თანამედროვე ჰანგების ფონზე წარმოდგენილი ფოლკლორი - გზაპრესი

თანამედროვე ჰანგების ფონზე წარმოდგენილი ფოლკლორი

ჯგუფი "ურსა" ხუთი მუსიკოსისგან შედგება: გიორგი ძოწენიძე, შოთიკო ქვარცხავა, გიორგი გრიგალაშვილი, კობა შენგელია და ლევან ფერაძე. ჯგუფის ძირითადი მუსიკალური სტილი იმპროვიზებული ფოლკია. ბოლო პერიოდში ანსამბლის ცნობადობა მეტად გაიზარდა, რასაც მათ სხვადასხვა არხსა და სატელევიზიო შოუებში გამოჩენამ შეუწყო ხელი. თანამედროვე ჰანგების ფონზე წარმოდგენილი ქართული ფოლკლორი და ზოგადად, ეთნო ჯაზი ის მუსიკალური მიმართულებაა, რომლის შესახებაც აზრი ყოველთვის ორად იყოფა. ქართულ ფოლკლორულ ნიმუშებთან შეხებისას, ჯგუფის წევრები ბალანსის დაცვას ცდილობენ და თუ როგორ გამოსდით ეს, თითოეული მსმენელის გადასაწყვეტია. თუმცა, არა მგონია, ვინმემ წუნი დასდოს მათ ხმებს. მგონია, ვინც გიორგი ძოწენიძეს მოისმენს, ალბათ ჩემსავით გაიფიქრებს: ამ ბიჭს როგორ არ უნდა ემღერაო.

გიორგი ძოწენიძე "ურსას" სოლისტია. პირველ სექტემბერს 27 წლის ხდება. ჯგუფი რვა წლის წინ, მისი სტუდენტობის პერიოდში დაარსდა. გიორგი თავიდან პოლიტექნიკური უნივერსიტეტის კაპელაში ციცინო ფალავანდიშვილთან მღეროდა. სიმღერა ისედაც უყვარდა და როცა უთხრეს, რომ ეს უნივერსიტეტის ლექტორებში კეთილგანწყობას მოპოვებაშიც დაეხმარებოდა, ამ წინადადებას უყოყმანოდ დათანხმდა. შემდეგ თვითმმართველობის წევრმა გიორგი ქურასბედიანმა სტუდენტურ დღეებში მონაწილეობა შესთავაზა. ერთ-ერთი რაჭული სიმღერა დაუსახელა, - თუ იცი, ჯგუფის შექმნას ვგეგმავთ და მოდიო. ახალშექმნილ ჯგუფს "გორდელას" წევრი თამუნა ალადაშვილი უწევდა კონსულტაციას და როგორც გიორგი ამბობს, მან დიდი ძალისხმევა ჩადო "ურსას" ანსამბლად ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე. სწორედ გიორგი ქურასბედიანისა და თამუნას არჩევანი იყო ჯგუფის დასახელებაც - "ურსა" ხევსურული იარაღია.

გიორგი ძოწენიძე: GzaPress- პირველი კონცერტიც "გეპეიში" გქონდა. საკმაოდ მოკლე დროში მოგვიწია 12 სიმღერაზე მუშაობამ. თავიდან ჯგუფში ბევრნი ვიყავით, დაახლოებით 12 კაცი: 4 მედოლე, 4 მეჩონგურე, 3 ფანდურზე უკრავდა. რად გვინდოდა ამდენი ადამიანი, არ ვიცი. ისინიც სტუდენტები იყვნენ და ალბათ, მათაც ჩემსავით კარგი ნიშნები უნდოდათ (იცინის).

- ჭრიდა თქვენი სიმღერა ლექტორებზე?

