"პლაჟზე კი არა, სარკესთან ვერ ვიხდიდი..." - გზაპრესი

"პლაჟზე კი არა, სარკესთან ვერ ვიხდიდი..."

დავინტერესდით, "პატონი პრეზიდენტი" (სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან") ზაფხულს როგორ ატარებს, საკურორტო რომანებზე რას ფიქრობს, საზღვაო სამოსს როგორ არჩევს და ა.შ. აღმოჩნდა, რომ მსახიობი და რეჟისორი -

კახა გოგიძე მტკვარზე ნავით დაახლოებით, 3-დღიან გასეირნებას გეგმავს - ვარძიიდან თბილისამდე...

- ვეცდები, 10 დღით მაინც წავიდე მარტო ზღვაზე - პიესებს, იდეებს წავიღებ და ვიფიქრებ, რომ სექტემბრიდან მუშაობა უკვე კარგად "შეიარაღებულმა" დავიწყო. აქტიური პერიოდი მაქვს და ჩემი ცხოვრება ასეთი აქტიურობის გარეშე ვერც წარმომიდგენია. ეს ცოტათი პათოლოგიაც არის: თუ არ ვმუშაობ, მგონია, ვკვდები. ერთი დღე თავისუფალი თუ მაქვს, უკვე ბორგვა მეწყება, - რა ხდება, რატომ არაფერს ვაკეთებ-მეთქი?!. ცურვა და სპორტული ცხოვრება მიყვარს. ბევრ ენერგიას ვხარჯავ. ამიტომ არ ვსვამ, არ ვეწევი. უამრავი გეგმა მაქვს, ბევრი რამ უნდა გავაკეთო. ამიტომ ცხოვრების მკაცრ წესს მივდევ.

- ოდესმე პლაჟზე სხეულის გამოჩენის კომპლექსი გქონიათ?

GzaPress- როგორ არ მქონია, კაცო, როდესაც 160 კილოს ვიწონიდი. პლაჟზე კი არა, სარკესთან ვერ ვიხდიდი. დიდი კომპლექსი მქონდა. იმიტომაც მოვახდინე ჩემი ასეთი ტრანსფორმაცია. სკოლა რომ დავამთავრე, ალბათ, ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც სამეჯლისო ცეკვების ჩემპიონატებზე გამოდიოდა. მოგეხსენებათ, როცა ადამიანი სამეჯლისო ცეკვას ასრულებ, როგორ ფორმაშიც ხარ. მერე უცებ წონაში ძალიან მოვიმატე და დავკომპლექსდი, დავითრგუნე, დეპრესიაში ჩავვარდი, მრცხვენოდა... თან, ზოდიაქოს ნიშნით სასწორი ვარ. "სასწორები" ესთეტი ხალხია. განსაკუთრებულად მტკივნეულად აღიქვამენ, როცა სათანადოდ არ გამოიყურებიან. ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი დამჭირდა, რომ ისევ ფორმაში "მოვსულიყავი". შემდეგ ისე მოხდა, რომ ეკა კვალიაშვილთან ერთად, პოდიუმზეც გამოვედი. ჩვენებაში წარმატებული ქალები და მამაკაცები მონაწილეობდნენ. როცა დამირეკეს და მონაწილეობა შემომთავაზეს, უყოყმანოდ დავთანხმდი - მიზანდასახულობისა და მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად, ადამიანმა, რომელიც 162 კგ-ს ვიწონიდი, მოვახერხე, წონაში დავიკელი და პოდიუმზეც გამოვედი. საკუთარ თავს და ჩემს შვილებსაც დავუმტკიცე, რომ შეუძლებელი არაფერია. თუ მოინდომებ, ყველაფერს გააკეთებ. ასე რომ, პოდიუმზე გასვლის საერთოდ არ შემრცხვენია, პირიქით - ჩემი თავი ძალიან მომწონდა, თან - ისეთ ლამაზ გოგოსთან ერთად, როგორიც ეკა კვალიაშვილია. ჰოდა, "ვიბლატავე", რა (იცინის)... სამწუხაროდ, ათლეტური ტანი არ მაქვს, რომ დავდგე და თავი მოვიწონო.

