"ზურა ყიფშიძესთან ერთად ფილმში ვითამაშე" - გზაპრესი

"ზურა ყიფშიძესთან ერთად ფილმში ვითამაშე"

რუსკა ქარქაშაძე, მცირე ასაკის მიუხედავად, აქტიურად მუშაობს: ზაფხულის პერიოდი ფილმში მონაწილეობისთვის გამოიყენა - მთავარ როლს ასრულებს. ახალგაზრდა მსახიობის ერთ-ერთი პარტნიორი ზურა ყიფშიძე გახლავთ... ახლა რუსკა შავი ზღვის სანაპიროზე იმყოფება და კუთვნილი არდადეგებით ტკბება...

- ზღვაზე ვისვენებ: ხან ბათუმში ვარ, ხან - ქობულეთში. ზღვა ჩემთვის დასვენების ყველაზე მაგარი საშუალებაა. მანამდე რაჭაში ვიყავი, მთაში ვისვენებდი. სამწუხაროდ, სხვაგან ვერსად მივდივარ, რადგან გადაღებები მქონდა და დასასვენებლად ცოტა დრო დამრჩა.

- რაიმე ახალ პროექტში მონაწილეობ?

- ახალი, სრულმეტრაჟიანი ფილმი - "ფრთხილად სურვილებთან" გადავიღეთ. მთავარ როლს ვასრულებ. ჩემთვის ეს პირველი მხატვრული ფილმია. რეჟისორი ხათუნა გიორგობიანი გახლავთ. ის "ხელოვნური სუნთქვის" ერთ-ერთი რეჟისორი იყო. ჩემი პერსონაჟი მელანოსგან აბსოლუტურად განსხვავებულია, ამიტომ სათამაშოდ ძალიან საინტერესო იყო. ფილმი სათავგადასავლო ფანტასტიკის ჟანრს განეკუთვნება. გადაღებისას არარეალურ სიტუაციებთან მიწევდა შეხება.

- ფილმში პარტნიორობას ვინ გიწევს?

- ფილმში ბევრი ახალი სახეა, მათ შორის - ბავშვები (ზოგი ჩემი თანატოლია, ზოგი - უმცროსი ასაკის). სხვათა შორის, ზურა ყიფშიძე ერთ-ერთი მთავარი გმირის მამის როლს ასრულებს. შესაბამისად, საერთო სცენებიც გვაქვს. ზურა ყიფშიძე მაგარი პარტნიორია, ყველაფერში მეხმარებოდა. დიდი მსახიობი და საოცრად კარგი ადამიანია. საერთოდ არაფერი გამჭირვებია, პირიქით - სწრაფად და ხარისხიანად გადავიღეთ სცენები. დიდი გამოცდილება მივიღე. რა თქმა უნდა, ამაყი ვარ, რომ ზურა ყიფშიძესთან ერთად ფილმში ვითამაშე. გადაღებები თბილისის გარეთ, სხვადასხვა ლოკაციაზე (გარიყულა, წყნეთი, კოჯრის ტყე...) მიმდინარეობდა...

GzaPress- მშობლებისგან დამოუკიდებლად ისვენებ ხოლმე თუ უფროსებიც თან გახლავს?

- მაგალითად, რაჭაში მშობლების გარეშე, მეგობრებთან ერთად ვიყავი. ზღვაზეც ცოტა ხანს მარტო გახლდით, მერე მშობლებიც ჩამოვიდნენ. საერთოდ, ჩვენი გრაფიკი ერთმანეთს ვერ ემთხვევა, მაგრამ ახლა მაინც ყველანი ერთად ვართ.

- მშობლების გარეშე, პირველად დასასვენებლად როდის წახვედი?

- შარშან მე და ჩემი და ტყიბულში წავედით. რაკი ჩემი და მშობლების გრაფიკი ერთმანეთს ვერ ემთხვეოდა, ზაფხულის სიცხეში თბილისში ყოფნა კი მარტივი არ არის, გადავწყვიტეთ, მე და ჩემს დას ორი კვირა მეგობრებთან, ნათესავებთან ერთად გაგვეტარებინა, მერე მშობლებიც ჩამოვიდნენ.