- კი, ჩემზე გიჟდებოდნენ. კონცერტის მერე სულ მეხუტებოდნენ. ალბათ ბიჭების მიმართაც იგივე დამოკიდებულება იყო. თან, თუ ოდნავ კიდევ რამეს ვისწავლიდი მათი საგნიდან, ლექტორები დამიწერდნენ ნიშანს, აბა, რა იქნებოდა (იცინის)?!

- შემდეგი ეტაპი რა იყო?

- პირველი კონცერტის შემდეგ მოვიდა ახლა უკვე ჩვენი მეგობარი გიორგი კულდონაშვილი, რომელმაც მოგვილოცა და გვითხრა, - ბათუმში, ფესტივალზე "ახალი ხმა" მიგიწვიესო. მაშინ ეს ჩვენთვის დიდი წარმატება იყო. ამის შემდეგ სტუდენტურ დღეებზე ნომინაციაში "წლის აღმოჩენა" გავხდით. ბევრი კარგი რამ ითქვა ჩვენზე, რაც დიდი სტიმული იყო.

- გიორგი, სიმღერა თქვენი ოჯახური ტრადიციაა?

- ვერ ვიტყვი, რომ სიმღერა ჩვენი ოჯახური ტრადიციაა. თუმცა, დედ-მამა მღერის. უფროსი ძმა მყავს, რომელიც ექიმია და ძალიან უყვარს თავის პროფესია. ის არ მღერის. მამაჩემის მშობლები, ანუ ბებია-ბაბუა მღეროდნენ კარგად. ბებია გურული იყო და როგორც მეუბნებიან, მისი გენები მაქვს. პირადად მე არ მახსოვს, როდის დავიწყე სიმღერა, მაგრამ ოჯახში გვაქვს ერთი ვიდეოკასეტა, სადაც ჩემი სიმღერაა ჩაწერილი. 4 წლის ვარ, ვიღაც გოგონასთან ერთად ვდგავარ სცენაზე და დუეტი გვაქვს; ვმღერი და თან, ვცეკვავ... სიმართლე გითხრათ, სიმღერაზე სულ არ ვფიქრობდი. 12 წელი ვცეკვავდი, იყო ასეთი ანსამბლი "პატარა გეორგიკა", რომლის წევრიც ვიყავი. ხშირად დავდიოდით გასტროლებზე. ზოგჯერ 4-5 დღე გვიწევდა გზაში ყოფნა. მომღერლები ამ ხნის განმავლობაში სულ მღეროდნენ, მათთან ერთად მეც და როგორც ჩანს, კარგად გამომდიოდა, რადგან ერთხელ ერთ-ერთმა პედაგოგმა, შალვა ლორთქიფანიძემ მითხრა, იმღერეო. არ ვაპირებდი, მაგრამ იმავე გასტროლზე აფხაზური ვიცეკვე და ვიმღერე კიდეც. მერე ნელ-ნელა ვისწავლე სხვა სიმღერებიც და საბოლოოდ, ცეკვას თავი დავანებე. ჩემი პედაგოგი იყო პაატა მელაძე, "გეორგიკას" ხელმძღვანელ დავით შანიძისგანაც ბევრი ვისწავლე. ადრე მეუბნებოდნენ, შანოს ჰბაძავო. მაშინ ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ახლა ჩემს ძველ ნამღერს რომ ვუსმენ, მართლა ასე იყო. დავით შანიძე სერიოზული მომღერალია და წარმოუდგენელია მისი გავლენის ქვეშ არ მოექცე. მუსიკოსს რაც ასაკი ემატება, მით უფრო ბევრს შემსრულებელს ისმენს და მისი არეალი ფართოვდება. მაგალითად, სტივ უანდერი მიყვარს ძალიან და შეიძლება მის ხასიათშიც გავაკეთო რამე, მაგრამ ბოლოს მუსიკოსი "ღვინდება" და თავის ინდივიდუალიზმს "იჭერს". 3-4 წელი "გეორგიკაში" ვმღეროდი, მაგრამ სტუდენტობის პერიოდიდან, ანუ 18 წლიდან უკვე დაიწყო "ურსა". ტკბილად მახსენდება სტუდენტობა და ვთვლი, რომ ეს თავიდან ბოლომდე "ურსას" დამსახურებაა.

