ეკატერინე ანდრონიკაშვილის ოცნების სახლი და სილამაზის საიდუმლო - გზაპრესი

ეკატერინე ანდრონიკაშვილის ოცნების სახლი და სილამაზის საიდუმლო

თუ სალაშქროდ ან აგარაკზე მიდიხარ, ქუსლებზე არ უნდა იდგე! ვთვლი, რომ თეატრში ბოტასებით არ უნდა წახვიდე. ეტიკეტი, პატივისცემა არსებობს ადგილის. იმიტომ ხარ ქალი და გაქვს სხვადასხვანაირი სამოსი, რომ სხვადასხვა ადგილზე განსხვავებულად ჩაიცვა", - ამბობს უმშვენიერესი და გამორჩეულად დახვეწილი მსახიობი, ეკატერინე ანდრონიკაშვილი... იგი ქალბატონებს საიდუმლოს უმხელს, თუ რატომ არ უნდა აშინებდეთ ასაკის მატება...

- ქალბატონო ეკა, ბავშვობიდან მოყოლებული რომელი მწერლები, ნაწარმოებები იყო თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო?

GzaPress- ბავშვობიდან მიყვარდა ჰანს ქრისტიან ანდერსენი. ავად რომ ვხდებოდი, ასეთი რიტუალი მქონდა: ვიწექი და წიგნებს ვათვალიერებდი, წიგნები ჩემი სამყარო იყო! ზღაპრების დიდ ასაკამდე მჯეროდა, მეტიც: ახლაც მჯერა, რომ რაღაცები მართლაც არსებობს... შემდეგ ძალიან მიყვარდა რეი ბრედბერი, მისი "მარსის ქრონიკა"... წაკითხული მაქვს მთელი კლასიკა და აღარც კი ვიცი, რა წავიკითხო... გამოვარჩევ ო"ჰენრის, მოემს, ბრედბერის... შემდეგ პერიოდში განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა ჰერმან ჰესემ, ასევე შოკი იყო კარლოს კასტანედა, ოღონდ არა მხატვრული ღირებულებით...

- ქართველი პოეტებიდან და მწერლებიდან რომლებს გამოარჩევდით?

- ქართველი პოეტებიდან გალაკტიონ ტაბიძე, პაოლო იაშვილი და ვაჟა-ფშაველა განსაკუთრებით მიყვარს. ბავშვობაში ბლოკნოტში ვიწერდი ლექსებს, რომლებიც რჩეული იყო ჩემთვის... რუსი პოეტებიც მიყვარდა. საერთოდ, რუსულად ვკითხულობ... რასაკვირველია, ქართულს - ქართულად, მაგრამ ევროპულს - რუსულად. იშვიათად არის ქართულად ისე კარგი ნათარგმნი ევროპული ლიტერატურა, როგორც რუსულად. ინგლისურადაც წამიკითხავს, რაც შედარებით იოლი საკითხავია. მაგალითად, ო"ჰენრისა და მოემის ნაწარმოებები. სულ სხვაა, როდესაც ორიგინალში კითხულობ...

- სამოგზაუროდ რომელი ქვეყნებია თქვენთვის უფრო მიმზიდველი - ისტორიული წარსულის მქონე თუ თანამედროვე მეგაპოლისები?

- ისე მოხდა, რომ ნიუ-იორკში ძალიან ხშირად დავდივარ. ერთხელ ვიყავი ლოს-ანჯელესსა და კალიფორნიაში... გარდა იმისა, რომ ნიუ-იორკი მიზიდავს, მიყვარს და მომწონს, იქ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. ნიუ-იორკს აქვს ერთი განსაკუთრებული თვისება: ყველა ადამიანი იპოვის იქ თავის თავს. ლოს-ანჯელესი და კალიფორნია კლიმატურად არის ჩემთვის აბსოლუტურად ჰარმონიული. ემოციურადაც, უფრო მსუბუქია და დიდია თავისუფლების შეგრძნება. ნიუ-იორკი ბევრად უფრო მძიმე ქალაქია და რაღაცით შეიძლება თბილისსაც შეადარო, თუნდაც - საცობებით. თუმცა, ნიუ-იორკში აუარებელი სკვერები და პარკებია... საერთოდ ძალიან "მოგზაურა" ვარ და სიამოვნებით ვეწვეოდი კიდევ ბევრ ქვეყანას. მაგალითად, იტალიაში არ ვარ ნამყოფი და ძალიან მაინტერესებს. წარმომიდგენია, რა შთამბეჭდავი იქნება, იქ რომ აღმოვჩნდე. დუბაიში ნამყოფი ვარ და ვერ ვიტყოდი, რომ დიდად აღმაფრთოვანა... უფრო ისტორიული წარსულის ქვეყნები მომწონს. იაპონიაში მსურს წასვლა, მაგრამ მხოლოდ ტოკიოში კი არა, სხვადასხვა მხარის, ნამდვილი იაპონიის გაცნობა მსურს. მაინტერესებს წავიდე ესპანეთში, ვნახო გაუდი და ასე შემდეგ... ნამყოფი ვარ შოტლანდიაში, იუგოსლავიაში, გერმანიაში... ძალიან მომხიბლა ედინბურგმა თავისი ისტორიული წარსულით, არქიტექტურით... ზღაპარივით ქალაქია! ძალიან მინდა ისევ მოვხვდე ედინბურგში!

