როგორ ცხოვრობდა "უდიპლომო სასიძოს" რეჟისორი და როგორ გადაურჩა ის რეპრესიებს - გზაპრესი

როგორ ცხოვრობდა "უდიპლომო სასიძოს" რეჟისორი და როგორ გადაურჩა ის რეპრესიებს

1 წლის იყო, როცა რეჟისორ ბაბუას "უდიპლომო სასიძოს" გადასაღებ მოედანზე ჰყავდა, ბიძებიც ამ პროფესიის გახლდნენ და ალბათ გასაკვირი არ იყო, რომ თავადაც რეჟისორობა ისურვა. საოჯახო ალბომი ლევან ხოტივარის ცხოვრებისა და მუშაობის ამსახველ არაერთ ფოტოს ინახავს. მათ შორისაა ბაბუა-შვილიშვილის სურათი, რომელიც ფუნიკულიორზეა გადაღებული და 1965 წლით თარიღდება. 5 წლის ლევან თუთბერიძეს ბაბუის - ლელიკო ხოტივარის მხარზე აქვს ხელი ჩამოდებული და ორივე ობიექტივში იყურება.

არსებობს ძველი ქართული ფილმები, რომელიც არაერთხელ გაქვს ნანახი, რომლის თითოეული პერსონაჟის ფრაზა, სცენა ზეპირად იცი, მაგრამ მაინც უყურებ. ერთ-ერთი ასეთი ფილმის რეჟისორი ლევან (ლელიკო) ხოტივარია. ლევან თუთბერიძე ბაბუას იხსენებს:

- ბაბუას ფოტოების დიდი ნაწილი დედასა და ბიძაჩემთან ინახება. რამდენიმე მეც მაქვს, მათ შორისაა გურიაში გადაღებული, "უდიპლომო სასიძოს" გადასაღები მოედნიდან, სადაც ბიჭიკოს როლის შემსრულებელ კოტე მგალობლიშვილს ხელში ვყავარ აყვანილი. "ტარიელ გოლუაში" ბაბუამ ეპიზოდში გადამიღო, ჩოხით "დავრბოდი" აქეთ-იქით. დანარჩენი ფილმები კი მაშინ აქვს გადაღებული, როცა ჯერ კიდევ არ ვიყავი დაბადებული. ესენია "მე ვიტყვი სიმართლეს" და "განაჩენი". ერთი ფოტოა, სადაც ჟორა შავგულიძესა და ბიძაჩემ ქართლოს ხოტივარს გამორჩეულად აცვიათ და მთის ფონზე დგანან. ბაბუა "განაჩენს" რომ იღებდა, სწორედ მაშინ დაიღუპა ჟორა შავგულიძე. გადმოცემით ვიცი, რომ ბაბუა იმ დროს ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა და ფილმი რომ არ გაჩერებულიყო, ასეთ ხერხს მიმართა: ჟორას ნაცვლად სხვა ადამიანი გადაიღო ზურგიდან და ფილმის თითქმის ერთი მესამედი ასე შეივსო. ვფიქრობ, "განაჩენი" თემატურად დღესაც აქტუალურია.

- ლევან ხოტივარი 1980 წელს გარდაიცვალა, მასთან დიდხანს მოასწარით ურთიერთობა...

GzaPress- დიახ, ბაბუა ძალიან კარგად მახსოვს. 20 წლის ვიყავი, როცა გარდაიცვალა. მან დიდი როლი ითამაშა როგორც ჩემს პიროვნულ, ისე მსოფლმხედველობრივ ჩამოყალიბებაში. ბევრი რამ მასწავლა. ჩემთვის და თბილისში ძალიან ბევრი ადამიანისთვის სამაგალითო პიროვნება გახლდათ. ის იყო პატიოსანი, პატრიოტი, წესიერი და ვაჟკაცი. მაღალი დონის პროფესიონალს, მუშაობა უყვარდა და თან ისეთ რთულ ჟანრში, როგორიც არის კომედია. საერთოდ, ადამიანის გაცინება ძნელია, განსაკუთრებით კინოეკრანთან. რასაკვირველია, სუფრაზე ანეკდოტს რომ მოჰყვები ან ნასვამ მდგომარეობაში რაღაცებს გაიხსენებთ და ამაზე იცინებთ, ეს სულ სხვაა და ის სულ სხვა, როცა მაყურებელმა უნდა იყიდოს ბილეთი, დარბაზში დაჯდეს, იცინოს და შინ კმაყოფილი წავიდეს. ვფიქრობ, ბაბუას ჰქონდა ამის ნიჭი. "უდიპლომო სასიძო" დღესაც იმდენად აქტუალურია, ვისაც ქართული კინო უყვარს, ამ ფილმს ტელევიზორში რომ წააწყდება, ალბათ სხვა არხზე ვერ გადართავს. მახსოვს ამბობდნენ, რომ იმ პერიოდში "უდიპლომო სასიძო" იყო ყველაზე შემოსავლიანი ფილმი ქართული კინოს ისტორიაში. სამწუხაროდ, ის თანხები არასოდეს მიდიოდა რეჟისორის ჯიბეში, სახელმწიფოს მიჰქონდა, თორემ შეიძლებოდა ბაბუა ამ ფილმით მილიონერიც გამხდარიყო (იცინის).