- საცურაო კოსტიუმებს როგორ არჩევთ, მოდურ ტენდენციებს ითვალისწინებთ?

- საცურაო კოსტიუმებთან დაკავშირებით, არანაირ მოდურ ტენდენციებს არ ვითვალისწინებ. ჩვეულებრივი "შორტები" მიყვარს, რადგან როცა ზღვაზე ვარ, სულ წყალში გახლავართ - ლამაზი საცურაო კოსტიუმი რისთვის ჩავიცვა?.. მათ არ განვიკითხავ, ვინც ტენდენციებს მისდევს. რატომაც არა? ძალიან კარგია ლამაზი, ათლეტური, დახვეწილი ტანის მქონე გოგო-ბიჭების დანახვა. ადამიანს საკუთარი თავი უნდა მოსწონდეს. მთავარია, ეს ნარცისიზმში არ გადაიზარდოს. თუ კაცს საკუთარი თავი არ მოსწონს და კომპლექსი აქვს, ის ქალსაც ვერ მოაწონებს თავს. ღმერთმა ადამიანში "ჩადო", რომ საპირისპირო სქესს თავი მოაწონოს... არ მომწონს ხალხი, ვინც ამბობს, - გაიხადა, ეს როგორ შეიძლებაო?! ღმერთმა ადამიანი სულ შიშველი შექმნა. ნუდისტი არ ვარ, მაგრამ არც იმას ვფიქრობ, რომ ჩადრი უნდა ჩამოიფარონ. სილამაზე, ღმერთმა რომ მოგანიჭა, ის მარტო შენი არ არის, ვიღაცას უნდა მოეწონოს, ვიღაც უნდა მოიხიბლოს, შეხედოს და თქვას, - მადლობა ღმერთს, რომ კაცებს, ჯმუხებს, ასეთი ლამაზი გოგონები შეგვიქმნაო...

- საკურორტო რომანი გქონიათ?

- მე არ მქონია, მაგრამ საკურორტო რომანის შესახებაც არ მაქვს უარყოფითი აზრი: აბა, ადამიანი ზღვაზე წასვლამდე, სოლარიუმში ჩუმად რომ წევხარ შენთვის და სხეულს "იზაგრავ", ასე რატომ იქცევი? იმიტომ, რომ ვიღაცას მოეწონო და თავი დაიწყნარო, - კარგი ბიჭი ვარ, მოვეწონეო. გოგონების შემთხვევაშიც ასეა. მე ბეჭდები, საყურე მიკეთია, "ვკაიტიპობ" და რაღაცა, ხომ? ერთი გამოშტერებული ბებერი ვარ, რომელსაც უნდა, რომ მოსწონდეთ (იცინის). ეს ძალიან ჩვეულებრივი რამ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუხი ქვეყანა გვექნებოდა. ყველა ადამიანი განსხვავებული, უნიკალურია და ეს მრავალფეროვნება მიყვარს.

- გამგზავრებისთვის მოსამზადებლად რამდენი დრო გჭირდებათ?

- ვაიმე, ერთი თვე! "რა წავიღო?" - ეს კითხვა ჩემთვის გადაუჭრელი პრობლემაა. ამიტომ ძალიან ბევრი ჩანთა მიმაქვს, რომლებშიც უამრავ ტანსაცმელსა და ნივთს ვალაგებ. არ მჭირდება, მაგრამ მაინც მიმაქვს - უცებ რომ დამჭირდეს, რა ვქნა? პრანჭვა მიყვარს. ყოველდღე ერთი და იმავე ტანსაცმელს არ ვიცვამ - დეგენერატი ვარ და იმიტომ (იცინის). შეიძლება, ვიღაცამ თქვას, - კაი, ბიჭო, ბაბუა კაცი ხარ, რას იპრანჭებიო? რადგან ბაბუა ვარ, თოხი მხარზე გავიდო, წინსაფარი წავიკრა და მიწიანი ხელებით ვიარო, ხომ? ეს სწორი არა მგონია.

