ნატუკა გულისაშვილი დედის ამპლუაში - გზაპრესი

ნატუკა გულისაშვილი დედის ამპლუაში

მსახიობი ნატუკა გულისაშვილი თავისი შვილის - ანუკა ბახტაძის, მასთან ურთიერთობის, დედაშვილური მეგობრობისა და სხვა თემების შესახებ გვესაუბრება:

- მართალია, არ უყვარს, როდესაც მასზე ვსაუბრობ, მაგრამ... ანუკა გერმანული ენის სპეციალისტია, ახლა უმაღლესი სასწავლებელი შეიცვალა - გადაწყვიტა, უფრო დაიხვეწოს და სპეციალური მიმართულება აირჩია - გერმანული ენა სინქრონი და თარგმანი, პარალელურად, კრიმინალისტიკის კურსები დაამთავრა, ასევე არის ფოტოგრაფი და ფსიქოლოგი, მოკლედ, სულ სწავლობს და სწავლობს. მართალია, ეს ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული, მაგრამ ვფიქრობ, ყველაზე დიდი შენაძენი სწორედ ცოდნაა და ამაში არანაირი თანხა არ გენანება, როცა ხედავ, რომ შედეგი სახეზეა. მე ძალიან მიხარია ეს ყველაფერი.

- რა იყო მთავარი, რასაც მას ასწავლიდით?

GzaPress- იცით, ალბათ ასე პირდაპირ მისთვის არაფერი მისწავლებია, ურთიერთობაა თუ ზრდილობა, შენი მაგალითით უნდა აჩვენო და ისე ისწავლის. როგორც მე ვსწავლობდი ჩემს ოჯახსა და ჩემ გარშემო მყოფებთან, თუმცა, რაღაც საკითხებში მარიგებდნენ, რა თქმა უნდა, შენიშვნებსაც მაძლევდნენ. ეს სულ სხვა თაობაა, ჩვენ სხვანაირად აღგვზარდეს, სხვა ვალდებულებებით - ეს უნდა გააკეთო, ის უნდა გააკეთო, ნათესავებთან უნდა მიხვიდე და ა.შ. როდესაც ჩემს შვილს ეს ვუთხარი, მითხრა, რომ ნათესავის სიყვარული არ განისაზღვრება მისდამი მოკითხვების რაოდენობით ან ნახვის ვალდებულებით და ა.შ. და რაღაცებში ვეთანხმები კიდეც. მისგან მეც ბევრ რამეს ვსწავლობ. ემოციური ვარ, ადამიანებს რამე ისე თუ ვერ ვუთხარი, ან ვაწყენინე, მასწავლის, რჩევას მაძლევს როგორ შეიძლება მოვიქცე. ბევრი რამაა, რაც ამ თაობისგან უნდა ვისწავლოთ.

- ერთად რა დროს ატარებთ?

- იმდენი დრო არ გვაქვს, რომ ერთად დიდხანს ვიყოთ, მაგრამ დილით და საღამოს, თავისთავად. მთავარი ისაა, რომ მას ჩემთან ერთად სიარული მოსწონს - თეატრში, გამოფენებზე თუ სხვაგან. უხარია, როდესაც მისი მეგობრები ჩვენთან მოდიან სახლში და მე იქ ვარ. მე კი დედას ვთხოვდი, რომ გასულიყო. მე და ანუკას ერთი წრე გვაქვს. ერთადერთი, რაშიც ერთმანეთს ვერ ვეთანხმებით, მუსიკალური ჟანრია, მე ქართული სიმღერები, ქართველი შემსრულებლების კონცერტები მომწონს. მისი საყვარელი ჯგუფები როცა ჩამოდიან, დადის და არც მაქვს სურვილი, რომ იქ მე წავიდე. 23 წელი ეს ის ასაკია, როდესაც ადამიანი უკვე ჩამოყალიბებულია და ძალიან მიხარია, რომ ანუკასთან ერთად ჩემი მეგობრები სხედან და საინტერესო თემებზე საუბრობენ.

- ანუკა "კულინარიული ნიჭით" დაგემსგავსათ?

- კარგი ხელი აქვს და უხარია, როდესაც სახლში მივდივარ და თავის გაკეთებულს მახვედრებს, მე კი ვაქებ. როდესაც სახლში მარტოა, ცდილობს, თვითონ მოამზადოს და თავის მეგობრებსაც გაუმასპინძლდეს. უბრალოდ, როდესაც დედაა სახლში - "რა საჭიროა, მან გააკეთოს", როგორც ალბათ შვილების უმეტესობა... თუ მარტოა, ყველაფერი დალაგებულ-დაწკრიალებული აქვს. მე ვარ მშვიდად, რადგან ვიცი, რომ სწავლა-მითითებების გარეშე, თავისით ყველაფერს შეძლებს, თუ დასჭირდება.

