წლებში, როცა ზღვაზე წავედით. მშობლებიც არ მზღუდავდნენ. რის გამო შეიძლებოდა, შევეზღუდე - სიგარეტის მოწევის თუ ალკოჰოლის მიღების? ყველაფერი ასაკის შესაბამისად იყო. ამიტომ მშობლებისგან დამოუკიდებლად დასვენება რაღაც განსაკუთრებული არ ყოფილა... ჩემთვის იდეალური დასვენება ოჯახთან, ჩემს გოგონებთან ერთად სანაპიროზე ყოფნაა. კარგია, თუ ძალიან ცოტა ხალხია. ბოლო დროს ასეთი სანაპიროები ცოტაა.

- თქვენი გოგონები რა ასაკის არიან?

- თაია ერთი წლისაა, ნენე - 4-ის. ნენეს სულ თამაში, ანცობა უნდა. ურეკში დავდივართ და ძალიან კარგად ვერთობით.

- კარგად ცურავთ?

- ნორმალურად. იმედი მაქვს, არავის გადარჩენა არ დამჭირდება, თუმცა თუ დამჭირდება, დაუფიქრებლად შევეცდები დახმარებას... როცა აუზის აბონემენტს ვიღებ, ვცდილობ, ცურვაში ჩემი შარშანდელი შედეგები გავაუმჯობესო.

- პლაჟზე ბავშვებისთვის ყურადღების მიქცევა და თან განტვირთვა რთული არ არის?

- არა. იქ მარტო მე ხომ არ ვარ? ჩემი მეუღლეც არის. როცა პლაჟზე გადიხარ და სულ სხვა რაღაცას გეგმავ - მოცემულ სიტუაციას ეწინააღმდეგები, ცხადია, ბავშვებთან ერთად განტვირთვა გაგიჭირდება. ჩვენ ძალიან მხიარულად ვართ, ვთამაშობთ. იმისთვის მივდივართ, რომ განვიტვირთოთ, თორემ ბავშვებთან ერთად, პლაჟზე ალკოჰოლის მიღება არ გამოვა (იღიმის).

- როცა დასასვენებლად წასული უცხო ადამიანების ყურადღებას იქცევთ, ეს შემაწუხებელი ხომ არ არის?

- არა, ასეთი სიტუაციის შესაფასებლად "შემაწუხებელი" არასწორი სიტყვაა, პირიქით - ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ადამიანი დადებით ემოციებს გიზიარებს. სოციალურ ქსელებში დიდი აგრესიაა. საერთოდ, ადამიანები აგრესიაში ბევრ დროს ვხარჯავთ. ამიტომ ხალხის ყურადღება შემაწუხებელი კი არა, ძალიან სასიამოვნოცაა: ერთად ფოტოებს ვიღებთ, აზრებს ვცვლით, რაღაცებს მირჩევენ, მეც რაღაცებს ვეუბნები და ა.შ.

- მთელი ოჯახის დასასვენებლად გამგზავრების სამზადისში რამდენ დროს ხარჯავთ?

- ეს ყველაზე სასიამოვნო პროცესია. ბარგის ჩალაგებაზე ვგიჟდები, ისე მიყვარს! მაგალითად, სერიალი ხომ ხანგრძლივი სიამოვნებაა? მინდა, გამგზავრების სამზადისი სერიალივით ძალიან დიდხანს გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, მაგალითად, ბავშვებისთვის საჭირო წამალი შეიძლება, იქაც იყიდებოდეს, სადაც დასასვენებლად მივემგზავრებით, მაგრამ მე მაინც ყველაფერი თან უნდა მქონდეს, რომ მშვიდად და კომფორტულად ვიგრძნო თავი.

- უცხოეთში დასასვენებლად ბევრ ქვეყანაში ხართ ნამყოფი?

- არც ისე ბევრში და არც - ცოტაში. რამდენჯერმე მე და ჩემი მეუღლე ვიყავით, რამდენჯერმე კი მეგობრებთან ერთად გახლდით. სამწუხაროდ, მოგზაურობაზე ხშირად უარის თქმა მიწევს - არა მარტო საზღვარგარეთ, არამედ საქართველოს ფარგლებშიც. არადა, ძალიან კარგი შემოთავაზებები მაქვს. 2 ძირითადი რამის მიმართ მაქვს დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა: ეს გახლავთ ოჯახი და სერიალი. მაგალითად, 21 ივნისს ჩემს მეგობარს - თამუნა ძნელაძეს (რომელიც ვენაში ცხოვრობს) დაბადების დღე ჰქონდა. 21 ივნისი სერიალისთვის მუშაობის აქტიური ფაზაა და ამიტომაც, თამუნასთან ჩემი გამგზავრება თავიდანვე გამოირიცხა. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ სერიალზე მომუშავე გუნდი ყოველთვის ცდილობს, ხელი შეგვიწყოს. მაგალითად, ორსულობის პერიოდში. მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, მეგობრის დაბადების დღეზე ვერ გავემგზავრე, ოღონდ - მხოლოდ სერიალის გამო კი არა, უფრო იმიტომ, რომ ბავშვებს ვერ დავტოვებდი. იმედია, გაისად გამოვასწორებ და თამუნასთან გავემგზავრები, რადგან თაიაც დიდი გოგო იქნება. ნენე 30 წლისამ გავაჩინე, თაია - 34-ისამ, ამიტომ მეგობრებთან ერთად ღამისთევები, ალკოჰოლის მიღება და "რაც გინდა, იმის კეთება", რა თქმა უნდა, კარგია - განტვირთვა მთელი ცხოვრება საჭიროა, მაგრამ ამ ყველაფრის მიმართ გულისწყვეტის განცდა ნაკლებად მაქვს. პრობლემა არ არის: ადამიანი ცხოვრების რა ეტაპზეც ხარ, აუცილებლად იმ ეტაპით უნდა დატკბე...

ეთო ყორღანაშვილი