ავთანდილ ჭრიკიშვილის ტრიუმფალური დაბრუნება პაუზის შემდეგ
2013 წელს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ჭრიკიშვილი საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს, ხოლო ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2014 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტად დაასახელა. ძიუდოისტისთვის 2017 წელი რთული აღმოჩნდა: რიოს ოლიმპიურ თამაშებზე განცდილი წარუმატებლობის შემდეგ, მძიმე ტრავმა მიიღო და დაახლოებით წელიწად-ნახევარი აქტიურ სპორტს გამოეთიშა. ტატამზე დაბრუნების შემდეგ ჭიდაობა 90 კგ კატეგორიაში განაგრძო და წარმატებამაც არ დააყოვნა - 2018 წლის 29 ივლისს ის ზაგრების "დიდი პრიზის" გამარჯვებული გახდა. 27 წლის სპორტსმენს ხორვატიაში ტრიბუნიდან მეუღლე თამუნა გვენეტაძე და 6 თვის შვილი, ლევანი გულშემატკივრობდნენ, რაც ბუნებრივია, დამატებითი მოტივაცია იყო სპორტსმენისთვის.
- ავთო, როგორ დაიწყო თქვენი სპორტული კარიერა?
- პატარა ვიყავი, როცა ოჯახის წევრებმა ქართულ ჭიდაობაზე შემიყვანეს. ბიძაჩემი ძიუდოისტი იყო და მამას და პაპას კახეთში მის საყურებლად ყოველ შაბათ-კვირას გამართულ შეჯიბრებებზე დავყავდი. მაშინ 4-5 წლის თუ ვიქნებოდი. იმ პერიოდიდან მოყოლებული, ვამბობდი, მოჭიდავე უნდა გამოვიდე-მეთქი. ქართული ჭიდაობა ძალიან კარგია, მაგრამ ოლიმპიური სახეობა არ არის. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად ვეცადე, რომ ქართულს რაც ჰგავდა, იმის შესწავლა დამეწყო და 11 წლისა ძიუდოზე შევედი. მანამდე, 9-დან 11 წლამდე მხატვრულ ტანვარჯიშზე დავდიოდი, ვიცოდი გამომადგებოდა და ასეც მოხდა - დღესაც ძალიან მეხმარება მაშინ მიღებული ცოდნა.
- რა იყო თქვენი პირველი დიდი წარმატება?
- როგორ გითხრათ?! ბავშვს ყველაფერი გიხარია. 17 წლიდან დაიწყო გამარჯვებები: ახალგაზრდებში ევროპის პრიზიორობა, შემდეგ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი გავხდი ახალგაზრდებში, 19 წლისამ მოვიგე ევროპა და მსოფლიო. თუმცა, რა თქმა უნდა, 15-16 წლის რომ ვიყავი, საქართველოს ჩემპიონობა და პირველი მედალი ძალიან დიდ წარმატებად მიმაჩნდა.
- ოჯახში ვინ იყო თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?
- მშობლები, განსაკუთრებით კი ბებია, რადგან ვარჯიშებზე მას დავყავდი. რომ წავაგებდი, შინ დაბრუნებულებს ბაბუა ეუბნებოდა, ბავშვს ტყუილად ნუ აწვალებ, ვარჯიშზე ნუ დაგყავსო. პაპა მძიმედ განიცდიდა წაგებას. მერე უკვე მე და ბებია შეჯიბრებაზე რომ მივდიოდით, მაფრთხილებდა, არ ვთქვათ, რომ შეჯიბრებაზე მივდივართ და თუ მოიგებ, მხოლოდ მაშინ გავამხილოთო (იღიმის). რამდენიმე წლის შემდეგ, როცა პაპაც დარწმუნდა, გასართობად კი არ დავდიოდი, სერიოზულად ვიყავი ამ სპორტით გატაცებული, ყოველ დილას თვითონ დავყავდი სავარჯიშოდ.
- ტრავმის გამო პაუზა გქონდათ, მოდი იმ პერიოდზე ვისაუბროთ...