- ერთად შოპინგზე თუ დადიხართ?

- ძირითადად, მაღაზიებში, ტანსაცმლის, კოსმეტიკური და მოვლის საშუალებების საყიდლად დავდივართ. ხალხმრავალ ადგილებში, ბაზრობებზე სიარული არ უყვარს.

- ერთმანეთის სამოსს, აქსესუარებს, ნივთებს იყენებთ ხოლმე?

- კი და სულ ამაზეა ჩხუბი (იცინის). ნუ იცვამ ჩემსას, გამიწელავ და ა.შ. ამიტომ, ვცდილობ, თუ დამჭირდა, მისი ისეთი რამ ჩავიცვა, რაც არ გაიწელება, ისიც, თუ ჩამეტევა (იცინის).

- დედისთვის ქალიშვილის ყოლა ალბათ სულ სხვა შეგრძნებაა, ხომ?

- როდესაც გოგონა გაჩნდა, პირველივე წამიდან მივხვდი, რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი, ვფიქრობ, ბევრი მძიმე და რთული პერიოდის გავლისას, ის ერთადერთი იყო, ვინც მე ცხოვრების გაგრძელების სურვილს მაძლევდა. შეიძლება რაღაც არ მომწონდეს, მაგრამ მის გამო მე ბევრ რამეს ხალისით ვაკეთებ, რადგან ვიცი, რომ ეს ანუკას მოეწონება, ეამაყება და ა.შ. ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ანუკა არსებობს ჩემ გვერდით და ისეთია, როგორზეც მაგალითად, ბავშვობისას მიოცნებია - ასეთი და ასეთი შვილი მყავდეს-მეთქი.

- დასასვენებლად ერთად მიდიხართ?

- ზაფხულობით ყოველთვის ვცდილობთ, ახლობლების აგარაკზე იქნება თუ სხვაგან, ერთად წავიდეთ, თუმცა, მეგობრებთან ერთად მარტოც ვუშვებ, რადგან მეც ვიყავი ამ ასაკის და ზუსტად ვიცი, რომ მათთან ერთად სულ სხვა დროს გაატარებს. ანუკა ხედავდა, რომ მე ყოველთვის ვცდილობდი, ბევრი რამ მომეკლო, ოღონდ ის და დედაჩემი კომფორტში ყოფილიყვნენ, ამიტომ, ამ ზაფხულს სამი დღით მეობრებთან ერთად ზღვაზე რომ "გავძვერი", თვითონაც ბედნიერი იყო, რა კარგია, რომ ისვენებო.

- თქვენ თუ გიკრძალავდნენ მშობლები სადმე წასვლას?

GzaPress- არა, ეს მომენტი არასდროს მქონია და ჩემი პრინციპიც ყოველთვის ეს იყო, რომ რაც უფრო დაუშლი ადამიანს რაიმეს, მით უფრო საინტერესო ხდება მისთვის ეს აკრძალული ხილი. ბევრი რამ შენს საკუთარ თავზეც უნდა გამოცადო და პატარ-პატარა ცხვირის "წატეხვები" გქონდეს, ეს ყველა ადამიანს აქვს ცხოვრებაში, ოღონდ, ცხადია, უნდა შეეცადო, რაიმე ისეთი არ შეგემთხვეს, რომ მთელი ცხოვრება ტრავმად დაგრჩეს. ამიტომაც, არასდროს არაფერს ვუკრძალავდი, ყოველთვის ვცდილობდი გამეშვა, ენახა, მარტო ყოფილიყო, მე ამ დროს ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ასე იყო საჭირო.

- ანუკას მამასთან თუ აქვს ურთიერთობა?

- კი, შეძლებისდაგვარად, ანუკას მამა უკვე 18 წელია გერმანიის მოქალაქეა და იქ ცხოვრობს. ზაფხულობით, როდესაც ჩამოდის, მეტ-ნაკლებად რაღაც ურთიერთობები აქვთ. ამაში მე არასდროს ვერევი, პატარა არ არის და თვითონ ალაგებს ყველაფერს ისე, როგორც მას სურს.

- თქვენს პირად ცხოვრებაში რაიმე სიახლე ხომ არ არის ამ ეტაპზე?

- არაფერი განსაკუთრებული, სიმშვიდე და სიწყნარეა, სამსახური, სახლი, გადაღებები, მეგობრები და ა.შ. ალბათ, როცა რაღაც სიახლე იქნება, აუცილებლად ვიტყვი. როდესაც ადამიანი ბედნიერია და კარგადაა, თავისთავად უნდა, რომ ეს ყველამ გაიგოს.

თამთა დადეშელი