"მეგრელი შაშვის" საზაფხულო არდადეგები - გზაპრესი

"მეგრელი შაშვის" საზაფხულო არდადეგები

ახლა ხუმრობს, - ბრინჯაოს თაობა ვიყავითო, რადგან ის და მისი მეგობრები თითქმის 24 საათს ზღვაზე ატარებდნენ. შესაბამისად, კარგად გარუჯულები იყვნენ. ზღვაში ყვინთავდნენ, საკუთარი ხელებით დამზადებული ისრებით კიბორჩხალებზე ნადირობდნენ, შემდეგ კი ნადავლს გემრიელად შეექცეოდნენ...

- ამჟამად ფოთში ვარ, სადაც რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. მეოთხე წელია, რაც ეს ფესტივალი ტარდება. იტალიელი რეჟისორია ჩამოსული, რომელმაც სპექტაკლი - "მეფის კანონი" საგანგებოდ მოამზადა. მასში რეგიონის თეატრების რჩეული მსახიობები, ახალგაზრდები ვთამაშობთ.

- ცხელ ზაფხულში მუშაობის ხალისი მაინც გაქვს?

- რა თქმა უნდა. თან, სასტუმროში ვართ. დღეს სპექტაკლის დადგმა აქ იგეგმება. დანარჩენი სპექტაკლები სხვადასხვა ლოკაციაზეა. სამწუხაროდ, ფოთის თეატრი დახურულია - შენობის პრობლემა აქვს. მიუხედავად ამისა, ფესტივალი მშვენივრად მიდის. საინტერესო მასტერკლასებია... ფესტივალი ქალბატონი ნინელი ჭანკვეტაძის ხელმძღვანელობით იმართება, დირექტორი კი თენგიზ ხუხია გახლავთ... ძალიან დატვირთული ზაფხული მექნება: მიუზიკლში - "ჩხიკვთა ქორწილი" დაკავებული ვარ, რომელიც "ბლექ სი არენაზე" გაიმართება. თან, ანსამბლ "ივერიის" 50 წლის იუბილეა.

- მიუზიკლში ვის როლში იქნები?

GzaPress- ზაქარას ერთ-ერთი მეგობრის როლში ვიქნები. ვხუმრობ ხოლმე, - მეგრელი შაშვი ვარ, სახელად - უჩა-მეთქი (იცინის)...

- საზაფხულო არდადეგები არ გაქვს?

- პრინციპში, როდესაც შენს საყვარელ საქმეს აკეთებ, ეს არდადეგები გამოდის... ფოთის თეატრიდან ბაჰრეინში მივდივართ, შემდეგ - მოლდავეთში, ესტონეთში, ლიტვაში, პოლონეთში... მერე რუსთავსაც ვეწვევით. თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობასაც ვაპირებ.

- არასაქმიან დასვენებას როგორ გარემოში ამჯობინებ?

- ყოველთვის ვამბობ: აფხაზეთში, ჩემს სოფელში დასვენება ყველაზე ფანტასტიკური იქნებოდა! მალდივებს და ნებისმიერ სხვა ადგილს მირჩევნია.

- აფხაზეთში, შენს სოფელში დასასვენებლად ბოლოს როდის იყავი?

- იმ წელს, როცა აფხაზეთი დავკარგეთ, რადგან ჩემს სოფელში დასასვენებლად ყოველ ზაფხულს დავდიოდი - მშობლებს მივყავდით. მაისში, როგორც კი ფოთში სასკოლო არდადეგები დაგვეწყებოდა, მაშინვე აფხაზეთში მივექანებოდით. სოხუმის "იკარუსს" მივყვებოდით, მერე სხვა ავტობუსში გადავსხდებოდით ხოლმე, რომელიც სოფლის მეზობლებით იყო სავსე. როგორც ყველა რაიონის ავტობუსი, ისიც კოლორიტული იყო. მივდიოდით, მივუყვებოდით ბაღნარებს, ჩაის პლანტაციებს... როგორც კი სახლში მივიდოდით, ფეხსაცმელებს ვიხდიდით. მაისში რომ გავიძრობდი ფეხსაცმელებს, 31 აგვისტოს მაცმევდნენ (იცინის)...

- დღესდღეობით, სად ისვენებ ხოლმე?

- რადგან ფოთელი გახლავარ და ზღვის პირას გავიზარდე, ქალაქში ადგილი არაა დარჩენილი, სადაც მე და ჩემი თანატოლები არ ვყოფილვართ. 90-იან წლებში ბავშვებისთვის ცოტათი ბოჰემური ცხოვრება იყო. ამწეებიდან ისეთი სიმაღლიდან ვხტებოდით, რომ დღეს იქიდან გადმოხტომა წარმოუდგენლად მეჩვენება. "დავფრინავდით", ვცურავდით, კიბორჩხალებს "ჟეშტზე" ვწვავდით... ასეთი ამბები მობეზრებული არ მაქვს, მაგრამ დასასვენებლად მაინც მთას ვამჯობინებდი.