- პროფესიით ვინ ხართ?

- საგზაო ინჟინერი ვარ. პროფესიით მიმუშავია, მაგრამ ჩემი აზრით, ახლა უფრო საინტერესო საქმეს ვაკეთებ, ვიდრე გზებისა და ხიდების მშენებლობაა. პიარისა და მარკეტინგის კომპანია გვაქვს, მსურველებს სარეკლამო მომსახურებასაც ვუწევთ. სხვა კომპანიებთან ერთად, ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას ჯგუფს ვახმარ. ეს ორი საქმე სინთეზში ჩემს ცხოვრებაში კარგად მაქვს დალაგებული, ვგულისხმობ მუსიკალურ მიმართულებას და მის კარგად "შეფუთვას".

- ხშირად ხდება, რომ სტუდენტობისას შექმნილი დუეტები, ტრიო თუ ანსამბლები, შემდეგ იშლება, თქვენ კი შერჩით...

- ასეა, ჩვენ ბევრი რამ გამოვიარეთ ერთად. ვხუმრობთ ხოლმე, პატარა კომპანია გვაქვს, სადაც ყველამ თავის საქმე იცისო - ეს წლებმა მოიტანა. თავიდან სულ ენთუზიაზმზე ვმუშაობდით და ამ დროს ყველაფერი მარტივია, მაგრამ შემდეგ, როცა საქმეში ფინანსები შემოდის, საქმე რთულდება. ჩვენ ეს საკითხიც კარგად გვაქვს დალაგებული. ხუთი ადამიანი ვართ და შემოსავალი 5 თეთრიც რომ გვქონდეს, ყველას თითო თეთრს მივცემთ. მახსოვს ჯგუფის პირველი შემოსავალი - რესტორანში მიგვიწვიეს. მთელი საღამო ვიმღერეთ და 15 ლარი ავიღე, მაგრამ ეს იყო ჩემთვის საოცრება (იღიმის). 7 ლარზეც მიმღერია. ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობდი, ირანელებთან. მათ რესტორანი ჰქონდათ, სადაც ჩვენი ჯგუფიც მიიწვიეს. კომპანიაში ხელფასს კი ვიღებდი, მაგრამ რესტორანში რომ ვმღეროდი, ბიჭებს მეტს უხდიდნენ, მე - 7 ლარს. მითხრეს, შენ ხო ჩვენთან ხელფასს იღებო (იცინის).

- ჯგუფის პირველი სერიოზული შემოსავალი რა იყო, გახსოვთ?

- ეს მართლა არ მახსოვს, თან, უფრო მეტად, კორპორაციული ღონისძიებებია, ვიდრე კონცერტები. საქართველოში პატარა ბაზარია, ჩვენი მთავრობაც სულ უფასო კონცერტებს ვერ გამართავს. თანხა მსმენელმა უნდა გადაიხადოს, მაგრამ ხალხს ფული არ აქვს. ადამიანი რომ ფიქრობს, შვილს სახლში რა წაუღოს და აჭამოს, ის კონცერტზე 20 ლარს ვერ გადაიხდის. ამიტომ საქართველოში მუსიკოსების ცხოვრება რთულია. ბევრი მიმართულებითაა საჭირო ბალანსის დაჭერა. ჩვენ კიდევ, ასე თუ ისე, პოპულარული ჯგუფი ვართ და როცა ხალხი გაგიცნობს, მერე გაქვს კორპორაციული შეკვეთები, რეგიონებში კონცერტებზე გიწვევენ და ა.შ, მაგრამ ბევრი ნიჭიერი ჯგუფი ისე ვერ იარსებებს, თუ მისი წევრები სხვა საქმესაც არ გააკეთებენ.

