"ჩემს ცხოვრებაში მაიკოს გამოჩენამ დიდი გავლენა იქონია" - გზაპრესი

"ჩემს ცხოვრებაში მაიკოს გამოჩენამ დიდი გავლენა იქონია"

28 აგვისტოს "ბლექ სი არენაზე" ანსამბლ "ივერიის" ცნობილი მიუზიკლი "ჩხიკვთა ქორწილი" იქნება წარმოდგენილი. ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. წლების განმავლობაში, ალექსანდრე ბასილაიასა და ჯემალ ბაღაშვილის მიუზიკლმა მაყურებლის დიდი ნაწილის სიყვარული დაიმსახურა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. 28 აგვისტოს დაგეგმილ კონცერტზე, ძველ შემადგენლობასთან ერთად, ახლებიც იმღერებენ. ჩხიკვი ზაქარას პარტიას ანდრია გველესიანი შეასრულებს. ამ ისტორიულ პროექტსა და სხვა სიახლეებზე, ანდრიას ვესაუბრე.

- წელს ლეგენდარულ "ივერიას" დაარსებიდან 50, ხოლო მიუზიკლს 40 წელი უსრულდება. ბედნიერი ვარ, რომ მეც ამ უკვდავი ისტორიის ნაწილი ვხდები. ბატონებმა გია და ჯემალ ბაღაშვილებმა დიდი იმედი დაამყარეს ჩემზე და გამხადეს იმ დიდი ოჯახი წევრი, რასაც "ივერია" ჰქვია. ახალ თაობას, ვინც ახლა შევემატეთ ამ პროექტს, გვერდით გვიდგანან კორიფეები, რომლებიც გვაძლიერებენ.

საერთოდ, XXI საუკუნეში მიუზიკლი არტისტისგან ბევრს ითხოვს. ეს ჩემი საყვარელი ჟანრია და ძველ ინტერვიუებში სულ აღვნიშნავდი, - რეჟისორი რომ ვიყო, მიუზიკლში ანდრიას აუცილებლად დავაკავებდი-მეთქი. ბოლო პერიოდში ამის შესაძლებლობა მომეცა. მუსიკისა და დრამის თეატრში "სამგროშიან ოპერაში" მექი დანას როლი შევასრულე და საკმაოდ წარმატებული სპექტაკლი გამოვიდა როგორც ჩემთვის, ისე თეატრისთვის; ამას "ჩხიკვთა ქორწილი" მოჰყვა. აქტიურად ვემზადებით, ვინაიდან საკმაოდ შრომატევადი დადგმაა, თავისი ქორეოგრაფიული და ვოკალური ნომრებით. ჩემ გვერდით იქნება ჩემი მეუღლე მაიკოც, რომელიც "ჩხიკვთა ქორწილში" ცეკვავს. რეპეტიციებს გავდივართ, სექტემბერში კიდევ ერთ პროექტზე ვიმუშავებთ ერთად. როცა შენს საქმეს აკეთებ, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. მადლობა ღმერთს, რომ ამის შესაძლებლობა გვაქვს.

- როგორ მოხდა ჩხიკვი ზაქარას როლზე შენი დაკავება?

GzaPress- ბატონ ჯემალსა და გიას დიდი ხანია, ვიცნობ, მეგობრობა გვაკავშირებს. ჯემალ ბაღაშვილის გადაცემაში რამდენჯერმე ვიყავი სტუმრად, მათ შორის ერთხელ მამაჩემთან ერთადაც. "იუმორინაშიც" ვმონაწილეობდი. ბატონი ჯემალი ხშირად მეუბნებოდა სიტყვებს, "მივცეთ ნიჭსა გზა ფართო". ძალიან მიხაროდა, რომ ყველანაირად ცდილობდნენ თავი წარმომეჩინა და ახლა ამის საშუალება უშუალოდ "ჩხიკვთა ქორწილში" დაკავებით მომცეს. რაც შეეხება ჩემს უსაყვარლეს ახმეტელის თეატრს, მის დასში ვარ უკვე ოთხი წელია და ბევრ სპექტაკლში გვაქვს გამოყენებული ჩემი მუსიკალური მონაცემები. მართალია, დრამატული თეატრია, მაგრამ მალე იქაც გვექნება მიუზიკლი. მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს. ისეთი შემადგენლობაა, რომ ჩემი აზრით, შეგვიძლია კარგი სპექტაკლი გამოვუშვათ. ამ ეპოქაში ეს ჟანრი ძალიან აქტუალურია. ბოლო პერიოდში არაერთი ფილმი გამოვიდა და მსოფლიოში მიუზიკლის აღმავლობა ხელახლა დაიწყო.

- ბოლო დროს კინორეჟისორებიდან ხომ არ გაქვს რამე შემოთავაზება?