- ვინ იყვნენ მისი სანათესავო, გარემოცვა?

- დედა მეგრელი, თურქიას ქალი ჰყავდა, ხოტივარები კი რაჭველები არიან. ლევანი ერქვა, მაგრამ ბავშვობიდან ლელიკოს ეძახდნენ. მას და მის მეუღლე თამარ მიქელაძეს სამი შვილი ჰყავდათ: ნინო - დედაჩემი, ქართლოსი და რამაზი (ბუბა). ბებიაჩემის დისშვილები იყვნენ მარიკა და გიგა ლორთქიფანიძეები. სანათესავო ხშირად იკრიბებოდა და საინტერესო საღამოები მახსოვს მათთან ერთად. ლელიკოს ქეიფი უყვარდა, რადგან იმ თაობაში ერთად შეკრება, ღვინის სმა, საუბარი ერთადერთი გასართობი იყო. ეს არ გახლდათ მხოლოდ ქეიფი, იქ იყო ლექსები, ამბები იმ პერიოდზე, ხელოვნებაზე, სამუშაოზე...

- იმ საღამოებიდან რომელიმე ამბავს ხომ ვერ გაიხსენებთ?

- ამის შესახებ აკაკი ბაქრაძემაც დაწერა თავის მოგონებებში: 30-იანი წლებია, ბერიას პერიოდი. ერთ დილას ქუჩაში ვხედავ ნაქეიფარი ლელიკო ხოტივარი მოდისო. ბაბუამ დაინახა პურის რიგში ხალხი იდგა. სიტყვები ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მან აბუჩად აიგდო ქვეყანა და მთავრობა, ვინც ხალხი ასეთ მდგომარეობაში ჩააყენა. ყველა შეწუხდა და შეშინდა, რადგან იცოდნენ, რა მოჰყვებოდა ასეთ სიტყვიერ პროტესტს. გზა განაგრძო და ცოტა ხანში ლელიკოს შავი მანქანა დაეწია, იქიდან ვიღაც კაცმა შეხედა ბაბუას, მანაც თვალი გაუსწორა მგზავრს. ასე უყურებდნენ ერთმანეთს გარკვეულ ხანს და მერე მანქანა დაიძრა. ამბობდნენ, მანქანაში ბერია იჯდაო, მაგრამ ბაბუამ თქვა, რომ ასე არ იყო. მანქანაში ერთ-ერთი ჩინოვნიკი იჯდა, რომელმაც გაიგონა ლელიკოს სიტყვები. იმ დღის შემდეგ სულ ელოდნენ, რომ მის კარზე დააკაკუნებდნენ და ბაბუას წაიყვანდნენ, მაგრამ გადარჩა...

რაც შეეხება მეგობრებსა და მის წრეს, ამაზეც მოგიყვებით. საერთოდ, ძალიან მომთხოვნი და მკაცრი ადამიანი იყო, მაგრამ ამავდროულად, რბილი. მისი და ჩემი მეგობრები ამბობდნენ ხოლმე, ლელიკოსგან გინებაც ლამაზად ჟღერსო. ბაბუა ყველა კუთხეზე გიჟდებოდა, განსაკუთრებით უყვარდა გურული სიმღერა და სულ ამაზე ლაპარაკობდა. თავადაც მღეროდა, მაგრამ მხოლოდ მეგობრებთან ერთად, სუფრაზე.

- როგორ მოვიდა ბაბუა კინოში?