- საქართველოს კარგად იცნობ? ბევრგან ხარ ნამყოფი?

- არა, ბევრგან ნამყოფი არ ვარ. რაღაცები პირველად ვნახე... ვამბობ ხოლმე: ასაკი კი მემატება, მაგრამ ჩემთან ყველაფერი გვიან მოდის ანუ გვიან "ვიზრდები". მაგალითად, რამდენიმე წლის წინ, პირველად ვნახე სვანეთი, რაჭა... რომ ამბობენ, ფანტასტიკური ადგილებიაო, ნანახი სჯობს... დროის ამბავია, მაგრამ იმედია, ყველაფერს ვნახავ.

- შვილის შეძენის შემდეგ, შენი დასვენების სტილი შეიცვალა?

- ჩემს ცხოვრებაში რაღაცები შეიცვალა, მაგრამ დასვენების მხრივ - არაფერი. ამჟამად, ევა (ჩემი გოგონა) რაჭაში, ნიკორწმინდაში ისვენებს. ამაზე უკეთეს ადგილას სად უნდა იყოს ბავშვი და საერთოდ, ადამიანი?!. იქვე, ახლოს ნიკორწმინდის ტაძარია. ევას იქაურობა ძალიან მოსწონს, მაგრამ მეც დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩემს სოფელში, აფხაზეთშიც წავიყვანო.

- მამა-შვილი ერთად არ ისვენებთ ხოლმე?

- ვერა. სიგიჟემდე მენატრება! მონატრებას მისი ვიდეოების ნახვით ვიკმაყოფილებ. შემიძლია, ერთი და იმავეს რამდენჯერმე ვუყურო. ცქერისას ჩამძინებია კიდეც... რომ გაიზრდება, გააქტიურდება და ალბათ, შევძლებთ, რომ ერთად მოვიაროთ მთა და ბარი.

- საქართველოს ფარგლებს გარეთ გატარებული არდადეგების შესახებ მოგვიყევი...

- უცხოეთში, მადლობა ღმერთს, ჩემი პროფესიის გამო აღმოვჩენილვარ. ჩვენს ქვეყანაშიM მსახიობს ისეთი ჰონორარი არ მიმიღია, რომ საზღვარგარეთ დასასვენებლად წავსულიყავი (იცინის). პირველად მაროკოში, კასაბლანკაში გახლდით. იქ მე და ბახვა წერედიანს მარიონეტების თეატრი გვქონდა. მაროკოში გატარებული ერთი თვე შთამბეჭდავი იყო. შემდეგ "პალიტრა თV"-ის გადაცემაში - "მიმიხვდი" საგზური მოვიგე და ეგვიპტეში, შარმ ელ შეიხში 10 დღე გავატარე. ზღვა არ მიკვირს, მაგრამ წითელმა ზღვამ გადამრია: როგორც კი ზღვაში თავი ჩავყავი, იმდენი სახეობის თევზი დავინახე, რომ გავგიჟდი! სამოთხე იყო... მერე "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ბარსელონას საგზური მოვიგე. ბერლინში "ბერლინალეს" გამო მოვხვდი, სადაც ჩემი მონაწილეობით გადაღებული ფილმი - "ჰორიზონტი" იყო წარდგენილი. ბერლინში ერთი კვირა ვცხოვრობდით. ის 7 დღე საოცარი იყო!.. მოკლედ, რაც ჩამოვთვალე, ყველა მოგზაურობა დასვენებად ითვლება. ჩემს ქვეყანაში დაბრუნებული ვამბობ ხოლმე: ქალაქებსა და ქვეყნებს შენობები არ ქმნიან, მათ, პირველ რიგში, ადამიანები ქმნიან - ჰარმონიით, ერთმანეთის პატივისცემით... არ ვამბობ, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც იდეალურად მიგვაჩნია, ყველაფერი იდეალურად აქვთ, მაგრამ ცოტათი რომ გამოვსწორდეთ, ჩვენნაირი სახელმწიფო არსად იქნება (რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს) და მთელ მსოფლიოს ჩვენთან ყოფნა მოუნდება.

- უცხო ქვეყანაში გამგზავრებამდე, მის შესახებ ინფორმაციას წინასწარ თუ ეცნობი?

