"ეს ამბავი სოფიკო ჭიაურელის ყურამდე მივიდა და თავისთან დამიბარა" - გზაპრესი

"ეს ამბავი სოფიკო ჭიაურელის ყურამდე მივიდა და თავისთან დამიბარა"

"ჩემი ცოლის დაქალებში" შესრულებულმა თათია ეგაძის როლმა მსახიობი ეთო გუგავა მეტად პოპულარული გახადა. რას თვლის ის თავის პირველ წარმატებად, რატომ დაიბარა სოფიკო ჭიაურელმა, რა არის სიყვარული, თავისუფლება და რისი ეშინია ყველაზე მეტად? - ამ ყველაფერს, მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1980 წლის 6 მაისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. მგონი, სხვა პროფესიაზე არც არასდროს მიფიქრია. ეზოში ჩემი პატარა თეატრი მქონდა. სცენაზე ფარდების მაგივრობას სარეცხის თოკზე ჩამოკიდებული პირსახოცები ასრულებდა. წინ პატარა სკამები ელაგა, ასე ჩემებურად ვდგამდი სპექტაკლებს, მაყურებელს ვეპატიჟებოდი, ვთამაშობდი და ვიყავი ძალიან ბედნიერი.

- ჩემზე ამბობენ...

- ...კარგი მეგობარიაო.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...დღეს ჩემ გვერდით არის ადამიანი, რომელიც მაბედნიერებს.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...პუნქტუალური და ერთგული ვარ.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...მინდა არ ვეწეოდე და დილით ადრე ადგომა მიყვარდეს.

- არ მჩვევია...

- ...ალკოჰოლის მიღება.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...იყო მაშინ, როცა სპექტაკლში "მერი პოპინსი" ვითამაშე. მართალია, მთავარ როლში არ ვიყავი, მაგრამ მაშინ ჩემ მიერ შესრულებულ როლებს (სპექტაკლში სულ 4 ეპიზოდურ როლს ვთამაშობდი), ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გაზეთებში ჩემი ფოტოები დაიბეჭდა, დადებითი რეცენზიები დაიწერა, სადაც სოფიკო ჭიაურელს მადარებდნენ. ისე მოხდა, რომ ეს ამბავი სოფიკო ჭიაურელის ყურამდე მივიდა და თავისთან დამიბარა, სპექტაკლზეც დამპატიჟა. ეს ჩემთვის დაუვიწყარი შეხვედრა იყო. მაშინ დავრწმუნდი, რომ პროფესია სწორად მქონდა არჩეული.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ვიმოგზაურო, მაგრამ ვერ ვახერხებ.

- მეშინია...

- ...ფრენის. თვითმფრინავით მგზავრობის რომ არ მეშინოდეს, წავიდოდი აეროპორტში და ნებისმიერი მიმართულებით წამსვლელ პირველსავე რეისს გავყვებოდი. ისე კი, ყველაზე მეტად სიდნეის ნახვა მაინტერესებს. ძალიან სკეპტიკოსი ვარ, მსგავსი რამეების არ მჯერა, მაგრამ ბავშვობის ასაკში დამესიზმრა, თითქოს ვიღაც ავიაკატასტროფაზე მელაპარაკებოდა. მას შემდეგ ისეთი პანიკური შიში ჩამენერგა, დღემდე ეს ფობია ვერ დავძლიე.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...ცხვირს, ტუჩს ცოტათი შევიცვლიდი, კიდევ პატარა კოსმეტიკურ ჩასწორებებს გავიკეთებდი.

- მეზარება...

- ...დილით ადრე ადგომა.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ბილეთები, მართვის მოწმობა რომ ავიღო. გამოცდაზე მხოლოდ ერთხელ ვიყავი გასული. ალბათ არ მაქვს დიდი სურვილი, საჭე ვმართო და სათანადოდ არ ვინდომებ.

- ყოველთვის მრცხვენია, როცა...

- ...ვიღვიძებ და მახსენდება, დილით ადრიანად ვიღაცამ გამაღვიძა და სავარაუდოდ, გავლანძღე. ეს ჩემთვის იმდენად მტკივნეული თემაა, ყველა ახლობელმა იცის, 12 საათამდე არ უნდა დამირეკონ.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...უმოქმედობა კარიერაში, სათანადოდ მოუნდომებლობა და რიგი საკითხების სხვა გარემოებებზე გადაბრალებაა.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ითხოვენ. ყველა შემთხვევაში შემიძლია.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...რომ არ ვთქვა ყველაფერი, რასაც ვფიქრობ. ამას დღემდე წარმატებულად ვახერხებ.

