სად იციან საუკეთესო სტუმარმასპინძლობა - გზაპრესი

სად იციან საუკეთესო სტუმარმასპინძლობა

ქართული სტუმარმასპინძლობა ჩვენი ხალხის უმთავრესი ნიშან-თვისებაა. სტუმარი ღვთისააო, - ასე ვიცით ხოლმე თქმა და მართლაც, ჩვენში სტუმარი ღვთის კაცად ითვლება, მასპინძელი კი, თუ სულხან-საბა ორბელიანს დავესესხებით, "სახლისა და ლხინის უფალია" და მისი მოვალეობა სტუმრების პატივისცემაა. სტუმრის ღირსეულად დახვედრა ოდითგანვე ოჯახის ავკარგიანობის მთავარ განმსაზღვრელად ითვლებოდა და დღესაც ასეა. ქართველების სტუმართმოყვარეობას ყველა აღტაცებაში მოჰყავდა. დავინტერესდით და სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელს ვკითხეთ, საქართველოს რომელ კუთხეში იციან საუკეთესო სტუმარმასპინძლობა?..

ხატია შამუგია, პიარ-მენეჯერი:

- რა კითხვა იყო ახლა ეს (იცინის)? ობიექტურად გეტყვი: რა თქმა უნდა, სამეგრელოში. თუ საუკეთესოზეა საუბარი, ამაში ორი აზრი არ არსებობს. სამეგრელოში მთელი ტრადიციაა, კულტურაა სტუმრის დახვედრისა და სუფრის მომზადების. იმერული სუფრაც კარგია და ბევრი გემრიელი რამ აქვთ, მაგრამ მეგრული უფრო მდიდრულია და მრავალფეროვანი. სხვა რომელმა კუთხემ უნდა დაიკვეხნოს მსგავსი სამზარეულოთი? რა სჯობია კუპატსა და გებჟალიას? თუმცა, ხბოს მწვადიცა და ჩაქაფულიც ძალიან მიყვარს.

- მოკლედ, პირველობას არავის არაფერში უთმობთ, ხომ?

- ასეა და რას ვიზამთ? ხომ იცი, ნათქვამია, სიმართლე თვალის სინათლეაო. დედაჩემი დღემდე ფიქრობს, რომ სტუმარს განსაკუთრებულად უნდა დახვდეს. ვეუბნებით, ასე აღარ ხდება, საჭირო არ არის ვინმეს მილიონი კერძი დაახვედრო, ხილი გამოიტანე, ტკბილეული, ყავა შესთავაზე და მორჩა, საკმარისაო, მაგრამ მისთვის ეს მიუღებელია. სტუმრის მიმართ უპატივცემულობად მიიჩნევს, თუ მასპინძლის ხელით მომზადებულს არ მიართმევს. სტუმარს სხვანაირად, გამორჩეულად უნდა დახვდეო... აღარაფერს ვამბობ ბიძაჩემსა და ბიცოლაჩემზე, რომლებიც ზუგდიდში ცხოვრობენ და თუ ვესტუმრებით, ისე დაიხარჯებიან და ისე დაგვხვდებიან, რომ მერიდება ხოლმე.

GzaPressბიძინა მახარაძე, პაროდისტი: - ახლა გონიოში ვარ, აჭარაში, შუამთობაა, ხულოს უნდა გასცდე, იალაღებია უკვე და აქ ისე გვიმასპინძლეს, ისეთი სუფრა გაშალეს და ისე დაგვხვდნენ, ენით ვერ აღვწერ. ჯერ მარტო ისეთი უგემრიელესი კაიმაღი დამაგემოვნებინეს, მსგავსი არაფერი მიჭამია. არ აქვს მნიშვნელობა, სად ხარ, საქართველოს რომელ კუთხეში, ყველგან გულიანად იციან დახვედრა, თუმცა მეგრელები მაინც გამოირჩევიან ამ საქმეში. სუფრის მრავალფეროვნებას არ ვგულისხმობ, ისინი ყოველთვის განსაკუთრებული სითბოთი ხვდებოდნენ სტუმრებს.

- სუფრას რას ერჩით, ვითომ? თვითონ მეგრელები ამბობენ, საუკეთესოები ვართო...

