"ბრენდებში ჩემი ზომის მხოლოდ ქუდები, სათვალეები და ჰალსტუხები იყიდება..." - გზაპრესი

"ბრენდებში ჩემი ზომის მხოლოდ ქუდები, სათვალეები და ჰალსტუხები იყიდება..."

ვახო ბოლოთაშვილი "ბახუტას შოუს" თანაწამყვანი და სცენარისტი განსაკუთრებით მოხიბლულია ლიტერატურით, მისი საყვარელი მწერალია ჯემალ ქარჩხაძე და უმბერტო ეკო, მოსწონს ჩეხოვის, ო"ჰენრისა და ნოდარ დუმბაძის მოთხრობები. მიიჩნევს, რომ ვისაც უნდა იუმორში რამეს მიაღწიოს, ამ სამი მწერლის შემოქმედებას უნდა გაეცნოს. საყვარელი იუმორისტი კი ლესლი ნილსენია - ამერიკული ფილმების საუკეთესო პაროდისტი. ვახო 24 წლისაა, პროფესიით ისტორიკოსი.

- დავიბადე სალონიკში. 7 წლის ვიყავი, საქართველოში რომ ჩამოვედი. ჩემი მშობლები იქ ცხოვრობდნენ, დედა ახლაც იქაა და უკვე 10 წელია, რაც საქართველოში არ ყოფილა. საახალწლოდ ალბათ, ჩამოვა. გასული წლის მაისში ვნახე პირველად 9 წლის შემდეგ, მე ჩავედი საბერძნეთში.

ერთხელ დედამ მითხრა, - წამოდი, გინდა თუ არა, რაღაცები უნდა გიყიდოო. ჩემი ზომა საბერძნეთის მაღაზიებშიც ვერ ვნახეთ ვერაფერი და წავედით ბაზრობაზე. მივესალმე გამყიდველს და ინგლისურად ვკითხე ფასი. - არ ვიცი ინგლისურიო. მერე რუსულად ვკითხე, ვერც რუსულად მიპასუხა. ბერძნულად ვუხსნი, რომ მინდა მაისური სამ ღილზე. უცებ დამავიწყდა, ბერძნულად როგორ იყო "3 ღილზე" და გაბრაზებულმა ქართულად ჩავილაპარაკე: 3 ღილზე, ეს დედა აფეთქებული-მეთქი.- მერე, ვერ იტყვი ნორმალურად, 3 ღილზე თუ გინდა, ბიჭო? - მეუბნება გამყიდველი. ხარაგაულელი გოგო აღმოჩნდა (იცინის). სხვათა შორის, კარგი გოგო იყო, 10-10 ევრო დამიკლო მაისურებზე.

- ვახო, შენი იუმორი უფრო სადაურია?

