გოჩა აბულაძის დებიუტი არენა დი ვერონას სცენაზე - გზაპრესი

გოჩა აბულაძის დებიუტი არენა დი ვერონას სცენაზე

ქალაქ ვერონაში 22 ივნისიდან 1-ლი სექტემბრის ჩათვლით, არენა დი ვერონაზე ყოველწლიური ფესტივალი იმართება, რომელსაც მუსიკის მოყვარულები ყოველთვის დიდი ინტერესით ელიან. წლევანდელ ფესტივალზე 33 წლის ქართველი ბარიტონის, გოჩა აბულაძის დებიუტი შედგა. 3 ოპერა 15 წარმოდგენით, მის ევროპულ კარიერაში კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია.

- ულამაზეს ვერონაში მუშაობა უკვე მესამედ მიწევს. ჯულიეტას მეზობლად ვცხოვრობ (იცინის). ეს ქალაქი სიყვარულის სიმბოლოდ მიიჩნევა და ყოველთვის ბევრი ტურისტია. მეც ძალიან მიყვარს აქაურობა, ხოლო რაც შეეხება არენა დი ვერონას ფესტივალს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. თითქმის ერთი საუკუნისაა, 97 წელია, ტარდება და ფესტივალს ყოველთვის დიდი ინტერესით ელიან არა მხოლოდ ოპერის მოყვარულები, არამედ სხვა ჟანრის თაყვანისმცემლებიც, რადგან ფესტივალზე ისმის როკი და სხვა ჟანრის მუსიკაც. გამიმართლა, რომ აქ მოვხვდი.

- ეს როგორ მოხდა? ვინ მიგიწვიათ?

- შარშან პარმაში "ტრავიატაში" ვმღეროდი, როცა ცნობილმა მომღერალმა, ჩეჩილია გაზდიამ მომისმინა. სპექტაკლის მერე შემხვდა, ძალიან თბილად გამესაუბრა და შემაქო. მას შემდეგ 7-8 თვე გავიდა, იმ ხნის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანასა და ადგილას მომიწია სიმღერამ. ერთხელაც ჩემი სააგენტოდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ქალბატონი ჩეჩილია დაკავშირებია, წელს ის არემა დი ვერონას ფესტივალის დირექტორი გახდა და მიმიწვია. იღბლიანი ადამიანი აღმოვჩნდი, გამიმართლა. ფესტივალის თითქმის ყველა სპექტაკლში ვარ დაკავებული. და აქედან სამში ვმღერი. ეს ოპერებია: "კარმენი", "სევილიელი დალაქი" და "აიდა". ერთ თვეში ვისწავლე სამი ოპერა. მოგიყვე, "კარმენში" ჩემი დებიუტი როგორ შედგა (იღიმის)?

- რა თქმა უნდა...

GzaPress- "კარმენში" ორი პარტია ვიმღერე - მორალესი და ესკამილიო.A არენაზე ფეხის შესადგმელად მორალესის პარტიით ვემზადებოდი, მაგრამ სპექტაკლის წინა დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ ჯერ ესკამილიო უნდა მემღერა. ეს ურთულესი პარტიაა, რომელსაც საბედნიეროდ გავართვი თავი. დღემდე უკვე ვიმღერე ორივე როლი და ახლა წინ არანაკლებ მნიშვნელოვანი სპექტაკლებია.

თუმცა, სცენაზე პირველად ჩემი ფეხით არ შევსულვარ, 2-მეტრიან ცხენზე შემომსვეს. ალბათ მისი ფასი 2 მილიონი მაინც იქნება და მის გარდა სცენაზე კიდევ 11 ცხენია (იღიმის). ესკამილიოს უნაგირზე უკან ზის მისი შეყვარებული, სცენაზე ცხენით ერთად შედიან და ეგრევე იწყება არია. საქართველოში ხშირად მიჯირითია სოფლად და მთაში, მაგრამ სცენაზე ცხენზე ჯდომის გამოცდილება არ მქონდა. რეპეტიციებმა ჩვეულებრივად ჩაიარა, მაგრამ არენა დი ვერონაზე სპექტაკლს 14 ათასი მაყურებელი ესწრება. თან სცენაზე 400-მდე მონაწილეა, რაც ცხენისთვის არ იყო მარტივი ამბავი. ბუნებრივია, ვღელავდი და ალბათ ეს ცხენმაც იგრძნო, თან ამდენ ხალხში დაიბნა. ვერა და ვერ დააოკეს, ვფიქრობდი, გადმოგვაგდებს-მეთქი, მაგრამ საბედნიეროდ, როგორღაც მოვთოკე და ყველაფერი მშვიდობით დასრულდა. უბედნიერესი დღე იყო, ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, არენა დი ვერონზე რომ ჩემი დებიუტი "კარმენში" ესკამილიოს პარტიით შედგებოდა.

