"ჩვენი ურთიერთობა სხვასთან განხილვას არ საჭიროებს" - გზაპრესი

"ჩვენი ურთიერთობა სხვასთან განხილვას არ საჭიროებს"

რითი ამაყობს ყველაზე მეტად, რა მნიშვნელოვან დეტალს შეცვლიდა ცხოვრებაში, რა თემებს განიხილავს სადაქალოსთან ერთად და როგორი უმკლავდება ცხოვრებისეულ პრობლემებს? - ამ და სხვა "ქალურ-დიასახლისურ" თემებზე მანიკა ასათიანი გვესაუბრა და ისიც გაგვიმხილა, რომ ახალი სატელევიზიო სეზონიდან ეთერს დაუბრუნდება...

- ამ ზაფხულს საზღვარგარეთ წასვლა ვერ მოვახერხე, მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმილი მქონდა. ბათუმსა და ბაკურიანში ვიყავი - ოჯახთან ერთად დავისვენე. ახლა უკვე თბილისში ვარ.

- ამჟამად რას საქმიანობ?

- ტელევიზიაში ვბრუნდები, მალე მაყურებელი ისევ მიხილავს...

- თავს ძლიერ ქალად მიიჩნევ?

- კი. ქალი ძლიერი მაშინ არის, როდესაც ყველაფერს ახერხებს - თავის საქმეშიც წარმატებულია და ოჯახშიც კარგადაა. მითია, რომ კარიერა და ოჯახი ერთად არ არსებობს. მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში კი არა, მსოფლიოს მასშტაბით, ბევრი მაგალითი არსებობს, რომ კარიერის და ოჯახის შეთავსება შესაძლებელია. მთავარი მონდომებაა.

- კომფორტს რა გიქმნის?

GzaPress- საერთოდ, კომფორტი ძალიან მიყვარს და ნებისმიერ სიტუაციაში ვცდილობ, საკუთარ თავს შევუქმნა. მატერიალური თვალსაზრისით არ ვგულისხმობ: ნებისმიერ სიტუაციაში (მაგალითად, ურთიერთობაში) კომფორტის პოვნა შემიძლია - ამის უნარი მაქვს.

- მეცხრე წელია, დაოჯახებული ხარ. ცოლქმრულ ურთიერთობაში კრიზისული სიტუაცია არ შეგქმნია?

- "კრიზისს" ვერ დავარქმევ - ეს სიტყვა ძალიან დიდ სირთულესთან ასოცირდება, მაგრამ მგონი, ცოლ-ქმარი არ არსებობს, ვისაც კამათი, პატარა კონფლიქტი არ მოსვლია. ამის გარეშე ჩემი ცხოვრებაც ვერ წარმომიდგენია, რადგან როდესაც ორ ადამიანს შორის ინტერესი და სიყვარულია, კამათი და ცოტა ჩხუბიც იქნება. ჩემთვის საინტერესო ეს არის. ისეთი კრიზისი, რომ ვაიმე, გაძლებაზე ვართ და დღეს-ხვალ ოჯახი დაგვენგრევაო, რა თქმა უნდა, არ გვქონია და ვიმედოვნებ, არც გვექნება. ჩემი აზრით, პატარ-პატარა კრიზისები ყველა ცოლ-ქმარს შორის არსებობს, მაგრამ ეს ყველაფერი გადალახული მაქვს.

- ცოლქმრულ პრობლემებს ვინმესთან განიხილავ?

- მე და ჩემს მეუღლეს ერთმანეთთან ისეთი მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობა სხვასთან განხილვას არ საჭიროებს და მგონი, ეს სწორიც არ იქნება - ცოლ-ქმრის ურთიერთობა ცოლ-ქმრისაა და თუ მათ შორის ურთიერთგაგება, მეგობრობა და ერთგულებაა, ყველაფერი იქვე გვარდება. რეალურად, სიყვარული ეს არის: ურთიერთპატივისცემა და ერთგულება, მერე უკვე სხვა დანარჩენი ურთიერთობიდან მოდის. მე და ბექა ყოველთვის ერთმანეთს ვესაუბრებით პრობლემებზე, სამომავლო გეგმებზე, ცუდზეც და კარგზეც...