- მამაჩემი წარმოშობით საგურამოდანაა, მაგრამ ჩემი დიდი ბაბუაც კი თბილისში დაიბადა. გავიზარდე იმერლებთან ერთად - "კავეენს" ვგულისხმობ, ისინი ინტელექტუალურ იუმორს "აკეთებდნენ". ალბათ უფრო იმერული იუმორი მახასიათებს, სხარტი. თუმცა, ჩემს გვარშიც ბევრია ენამოსწრებული. მეც ბავშვობიდან დამყვა ეს ნიჭი. ერთხელ მასწავლებელი გავაბრაზე და მითხრა, - შენი ხმა არ გავიგონო გაკვეთილზეო და დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, - გაკვეთილი მომიყევიო, - დაფასთან გამიძახა. აბა, ხმას ხომ არ ამოვიღებდი და მუნჯურად დავიწყე გაკვეთილის მოყოლა. ისე გაბრაზდა, მცემა. სკოლიდანვე აქტიური "კავეენშიკი" ვიყავი, სკოლის შემდეგ ვთამაშობდი ჭიათურის გუნდ "მაღაროელთან" ერთად. 2013 წლიდან კი ტელეკომპანია "იმედში" ვმუშაობ სცენარისტად: ჯერ შალვა რამიშვილის შოუში, მერე ილო ბეროშვილის გადაცემაში, "ერთხელ საქართველოს" სკეტჩებში კი სცენარისტიც ვიყავი და ეპიზოდურ როლებშიც ვთამაშობდი. GDS-ზე გადიოდა ასეთი გადაცემა "ნოკაუტი" და მასში ვმონაწილეობდი, ფინალში მეორე ადგილი დავიკავე და 3.000 ლარიც მოვიგე. სტენდაფ-იუმორი იყო, სოციალურ-პოლიტიკური სატირა მქონდა. შექსპირის 66-ე სონეტი გადავაკეთე პოლიტიკურ ჭრილში: "ყველაფრით დაღლილს სანატრელად ვარდები დამრჩა,/ რადგან ოცნებად გადაიქცა მთელი ქვეყანა,/ რადგან უეცრად ჩამომართვეს ძვირფასი ფარჩა,/ რადგან ბიძინა არჩევნებზე გადამეყარა,/ რადგან კვერცხის და შლოპანცის ძეგლს ასობენ ლახვარს,/ რადგან ხადურმა დაიმონა ჩემი ქონება,/ რადგან ნაცობა გოიმობად ითვლება ახლა,/ რადგან ოქტომბერს საშინელი დადგა დროება./ ასე დაღლილი მე ყვარელში გადასვლას ვარჩევ,/ მაგრამ არ მინდა, უგულავა მარტო რომ დარჩეს". ეს იყო 2012 წლის არჩევნების შემდეგ.

GzaPress- "ბახუტას შოუში" როგორ აღმოჩნდი?

- სცენარისტებს ეძებდნენ. მეგობრებთან ერთად გამოვგზავნე (გუნდში ოთხნი ვართ) სცენარი. მოეწონათ, დაგვიბარეს და მერე უკვე, სცენარის კითხვის დროს გაჩნდა იდეა ჩემი თანაწამყვანობისა. ქართველ პროდიუსერებსაც მოეწონათ ჩემი იმპროვიზაციული ხუმრობები და ამერიკიდან ჩამოსულ კონან ობრაიანსაც - თქვა, რომ კარგი თანაწამყვანი ვიქნებოდი. იყო სხვა ვარიანტებიც სელებრითების, მაგრამ მაინც ჩემზე გააკეთეს არჩევანი. პირველად ვარ ამხელა გამოწვევის წინაშე და ამ ნდობისთვის მადლობა.

- რაც შეეხება შენს ჩაცმულობას შოუში, ამაზე რას იტყვი?

- თავიდანვე ვფიქრობდი, რომ ჩემს ჩაცმულობაზე ხუმრობა გაამართლებდა. დიზაინერმა შემირჩია ტანსაცმელი. სხვათა შორის, სოციალურ ქსელში ზოგი მწერს, - გადაყარე, ეს რა გაცვიაო, ზოგს კი ძალიან მოსწონს...

- "გააცინე და მოიგეში" რომ გამოხვედი, მაშინ ასეთი პუტკუნა არ იყავი, ხომ?

- ყველაზე დიდი, 161 კილო ვიყავი და 109 კილოზე ჩამოვედი 4 თვეში. წელიწადისა და 2 თვის განმავლობაში შევინარჩუნე ეს წონა, მაგრამ მერე ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა. საავადმყოფოში დავწექი და არასწორი მკურნალობის შედეგად ძალიან მოვიმატე. ახლა 145 კილო ვარ. ჩემი ზომის ტანსაცმელი იყიდება, მაგრამ ბრენდებში და თანაც, მხოლოდ ქუდები, სათვალეები და ჰალსტუხები.

- დანარჩენი პრინციპში, რაში გჭირდება?