- მშობლების გარეშე პირველად დასვენებისას როგორი შეგრძნება დაგეუფლა?

- როცა მშობლებთან ერთად ვისვენებ, მაშინაც თავისუფალი ვარ. აბსოლუტურად არაფერში ვიზღუდები. როცა მარტო ვარ, მაშინაც ყველაფრის ზომა-წონა ვიცი. ისინი მენდობიან.

- ცურვა, გარუჯვა გიყვარს?

- მზე, წყალი და გარუჯვა ჩემთვის სამოთხეა! ცურვაც ძალიან კარგად ვიცი. დედაჩემი სინქრონული მოცურავე იყო და ოჯახში ყველანი კარგად ვცურავთ... ნამზეური ძალიან მომწონს. მუქ შეფერილობას ვიღებ ხოლმე. გარუჯვისას ძირითადად, მუსიკას ვუსმენ ან ვჭამ (იცინის). ხანდახან შეიძლება, წიგნიც წავიკითხო.

- ექსტრემალურ სიტუაციაში თუ აღმოჩენილხარ? ვინმე დახრჩობისგან ხომ არ გადაგირჩენია?

- შარშან ჩემთან, აგარაკზე ვისვენებდი. ჩვენი სტუმარი - 6-7 წლის ბავშვი აუზში ჩავარდა. ცურვა არ იცოდა. გადავეშვი და ამოვიყვანე... ისე, ზღვაზე ექსტრემალური გართობები მიყვარს: პარაშუტით ვსეირნობ, "ბანანზე" ვჯდები...

- საცურაო კოსტიუმებს როგორ არჩევ?

- საცურაო კოსტიუმები ძალიან მიყვარს და ბევრი მაქვს, მაგრამ სხვადასხვა დეტალით გადატვირთულები არ მომწონს. რაც შეიძლება ნაკლები ზოლი და ხაზი უნდა ჰქონდეს. თუ მოღრუბლული ამინდია, მთლიან საცურაო კოსტიუმს ვიცვამ, ლამაზი ორნამენტებით, მზეში კი მაქსიმალურად სადა, ლამაზი ფერისას (ნამზეურს რომ უხდებოდეს) ვარჩევ.

- კანს, თმას მზისგან როგორ იცავ?

- ხვეული თმა მაქვს, რომელსაც ზღვა ძალიან უხდება, თმა უფრო ხუჭუჭა ხდება. არავითარ ნიღაბს არ ვიყენებ. კანზე დამატენიანებელ კრემს ვისვამ, რომ არ გამოშრეს. ზღვაზე "ვასვენებ" ფრჩხილებსაც, თმასაც...

- პლაჟზე უცხო ადამიანები გცნობენ? სელფების გადაღებას გთხოვენ?

- კი, ბევრი მცნობს, მოდიან, სელფებს იღებენ. ძაღლი მყავს, რომელიც სანაპიროზე ჩემთან ერთად არის და შეიძლება, ჩემზე მეტად იქცევს ყურადღებას (იცინის). მე ამით არასოდეს ვწუხდები.

- ზღვაზე საღამოობით დროს როგორ ატარებ?

- ცეკვა ძალიან მიყვარს. რა თქმა უნდა, ყოველ საღამოს ჯერ საჭმელად მივდივარ, მერე - საცეკვაოდ. გართობის გარეშე არ შემიძლია, მით უმეტეს - ზღვაზე ყოფნისას.

- ალკოჰოლურ სასმელებს სვამ?

- საერთოდ, ალკოჰოლი არ მიყვარს. იშვიათად, საფერავს ან ლუდს თუ დავლევ. არც ენერგეტიკული სასმელები და ყავა მიყვარს. დანამატების გარეშეც ენერგიულად, მშვენივრად ვგრძნობ თავს.

- დასასვენებლად გამგზავრებისას ბევრი ბარგი მიგაქვს?

