საყვარელი მეგობარი, რომელიც თაკო კორინთელს "აბუჩად იგდებს" - გზაპრესი

საყვარელი მეგობარი, რომელიც თაკო კორინთელს "აბუჩად იგდებს"

ქუჩაში ტალახში ამოგანგლულ ცისფერთვალება, კულულათმიან გოგონას და მასთან ერთად უწყინარი გამომეტყველებით მიმავალ ტალახიან ძაღლს თუ დაინახავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, "ბარბარიკას" ენდიმ მორიგი ოინი მოუწყო: ენდი ლაბრადორის ჯიშის 2 წლის ძაღლი გახლავთ, რომელიც ტელეწამყვანთან და "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობთან - თაკო კორინთელთან მეგობრობს. ის ჯიუტი და ოინების მოყვარულია, თუმცა მეგობრის თანაგრძნობა და გვერდით დგომაც არ ეშლება. ამიტომ, თაკოს ის განსაკუთრებულად უყვარს და მზრუნველობას არ აკლებს...

- ენდი ძალიან "მაიმუნია". 19 მაისს 2 წლის გახდა. მეუღლემ მაშინ მომიყვანა, როცა ჯერ მხოლოდ 2 კვირის იყო. საერთოდ არ ველოდი - სიურპრიზი გახლდათ. მას მერე მე და ენდი ერთად ვართ. მართლა ისეა, თითქოს მცირეწლოვანი შვილი მყავდეს.

- ენდის ლეკვობის პერიოდი რთული იყო? როგორ უვლიდი?

- ძალიან რთული იყო. თან, იმ პერიოდში, საშინელი სამუშაო რეჟიმი მქონდა: დილის 6-ის ნახევარზე ვდგებოდი, 6 საათზე უკვე მძღოლი მაკითხავდა და სამსახურში მივდიოდი. ვისაც ძაღლი ჰყავს, კარგად იცის, რომ ლეკვს საათში ერთხელ უნდა აჭამო - საჭმელი უნდა დაულბო და გამზადებული გქონდეს, რადგან ლეკვებს ჯერ კბილები არ აქვთ. შესაბამისად, ენდის ბოთლებში გადანაწილებულ დამბალ საჭმელს ვუტოვებდი. სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს საშინელება, კოშმარი და ჯოჯოხეთი მხვდებოდა: ყველგან მოსაქმებული იყო, ყველაფერი დაღრღნილი და გაფუჭებული... შემდეგ ენდიმ გარდერობის კარის გახსნა ისწავლა. შედეგად, ტანსაცმელი გადმოყრილი, დაგლეჯილ-დაფლეთილი მხვდებოდა, თავად კი კრავის სახით მეგებებოდა იმ ჯოჯოხეთურ სანაგვეში (იცინის). მე ვერ ვეჩხუბებოდი. ჩემი მეუღლე, რა თქმა უნდა, ჩხუბობდა და ენდის ცოტათი ტაკოზეც მოხვდებოდა ხოლმე. რაკი მე ვერ ვეჩხუბებოდი, თავზე მაჯდა! ჩემთან "გასდიოდა", ჰოდა, დღემდე აბუჩად მიგდებს.

- ენდისთან მეგობრობა არასოდეს გინანია?

GzaPress- იცი, როგორი რაღაცები გაუფუჭებია? გული ძალიან რომ მტკენია, ისეთი. მიუხედავად ამისა, მასთან მეგობრობა არასოდეს მინანია. როცა შემოვტრიალდები და მის სახეს ვხედავ, მეცინება, ვერ ვუბრაზდები. არადა, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა თუ რაიმე ნივთის გაფუჭება მწყენია.

- სახელად ენდი როგორ და რატომ შეურჩიე?

