საკურორტო რომანი და მისი შუქჩრდილები
წელიწადის ამ დროს ადამიანები ცდილობენ, კარგად დაისვენონ და განიტვირთონ, ამიტომ, საკურორტო რომანები ჩვეულებრივ ამბად არის მიჩნეული. რას ფიქრობენ საკურორტო რომანებზე ქართული ინტელიგენციისა და შოუბიზნესის წარმომადგენლები? - ამ საკითხზე თვითონ გვიამბობენ:
"სიყვარული შეიძლება ყველგან იპოვო"
ეკა ნიჟარაძე, მსახიობი: - საკურორტო რომანებისა როგორ არ მჯერა, ჩემ გარშემოც არიან ადამიანები, რომელთა ე.წ. საკურორტო რომანი სერიოზულ გრძნობაში გადაზრდილა, ოჯახიც შეუქმნიათ და ახლა მშვენივრად გრძნობენ თავს. მართალია, ქართველი მამაკაცები ასეთ ურთიერთობას ცოტა ალმაცერად უყურებენ, მაგრამ XXI საუკუნეა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. სიყვარული შეიძლება ყველგან იპოვო - მთაშიც, ბარშიც, ზღვაზე, კურორტზე და ლილოს ბაზრობაზეც კი.
"რაღა დროს ჩემი საკურორტო რომანებია?"
ნიკა არაბიძე, იუმორისტი: - ჩემთვის საკურორტო რომანები ზღვასთან ასოცირდება. როცა ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, ერთი სული მქონდა, ზღვაზე როდის წავიდოდი და ზაფხულის განუმეორებელი დღეებით დავტკბებოდი, მსუბუქი ფლირტიც მქონია, მაგრამ მერე ამ ურთიერთობას სერიოზული არაფერი მოჰყოლია. ახლა კი, რაღა დროს ჩემი საკურორტო რომანებია? ისედაც, ვფიქრობ, რომ ასეთი რომანები დიდი ხანგრძლივობით არ გამოირჩევა, დიდხანს ვერ ძლებს და სერიოზულად ვერც კი აღვიქვამ. ამავე დროს, გამორიცხული არაფერია და სიყვარული შეიძლება ნებისმიერ სიტუაციაში გეწვიოს. ჩემი მეგობარი, მაგალითად, მომავალ მეუღლეს მანქანით დაეჯახა და ასე გაიცნო. მერე ამ მანქანის გარემონტების პროცესში ააწყვეს ურთიერთობა და დღეს უკვე ცოლ-ქმარი არიან. მიუხედავად უსიამოვნო დასაწყისისა, ძალიან კარგი ოჯახი შექმნეს.
"ბუნებით მონოგამი ვარ და შემთხვევითი ურთიერთობების გაბმა არ მომწონს"
ბუბა მირცხულავა, მსახიობი: - გულწრფელად გეტყვით, რომ საკურორტო რომანები დიდად არ მიზიდავს, პარტნიორების ხშირი ცვლაც მიუღებელია ჩემთვის. ბუნებით მონოგამი ვარ და შემთხვევითი ურთიერთობების გაბმა არ მომწონს. მიმაჩნია, რომ ერთი პარტნიორი უნდა გყავდეს და ის გაურკვეველ, ერთჯერად ურთიერთობებში არ უნდა გაცვალო. ჩემთვის სტაბილურობა ბევრს ნიშნავს. ჯერჯერობით ასე ვფიქრობ და მგონია, რომ მომავალშიც ასე ვიფიქრებ. ბუნებრივია, კურორტზე დაწყებული სერიოზული ურთიერთობის წინააღმდეგი სულაც არა ვარ: თუ ასეთ სიტუაციაში ადამიანს გაიცნობ და მის მიმართ სერიოზული გრძნობა გაგიჩნდება, ეს სულ სხვა რამეა.