- ლაშქრობები მოგწონთ?

- უჰ, კი, კაცო! მონადირე ვარ და ლაშქრობები მე რომ მიყვარს, ისე უნდა! ამისთვისაც "შეიარაღებული" ვარ წყლის გამაცხელებლებით, კარვით... მარიამობის დღესასწაულის შემდეგ, მე და ჩემი მეგობარი - ალეკო ბეგალიშვილი ვარძიიდან თბილისამდე ნავით ჩამოსვლას ვაპირებთ. ეს ჩემი დიდი ხნის იდეა იყო. შემდეგ დათო ქაცარავას - მთავარ ჯომარდელს დავუკავშირდი. ვკითხე, ნავით უზრუნველყოფა თუ შეეძლო... ალბათ, ჩვენს მოგზაურობას ასე დავარქმევ - "გაიცანი შენი სამშობლო უკეთ". ნავით წამოვალთ. ღამით მდინარის ნაპირზე გადმოვალთ, კოცონს დავანთებთ - რასაკვირველია ისე, რომ მერე ამას გლობალური ხანძარი არ მოჰყვეს. გვექნება გიტარა, კოცონთან ვიღიღინებთ... ვისაც უნდა, შემოგვიერთდეს - უბრალოდ დავსხდეთ, ერთმანეთი გავიცნოთ, ლამაზი დრო გავატაროთ... დილით კოცონს ჩავაქრობთ, აღვიჭურვებით, ჩვენს ნავებში ჩავსხდებით და გზას განვაგრძობთ. ღამით ისევ გავჩერდებით, კარავს დავცემთ და ა.შ. ალბათ, 3 დღე დაგვჭირდება. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ქართველები სხვადასხვა ქვეყანაში ვმოგზაურობთ, ჩვენს ქვეყანას კი კარგად არ ვიცნობთ. ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა, მტკვარზე გასაბერი ნავით გამეცურა... მოკლედ, ჩვენ დავიწყებთ და ვისაც გინდათ, შემოგვიერთდით.

- უცხოეთში დასასვენებლად ხშირად დადიხართ?

- სამწუხაროდ, 2003 წლის მერე საზღვარგარეთ არ გავსულვარ, რასაც აუცილებლად გამოვასწორებ. ინგლისური ენის შესწავლა აქტიურად უნდა დავიწყო, რომ უბრალოდ, კომუნიკაცია შემეძლოს. სხვა ენა კი ვიცი, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, ის ენა არ მიყვარს და პროტესტის ნიშნად არ ვლაპარაკობ, სანამ ოკუპანტები ჩვენს ქვეყანაში დგანან. რომ გავლენ, მერე ვნახოთ - ან დაველაპარაკები, ან - არა... მოკლედ, დიდი ხანია, ქვეყნიდან არ გავსულვარ და ასე მგონია, ჩაკეტილი ვარ. არადა, ქვეყანა წინ მიდის. მე ხომ ყოველთვის ავანგარდში ყოფნა მიყვარს? ყოველ შემთხვევაში, ავანგარდში თუ არ ვარ, თვალყურს მაინც ვადევნებ. რეტროგრადი არ ვარ. კი, გუშინ 1 აგური დავდე, დღეს 2 უნდა დავდო, ხვალ - 3 და ა.შ. ამას იმისთვის ვაკეთებ, რომ განვვითარდე. როდემდე? - ბოლომდე, სანამ არ მოვკვდები.

GzaPress- თქვენზე ძლიერი შთაბეჭდილება რომელმა ქვეყანამ მოახდინა?