- მისთვის სხვა სახელის დარქმევას ვფიქრობდი, მაგრამ ჩემმა ქმარმა რომ მოიყვანა, თქვა: ამას ენდი ერქმევაო. - აუ, არ მინდა-მეთქი, - ვაპროტესტებდი და პროტესტის ნიშნად, "ბუბუს" და სხვა რაღაცებს ვეძახდი, მაგრამ არ ესმოდა, მხოლოდ "ენდიზე" რეაგირებდა. მივხვდი, ამ სახელზე უნდა შევჩერებულიყავი. არადა, ყველას ჰგონია, რომ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" გამო დავარქვი. მსგავსი არაფერი ყოფილა.

- დღესდღეობით, მუშაობას და ენდიზე ზრუნვას როგორ ახერხებ?

- ახლა მხოლოდ სერიალში ვარ დაკავებული. ზოგჯერ გადაღება ყოველდღე მაქვს, ზოგჯერ - კვირაში 3-4-ჯერ. ხან 4-5 საათს გრძელდება, ხან კი - დილიდან გვიანობამდე. როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება, ენდიზე ზრუნვას ვუთმობ. სულ საათს ვუყურებ. შინიდან სხვა საქმის გამოც რომ ვიყო გასული, ყოველთვის ვრეკავ, - ენდი რას შვრება, როგორ არის-მეთქი? ზუსტად ვიცი, სასეირნოდ რომელ საათზე უნდა გავიყვანო. გიჟივით მოვრბივარ, ვასეირნებ და მერე ისევ საქმეს ვაგრძელებ, თუმცა თუ თავისუფალი დღე მაქვს და გარეთ გამყავს, დროს ვეღარ ვგრძნობ - შეიძლება, 6-7 საათი გარეთ ვიბოდიალოთ.

- დროს ერთად როგორ ატარებთ?

- ჩვენი სეირნობა ძალიან სასაცილოა. მე ვასეირნებ ენდის თუ პირიქით, დღემდე ვერ გავიგე. დამათრევს და ხან რომელი ბუჩქიდან ამოვხტები, ხან - რომლიდან. მგონი, ხალხს გიჟი ვგონივარ. საშინლად მოუსვენარი, ცანცარა ძაღლია და სულ დარბის. თითქმის ორ დღეში ერთხელ მაინც ხდება ასეთი რაღაც: გამექცევა (მაგალითად, უცებ კატას გაეკიდება), მე კი უკან მივდევ. ისეთი ჯიუტია, რომ როცა ვუყვირი, - ენდი, ახლა დაგიჭერ და ძალიან მაგრად გცემ-მეთქი, უკან იყურება და თან, ჯიბრით, სისწრაფეს ვუმატებ, რომ კიდევ გავეკიდო (იცინის). ასეთი ბრძოლა გვაქვს ხოლმე. მერე ყველა ჩვენ გვიყურებს - ის გოგო, ნაზად რომ გამოვიდა, უცებ გიჟივით მირბის და თავის ძაღლს მისდევსო.

- ენდის სად სძინავს?

- ჩემთან, ოღონდ იცი, როგორ? ხომ შეუძლია, ჩემ გვერდით ან ფეხებთან დაწვეს? ენდი ზემოდან მაწევს.

- რაიმე განსაკუთრებული უნარი ხომ არ აქვს?

- ვფიქრობ, ყველა ძაღლი განსაკუთრებულია. მაგალითად, ამას სულ ველაპარაკები. ვიდრე ენდი მეყოლებოდა, მანამდე ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, ძაღლს ველაპარაკებიო, მის ფსიქიკურ მდგომარეობაში ცოტათი ეჭვი შემეპარებოდა. ახლა ასე არ ვფიქრობ, რადგან ენდი ჩვეულებრივი პიროვნება და "ადამიანია" - ერთადერთი, ვერ ლაპარაკობს. ვისაც ძაღლი ჰყავს, ის მიხვდება, რასაც ვამბობ. ვისაც არ ჰყავს, მას შეიძლება, გიჟი ვეგონო და ვგონივარ კიდეც, რადგან ჩემ შესახებ ნათქვამი ეს ფრაზა ბევრჯერ გამიგონია: საწყალი, არადა, რა კარგი გოგოაო...