"საკურორტო რომანი არასოდეს მქონია"
ნინი ბადურაშვილი, მომღერალი: - მე თვითონ არასოდეს მქონია, თუმცა ვფიქრობ, საკურორტო რომანი შეიძლება დაიწყოს და სერიოზულადაც გაგრძელდეს. სულაც არ ვფიქრობ, რომ კურორტზე ვიღაც უნდა გაიცნო, გაერთო და მერე ყველაფერი უნდა დამთავრდეს. მე სერიოზული ურთიერთობების მომხრე ვარ, თუმცა ეს საკითხიც უფრო ინდივიდუალურია და ადამიანზეა დამოკიდებული. ბავშვობაში, არდადეგებზე შეიძლება ვიღაც გაიცნო და მერე დაგავიწყდეს, მაგრამ საკურორტო რომანი რას ჰქვია, ვერ გეტყვით. ეს უფრო ბიჭებს ახასიათებთ: კურორტზე მიდიან, ერთობიან და მერე ყველაფერს ივიწყებენ. მე კი, ერთჯერადი ურთიერთობის მომხრე არა ვარ და ეს ჩემს მეგობრებსაც არ ახასიათებთ. თუ ვინმეზე ვფიქრობ და სერიოზულად მომწონს, მინდა, რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდეს და გაღრმავდეს.
"ეს უფრო ერთჯერადი ურთიერთობაა და მასში სერიოზული არაფერია"
დიტო კუპატაძე, მსახიობი: - დამსვენებელსაც გააჩნია: ქართველი ქალი ოთხი შვილით რომ წავა ზღვაზე, იმას რომანებისთვის სცხელა? მიმაჩნია, რომ საქართველოში საკურორტო რომანებს სერიოზულად არ უყურებენ. ამგვარი რომანი იმისთვისაა კარგი, ვისაც გართობა და "გულაობა" მოსწონს. მეც ვფიქრობ, რომ ეს უფრო ერთჯერადი ურთიერთობაა და მასში სერიოზული არაფერია. რა თქმა უნდა, ე.წ. საკურორტო რომანი მეც მქონია, მაგრამ მას სერიოზული შედეგი არ მოჰყოლია. ისე კი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ეს ურთიერთობაც შეიძლება სერიოზულად გაგრძელდეს.
"საკურორტო რომანს რუსების მიერ შემოტანილ მოვლენად აღვიქვამ"
ხვიჩა მაღლაკელიძე, იუმორისტი: - საკურორტო რომანს რუსების მიერ შემოტანილ მოვლენად აღვიქვამ, რომელიც ხშირად ვენერიული დაავადებებით სრულდებოდა და სრულდება. ყველაზე კარგი საკურორტო რომანი ჩემთვის არის მეუღლესთან ერთად რომ წახვალ და სიყვარულში მეორე სუნთქვა გაგეხსნება. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი რომანიც შეიძლება სერიოზულ სიყვარულში გადაიზარდოს. სიყვარული უცნაური გრძნობაა და შეიძლება შენი "მალიარი", ან სანტექნიკოსიც შეგიყვარდეს - ასეთ გამონაკლისს ვერ გამოვრიცხავ.
"მამაკაცები ვფიქრობთ, რომ ჩვენთვის მსუბუქი ფლირტი შეიძლება"
ბადრი ვადაჭკორია, ფოტოგრაფი: - სერიოზულ გრძნობაში შეიძლება ყველანაირი ურთიერთობა გადაიზარდოს, თუმცა, მე არასოდეს მქონია სურვილი, დასვენების დროს რაიმე სერიოზული ურთიერთობა გამება. შესაძლოა, ადამიანი განიტვირთოს ამ გიჟური ცხოვრებისგან და ერთგვაროვანი, უარყოფითი ემოციებისგან, მაგრამ ეს უბრალო ფლირტია, რომელმაც ოჯახს არ უნდა ავნოს. ოჯახი ერთია და ყველაზე მთავარია.
"ყველაფერი შეიძლება მოხდეს"
მაკა ზამბახიძე, მომღერალი: - ყველაფერი ინდივიდუალურია, იგივე უნდა ვთქვა საკურორტო რომანებზეც, თუმცა ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე: შეიძლება ადამიანს ზღვის ნაპირზეც შეხვდე და ბიბლიოთეკაშიც. შეიძლება ფლირტი ფლირტად დარჩეს და შეიძლება ეს ურთიერთობა გაგრძელდეს და კარგადაც დასრულდეს. ხათუნა ჩიგოგიძე