- საქართველოში სტუმარმასპინძლობა არავის შეეშლება. მაპატიეთ, მაგრამ პირველი მაინც ქუთაისია. მახსოვს, ერთხელ ზუგდიდში ერთ რესტორანში შევედი და კატლეტი მოვითხოვე. ვჭამ და ვაი, იმ ჭამას... ამ კატლეტს თან ვენტილატორი უნდა მოაყოლოთ-მეთქი, - ვუთხარი მიმტანს. რატომო? - გაუკვირდა. რატომ და პირი სულ ღია მქონდა, იმისთანა ცხარე იყო-მეთქი. არ მომწონს ასეთი ცხარე კერძები. ამიტომაც ვამბობ, ქუთაისური, იმერულ სუფრის მსგავსი არაფერია.

- გურიაზე რას იტყვით? რა აქვთ გამორჩეულად კარგი?

- აბა, გურიაზე ობიექტურად როგორ უნდა გელაპარაკოთ? იქ მარტო მჭადიც რომ გამომიტანონ, სულ სხვანაირი გემო აქვს. ბებიაჩემი კეცის მჭადს რომ გამოაცხობდა, ზომას ვეღარ ვიგებდი, ისე მეგემრიელებოდა. გურულების სუფრაზე სიმღერაა გამორჩეული. რაღაცას ისეთს იმღერებენ, რომ შენ ვერ შეძლებ. მე არცთუ ისე ცუდად ვმღერი, "შვიდკაცაში" ვმღეროდი ბოლოს და ბოლოს, მაგრამ მათ მაინც ვერ ავყვები. აჭარაში ვიზრდებოდი, გურიაში წელიწადში ერთხელ ჩავდიოდი და იცით, როგორ გამოცდას მიწყობდნენ? მარტო მე კი არა, ასე ექცეოდნენ ყველა სტუმარს. დაიწყებდნენ სამხმიან სიმღერას და გეტყოდნენ, შენც აგვყევიო. თუ გადახვიდოდი შენი ხმიდან, ვინღა გამღერებდა და თუ არ გადახვიდოდი, მაგას რა სჯობდა, ე.ი. გამოცდა ჩაბარებული გქონდა. აი, ეს არის ის, რითიც გურია გამოირჩევა.

სალომე ბაკურაძე, მომღერალი: - ჩემს სუბიექტურ დამოკიდებულებას თავი რომ დავანებოთ, ისედაც ცნობილია იმერული სტუმარმასპინძლობის ამბავი. ამ მხრივ საქმე ნამდვილად საამაყოდ მაქვს, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ საქართველოს რომელიმე კუთხეში სტუმრობისას თავი ცუდად მიგრძნია. მახსენდება რაჭაში სტუმრობა, სადაც განსაკუთრებული სითბოთი მხვდებიან. არ შემიძლია არ აღვნიშნო გურია და სამეგრელო. ბევრჯერ ვარ ნამყოფი კახეთშიც და იქაური დახვედრაც დაუვიწყარია ჩემთვის, ამიტომაც მიჭირს განსაკუთრებულად რომელიმე კუთხის გამოყოფა.

ვფიქრობ, იმერული სუფრა მაინც მრავალფეროვანია. კახეთში თუ წამყვანი კერძი ხორცია, ჩვენთან მხალი, ბოსტნეული, ხაჭაპური, ანუ სხვა ბევრი რამითაც შეგვიძლია თავის მოწონება. ბებია მეგრელი მყავდა და კარგად ვიცნობ მეგრულ სამზარეულოსაც, ვგიჟდები მათ კერძებზეც. ჩვენი ოჯახი, დედისა და მამის მხრიდანაც, სტუმრიანობით გამოირჩეოდა - გემრიელ კერძებს ამზადებდნენ და ყოველთვის უდიდესი სითბოთი და სიყვარულით ეგებებოდნენ სტუმარს. აქედან გამომდინარე, სულ აღნიშნავენ ახლობლები, - თქვენ სადაც უნდა იყოთ, სტუმარი არსად მოგაკლდებათო.

ირინა ონაშვილი, მოდელი: - წარმოშობით კახეთიდან ვარ, პატარძეულიდან, მაგრამ თუ მეკითხებით, რომელ კუთხეში იციან საუკეთესო სტუმარმასპინძლობა და გინდათ, ობიექტური ვიყო, ვიტყვი, რომ გურიას, იმერეთსა და სამეგრელოს ამ მხრივ ვერავინ შეედრება. ძალიან მიყვარს გურიაში, ჩემი სიძის ოჯახში ჩასვლა, სადაც განსაკუთრებული დახვედრა იციან, უზომოდ თბილები არიან და ზოგჯერ მერიდება კიდეც, ისე წუხდებიან...