- რომელმა ქვეყანამ დატოვა განსაკუთრებული შთაბეჭდილება, მოსახლეობის გემოვნების მიხედვით?

- მინდა გითხრათ, რომ გემოვნებას ქართველებიც არ ვუჩივით... მაგალითად, აზიურ ქვეყნებში გემოვნებაზე ვერ იმსჯელებ. ეგვიპტესა და თურქეთშიც ვარ ნამყოფი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, დუბაიშიც და ამ ქვეყნებში საერთოდ სხვა სტილია... შოტლანდიაშიც ადგილობრივი მოსახლეობის გემოვნებაზე ვერ იმსჯელებ. იმავეს ვიტყოდი ნიუ-იორკზეც. ამიტომ ვამბობ, რომ ქართველები გამოვირჩევით. არ ჩამოვუვარდებით, თუ მეტი არ ვართ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაზე... ამერიკაშიც, თუ ვინმე ძალიან გემოვნებიანად შემოსილი და პეწიანი ადამიანი გხვდება, ხშირ შემთხვევაში ის იტალიელია. ნაკლებად - გერმანელი ან ინგლისელი. ფრანგები უფრო მეტად შარმიანები არიან, კარგად შემოსილები კი იტალიელები...

- ცნობილი ქართველი ქალებიდან რომლებს გამოარჩევდით, როგორც მისაბაძს?

- ეკა ჩხეიძე ლამაზად იცვამს, მომწონს... ჩემი მეგობარია რუსკა კანდელაკი, რომელმაც თვითონ დაიწყო სამოსის შექმნა, უკვე გამოუშვა ბრენდი და ძალიან მომწონს.

- ცნობილი ქართველი მამაკაცებიდან რომელს გამოარჩევდით?

- მამაკაცებს არა აქვთ საქართველოში დიდი არჩევანი, თუმცა გვყავს ისეთები, რომლებმაც კარგი ჩაცმა იციან... საინტერესოდ იცვამს კახი კალაძე, ილიკო სუხიშვილის ჩაცმულობა ყოველთვის მომწონს. კარგად იცის, რაც უხდება... გიო ყიფშიძე - ცხოვრებაში (არა - პროექტებში), თავისი სტილი აქვს.

- თავად როგორი ჩაცმულობა გიყვართ ყოველდღიურად, გამოსასვლელად, რომელ ფერებს ანიჭებთ უპირატესობას?

- უფრო მეტად ქალური ჩაცმულობა მიყვარს და მომწონს. არ მიყვარს, როდესაც ქალს კაცურად აცვია. არც სპორტული ჩაცმულობა მხიბლავს, თუმცა ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. თუ სალაშქროდ, ან აგარაკზე მიდიხარ, ქუსლებზე არ უნდა იდგე! ვთვლი, რომ თეატრში ბოტასებით არ უნდა წახვიდე. ეტიკეტი, პატივისცემა არსებობს ადგილის, იმიტომ ხარ ქალი და გაქვს სხვადასხვანაირი სამოსი, რომ სხვადასხვა ადგილზე განსხვავებულად ჩაიცვა... როგორც მოგახსენეთ, ქალურ ჩაცმულობას ვანიჭებ უპირატესობას, გამოყვანილ სამოსს, ძალიან მიყვარს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ელეგანტური სტილი! თავისუფალი ჩაცმულობაც სასიამოვნოა შესაბამის ადგილზე. რეპეტიციებზე მაღალი ქუსლებით და ელეგანტურად არ დავდივარ... რაც შეეხება ფერებს, ჩემი ფერია შაბიამნისფერი, ფირუზისფერი, წითელი, შავი...

- ქართველებს გვიჩივიან, რომ შავი და მუქი ფერი ზედმეტად გვიყვარს და ჩვენს ყოველდღიურობაშიც ჭარბობს...

- ზედმეტად არ მიყვარს და ზაფხულის ტანსაცმელში შავი თითქმის არ მაქვს. რადგან ქერა ვარ, უფრო ადვილია შავის ჩაცმა, ერთმანეთს აბალანსებს... ძალიან შავი რომ ხარ, რუჯი გაქვს და კიდევ შავი გაცვია, ერთიანად შავი ჩანხარ... ვერ ვიტყოდი, რომ ქუჩაშიც ყოველდღიურობაში მუქი ფერები ჭარბობდეს. ბოლო დროს ნათელი ფერები გაჩნდა, რაც ძალიან მომწონს.

- აქსესუარები რამდენად მნიშვნელოვანია თქვენს ყოველდღიურობაში?