- ბაბუა იყო ერთ-ერთი შემოქმედებითი პიროვნება იმ ხალხს შორის, ვინც ქართული კინო შექმნა. გიჟდებოდა კინოზე. ბევრ ძველ ფილმში აქვს ეპიზოდური როლი შესრულებული. მათ შორის იყო "ნარინჯის ველში", სადაც ნატო ვაჩნაძის პარტნიორი გახლდათ. ახალგაზრდობიდან მეგობრობდა: ლევან ანჯაფარიძესთან, პაოლოს ძმა ტუპია იაშვილთან, ანდრო ჟორდანიასთან, ნატო ვაჩნაძესთან, კოლია შენგელაიასთან (ის ჩემი ერთ-ერთი ბიძის ნათლია გახლდათ). ნელ-ნელა იწამლებოდა კინოთი, საბოლოოდ ჩამოყალიბდა როგორც რეჟისორი და მერე თავადაც დაიწყო გადაღება. ასაკში შესული ძალიან დაუახლოვდა დათიკო რონდელს. ძმასავით ჰყავდა. 1959 წლიდან ერთ სახლში ვცხოვრობდით, თუმცა ისინი მანამდეც მეგობრობდნენ. ასაკში შესულები, საავადმყოფოშიც ერთად, გვერდიგვერდ პალატაში იწვნენ. მაშინ ბაბუა გადარჩა, მაგრამ დათიკო გარდაიცვალა. მეგობრის სიკვდილს გარკვეული პერიოდი უმალავდნენ, მერე მაინც გაიგო და ძალიან განიცადა.

- ყველაზე ნათლად მისი რა ფრაზა დაგამახსოვრდათ?

- ბაბუა სულ აკეთებდა აქცენტს ერის გამრავლებაზე. ამბობდა, საქართველოს მხოლოდ გამრავლება გადაარჩენსო. ქართველსა და საქართველოს ყოველთვის ბევრი მტერი ჰყავდა, მიწების დაპყრობა და გენოფონდის განადგურება მათი მთავარი მიზანი იყო და აქედან გამომდინარე, ის გრძნობდა, რომ ერის გადარჩენა მხოლოდ გამრავლებითაა შესაძლებელი. დღესაც იგივე თემაა აქტუალური.

- თუ იცით, ჰქონდა რამე იდეა, რის განხორციელებასაც იმ რეჟიმის ან სხვა ვითარების გამო ვერ ახერხებდა?

- ბაბუაჩემი "მხიარული რომანის" გადაღებას რომ იწყებდა, მაშინ ჩვენს ოჯახში ძალიან ცუდი ამბავი მოხდა, ბიძაჩემი ქართლოსი დაიჭირეს. იმ პერიოდში ქართლოსი "ლაზარეს თავგადასავალს" იღებდა. ნერვიულობისა და სტრესის ნიადაგზე ბაბუას ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. ჩვენ გვეგონა ვეღარ იმუშავებდა. ამ ტრაგედიის ფონზე ძალიან უჭირდა "მხიარული რომანის" გადაღება, მაგრამ 2-3 წელიწადში თავს მაინც მოერია. ამის შემდეგ იყო "ჩირიკი და ჩიკოტელა", ის და ბუბა ფილმის სცენარზე ერთად მუშაობდნენ, მაგრამ მერე გადაღება ვერ შეძლო და ეს ფილმი ბუბამ დაასრულა. ფაქტობრივად, "მხიარული რომანი" მისი ბოლო ნამუშევარი გამოდის.

- თქვენი ოჯახის ამ ტრაგედიის შემდეგ, ბაბუა სახლში ხომ არ ჩაიკეტა?

- ჩაიკეტა არა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, არამედ ფიზიკური ავადმყოფობის გამო. სიარული და გადაადგილება უჭირდა, მაგრამ ძალიან ოპტიმისტი კაცი იყო, იმედი ჰქონდა და ბოლომდე ელოდა შვილს, მაგრამ... ეს ძალიან მძიმე ამბავია. ამიტომ, არ ვიცი, ბაბუას რა გეგმები და ოცნებები ჰქონდა. იმ პერიოდიდან მისთვის ყველაფერი თავისთავად შეჩერდა.

- სამი შვილის მამა, გოგონასთან დამოკიდებულებაში განსაკუთრებით მკაცრი ხომ არ იყო?