- უცხოეთში მოგზაურობის მხრივ, დიდი გამოცდილება არ მაქვს: ბულგარეთში, რუმინეთში, უნგრეთში, საბერძნეთსა და თურქეთში ვარ ნამყოფი. ყველა ქვეყანა მომხიბვლელია, მაგრამ საბერძნეთი განსაკუთრებულად მომეწონა. თან, საოცარი კლიმატია... ხალხზე ვერაფერს გეტყვით - მათთან აქტიური კომუნიკაცია არ მქონია, მაგრამ რასაც ვუყურებდი, შემიძლია ვთქვა, რომ საბერძნეთი საოცრების ქვეყანაა და ამ ეტაპზე, სადაც კიდევ მინდა წასვლა, ეს საბერძნეთია. ჩემთვის ევროტურს აუცილებლად მოვაწყობ, რადგან საფრანგეთი, ლუვრი, ფლორენცია, ვენეცია რომ არ ვნახო, ჩემი ცხოვრება ფუჭი იქნება. მსურს ჩემი სული აბსოლუტურად უცხო და ახალი ემოციებით ავავსო, რომ მერე ბევრი რამ გავაკეთო. მომხრე ვარ, ადამიანმა საკუთარი თავი "გაზარდოს" - ბევრი ისწავლოს და განავითაროს.

- თქვენთვის დაუვიწყარი ზაფხული რომელია?

- ალბათ - ის, როდესაც მამამ სანადიროდ პირველად წამიყვანა, ხელში თოფი მომცა და მითხრა: - ამიერიდან ეს თოფი შენი იქნება და ინადირებო (მაშინ 12 წლის ვიყავი). ჩემთვის ეს შოკის მომგვრელი იყო! ნადირობა ძალიან მიყვარს. შეიძლება, ცხოველთა დაცვის საზოგადოებამ გამკიცხოს, მაგრამ რა ვქნა? იმ პირველყოფილი ადამიანების კატეგორიას განვეკუთვნები, როდესაც კაცმა შუბი დაიჭირა ხელში, ქალმა კი - ჩანთა: კაცი შოულობდა, ქალი კი - აგროვებდა... მოკლედ, ის ზაფხული ჩემთვის დაუვიწყარი იყო: იმ ემოციებმა, სიხარულმა დამშოკა! უფრო მტკიცე, თავდაჯერებული გავხდი... მას შემდეგ ბევრი კარგი ზაფხული მქონია, მაგრამ ჩემს მეხსიერებაში ეს ყველაზე მეტად აისახა.

- პირველყოფილი ადამიანები საკვების მოსაპოვებლად ნადირობდნენ. ჩვენ, თანამედროვე ეპოქაში ხომ საკვების უამრავი არჩევანი გვაქვს და მხოლოდ საკუთარი სიამოვნების გამო ნადირობთ?

- გეთანხმებით, აბსოლუტურად სოლიდარული ვარ. ცხოველებს უკონტროლოდ რომ ხოცავენ, ეს არ მიყვარს, მაგრამ იმ პირველყოფილურ ემოციას თუ ამბიციას, რაც ადამიანში დაბადებიდან "დევს", ვიკმაყოფილებ. პაციფისტი, მშვიდობიანი ადამიანი არ ვარ. რეიგანის სიტყვებს ვიტყვი: "არსებობს მშვიდობაზე უფრო ძვირფასი რამ, რასაც თავისუფლება ჰქვია"... ცხოველები მიყვარს - ძაღლი და კატა მყავს, მაგრამ ჩემში ეს "მხარე" არსებობს, როცა შემიძლია, სანადიროდ წავიდე და თუნდაც, უწყინარ არსებას სიცოცხლე მოვუსწრაფო, რათა პირველყოფილური ინსტინქტი დავიკმაყოფილო.

ეთო ყორღანაშვილი ეთო ყორღანაშვილი