- ფესტივალის დახურვაზე რას იმღერებთ?

- რეპეტიციები მაისში დავიწყეთ, 22 ივნისს "კარმენის" პრემიერა გვქონდა, ხოლო ფესტივალი 1-ლ სექტემბერს დაიხურება "აიდათი". ამ ოპერაში ჩემი დებიუტი შედგება ამონასროს როლით. ეს ერთ-ერთი წამყვანი როლია და წინ ძალიან ბედნიერი და საპასუხისმგებლო დღე მელის.

- წელს ამ ფესტივალზე მხოლოდ ერთი ქართველი ხართ, თუ კიდევ არიან ჩვენიანები?

- ანიტა რაჭველიშვილი ჩამოვა და "აიდაში" ერთად ვიმღერებთ. ანიტა დიდი მომღერალია, მას აქ უკვე კარგად იცნობენ, სახელგანთქმულია და ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ანიტა ძალიან საამაყოა. ჩვენ თბილისის კონსერვატორიაში რამდენჯერმე გვიმღერია ერთად. ის ჩემი უახლოესი მეგობარია. მიხარია, რომ დაახლოებით 12 წლის შემდეგ, ამ დიდ და ისტორიულ "არენა დი ვერონას" სცენაზე, კვლავ ერთად მოგვიწევს სიმღერა. თუმცა, ფესტივალის დახურვამდე, ნინო მაჩაიძესთან ერთად "სევილიელი დალაქის" პრემიერა გაიმართა, რომელსაც გენიალურმა მუსიკოსმა, დანიელ ლორენმა უდირიჟორა. ისეთ ხალხთან ერთად გავდივარ რეპეტიციებს, თავი ზღაპარში მგონია.A ასევე გამოდის ოპერის - "სევილიელი დალაქის" დისკი, სადაც ჩემი ნამღერიც შევა.

- ახლა იტალიაში ხართ, მაგრამ ძალიან ხშირად გიწევთ ერთი ქვეყნიდან მეორეში მოგზაურობა და სიმღერა...

- კი, საერთოდ აბნეული მაქვს თავგზა (იცინის). ოფიციალურად ბერლინში ვცხოვრობ და იქ ვარ ჩაწერილი. ძალიან მიყვარს ტიერგარტენის პარკი, სადაც ხშირად მივდივარ, დავრბივარ და ვარჯიშობ. თან იქ სამი ოპერის თეატრია, არაჩვეულებრივი ორკესტრები და ყოველ საღამოს საოცარი მუსიკოსების მოსმენის შესაძლებლობა გაქვს.

- საქართველოში ჩამოსვლას ძირითადად ზაფხულობით ახერხებთ და მშობლიურ ქუთაისს სტუმრობთ...

- დიახ, ასეა. ამ ზაფხულსაც ვიყავი, მაგრამ ალბათ საერთოდ რომ არ ჩამოვსულიყავი, ჯობდა. სულ 12 დღე მქონდა. ამ ხნის განმავლობაში უნდა მომესწრო ვიზის გაკეთება და ახალი პარტიების სწავლა. ფაქტობრივად, სახლში სულ 3 დღე ვიყავი და აქედან ყოველდღიურად 8 საათი ვმეცადინეობდი. არადა, როცა საქართველოში ჩამოვდივარ, მოდიან მეგობრები, ვქეიფობთ, ვმღერით, დავდივარ ნათესავებში, მთაში. მინდა, მაქსიმალურად ამოვივსო მონატრება, მაგრამ წელს ვერაფერი მოვახერხე და ალბათ ნერვები უფრო მომეშალა, ვიდრე დავისვენე (იცინის).

