"როცა საყვარელ ადამიანს უჭირს, წესებსა და კანონებზე არავინ ფიქრობს" - გზაპრესი

"როცა საყვარელ ადამიანს უჭირს, წესებსა და კანონებზე არავინ ფიქრობს"

მსახიობი სალომე კოკუაშვილი ფიქრობს, რომ ცხოვრებისგან შემოთავაზებული ბევრი საინტერესო რამ "გამაზა". "თუმცა, გვიანი არასოდეს არაფერია, მთავარია მოინდომო და ნულიდანაც შეიძლება დაიწყო ცხოვრება", - მითხრა მსახიობმა.

- ჩაიხედე სარკეში და მითხარი, რამდენი წლის ხარ?

- 20-ის (იცინის). ამ ასაკის შემდეგ წლები თუ მომემატა, არა მგონია. მთავარია ადამიანი შინაგანად რა ასაკში ხარ.

- რა გირჩევნია, მოითმინო წარუმატებლობა თუ არასოდეს გამოსცადო ის?

- ალბათ ჯობია, რომ წარუმატებლობა არასოდეს გამოცადო, მაგრამ წარმატების მისაღწევად წარუმატებლობის მოთმენა ღირს. თუ არ იცი წარუმატებლობის გემო, წარმატებას სათანადოდ ვერ დააფასებ. ჰაერიდან ხომ არაფერი მოდის, ყველაფერს შრომა და დიდი ენერგია სჭირდება.

- თუ ცხოვრება ხანმოკლეა, რატომ ვაიძულებთ თავს ვაკეთოთ ის, რაც არ მოგვწონს?

- არ ვიცი... მე ნამდვილად ვცდილობ, ყოველთვის ის ვაკეთო, რაც მომწონს და ხანმოკლე ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღო. არასდროს არაფერს ვაკეთებ ისე, რომ საკუთარი თავი დავაზარალო და ამით სხვა ვასიამოვნო.

- რომ გქონდეს შანსი, შეცვალო მხოლოდ ერთი დეტალი შენს ცხოვრებაში, რას შეცვლიდი?

- 12 წლის წინ სხვა ქვეყანაში, სხვა უნივერსიტეტში ჩავაბარებდი და ალბათ, სხვაგვარადაც წარვმართავდი ჩემს ცხოვრებას.

- წარმოიდგინე, რომ ბედნიერება გახდა მსოფლიოს ვალუტა. რა ტიპის სამსახური გაგხდიდა მდიდარს?

- რაც მაქვს, ის სამსახური გამხდიდა მდიდარს. მიყვარს ჩემი საქმე და არასდროს არაფერში გავცვლი. ყოველი ახალი კონცერტის თუ ივენთის წაყვანა მაბედნიერებს. ახალ ფილმსა და სერიალში თამაშიც ჩემი ცხოვრების სტიმულია. მხოლოდ საკუთარი პროფესიის სიყვარულით, როლებით, ივენთების წაყვანით გავხდებოდი მდიდარი.

- შენ აკეთებ იმას, რისიც გჯერა, თუ ცდილობ დაიჯერო იმის, რასაც აკეთებ?

- ყოველთვის ვცდილობ ვაკეთო ის, რისიც მჯერა. არასდროს ვაკეთებ საქმეს, რაც შეიძლება არ გამომივიდეს.

- რამდენად აკონტროლებთ ყველა იმ მოვლენას, რაც შენს ცხოვრებაში ხდება?

- ვფიქრობ, მოვლენებს საერთოდ ვერ ვაკონტროლებ... რა საჭიროა რაღაცების კონტროლი და წინასწარ ნერვების მოშლა? რაც მოსახდენია, ისედაც მოხდება.

- ვთქვათ, სასადილოდ ნაცნობებთან ერთად წახვედით. მოულოდნელად ისინი შენი ახლო მეგობრის უსამართლოდ გაკრიტიკებას იწყებენ, როგორ მოიქცევი?

- უსამართლოდ სულ უცხო ადამიანს რომ აკრიტიკებდნენ, მაშინაც ვერ გავჩერდები, ვერ მოვითმენ... რასაკვირველია, მათ საუბარს გავაწყვეტინებ და ვეტყვი, რომ უნამუსოდ იქცევიან.

- დაარღვევდი თუ არა კანონს საყვარელი ადამიანის გადასარჩენად?

- რა თქმა უნდა, როცა საყვარელ ადამიანს უჭირს, წესებსა და კანონებზე არავინ ფიქრობს.

- რით განსხვავდები სხვებისგან?

- ყველა ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავებულია. ორი ერთნაირი ადამიანი უბრალოდ, არ არსებობს.

- რომ შემოგთავაზონ სამუდამოდ სხვა ქვეყანაში წასვლა, სად წახვიდოდი და რატომ?

- კალიფორნიაში ვიცხოვრებდი.

- როცა ლიფტის ღილაკს ნერვიულად რამდენჯერმე აჭერ თითს, მართლა გჯერა, რომ ასე უფრო მალე მოვა?