- (იცინის) ჰო, რა, მარტო ეს სამიც რომ გეკეთოს, არც არაფერია სხვა საჭირო. მაღაზიაში რომ შევდივარ, პირდაპირ ვეუბნები ხოლმე: ჩემი ზომა ჰალსტუხის გარდა, სხვა რამ თუ გაქვთ-მეთქი?

- შენი ხუმრობის გამო უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილხარ?

- ერთხელ მსუქნებზე ვხუმრობდით და ვთქვი, საერთოდ, - მსუქნები ძალიან ნიჭიერები ვართ. მაგალითად, მე და გუსტავ ფლობერი-მეთქი და ძალიან გამეცინა. შეიძლება "მადამ ბოვარი" ბევრმა იცის, როგორც საჭმელი, მაგრამ რომანიც თუა, ყველამ ალბათ არ იცის და აბსოლუტურად არავის გასცინებია. ცოტა არ იყოს, უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ერთსა და იმავე ხუმრობაზე ვიღაცას შეიძლება გაეცინოს და ვიღაცას - არა. პოლიტიკური სატირა ყველაზე მეტად მომწონს. ახლახან დავწერეთ ერთი ასეთი ხუმრობა: მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრობისას შეხვდა ბილ გეიტს და საჩუქრად გადასცა "ვეფხისტყაოსანი". მან უთხრა: ძალიან დიდი მადლობა, რომ "ვეფხისტყაოსანი" მაჩუქეთ, მაგრამ ზუსტად ასეთი გადმომცა შარშან სომხეთის ფინანსთა მინისტრმაო.

- ჯოჯოხეთი მაინტერესებსო, ადრე თქვი და სამოთხე თუ იცი, როგორია?

- ხომ იციან ხოლმე ვიღაცაზე თქმა, აი, ეს აუცილებლად ჯოჯოხეთში მოხვდებაო. მაგალითად, ფრედი მერკურიზე ან მაიკლ ჯექსონზე უთქვამთ ხშირად. ისინი თუ ჯოჯოხეთში მოხვდებიან, ე.ი. იქ საინტერესო ხალხი ყოფილა და უფრო საინტერესოც იქნება იქ ყოფნა. აქაურობა ვისთვის ჯოჯოხეთია და ვისთვის სამოთხე. გააჩნია, ვინ როგორ უყურებს ამ ამბავს. ჯოჯოხეთია ჩემთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, რადგან ცხელა და თან რუსულ სიმღერებს უსმენენ. კონდიციონერი კი, როგორ წესი, გაფუჭებულია. ხშირად მიწევს სამარშრუტოებით მგზავრობა და ვინც ხმას ამოიღებს და მოითხოვს კონდიციონერის ჩართვას, მხარს არავინ უჭერს. ამას წინათ ერთმა ქალმა მოსთხოვა მძღოლს: კონდიციონერი ჩართეთო! სანამ მძღოლი უპასუხებდა, მე ვუთხარი: ქალბატონო, კონდიციონერი გაფუჭებულია. როგორ ფიქრობთ, თქვენზე მეტად ამ ბატონს (ანუ მძღოლი ვიგულისხმე) არ უნდა, რომ კონდიციონერი ჩართული იყოს? მაგრამ რა ქნას-მეთქი? თან მძღოლს ვუთხარი, - ბატონო, თქვენ მშვიდად მართეთ მანქანა, რა ტექსტიც უნდა თქვათ, ეგ უკვე ზეპირად ვიცი და ამ ქალს თქვენ მაგივრად მე გავცემ პასუხს, მერე ჩხუბში რომ უნდა გადაიზარდოს თქვენი საუბარი, იმ ჩხუბში გადაზრდასაც მე ვიკისრებ-მეთქი...

- მძღოლმა რა გითხრა?

- არაფერი, გაეცინა, მცნობს უკვე...

- სიყვარულის ახსნა არ მიყვარს, რადგან მერე ბევრი მეგობარი მყავსო...