GzaPress- ინტერნეტმომხმარებელი დიდად არ ვარ - კომპიუტერთან არ ვმეგობრობ, მაგრამ "გუგლში" "ბაჰრეინი" ჩავწერე და ფოტოები რომ "ამომიგდო", წარმოდგენა შემექმნა, იქაურობა როგორია, თუმცა როცა ჩავდივარ, სხვაგვარად ვათვალიერებ... ბარსელონაში ტრანსპორტის ბევრი საშუალება არსებობს, მაგრამ მე მეტროს გირჩევდით. როდესაც მეტროდან ამოვედი, ზურგიდან რაღაც ძალა ვიგრძენი - არაამქვეყნიური, ცაზე ჩამოკიდებული კოსმოსური ხომალდივით... თავი შევატრიალე და სრული შოკი დამემართა, როდესაც "საგრადა ფამილია" დავინახე!.. ასეთივე შეგრძნება დამეუფლა, როცა ბერლინში რაიხსტაგი ვნახე. შემდეგ მეგობრები წავიყვანე, ყველა მათგანს თვალები დავახუჭვინე, მინდვრის სიღრმეში გავიყვანე და შემოვაბრუნე... ასეთ შეგრძნებებზე "ვკაიფობ" ხოლმე. გეოგრაფიაში დიდად ჩახედული ადამიანი არ ვარ. ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შემეძლოს, იმავე პროფესიას ავირჩევდი. უბრალოდ, ერთ რამეს შევცვლიდი: ძალიან ბევრს წავიკითხავდი. ახლაც არ არის გვიან, მაგრამ მაინც...

- უცხოეთში სტუმრობისას ადგილობრივ მოსახლეობას თუ ესაუბრები, მათთან კონტაქტი გიყვარს?

- კი. სხვათა შორის, ჩემი მეგობრები ამბობენ ხოლმე, - უცხო ენა რომ იცოდე, მთელ მსოფლიოს დაიპყრობო (იცინის). სამწუხაროდ, ინგლისური არ ვიცი. მიუხედავად ამისა, ადამიანთან საერთო ენას მაინც ვპოულობ - სათქმელს ჟესტებით ვაგებინებ. უცხო ენა რომ ვიცოდე, ბევრად მაგარი იქნებოდა. ალბათ, მსოფლიოში უამრავი მეგობარი მეყოლებოდა, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში დამპატიჟებდნენ, მე კი მათ დავპატიჟებდი. ენის ბარიერის მიუხედავად, ყველას გასაკვირად, ადამიანებთან ურთიერთობას ვახერხებ. ერთი თვე მაროკოში რომ ვცხოვრობდი, მძღოლი - ჰალიდი გვყავდა. ეს ბიჭი ისე დამიმეგობრდა, რომ კასაბლანკაში ძმაკაცივით მაკითხავდა, დამიძახებდა, - ჯანოო, ჩავდიოდი და ოკეანის პირას გავდიოდით, ვსვამდით, ვეწეოდით...

- ბარგის ჩასალაგებლად რა დრო გჭირდება?

- დიდი ჩანთა მაქვს. თან, აკრილის საღებავებით სახლები დავახატე - ვერთობი ხოლმე... ახლა მინდა, უფრო მომცრო ზომის ჩანთა ვიყიდო, რადგან რაც მიმაქვს, ყველაფრის ჩაცმას ვერც ვასწრებ ხოლმე - ამისთვის სად მცალია? თუ ადამიანი ერთი კვირით მიემგზავრები, მაქსიმუმ, 3 ხელი ტანსაცმელი უნდა წაიღო. გამგზავრების წინ დიდი რიტუალი არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ თავად ვალაგებ ბარგს. ჩალაგებას, რეცხვას მიჩვეული ვარ.

- შენთვის საოცნებო ადგილი დაგვისახელე, სადაც სიამოვნებით დაისვენებდი...

- უფრო მეტად ეგზოტიკურ ქვეყნებში დასვენება მინდა, მაგალითად - ტიბეტში წავიდოდი, სადაც ბერებს ბროწეულის ყვავილისფერი მოსასხამი აცვიათ. ცოტათი განტვირთვა, სიმშვიდე მინდა... შეიძლება, ზოგიერთმა იფიქროს, - რამ დაღალა ეს კაციო? მაგრამ ცხოვრებაში რაღაცები არის, როცა ჩერდები... საქართველოში, ზარზმაშიც სიამოვნებით წავიდოდი, სადაც ადრე ბერები იყვნენ, ახლა კი ისინი უკვე მამაოები არიან. ისინი ჩემი მეგობრები იყვნენ და არიან. მათთან ასვლას ვაპირებ... ამას გამეორება არ უნდა, რა თქმა უნდა, რომ ჩემთვის საოცნებო ადგილები გაგრა, სოხუმი და ჩემი სოფელია. ჩემი სოფლით (გალის რაიონი, სოფელი ოტობაია) დავიწყებდი, მივყვებოდი ბოლომდე, ვივლიდი და ვივლიდი...

ეთო ყორღანაშვილი