- არა. ბაბუა ბუნებით დემოკრატი იყო და ალბათ, მისი სიმკაცრე უფრო იმაში გამოიხატებოდა, რომ ყველასგან პატიოსნებას და წესიერებას ითხოვდა.

- სტუდენტი რომ გახდით, ყოფილა პროფესიაზე საუბრები, რჩევა მისგან?

- უფრო მეტად ქართლოსთან მქონდა მსგავსი საუბრები. ის ხშირად მაძლევდა ზუსტ რჩევებს, რომელიც შემდეგში სულ მადგებოდა. ლელიკო 1980 წელს გარდაიცვალა. იმ დროს ჩემი პირველი საკურსო ნამუშევარი კიევში მქონდა წაღებული და ჩემს ცხოვრებაში პირველი პრიზი - "საუკეთესო დოკუმენტური ფილმის" კატეგორიაში, იქიდან ჩამოვიტანე. ამ ამბით თბილისში რომ დავრეკე, ბაბუას ძალიან გაუხარდა. ჩვენ ერთ სახლში გვერდიგვერდ სადარბაზოში ვცხოვრობდით. თბილისში რომ ჩამოვედი, დამირეკა, - არ გადმოდიხარო?! წყალს გადავივლებ და მოვალ-მეთქი. სანამ აბაზანაში ვიყავი, ბაბუა თავის ბინაში წაიქცა და როცა უკვე მასთან მივედი, მიცვალებული დამხვდა. ნახვა ვეღარ მოვასწარი.

- პირველი პრიზის შემდეგ დღეს უკვე მრავალი გაქვთ...

- ჰო, პრიზები თავისთავად სტიმულია. სამწუხაროდ, იმ პერიოდში, როცა ბაბუა მუშაობდა, დაკეტილი იყო ქართული კინოსთვის საზღვრები, თორემ დარწმუნებული ვარ, იმ თაობას ძალიან ბევრი პრიზი ექნებოდა.

- ახლა რაზე მუშაობთ?

- კინოცენტრის დაფინანსება მივიღეთ. მოლაპარაკება მიმდინარეობს რამდენიმე ქვეყანასთან, რომ კოპროდუქცია შედგეს. ფილმს "სამურაი დასვენების ჟამს" ერქმევა. სცენარი აკა მორჩილაძესთან ერთად დაიწერა.

- ვიცი, არ გიყვართ წინასწარ თქმა, მაგრამ იქნებ 3 წინადადებაში მაინც მოვაქციოთ, რის შესახებ იქნება ახალი ფილმი?

- ეს იქნება ურბანული დრამა, ფილმი შეპყრობილ ადამიანებზე, რომლებიც საკუთარი მიზნების მისაღწევად მზად არიან ყველა ხერხი გამოიყენონ. ზოგჯერ ეს სპეციალურად და გამიზნულად კი არ ხდება, არამედ დღევანდელ ცხოვრებას მოაქვს. მიზნის მისაღწევად ბევრი არაფერს ერიდება.

- ბევრი რეჟისორისგან მსმენია, რომ ფესტივალების მოვლის შემდეგ, ქართული ფილმები საქართველოს კინოთეატრებში რომ ჩამოდის, არ ჰყავს ბევრი მაყურებელი და კინოთეატრების ხელმძღვანელობა მალე ხსნის მათ ეკრანიდან. როგორ ფიქრობთ, რატომ არ მიდის ქართული ფილმის სანახავად ხალხი?

- ამის ბევრი მიზეზია. ეს ლატარიაცაა. ზოგ ფილმზე ანშლაგებია, ზოგზე არა. ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ "გასეირნება ყარაბაღში" რომ გამოვიდა, 2 თვე ანშლაგი იყო. მერე ნელ-ნელა გაქრა ეს ინტერესი. ტელევიზიამ შეჭამა ეკრანი, ყველა მეორეს "დოლბის" სისტემა უდგას სახლში, ზის და უყურებს. ცოტა მაყურებელი კინოთეატრებში - ეს პრობლემა მარტო საქართველოში კი არა, მთელ ევროპაშია. ამერიკაში სხვანაირი სისტემაა, ახალი ფილმი რომ გამოდის და ვთქვათ, თამაშობს ტომ კრუზი, მაყურებელმა იცის, რომ 2 წელი ამ ფილმს ვერ ნახავს და ამიტომ, კინოთეატრში მიდის.

ანა კალანდაძე