- ძალიან კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ მეგობრებად დავრჩეთ, - ასე მეუბნებიან. მინდა მათ ვუთხრა, რომ წონაში პრინციპულად არ დავიკლებ, ასეთი შემიყვარონ და მერე დავიკლებ. მე მაქვს ნებისყოფა და შემიძლია, დავიკლო, მაგრამ ზოგს ხომ ეს არ შეუძლია და ისინი არავინ უნდა შეიყვაროს? გარეგნობით რატომ უნდა განსაზღვრონ ყველაფერი? პირველ რიგში, ხასიათით უნდა მიყვარდეს და ამის გამო მოვიყვანო ცოლად და არა კარგი გარეგნობისთვის.

- ახლა შეყვარებული ხარ?

- ერთი გოგო მომწონს, მაგრამ აზრი არ აქვს.

- რა იცი?

- ძალიან კარგი გოგოა ყველაფრით, გარეგნულადაც და ხასიათითაც, მაგრამ შანსი არ მაქვს და ამიტომ, ჩემს გრძნობას არ ვამჟღავნებ.

- წარმატებებს გისურვებ სიყვარულში! ახლა მითხარი, ლეიბორისტულ პარტიაში ნამდვილად იყავი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატადაც იყრიდი კენჭს?

- ასე იყო. ვიფიქრე საპარლამენტო არჩევნებზე ცოტას გავერთობი-მეთქი და ვიმხიარულე (იცინის). ეს ხუმრობით და ისე, მინდოდა პოლიტიკური გამოცდილება მიმეღო. შიდასამზარეულო მაინტერესებდა - რა ხდებოდა, როგორი იქნებოდა ხალხთან შეხვედრა, რა სჭირდებოდა მათ. ჩემი მეგობარი იყო "ლეიბორისტებში" და მთხოვა, მოდი, შიდა "რა? სად? როდის?" ჩავატაროთ ჩვენს პარტიაში, დაგვეხმარე კითხვების შედგენაშიო და იმდენად კარგი შედეგები აჩვენეს, გამიკვირდა. საკმაოდ განათლებული ახალგაზრდები აღმოჩნდნენ, დავმეგობრდი მათთან და ამიტომაც აღმოვჩნდი "ლეიბორისტებში".

- დამარცხდი?

- კი და ყველაზე მეტად რაც მეწყინა, ის იყო, რომ მე უფრო მეტი ხმა ავიღე, ვიდრე საქართველოს კონსტიტუციის დამწერმა ვახტანგ ხმალაძემ. მასზე მეტი ხმა გვერგო მე, ლალი მოროშკინას და იუმორისტ გიორგი აფციაურს. მიმაჩნია, რომ ბატონი ვახტანგისნაირი ადამიანები უნდა იყვნენ პოლიტიკაში.

- შალვა ნათელაშვილს თუ შეხვდი?

- შევხვდი და უნდა გითხრა, რომ ძალიან მომწონს. ქარიზმატული პიროვნებაა, არაჩვეულებრივი მოსაუბრე. საინტერესო და სწორი იდეები აქვს, ისევე, როგორც ბევრ სხვა პოლიტიკურ ლიდერს, მაგალითად, გუგული მაღრაძეს.

- გუგული მაღრაძე მაინც რატომ მოგწონს? ჭარბწონიანობის წინააღმდეგაც რომ აპირებს რეგულაციების შემოღებას?

- რა, სიგარეტის მოწევის აკრძალვა ცუდია? იმაშიც ვეთანხმები, რომ ჭარბწონიანობის მხრივ საქართველოში კატასტროფული ვითარებაა, მაგრამ ტკბილეულის გაძვირებას ვეწინააღმდეგები, რამე სხვა გზა უნდა გამოინახოს. მომწონს, რადგან არაპოპულისტურ ნაბიჯებს დგამს და საზოგადოების რეაქციას არ უფრთხის.

ნინო ჯავახიშვილი