GzaPress- აქსესუარები აუცილებელია და ძალიან ბევრი მაქვს... მზის სათვალე ჩემთვის აუცილებელია. მზე თვალებს მჭრის, განსაკუთრებით საჭესთან და ამიტომ თითქმის ყველა ფერის მზის სათვალე მაქვს... მიყვარს სამაჯური, ბეჭედი, კულონი... თუ სადად გაცვია, გადატვირთვა შეიძლება აქსესუარებით, თუ ჭრელად ხარ შემოსილი, ბევრი აქსესუარი ზედმეტად მიმაჩნია... ერთი ბეჭედი მაქვს, რომელსაც აწერია "უფალო შემიწყალენ", ეს ბეჭედი სულ მიკეთია. კიდევ უამრავი ბეჭედი მაქვს, რომელსაც უფრო იშვიათად ვიყენებ. ყური არ მაქვს გახვრეტილი და საყურეს იშვიათად ვატარებ.

- საქართველოში ქალებს განსაკუთრებულად გვაშინებს წლების მატება. როგორია თქვენი დამოკიდებულება ყოველ მომატებულ წელზე?

- ჩემს გონებაში ისე დავრჩი, რომ ახლა 34 წლის ვარ... მე ვთვლი, რომ ძალიან დიდი წონა აქვს შინაგან შეგნებას! აბსოლუტურად არ მაშინებს წლების მატება... 44 წლისამ ნიუ-იორკში ბავშვი გავაჩინე და იქ ეს კი არ უკვირდათ, არამედ ის, 23 წლის ვაჟი რომ მყავს ამ ასაკში. შემოჰყავდათ პალატაში ვიღაცები და გაოცებულები მიყურებდნენ, რა ქვეყნიდან არის, ამას რომ 23 წლის შვილი ჰყავსო... ცოტა ხნის წინ ძალიან საინტერესო რამ წავიკითხე: ყოველ წელს ახალი კომპლექტი გვაქვს უჯრედების და სულ განახლება ხდება ჩვენი ორგანიზმის. არანაირი აუცილებლობა არ არის, რომ სიბერე მოდიოდეს. ჩვენ ასე ვიცით და დაგვარწმუნეს, რომ ყველანი უნდა ვბერდებოდეთ და ამას ვენდობით. რეალურად კი ორგანიზმში ყველა უჯრედი ახლდება... ბოლო წლებში გაიზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა, მაგრამ ესეც ნახევარია იმის, რამდენ წელსაც შეგვიძლია ვიცოცხლოთ... საერთოდ, რაც ნაკლებს ფიქრობ ასაკზე და ამაზე არ კონცენტრირდები, მით უფრო კარგია. მთავარია, იყო კარგ ფიზიკურ ფორმაში. მანქანასა და ნივთებს თუ უვლი, შენს თავსაც უნდა მოუარო... "რესტარტი" სჭირდება ადამიანს. აუცილებელია თავის დროზე დასვენება. არ უნდა გადაჰყვე სამუშაო პროცესს. ოქროს ბალანსი უნდა იპოვო, ცხოვრებით რომ ისიამოვნო და არა - უაზროდ შეეწირო რაღაცებს.

- თავის მოვლის რა საიდუმლოებები გაქვთ, დიეტებს იცავთ, ასეთ შესანიშნავ ფორმაში რომ იყოთ?

- მხოლოდ ერთხელ დავიცავი სამდღიანი დიეტა, მერვე კლასში... საათში ერთი ლუკმა უნდა მეჭამა მხოლოდ და სკოლაში მერხის ქვეშ ვაშლს ვკბეჩდი... იმის შემდეგ დიეტა აღარ დამიცავს! ახლაც, ბავშვი რომ გავაჩინე, დიეტების გარეშე დავუბრუნდი ადრინდელ წონას და ახლა კიდევ უფრო კარგ ფორმაში ვარ... ბუნებრივად ვარ ისე, რომ ხშირად და ცოტ-ცოტას ვჭამ. ნამცხვარიც შემიძლია ვჭამო და სხვა მაღალკალორიული საკვებიც... ჩემი დილის საუზმე ძირითადად არის იოგურტი, ხაჭო, შვრია... არ მიყვარს ცხიმიანი და ცხარე საკვები. პურიც არ მიყვარს, ძალიან ცოტას ვჭამ და რაც უფრო ძველია, მით უფრო მომწონს. კარგად ვამზადებ, თუმცა ცხობა არ ვიცი და ახლა მინდა კარგად ვისწავლო. ერთადერთი რაც მაქვს საფირმო, ეს არის ხაჭოს პასკა ბებიის რეცეპტის მიხედვით, რომელსაც ყოველ აღდგომას ვაკეთებ... ძალიან მოსწონთ ჩემს მეგობრებს, მოდიან, აგემოვნებენ და აღფრთოვანებას გამოთქვამენ.

- როგორი სახლი მოგწონთ საცხოვრებლად?

- უფრო შერეული... თბილი სახლი მიყვარს, არ მომწონს ცივი ფერები და დიზაინი. სახლში ბევრი ხე უნდა იყოს და ამავდროულად, თანამედროვე ტექნიკა... ჩემი ოცნების სახლია, სადაც ცხრა ოთახი იქნება და ყველა ოთახი სხვადასხვა ეპოქის.

მანანა გაბრიჭიძე