- ბავშვის აღზრდისას ჩიხში შესულხარ? ყოფილა შემთხვევა, კონკრეტულ სიტუაციაში ვერ მიმხვდარხარ, როგორ მოქცეულიყავი?

- არა. რა თქმა უნდა, ბავშვის აღზრდა მარტივი არ არის: ნებისმიერ ასაკში, აღზრდის ნებისმიერ ეტაპზე სწორად უნდა მიუდგე. კვება, შენიშვნა, სწორი საქციელისკენ მითითება რთულია, მაგრამ ჩიხში არ შევსულვარ და ფსიქოლოგისთვის არ მიმიმართავს, თუმცა ფსიქოლოგის დახმარებას ვემხრობი - კარგია, თუ მშობელი მის რჩევებს გაითვალისწინებს და ბავშვს ამის მიხედვით აღზრდის. ფსიქოლოგებთან შეხება მქონია და ამ სფეროში რაღაცები თეორიულად ვიცი. კონკრეტულად, ჩემი პრობლემებით არასოდეს მიმიმართავს - ასეთი პრობლემა არც მქონია.

- ისეთი სადაქალო თუ გყავს, რომელსაც მინიმუმ, კვირაში ერთხელ მაინც ხვდები?

- კვირაში ერთხელ - არა, უფრო მეტი სიხშირით (იღიმის). ისეთი სამეგობრო მყავს, რომ გარშემო მყოფებისგან "თეთრი შური" მიგრძნია - მართლა რომ უნდათ, ასეთი მეგობრები თავადაც ჰყავდეთ. ძალიან "შეკრული", ერთგული სამეგობრო მყავს. მათ გარეშე ჩემი არც ერთი დღე არ არსებობს. შეიძლება, ვერ ვნახო, მაგრამ ტელეფონით მუდმივად ვკონტაქტობთ. ჩემი აზრით, კვირაში ერთხელ შეხვედრა ცოტაა, მინიმუმ, 2-3-ჯერ ვნახულობ მეგობრებს. თუ სადმე გასვლას ვერ ვახერხებთ, აუცილებლად სახლში ვიკრიბებით... მოკლედ, ცხოვრებაში ამის დანაკლისი არ მაქვს.

- თქვენი განხილვის საგანი რა არის ხოლმე?

- ამის წინასწარ თქმა შეუძლებელია. იმ თემას განვიხილავთ, რაც იმ კონკრეტულ დროს ხალხის ინტერესის სფეროა. კონკრეტული მიზნით არ ვიკრიბებით. დაქალებისთვის საჭორაო თემა არასოდეს ილევა, მაგრამ ერთს გეტყვით: სხვისი ცხოვრებით დიდად არ ვინტერესდებით.

- ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსაც განიხილავთ?

- თუ ძალიან აქტუალურია, რაღაც მნიშვნელოვანი ხდება - რა თქმა უნდა. პირადად მე, ყველანაირი სფერო მაინტერესებს, მით უმეტეს - თუ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ყოველთვის პოლიტიკაზე ვსაუბრობთ-მეთქი, რომ გითხრა, მოგატყუებთ. პოლიტიკა ჩემი განსაკუთრებული ინტერესის სფერო ნამდვილად არ არის, მაგრამ მესმის. თან, ჟურნალისტი ვარ. შესაბამისად, რამე მნიშვნელოვანი თუ ხდება, ერთმანეთს აზრებს ვუზიარებთ, რატომაც არა?

- ბოლოს თქვენი ყურადღება ქვეყნის რომელმა მნიშვნელოვანმა მოვლენამ მიიპყრო?

- 8 აგვისტოს ომის მოვლენებზე გამოხმაურებამ. საერთოდ, სოციალური ქსელი ხომ ძალიან "ჭრელია", აზრთა სხვადასხვაობაა...