ხვიჩა მაღლაკელიძე, იუმორისტი: GzaPress- არ ვიცი, ვინ რას ფიქრობს, მაგრამ ჩემს ოჯახში ყველაზე საუკეთესო სტუმარმასპინძლობა ვიცით, წყალი არ გაუვა (იცინის). მე სადაც მივსულვარ, რომელ კუთხეშიც, ისე დამხვედრიან, რომ მიჭირს რომელიმესთვის უპირატესობის მინიჭება. ისედაც ერთი მუჭაა ჩვენი ქვეყანა და რომელი კუთხე დავაყენო წინ, ვის ვაწყენინო? ამას ვერ ვიზამ. მოდი, ასე ვიტყვი: ყველაზე სტუმართმოყვარეები აფხაზები და ოსები არიან. იმერეთი, თავისთავად სტუმართმოყვარეა, მაგრამ გურულებმა როგორი ჩახუტება იციან? კახელებმა ისეთი პატივისცემა იციან, შეიძლება მეზობელი დაგიკლან ბოლოს; ახლახან სვანეთში ვიყავი და ლამის კოშკი "მოხსნეს" და გამოგვატანეს. აღარ იცოდნენ, რა ექნათ... ხუმრობა იქით იყოს და მართლაც ასეა, ძნელია, რომელიმეს გამორჩევა. ადრე წინასწარ ემზადებოდნენ დიდი სტუმრიანობისთვის, სამეზობლოც კი ჩართული იყო სამზადისში - რა სჯობდა, რისი გაკეთება და როგორ... მე და ჩემი მეუღლე ყოველთვის ვცდილობთ, სტუმრებისთვის დღესასწაული იყოს ჩვენთან მოსვლა.

- განსაკუთრებულად მაინც რომელი კუთხის კერძები მოგწონს?

- "გრეჩიხა" რომელი კუთხისაა, რა ვიცი (იცინის). ამჟამად დიეტაზე ვარ და ამის მეტს არაფერს ვჭამ. ისე, იმერული კერძები უფრო მომწონს.

გიორგი სუხიტაშვილი, მომღერალი: - საუკეთესო მასპინძლები ვართ ქართველები. არ აქვს მნიშვნელობა, სად, რომელ კუთხეში ჩადიხარ, ყველგან სასურველია სტუმარი. თუმცა, ამ კუთხით შეიძლება, ქართლი საინტერესოდ წარმოჩინდეს. ამბობენ, დღეს თავის შეწუხება ყველას ეზარება, ყავასა და ნამცხვარზეც შეიძლება "გადაატარონ" სტუმარიო, მაგრამ ხელგაშლილი ვერ იქნები, როცა გიჭირს. ხელი გაშლილიც რომ გქონდეს, იმ ხელზე დასაწყობიც უნდა გაგაჩნდეს. ჩემი აზრით, თითოეული კუთხე სტუმარმასპინძლობის ტრადიციებში რაღაცებით განსხვავდება და ყველას თავისებური ხიბლი აქვს. უბრალოდ, კარგ ოჯახში უნდა მოხვდე, ხშირ შემთხვევაში ხომ სწორედ ამის მიხედვით უყალიბდებათ წარმოდგენა ამა თუ იმ ქვეყნისა თუ კუთხის შესახებ... ქართლელებს ღვინო კარგი გვაქვს, ხორცთან ურთიერთობაც არ გვიჭირს. ცნობილია ჩვენი ჭახრაკინებიც. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს სუფრას კარგი სიმღერაც ამშვენებს. ჩემი ოჯახის მაგალითზე გეტყვით, რომ გამორიცხულია, სუფრა გაიშალოს და იქ არ იყოს ჟრიამული, სიმღერა. რაც შეეხება კერძებს, ყველა კუთხეშია რაღაც, რაც მიყვარს და მომწონს. როგორ შეიძლება, სუფრა იყოს შესანიშნავი, ვთქვათ, რაჭული ლობიანის, კახური ხაშლამის ან იმერული ხაჭაპურის გარეშე? ასე რომ, ყველა კუთხის წარმომადგენლები სტუმართმოყვარეები ვართ და სტუმარმასპინძლობა ჩვენთან არავის შეეშლება...

ნინო ჯავახიშვილი