- ალბათ ოჯახის წევრებს ძალიან ეწყინათ...

- რა თქმა უნდა, ერჩივნათ უფრო მეტი დრო მქონოდა, მაგრამ მათ ჩემი კარგად ესმით. 8 წელია, ევროპაში ვარ წამოსული და ჩემებს ჩემი მონაწილეობით არც ერთი სპექტაკლი არ უნახავთ. ახლა გადაწყვეტილი მაქვს, დედ-მამა იტალიაში ჩამოვიყვანო და ბოლო 10 დღე ჩემ გვერდით მყავდნენ. ძალიან მინდა გავახარო, სიურპრიზი გავუკეთო და ვნახოთ (იღიმის).

- ნამდვილად კარგი იქნება. გავიგე, ქართული კერძების მონატრებამ, თავად დაგაწყებინათ ხაჭაპურის ცხობა...

- (იცინის) დედაჩემის ხაჭაპურის შემდეგ, ძალიან რთულია, ეს საქმე გარისკო. მაგდებურგში ვიყავი, ძალიან მომენატრა ხაჭაპური. შევეცადე, გამოვაცხვე, მაგრამ ქვასავით გამომივიდა.

- კოლეგები ხომ არ დაპატიჟეთ?

- არა, საკუთარ თავზე გავტესტე, კოლეგებს იმ ხაჭაპურზე როგორ დავპატიჟებდი?! ის რომ ეჭამათ, კბილები დასცვივდებოდათ (იცინის). მაგრამ მერე დავამუღამე, ერთხელ რეპეტიციაზე გასვლამდე მოვზილე ცომი, შინ დაბრუნებული ხაჭაპურს გამოვაცხობ-მეთქი. შინ დაბრუნებულს ისეთი ამოსული დამხვდა, ვხუმრობდი, სახლში რომ მივედი, ცომი მეზობელთან გადასული დამხვდა-მეთქი.

- დახელოვნებულხართ ცხობაში... გოჩა, სექტემბრიდან რა გეგმები გაქვთ?

- სულის მოსათქმელად ერთი დღეც არ მაქვს. როგორც კი ვერონაში 1-ლ სექტემბერს ფესტივალი დასრულდება, ანკონაში მივემგზავრები. ამ ზღვისპირა ქალაქს კარგად ვიცნობ. მე და ჩემი ძმა უჩა ოზიმოს აკადემიაში რომ ვსწავლობდით, ეს ადგილი ანკონასთან ახლოს იყო და მაშინ კარგად გავიცანი ქალაქი. იტალიაში ჩამოსულმა პირველი სპექტაკლი ანკონაში ვნახე და მახსოვს, როგორი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ახლა, სწორედ იმავე თეატრში მიწევს სიმღერა, ვერდის ოპერა "ბალ მასკარადში" ერთ-ერთ წამყვანი პარტიას ვიმღერებ. შემდეგ გავემგზავრები გერმანიაში, სადაც სამ პროდუქციაზე მომიწევს მუშაობა და იქ 2019 თებერვლის ბოლომდე დავრჩები. რეპეტიციებსა და სპექტაკლებს შორის რამდენიმე დღე თავისუფალი თუ გამოვნახე, მინდა საქართველოში ჩამოვიდე და დავისვენო. ძალიან მენატრებიან ჩემო ოჯახის წევრები. მშობლებისა და ძმის მონატრებას, ახლა ჩემი პატარა ძმიშვილების მონატრება დაემატა, ბავშვები სიგიჟემდე მენატრებიან. მათი დაბადების შემდეგ კიდევ უფრო მეტად გამიმძაფრდა მონატრებისა და ნოსტალგიის განცდა.

- და ქუთაისში რომ ჩადიხართ, არ იწყება "დაკითხვა": "შენ როდის უნდა მიხედო პირად ცხოვრებას?" "ცოლი არ მოგყავს?"

- კი, პირველი კითხვა ამას ეხება (იღიმის), მაგრამ ჯერჯერობით ამ კუთხით ახალს ვერაფერს ვიტყვი.

ანა კალანდაძე