- რამდენიმე კასტინგი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ფინანსური საკითხების გამო ფილმის გადაღება ჩვენში ვერ ხერხდება. საქართველოში არტისტების დიდ ნაწილს აქვს მიუზიკლისთვის საჭირო მონაცემები და მათი მეშვეობით კარგი სპექტაკლების შექმნა შეიძლება როგორც თეატრში, ისე კინოში. დიდი იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში ეს საკითხი მოგვარდება. ჩვენს სფეროს პრიორიტეტის მინიჭება სჭირდება და ამის შემდეგ ამ კუთხით აღმასვლაც გვექნება. სულ ვამბობ, ხელოვნება ჩვენი "ფიშკაა", ხელოვნების სფეროში ყოველთვის გვყავდა და გვყავს კორიფეები, გენიოსები. ამ კუთხით საქართველო შეგვიძლია საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ მსოფლიო მასშტაბით. ყველა ვხედავთ, რომ შოუბიზნესის განვითარების კუთხითაც არ არის კარგი მდგომარეობა, ბაზარი არ გვაქვს. ზედიზედ სამი საავტორო სიმღერა გავაკეთე, მაგრამ ძნელია მისი გაყიდვა და თან ისე, რომ მიიღო ჰონორარი, გარკვეული ფინანსური მოგება. არადა, არტისტი ამით საზრდოობს. საქართველოში ხელოვანებს აქვთ სიყვარული და დაფასება, არტისტები ამის ნაკლებობას არ განვიცდით, მაგრამ ვფიქრობ, ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებებში ხელოვნებას აუცილებლად მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს.

- ასეა, რადგან ადამიანი მხოლოდ ხალხის სიყვარულითა და დაფასებით ვერ იცხოვრებ, ვერც ახალ-ახალ პროდუქტს შექმნი. დაოჯახებამდე ან მას შემდეგ შენ და შენ მეუღლეს თუ გიფიქრიათ სამუშაოდ საზღვარგარეთ გამგზავრებაზე?

- ჩვენ ბევრს ვმოგზაურობთ. ბოლო კლიპი მალდივებზე გადავიღეთ და თაფლობის თვეც იქ მოვიწყეთ. სხვა ქვეყანაში გამგზავრებას არ გამოვრიცხავთ, პირიქით, ახალგაზრდა არტისტისთვის საჭიროა ქვეყნიდან გასვლა, გარკვეული პერიოდი სხვაგან ცხოვრება და მუშაობა, რადგან ეს ყველაფერი გამოცდილებისთვის ხდება. თუმცა, ფიზიკურად ეს ძალიან რთულია. მე და მაიკო ახმეტელის თეატრში ვმუშაობთ, ვთამაშობ მუსიკისა და დრამის თეატრში, ბევრი პროექტი, შემოთავაზებაა და ამის გარდა, ძნელია შენს ქვეყანას მოშორდე. სწორედ ამას ვუწოდებ ქვეყნის სიყვარულს და პატრიოტიზმს, როცა გინდა სამშობლოში იდგე სცენაზე, შენი ქვეყნის შვილებისთვის იმუშაო, მაგრამ როგორც გითხარით, სამომავლოდ მცირე ხნით წასვლას, გამოცდილების მიღებას და შემდეგ ისევ საქართველოში დაბრუნებას არ გამოვრიცხავ.

- მომღერალი მშობლები გყავს - დედა საოპერო, მამა ფოლკლორის მიმართულებით. როგორ ფიქრობ, რომ არა ისინი, დაინტერესდებოდი მუსიკით? თავადაც დაწერდი?

- საკმაოდ დიდხანს, მთელი გარდატეხის ასაკში პროტესტი მქონდა ხელოვნების მიმართ. მანამდე, 14 წლამდე ვმღეროდი, მუსიკალური შვიდწლედი დავამთავრე, ჯანსუღ კახიძის კაპელაში ვმღეროდი. იმ პერიოდში ვფიქრობდი, რომ კონსერვატორიაში ჩავაბარებდი და ოპერის მომღერალი გავხდებოდი, მაგრამ შემდეგ სპორტზე გადავერთე. თუმცა, ალბათ გენეტიკამ და ბავშვობის სიყვარულმა ხელოვნებისადმი, ისევ ამ სფეროსკენ მომაბრუნა. მსახიობი გავხდი და სიმღერა არ მიმიტოვებია. ამ ორ პროფესიას ერთმანეთისგან არც ვასხვავებ.

- დღესდღეობით სამი სიმღერის ავტორი ხარ. თუმცა, არ ვიცი სიმღერების წერა მაიკოს გაცნობამდე დაიწყე, თუ ის გახდა მუზა?

- რამდენიმე სიმღერა ბავშვობაში მაქვს დაწერილი. ერთის ჩაწერას, რომელიც 12 წლისამ დავწერე, ახლა ვაპირებ. რა თქმა უნდა, ჩემს ცხოვრებაში მაიკოს გამოჩენამ დიდი გავლენა იქონია. ის ჩემთვის დიდი მოტივაცია იყო. მაიკო ჩემი პირველი საავტორო სიმღერების მუზაა. ვეცდები, სიმღერები არასდროს იყოს ერთფეროვანი - ამ მხრივ ბევრი გეგმა მაქვს და იმედია, ეტაპობრივად ყველას განვახორციელებ.