- როცა სევდიანი ხარ, ენდისგან თანაგრძნობას, მხარდაჭერას გრძნობ?

- ძალიან. უფრო მეტად იმიტომ ვაფასებ, რომ ამ 2 წლის განმავლობაში ცხოვრებისეული პრობლემები, "ჩავარდნები" ბევრჯერ მქონია. უამრავი მეგობარი, საყვარელი ადამიანი მყავს, ვინც გვერდით მიდგას, მაგრამ მხოლოდ ძაღლს "გამოვყავარ" - ენდი ჩემი ანტიდეპრესანტიც არის. არ არსებობს, ჩემი ემოცია არ იგრძნოს. როცა ცუდად ვარ, მოდის, თავის სათამაშოებს ცხვირწინ მიყრის და ცხვირით მაწვება, რომ ვეთამაშო... მერე, თუ მიხვდა, რომ ამის თავიც არ მაქვს, მოდის და თავს კალთაზე მადებს ან მთლიანად კალთაში მიჯდება ამხელა ძროხა (იღიმის). როცა ცუდად ვარ, ხომ ვაკვირდები, რას აკეთებს? ბოლოს რომ მოდის და მელოლიავებ-მელაქუცება, ამის გამო ბევრჯერ მიტირია. ყველაფერს ისე გრძნობს, თითქოს მართლა ადამიანია. ჩემი ცრემლები ენდის ასეთ საქციელს უფრო გამოუწვევია, ვიდრე პრობლემებს.

- დასასვენებლად ერთად მიდიხართ ხოლმე?

- დასასვენებლად ჯერ მე მივდიოდი, ენდის კი დედაჩემს ვუტოვებდით, მერე დედა მიდიოდა... წელს რაღაცები შეიცვალა. ალბათ, ვერსად წავალ ან თუ წავალ, ენდისთან ერთად. რა ვქნა, ვერ დავტოვებ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრი საშუალებაა ძაღლი დატოვო (მაგალითად, სასტუმროში), იმაზე ნერვიულობას - ენდი როგორ განიცდის, მირჩევნია, საერთოდ არ წავიდე.

- შარშან შენთან განშორებას როგორ შეეგუა?

- მშვიდად ვიყავი, რადგან დედაჩემს ვუტოვებდი და ზუსტად ვიცოდი, როგორც იქნებოდა, თუმცა ცოტათი იმაზე ვნერვიულობდი, თავად ენდი როგორ შეეგუებოდა განშორებას. რა თქმა უნდა, შინ დღეში რამდენჯერმე ვრეკავდი. ბოლოს დედა მეუბნებოდა, - ჯერ მე რომ მომიკითხო და მერე - ენდი, კარგი იქნებაო (იცინის). თავდაპირველად, ასე თუ ისე, ენდი ხალისიანად იყო. კართან იდგა და დამინახა, რომ წავედი. ცოტათი წაიწკმუტუნა, მაგრამ ცოტა ხანში დაავიწყდა, რადგან დედაჩემი ეთამაშებოდა. 4 დღის შემდეგ, კართან დაწვა. დედა მირეკავდა: არ ვიცი, რა გავაკეთო, კართან წევს და ჭამა არ სურს, ხელით ვაჭმევო. როცა ჩამოვედით, უცებ, ისეთი ამბავი დაატრიალა, რომ აზრზე ვერ მოვედი: თავზე, კისერზე მახტებოდა (იცინის). ჩემი დანახვა ისე გაუხარდა, რომ ეს მართლა დიდი ბედნიერება იყო! ახლაც, შინიდან თუნდაც საათით გასულს ისე ემოციურად მხვდება, თითქოს, 2 კვირა არ ვუნახავვარ: გიჟივით დახტის, დარბის, თავისი სათამაშოები მოაქვს და ცხვირწინ მიყრის, წრეებს მირტყამს... შოკშია! ამიტომ სახლში ჩემი დაბრუნება ერთი ბედნიერებაა!