- ვნანობ...

- ...რომ ცხოვრებაში გარკვეული ნაბიჯები არ გადავდგი. რაც გავაკეთე, იქიდან არაფერს ვნანობ.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...რატომღაც იმ ადამიანებს ვეჩხუბები, "კარგი ახლა, ნუ იტყუები", "გაჩერდი, ზედმეტი მოგდის"....

- ვიბნევი...

- ...არ ვიბნევი, ნებისმიერ სიტუაციასა და გარემოს შემიძლია მოვერგო.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა...

- ...შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ვინც გამაღვიძებს.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...გადასაღებ მოედანზე. სცენას კამერასთან მუშაობა მირჩევნია, თუმცა თეატრიც ძალიან მიყვარს. ბოლო დროს საბოლოოდ დავრწმუნდი, ჩემი ცხოვრების მთავარი ოცნება, გადასაღებ მოედანზე ყოფნა ყოფილა. ეს არის ადგილი, სადაც შვილების არსებობაც კი მავიწყდება. იმ ლოკაციის გარდა, დანარჩენ პლანეტას ვერ აღვიქვამ.

- სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" გამოჩენის შემდეგ...

- ...ყველას რატომღაც "სტერვა" ვგონივარ. ამაში გარეგნობაც ხელს მიწყობს, ბევრს უთქვამს, შენ როგორი უხეში, მწარე ენის პატრონი და ცივი ადამიანი გვეგონე, ასეთი არ ყოფილხარო.

- სიყვარული ეს...

- ...არის სულიერად კომფორტული მდგომარეობა.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...მაქსიმალურად ვცდილობდი, ეს ამბავი ოჯახის წევრებს არ გაეგოთ. მაშინ ასე იყო, 16-17 წლის ასაკში შეყვარებულის ყოლა დასამალი ამბავი იყო.

- სასურველი კაცი უნდა იყოს...

- ...ისეთი, როგორიც შენ მოგწონს და უნდა იყოს შენთან.

- ვეპრანჭები...

- ...არავის და ამის გამო მეჩხუბებიან. გამუდმებით მიმეორებენ, მაკიაჟი გაიკეთე, ასეთი ჩაცმული რატომ დადიხარ, ქუსლებზე დადექი, სულ პატარა ბავშვივით ნუ გაცვიაო. ჩემთვის კი ეს ძალიან კომფორტული მდგომარეობაა.

- ვრისკავ...

- ...იშვიათად. ფრთხილი ადამიანი უფრო ვარ, ვიდრე - რისკიანი.

- თავისუფლება...

- ...ბედნიერებაა. თუ თავისუფალი არ ხარ, ბედნიერი ვერ იქნები.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...რომ მეგობრებისთვის ვერ ვიცლი.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...შვილებს წავიყვანდი, რასაც ხელს დაადებდნენ, ყველაფერს შევიძენდი. დანარჩენზე მერე ვიფიქრებდი. ცხოვრებაში დაგეგმილზე მეტად სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილებებით ვმოქმედებ.

- როცა მარტო ვარ...

- ...ყველაფერს ვთიშავ, ვაჩერებ და ვტკბები სიჩუმით.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ვძაბავ ყველას. ჩემი ემოცია ახლობლებისთვისაც გადამდებია ხოლმე. უმეტეს შემთხვევაში, დაძაბულობა ურთიერთობებიდან მოდის. გამოსავალს ისევ და ისევ სიტუაციაში გარკვევით ვპოულობ. დიალოგი ყველაზე კარგია.

- ადამიანი, ვისი აზრიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ...არის ჩემი და.

- ვჯიუტდები...

- ...ახლა უკვე იშვიათად, წლების წინ ძალიან ჯიუტი ვიყავი. მერე მივხვდი, რომ ეს საშინელი თვისებაა და ამ მხრივ საკუთარი თავი შევცვალე. სხვისი აზრის გათვალისწინება, ზოგიერთ შემთხვევაში კარგი შედეგის მომტანია.

- დაბოლოს, გეტყვით...

- არა ვარ "სტერვა", არა!

თამუნა კვინიკაძე