- ფოლკლორის ნიმუშებთან შეხებისას საზოგადოების აზრი ორად იყოფა, ერთნი თვლიან, რომ ის ხელუხლებელი უნდა დარჩეს და მეორე ნაწილი მის გათანამედროვეობას დადებითად ხვდება. თქვენ როგორ მიგიღოთ საზოგადოებამ, კრიტიკა ხშირია?

- ბევრი საშინელი რამ უთქვამთ. ერთხელ რადიოში ვიყავით მიწვეული, დარეკეს და ავლაბრის მათხოვრები ხართო. მერე მეორე მსმენელი ეჩხუბა იმ კაცს, როგორ კადრულობ, ბავშვებს რას ეუბნებიო (იღიმის). კრიტიკა მხოლოდ დღეს და ჩვენს ქვეყანაში არ ხდება, ყველგან ასეა. თავიდან, როცა ჩამოყალიბებული მუსიკოსები არ ვიყავით, ბევრი რამ გვეპატიებოდა. ალბათ, პირველ კონცერტზე რაც დავუკარით და შევასრულეთ, ახლა ის რომ მოისმინონ, დარწმუნებული ვარ, გადაგვივლიან. მოთხოვნა ხალხისგან, რომ შენ მაგარი უნდა იყო, გასაგებია. ამ საქმეში მთელი სული და გული უნდა ჩადო. მით უმეტეს, როცა ფოლკლორს ეხები, რაც საქართველოში ყველასთვის უმნიშვნელოვანესია და თან მაშინ, როცა 8 წელია არსებობ. სოფო ნიჟარაძესან ერთად "სვანური" რომ გავაკეთეთ, დიდი ამბავი ატყდა. იყვნენ ისეთებიც, ვინც უკმაყოფილო იყო და ვისაც ძალიან მოსწონდა. არადა, რეალურად, ამ ფოლკლორული სიმღერისგან ისეთი ვარიანტი შეიქმნა, რომელიც შეუძლით სხვა ქვეყნის შვილებმაც მოისმინონ. ჩვენი ერთ-ერთი მიზანიც ეს არის, რომ ჩვენი მუსიკა მთელმა მსოფლიომ გაიგოს. მასში ერთდროულად დაიჭირონ ის ხასიათი, რაც წინაპრებმა ჩადეს და ამავდროულად თანამედროვეობაც. ამიტომ ვამბობ, რომ ბალანსის დაცვა რთულია.

- თქვენი რომელი სიმღერები გახდა ყველაზე პოპულარული?

- ყველაზე ცნობილი გახდა "გელინო", "სვანური", "ვაგიორქო მა" - მიშა სულუხიასთან ერთად. ჩემი აზრით, ჯგუფისთვის გარდამტეხი როლი ითამაშა ორი წლის წინ "X ფაქტორმა". ამ პროექტის ფინალში "გელინო" შევასრულეთ. ერთი პერიოდი ქუჩაში რომ გამოვდიოდი, ყველა მაჩერებდა, რა მაგრად მღერიო. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ფუნდამენტურად განვითარდა ჯგუფი და მისი პოპულარობაც მოვიდა, მაგრამ ჩვენი პოპულარობა ბომბასავით გასკდა. ასეთი მასშტაბური და საქართველოში ყველაზე რეიტინგული პროექტი ყოველდღე არ გადის ეთერში, ამიტომ ძნელია პოპულარობა შეინარჩუნო და ცეცხლი, გინდა არ გინდა, ქრება.

- შემოდგომაზე რა იგეგმება?

- ჩვენს პროგრამას 5-6 ახალი სიმღერა შეემატება. რამდენიმე ქვეყნიდან გვაქვს კონცერტებსა და კორპორაციულ ღონისძიებაზე შემოთავაზებები, მაგრამ წინასწარ საუბარი არ მინდა, რადგან რამდენჯერაც ვთქვი, არ გამოვიდა (იღიმის).

ანა კალანდაძე