- ოლიმპიადის შემდეგ გულგატეხილი ვიყავი. ისე ვიყავი განწყობილი, რომ ოქრო მინდოდა ამეღო. მოსაგებად ჭიდაობ და ალბათ ისევე, როგორც ყველა სპორტსმენი, მეც გამარჯვებაზე ვფიქრობდი, მეხუთე ადგილზე გასვლა ჩემთვის დიდი სტრესი იყო. შემდეგ მივიღე ტრავმა, ხელი ამომივარდა და რამდენიმე ადგილას მომტყდა. 6 თვეზე მეტი ტრავმირებული ხელით ვვარჯიშობდი, მაწუხებდა, მაგრამ მაინც არ ვეპუებოდი.
- ტრავმირებული ხელის დატვირთვა შეიძლებოდა?
- არ შეიძლებოდა და დატვირთვით უფრო გავიმწვავე მდგომარეობა. მერე რენტგენი რომ გადამიღეს, აღმოჩნდა, რომ ხელი მოტეხილი და ძვლის ნამტვრევები სახსარში ჩაყრილი იყო.
- ეს არ იცოდით? ტრავმა რომ მიიღეთ, მაშინ არ გადაგიღიათ რენტგენი?
- კი, პირველივე დღეს გადამიღეს გერმანიაში. მართალია, ხელი ძალიან დასივებული მქონდა, მაგრამ მითხრეს, რომ ამოვარდნაა და არა - მოტეხილობა. გერმანიაში დასმულ დიაგნოზს დავეყრდენით და საქართველოში რომ დავბრუნდი, ექიმთან აღარ მივსულვარ. ხელი მაინც მტკიოდა და მისივდებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მსოფლიო გუნდურიც ვიჭიდავე, სამი შეხვედრაც მოვიგე, ძალიან რომ დამისივდა, მხოლოდ მაშინ მივედი ექიმთან. მითხრეს, რომ აუცილებელი იყო ოპერაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელს ვეღარ გამოვიყენებდი. საოპერაციოდ საზღვარგარეთ გამგზავრება მირჩიეს, ტრავმატოლოგიც დამისახელეს - გიორგი ჭუმბურიძე, რომელიც 12 წელი გერმანიაში მუშაობდა. ის დამპირდა, რომ ოპერაციის შემდეგ 3 თვეში შევძლებდი ვარჯიშის დაწყებას. საზღვარგარეთ აღარ წავსულვარ, ვენდე და მართლაც სახსარი სულ გამისუფთავა. 11 სხვადასხვა ზომის ნატეხი ამოიღო. ოპერაციის შემდეგ სურათი რომ გადავიღე, შედეგით ყველა გაკვირვებული იყო და მეკითხებოდნენ, ვინ გაგიკეთა ასე წარმატებით ოპერაციაო. ამ ექიმის ძალიან მადლიერი ვარ. შემდეგ იყო რეაბილიტაციის თვეები. ძალიან, ძალიან მოვინდომე. ცოლი და შვილი სხვა სტიმულია. არ მინდოდა ხალხს ეთქვა, ცოლი მოიყვანა, ოჯახი აქვს და აღარ ვარჯიშობსო. ქართული მენტალიტეტი ხომ იცით, რაღაცებს რომ გააკეთებ, შეიქმნი და მერე მოეშვები. პირიქით, მინდა მეტი გავაკეთო და ვიშრომო. თავს არ ვიქებ, მაგრამ ბავშვობიდან ასეთი ნებისყოფა მაქვს. რაც უფრო მეტი წინააღმდეგობა მხვდება, ცუდად ვარ ან ხალხს არ სჯერა ჩემი, უფრო ვძლიერდები და მინდა მეტს დავუმტკიცო, რომ შემიძლია და ყველაფერს დავძლევ.
- ეს ძალიან კარგი თვისებაა...
- გულწრფელად გითხრათ, დაახლოებით 6 თვე დროდადრო ვტიროდი კიდეც. რომ ვერ ვვარჯიშობდი და ტურნიკზე ვერ ვიწეოდი, ძალიან განვიცდიდი. მერე სამჯერ რომ ავიწიე, მიხაროდა (იღიმის), მაგრამ დღეს უკვე წონით, ანუ 50-70 კილოთი შემიძლია ტურნიკზე აწევა და ისე ვარჯიში.
- როგორც ვიცი, იმ თქვენთვის მძიმე თვეების განმავლობაში მეუღლე გედგათ გვერდში...