- გააჩნია, სად მივდივარ: თუ ჩემივე ქვეყანაში, ვცდილობ, მინიმალური ბარგი წავიღო, რადგან ძალიან ბევრი დრო დამჭირდება, ყველაფერი რომ მოვძებნო და ჩავალაგო. ვცდილობ, რაც მჭირდება, ის წავიღო. გართობისთვის სხვა ტანსაცმელია საჭირო, რომ ადამიანივით გამოვიყურებოდე საღამოობით (იცინის). პლაჟზე საცურაო კოსტიუმის ზედატანით და შორტით დავდივარ.

- უცხოეთში ხშირად ისვენებ?

- დაახლოებით 2 წელია, არსად ვყოფილვარ, რადგან არ მეცალა ხან - სწავლის, ხანაც გადაღებების გამო. სადაც ვყოფილვარ, კმაყოფილი დავბრუნებულვარ. დასასვენებლად ბაქო ძალიან მომწონს, ასევე - თურქეთი, ეგვიპტე...

- უცხოეთში, ადგილობრივ მოსახლეობას აქტიურად ეკონტაქტები?

- ძალიან აქტიურად. მაქსიმალურად ვცდილობ, ის პერიოდი გამოვიყენო და ინგლისურად ვილაპარაკო, რადგან პრაქტიკისთვის მჭირდება - სამომავლოდ გამომადგება. ქართულად მხოლოდ ოჯახის წევრები ვსაუბრობთ. როგორც კი გარეთ გავდივართ, ინგლისურად საუბარს ვიწყებთ...

- შენს საზაფხულო არდადეგებს მატერიალურად თავად უზრუნველყოფ თუ მშობლებიც გეხმარებიან?

- სხვათა შორის, ბოლო 3-4 წელია, თავად უზრუნველვყოფ. როცა მშობლებთან ერთად ვისვენებ, რა თქმა უნდა, ისინიც ხარჯავენ, მაგრამ თავადაც მაქვს ფინანსები, რომ სადაც მინდა, წავიდე. გადაღებები მაქვს, კომპანიების სახე ვარ და ჩემი ფული მაქვს, რომელიც ძირითადად, ჩემი მომავლისთვისაა - უაზროდ არ ვხარჯავ.

- შენთვის დაუვიწყარი საზაფხულო არდადეგები გაიხსენე...

- თითქმის ყველა ზაფხული ჩემთვის განსაკუთრებულია - მთაშიც და ზღვაზეც, ეს პერიოდი ძალიან მიყვარს! ყველაფერში ბედნიერებას და თავისუფლებას ვხედავ... ერთ ეპიზოდს გავიხსენებ: რამდენიმე წლის წინ, ზაფხულში ზღვაზე პარაშუტით პირველად გავისეირნე. ძალიან მაგარი გრძნობა იყო! არადა, ძლივს გავბედე... აფრენისას 1-2 ნაბიჯით უნდა გაიქცე, შემდეგ ზღვის თავზე ადიხარ. გაქცევისას მე და ჩემი და წავიქეცით. რამდენიმე წამი პარაშუტმა კარგად გვახოხიალა. სწრაფადვე ავდექით და გზა განვაგრძეთ - ავფრინდით... ეს დაუვიწყარი რამ იყო, თავისი ტკივილებით (იცინის)!..

- ლაშქრობებში ყოფილხარ?

- ბუნება მიყვარს, მაგრამ ლაშქრობები, კარავში ღამის გათენება დიდად არ მომწონს, რადგან თავს არაკომფორტულად ვგრძნობ. ბევრჯერ მითქვამს, რომ უმაგრესი ბუნება გვაქვს, მაგრამ უბრალოდ, ჩემთვის არაა კომფორტული, რომ კარავში მეძინოს და მთებზე ვიძრომიალო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სპორტული ადამიანი ვარ და ძრომიალი არ მიჭირს, დასასვენებლად ლაშქრობებს მაინც კომფორტი მირჩევნია.

- შენი არდადეგები როდემდე გასტანს?

- ჯერჯერობით ზღვაზე ვარ, მერე შეიძლება, ისევ რაჭაში დავბრუნდე ან აგარაკზე ავიდე (თუ რამე საქმე არ გამომიჩნდა), რადგან სანამ სკოლაში სწავლა დაიწყება, არ მინდა, თბილისში ვიყო - ძალიან ცხელა...

ეთო ყორღანაშვილი