- ენდის რომელიმე ოინის შესახებ მოგვიყევი.

- ერთხელ მთელი იპოდრომი მე მიყურებდა, რადგან ენდი ჭაობისკენ გაიქცა, მეც გიჟივით გავეკიდე, მაგრამ როგორ დავეწეოდი?! ვუყვიროდი, - ენდი, დროზე ამოდი, თორემ ძალიან მაგრად გცემ-მეთქი, თან - მივრბოდი. სანამ მივუახლოვდებოდი, ტყლაპოში ჭყაპაჭყუპი უფრო მაგრად დაიწყო, რომ ბოლომდე ამოგანგლულიყო. ბოლოს, როცა მივუახლოვდი და მისკენ ხელი უნდა წამეწია, ჩაყვინთა (იცინის). თან, შუა ჭაობში იყო. მეც უნდა შევსულიყავი, სხვაგვარად ვერ გამოვათრევდი. ძაღლიც და პატრონიც შავად ამოგანგლულები მოვდიოდით შინისკენ მომავალ გზაზე. ყველა ჩვენ გვიყურებდა, ზოგი ფოტოს გვიღებდა. გზადაგზა ბებერი ქალივით ვილანძღებოდი, - შე დამპალო, ეს რა გამიკეთე-მეთქი (იცინის)?! მოკლედ, ძალიან სასაცილო სიტუაციაში მაგდებს ხოლმე, მერე კი კრავივით მომყვება, თითქოს არაფერი დაუშავებია...

- ენდისთან მეგობრობამდე, ცხოველების მიმართ როგორი დამოკიდებულება გქონდა?

GzaPress- ცხოველებზე მანამდეც ვგიჟდებოდი, ისე მიყვარდა! ქუჩაში მაწანწალა ძაღლსაც რომ დავინახავდი, მაშინვე ჩემი მეგობრებისგან ეს ფრაზა მესმოდა: "თაკო, ახლა ამას ხელი არ მოჰკიდო!" სხვათა შორის, ძალიან კომუნიკაბელური, ჰუმანური ვარ და მიმაჩნია, რომ არ არსებობს ადამიანი, ვისთანაც საერთო ენას ვერ გამოვნახავ, კომუნიკაციას ვერ დავამყარებ, მაგრამ როგორც კი ვიგებ, რომ ვინმეს ცხოველი არ უყვარს, უბრალოდ, მასთან კონტაქტი აღარ მინდა - ჩვენ შორის რაღაც კედელივით აღიმართება ხოლმე. მგონია, რომ ის ადამიანი ცოტა სხვანაირად ცხოვრობს. თუნდაც, როცა პატარა ბავშვს ვხედავ, რომელსაც ძაღლები უყვარს, მაშინვე ის აზრი მებადება, რომ ეს ბავშვი ძალიან მაგარი ადამიანი გაიზრდება, რადგან როცა ცხოველები გიყვარს, გამორიცხულია, ბოროტი იყო.

- იმ ადამიანებს რას ურჩევ, ვისაც ცხოველები დიდად არ უყვართ?

- აუცილებლად უნდა შეიყვარონ! ბევრისგან გამიგონია და მეც ხშირად მითქვამს, - ძაღლი ბევრ ადამიანს მირჩევნია-მეთქი. ძაღლს უანგაროდ უყვარხარ, ყოველთვის შენი ერთგულია და არასოდეს მიგატოვებს. ადამიანურ ურთიერთობებში იშვიათია, რომ ვინმეს უანგაროდ უყვარდე და გიერთგულოს. საერთოდ, ვერ ვიტან, როცა ძაღლებს აჩხუბებენ, გეშავენ - ეციო, მერე კი, თუ ძაღლმა ჩხუბში წააგო, დამარცხდა, სცემენ - იმას როგორ ვერ მოერიეო?! ასეთი პატრონების ერთგულებიც კი არიან ის საცოდავი ძაღლები. ამიტომ, ცხოველები აუცილებლად უნდა შეიყვაროთ...

ეთო ყორღანაშვილი