- ვაიმე, კი... (იცინის) ვფიქრობ, ეს ფსიქოლოგიური მომენტია.

- რომელს ისურვებდი იყო: უბედური გენიოსი, თუ ბედნიერი სულელი?

- სხვა არჩევანი არ მაქვს? ბედნიერი მინდა ვიყო, ოღონდ - არა სულელი (იცინის).

- რა უფრო უარესია, შენი მეგობარი სამუდამოდ წავიდეს უცხო ქვეყანაში თუ აქ იყოს და შეწყვიტო ურთიერთობა?

- ახლოს იყოს და შევწყვიტო ურთიერთობა.

- ყველაზე მეტად, რის გამო ხარ სამყაროს მადლიერი?

- არ ვარ უმადური ადამიანი. კმაყოფილი ვარ იმით, ვინც ვარ, როგორიც ვარ და რასაც წარმოვადგენ.

- რომელს აირჩევდი: ძველი მოგონების წაშლას, თუ ახლის მოპოვებას?

- რაღაც კონკრეტული ძველი მოგონებების წაშლაზე უარს არ ვიტყოდი... ახალს ისედაც უამრავს მოვაგროვებ.

- გახსოვს დაახლოებით 5 წლის წინ რაზე იყავი გაბრაზებული? ახლა აქვს ამას საერთოდ რამე მნიშვნელობა?

- კი, მახსოვს და დღემდე აქვს მნიშვნელობა ამ წყენას. მიუხედავად იმისა, რომ ბოღმიანი არ ვარ და წყენას გულში დიდი ხნით არასდროს ვიტოვებ, ზოგჯერ გამახსენდება ხოლმე...

- რა არის შენი ბავშვობის ყველაზე ბედნიერი მოგონება?

- სიმართლე გითხრა, კონკრეტული არაფერი მახსენდება. ალბათ, მამასთან გატარებული ყოველი წამი.

- თუ ჯერ კიდევ არაფრისთვის მიგიღწევია, დასაკარგი არაფერი გაქვს. ასეა?

- რა თქმა უნდა, ასეა... თან ნულიდან დაწყება ყოველთვის შესაძლებელია.

- ახლა წინ მილიონი დოლარი რომ დაგიწყონ და მოგთხოვონ, სანაცვლოდ აღარასდროს აკეთო საყვარელი საქმე, როგორ მოიქცევი?

- როგორც გითხარით, მიყვარს ჩემი საქმე და არანაირ თანხაში არ გავცვლი.

- გაყიდდი შენი ცხოვრების 10 წელს მსოფლიო აღიარებაზე?

- ჩვენ ხომ ისედაც აღიარების გამო ვყიდით ჩვენს თავს (იღიმის), მე ასეთი სამსახური მაქვს... ეს პროფესია ავირჩიე და თუ ათწლიან კონტრაქტს შემომთავაზებენ, თან მსოფლიო აღიარებასაც მივაღწევ, ამაზე მეტი რა უნდა მინდოდეს მსახიობს?!

- თუ ჩვენ შეცდომებზე ვსწავლობთ, რატომ გვეშინია მათი დაშვების?

- იმიტომ, რომ მტკივნეულია საკუთარი შეცდომის გაცნობიერება. ის, რომ რაღაც შეგეძლო და სათანადოდ ვერ ან არ გააკეთე, ამის გაცნობიერება გთრგუნავს.

- რას გააკეთებდით შენ ცხოვრებაში სხვანაირად, თუ გეცოდინებოდა, რომ ამის გამო არავინ გისაყვედურებდა?

- თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრ რამეს გავაკეთებდი სხვანაირად, მაგრამ არა იმიტომ, რომ ამისთვის არავინ მისაყვედურებდა. უბრალოდ ვთვლი, რომ ცხოვრებაში ბევრი რაღაც "გავმაზე", რის გამოც გული ძალიან მწყდება.

- და რა "გამაზე"?

- ბევრი საინტერესო შემოთავაზება, მაგალითად, მასტერკლასები, სწავლა საზღვარგარეთ, მოგზაურობა და ა.შ.

- ბოლოს, როდის მოისმინე საკუთარი გულისცემა?

- უი, არ ვიცი... ალბათ უფრო მაშინ ვგრძნობ საკუთარი გულისცემას, როცა რაღაც ძალიან მიხარია ან პირიქით, ძალიან მწყინს.

- ის, რაც ბოლოს გააკეთე, გამოხატავდა სიყვარულს?

- ჩემი სამსახური და ჩემი მეგობრები ყველაზე მეტად, შეიძლება ითქვას უზომოდაც კი მიყვარს... ყოველთვის ვცდილობ გრძნობები გამოვხატო და მგონი, გამომდის კიდეც... გრძნობებისა და სურვილების ჩაკვლა ადამიანებს დეპრესიაში აგდებს. სჯობს თამამად და თავისუფლად გამოვხატოთ გრძნობები და ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება.

სოფო ჭონიშვილი