- აგვისტოს ომის პერიოდში სად იყავი, ის დრო როგორ გახსოვს?

GzaPress- თბილისში ვიყავი. 15 წლის გახლდით. საშინელი დღეები იყო. შიში მახსოვს. უამრავი ადამიანი დაიღუპა და არ ვიცოდით, სადამდე მივიდოდა ეს ყველაფერი...

- ოდესმე სასოწარკვეთილ დიასახლისად გიგრძნია თავი?

- არა. სასოწარკვეთილება ჩემში საერთოდ არ არის: შემიძლია, უდიდეს პრობლემასაც კი მარტივი კუთხიდან შევხედო. პრობლემაზე, რომლის მოგვარებაც შეიძლება, ნერვიულობა სისულელედ მიმაჩნია, მოუგვარებელ პრობლემაზე კი რატომ უნდა ვინერვიულო? შესაბამისად, ჩემი თავი სასოწარკვეთილი არ მახსოვს.

- "გათხოვილი ქალის" სტატუსი შენთვის რას ნიშნავს?

- პასუხისმგებლობას, რადგან შენ უკან შენი ოჯახია (საერთოდ, თუ პასუხისმგებლობის გრძნობა გაქვს, გათხოვილი რომ არ იყო, შენ უკან მაინც შენი ოჯახია - დედ-მამა)... ვერ გეტყვი, რომ გათხოვებამ ძალიან შემცვალა, სტატუსი მომენიჭა და შევიბოჭე-მეთქი. ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდება. უბრალოდ, ადამიანი გაცილებით ბედნიერი ხარ, როცა გვერდით საყვარელი ადამიანი გყავს, მერე - შვილი, შენი ოჯახი გაქვს...

- თავის მოსავლელად დიდი ფინანსური სახსრები გჭირდება?

- არა. თავის მოსავლელად ერთ სალონში დავდივარ. "თავის მოვლაში" დავარცხნას, ფრჩხილების მოწესრიგებას და მსგავს მარტივ პროცედურებს ვგულისხმობ, თორემ კოსმეტოლოგთან ნამყოფიც არ ვარ. სახეზე მარტივი პროცედურაც კი არ გამიკეთებია. უბრალოდ, კარგი კრემები მაქვს, მათი გამოყენებაც ბოლო პერიოდში დავიწყე, რადგან 22-23 წლის მერე, უკვე საჭიროა, კანი ნელ-ნელა შეაჩვიო... სხვა მხრივ, ზედმეტი ჩარევები არ მჭირდება - ამაში ფულს არ ვხარჯავ.

- ყველაზე მეტად, რითი ამაყობ?

- ჩემი ოჯახით, რადგან დღეს დღეობით, ყველა ვხედავთ და ძალიან სამწუხაროა, რომ ახალგაზრდა წყვილისგან შემდგარი ოჯახი მყარი იშვიათად არის. ბევრი წყვილი ვიცი, რომელთა თანაცხოვრებასაც "ოჯახი" ჰქვია, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან, ოჯახს არ ჰგავს... მოკლედ, ჩემთვის საამაყო, პირველ რიგში, ოჯახია.

- მეგობრები ყველაზე ხშირად რას გსაყვედურობენ?

- მეგობრები ნაკლებად, ბექა ხშირად მსაყვედურობს - ზარმაცი ხარო: ვარჯიში მეზარება, საქმის მეორე დღისთვის გადადება მჩვევია. თავად რადიკალურად განსხვავებულია.

- ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შეგეძლოს, რა მნიშვნელოვან დეტალს შეცვლიდი?

- არაფერს, რადგან მგონია, ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ თუნდაც, დაშვებულ შეცდომებზე სწავლობ. კონკრეტულ სიტუაციაში ის შეცდომა თუ არ დაუშვი, მერე რაღაცებს სწორად ვერ აფასებ...

ეთო ყორღანაშვილი