- კი და დღემდე ასეა. ოღონდ მე ვივარჯიშო და ხელი არაფერში შემეშალოს, ყველა ძალიან მიწყობს ხელს. მართალია, თამუნა შეკრებებზე სულ ტირილით მაცილებს ხოლმე (იღიმის), მაგრამ სულ მეუბნება, "შენ უნდა ივარჯიშო", "თუ ფედერაციაში ფული არ არის, შენი ხარჯებით წადი". ფედერაციაში პრობლემების გამო რამდენიმე "ზბორზე" არ წამიყვანეს და მაშინაც სულ ამას მიმეორებდა. ახლა ვუთხარი, ოლიმპიადამ ჩაიაროს და მერე სპორტს თავს დავანებებ, არ მინდა სულ შეკრებებზე ვიყო, თქვენგან შორს-მეთქი, მაგრამ მითხრა, შენ ოღონდ იჭიდავე და ბავშვსაც და ყველაფერს მე მივხედავო (იღიმის). ასე რომ, არც ოლიმპიადის მერე ვაპირებ თავის დანებებას. მედიცინაც განვითარდა და სპორტიც, ჩემზე გაცილებით უფროსები, ათი წლითაც კი, აქტიურად ჭიდაობენ. 2016 წელს კაცმა 34 წლის ასაკში მოიგო პირველად ოლიმპიადა.
- მეუღლეზეც გკითხავთ, რა პროფესიისაა და როგორ გაიცანით ერთმანეთი?
- თამუნა იურისტია. ინგლისში სწავლობდა. შემდეგ პრემიერთან მუშაობდა, ახლა ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაშია, იურისტად. ჩემი ნათესავის კურსელი და დაქალია. პირველად ორი წლის წინ, თბილისში, ჩემს სახლთან შევხვდით. ჩემი ნათესავი სადღაც უნდა წამეყვანა და ის თავის მეგობართან, ანუ თამუნასთან ერთად იყო. მაშინ ვერ წავიყვანე, მაგრამ გავიცანი. ზაფხულში ნორიოში დაქალთან ჩამოვიდა. ღვთაების მონასტერში ავედით ყველანი. დავმეგობრდით. თამუნას ძმა ადრე ჭიდაობდა, "ზბორებზეც" ვართ ერთად ნამყოფი, ის ამბები გავიხსენეთ, მერე თამუნას დაბადების დღეზე დამპატიჟეს, ოჯახებით გავიცანით ერთმანეთი და ასე თანდათან დავახლოვდით. ახლა უკვე 6 თვის შვილი გვყავს - ლევანი. სულ იღიმის, მხოლოდ ერთი თუ ორი ადამიანი არ მოეწონა და იტირა, თორემ ისე ყველას უღიმის.
- ტატამზე თქვენს ტრიუმფალურ დაბრუნებას ხალხი სიხარულით შეხვდა. ხორვატიაში მეუღლე და შვილი გგულშემატკივრობდათ. მათი ვიზიტი სიურპრიზი იყო თქვენთვის?
- დიახ, სიურპრიზი იყო. სანამ ხორვატიაში ჩავიდოდი, მანამდე თურქეთიდან თამუნას მივწერე და მოვიკითხე. დედაჩემთან მივდივარო, მომატყუა. ხორვატიაში რომ ჩავფრინდი, აეროპორტში დამხვდნენ (იღიმის). შეჯიბრების მერე ერთად გამოვფრინდით. ტრავმის მერე ეს იყო ჩემთვის პირველი დიდი შეჯიბრება 90 კგ კატეგორიაში და პირველი გრან-პრი, რაც მოვიგე. რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახის გვერდით ყოფნა დიდი მოტივაცია იყო. ყველა შეხვედრაზე რომ გავდიოდი, ტანში მაჟრიალებდა და სულ ვფიქრობდი, რომ უეჭველად უნდა მომეგო.
- ახლა რა ეტაპია? უკვე აქტიურად, დღეში ორჯერ ვარჯიშობთ?
- ზაგრების მედალი ჩემთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია და ეს წარმატება მახარებს. რაც შეეხება ყოველდღიურ რეჟიმს, დილა-საღამოს, დღეში ორჯერ ვვარჯიშობ, ზოგჯერ სამჯერაც. წინ ყველაზე დიდი შეჯიბრებაა. ჯერ არ არის გადაწყვეტილი, ვინ გაემგზავრება "მსოფლიოზე". იმედია, "მსოფლიოზე" ვიჭიდავებ და მინდა, იქიდანაც ოქროს მედლით დავბრუნდე.
ანა კალანდაძე