- იშვიათი გამონაკლისი აღმოჩნდით, ვისზეც ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ქორწილის ვიდეოებსა და ფოტოებზე მხოლოდ დადებითი კომენტარები იწერებოდა. ყველა ერთხმად აღიარებდა, რომ ულამაზესი წყვილი ხართ. ადევნებდით თვალ-ყურს ამ ტალღას?

GzaPress- შეძლებისდაგვარად. იმდენად დიდი ბუმი იყო ქორწილის ვიდეოებსა და ფოტოებზე, რომ ჩვენც გვხვდებოდა და ვეცნობოდით კომენტარებს. ეს ფაქტი ძალიან მახარებს. მე და მაიკო დამოუკიდებელი ადამიანები ვართ და რაღაცებს სხვებისთვის თავის მოსაწონებლად არ ვაკეთებთ. მართლა გამიხარდა, რომ ჩვენი ბუნებრიობა მთელი საქართველოსთვის აღმოჩნდა მისაღები და სასიხარულო. თითოეულ ადამიანს ვუხდი მადლობას, ვინც ჩვენი და ჩვენი სიყვარულის მიმართ ყურადღება და პოზიტიური განწყობა გამოავლინა.

- ვიცნობ რამდენიმე ადამიანს, ვინც სოციალურ ქსელში თუ ზოგადად, ინტერნეტსივრცეში გაკეთებული კომენტარების გამო, ძალიან დაითრგუნენ, ჩაიკეტნენ, ცხოვრებაში მომდევნო ნაბიჯები ვეღარ გადადგეს. ფაქტია, ბევრზე მოქმედებს ეს ყველაფერი...

- სამწუხაროდ, მეც ვიცნობ ამ გავლენის ქვეშ მოქცეულ ადამიანებს. შენი სიტყვების გამო პიროვნება რომ დაითრგუნება, ეს დიდი ბოროტებაა. ამ ადამიანებს ყოველთვის ვეუბნები, რომ არ არის საჭირო ყველაფრის გულთან ახლოს მიტანა. ბუნებით შემოქმედი თუ ხარ, ამის გამო ვერ გაჩერდები და არც უნდა გაჩერდე. ჩემს შემთხვევაში, არა მგონია ამან იმოქმედოს. ზოგადად, ძლიერი ხასიათით გამოვირჩევი. როცა მიზანს დავისახავ, იმდენს ვშრომობ და ოფლს ვღვრი მის განსახორციელებლად, რომ ვფიქრობ, ვერავის აზრი ვერ მოახდენს ჩემზე გავლენას. ზოგადად, კრიტიკა ყურადღების გარეშე არ უნდა დატოვო, რადგან ხელოვანი სხვაგვარად პროფესიულად ვერ გაიზრდები, მაგრამ კრიტიკა უნდა მოისმინო პროფესიონალებისგან და იმ არაპროფესიონალებისგან, რომლებსაც შესაბამისი განათლება, კარგი გემოვნება ან ინტუიცია აქვთ. ზღვარს გადასული კრიტიკა კი აბსოლუტურად მიუღებელია. "ჯეოსტარის" პერიოდში მცირე დოზით, თუმცა ჩემი მისამართითაც ყოფილა მსგავსი ფაქტები, მაშინ პატარა ვიყავი და ჩემზეც იმოქმედა, მაგრამ მას შემდეგ, ახლა და აწი ამას აღარ ავყვები. მადლობა ღმერთს, მხოლოდ დადებითი აურა მოდის ჩემკენ. ვფიქრობ, როცა პოზიტივს გასცემ, საზოგადოებას სხვა გზას არ უტოვებ და მეორე მხრიდანაც იგივე დადებითი დამოკიდებულება გიბრუნდება.

- დაბოლოს, თეატრალურში, ახმეტელის თეატრში შენ და მაიკო სულ ერთად ხართ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ერთ ჭერქვეშ ცხოვრება დაიწყეთ, თავს რამე ცვლილებას თუ ამჩნევ?

- არა, დიდი არაფერი. ხშირად ვამბობ, რომ მთავარია ადამიანებმა ერთმანეთი, სულის ნაწილი იპოვონ და სტატუსს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. შენთვის ძვირფას ადამიანს მოუფრთხილდები ყოველთვის: შეყვარებულობის, ცოლქმრობის პერიოდში და მეგობრობის დროსაც. თუმცა, რასაკვირველია, ოჯახს თავისი ხიბლი აქვს. ქალისა და მამაკაცისთვისაც ოჯახი დიდი მოტივაციაა იმისათვის, რომ უფრო მეტის კეთების სურვილი ჰქონდეთ, ვიდრე ამას დაოჯახებამდე აკეთებდნენ.

ანა კალანდაძე