"შვილს ეფერება - ჩემი გული ხარ, ჩემი სული ხარო..." - გზაპრესი

"შვილს ეფერება - ჩემი გული ხარ, ჩემი სული ხარო..."

მოცეკვავეებს - მზია ორველაშვილსა და ტატო ხანთაძეს ბიჭუნა შეეძინათ. სოციალურ ქსელში ემოციური ვიდეო გავრცელდა, რომელშიც შვილთან ტატოს პირველი შეხვედრაა ასახული. ჩანს, რომ ახალბედა მამა სიხარულის ცრემლებს ვერ იკავებს. ჩვენ ბედნიერ წყვილს დავუკავშირდით და გავესაუბრეთ.

ტატო ხანთაძე:

- ყველა ქართველს, ყველა ადამიანს ვუსურვებ ისეთ ბედნიერებას, როგორიც მე განვიცადე გუშინ. პირდაპირ გეტყვით: ვინც ამისთვის ემზადება, თამამად და კარგად უნდა მოემზადოს, თორემ ენით აღუწერელი შოკი მივიღე!

- ბიჭუნას რა დაარქვით?

- ალექსანდრე. რაც მთავარია, ჯანმრთელია.

- ეს სახელი რატომ შეურჩიეთ?

- სახელებს შორის ჩემი ფავორიტია. ზოგჯერ ალექსანდრე მაკედონელსაც კი ვუკავშირებ.

- ბავშვის სქესი მის დაბადებამდე იცოდით?

- კი, როგორ არა! გოგონა იქნებოდა თუ ბიჭი, მნიშვნელობა არ ჰქონია - შვილი შვილია, უფლის ნება იყო...

- მზიკო პრეტენზიული ორსული ხომ არ იყო?

- არა, მაგრამ მის მიმართ მაინც მაქსიმალურ ყურადღებას ვიჩენდი, როგორსაც მანდილოსანი იმსახურებს. ყველაფერმა წყნარად, მშვიდობიანად, იდეალურად ჩაიარა... უფალმა ისეთი ბედნიერება მარგუნა, რომ ჯერ კიდევ შოკში ვარ და არ ვიცი, ეს რამდენ ხანს გასტანს...

GzaPressმზია ორველაშვილი: - მშობიარობის წინ ვინერვიულე, რადგან პირველი მშობიარობა ძალიან რთული მქონდა. ყველაზე მეტად, ბავშვზე ვნერვიულობდი. ძალიან მეშინოდა. საკეისრო კვეთით ვიმშობიარე... ბევრი დამამშვიდებელი საშუალება მომცეს: ყვირილი, ტირილი არ დამიწყია, მაგრამ ემოციები ისე მომეძალა, რომ სახეზე მეტყობოდა, ძალიან შეშინებული ვიყავი. ხომ ვამბობდი, მეორე შვილი გოგო მინდა-მეთქი? თურმე, ორი ბიჭის დედობა ძალიან მაგარი ყოფილა!..

- ალექსანდრე როგორი ბიჭუნაა?

- ძალიან წყნარია, ოღონდ ჭამის დროს სძინავს და ვაღვიძებთ. ყოველ 3 საათში ერთხელ უნდა ჭამოს, მაგრამ 4-5 საათში ერთხელ ჭამს... მგონია, რომ იოლი გასაზრდელი იქნება.

- შვილის დანახვისას შენც ხომ არ იტირე?

- ოპერაციის დროს, როცა ბავშვი დამანახვეს, რა თქმა უნდა, ცრემლები წამომივიდა, მაგრამ გათიშული ვიყავი... ოპერაციას ჩემი ნათესავი ესწრებოდა. ტატო ვერ შემოვიდა - ამ პროცესს ვერ ვუყურებ. ალბათ, ისე ვინერვიულებ, რომ არ ვიცი, რა დამემართებაო. ერთადერთი, ის მოითხოვა, რომ თუ შეიძლება, ბავშვი გულზე დამაწვინეთო. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა და დააწვინეს. ჩემმა ნათესავმა დრო იხელთა, გავიდა და ვიდეო გადაუღო. შემდეგ საოპერაციოსთან შემომიტანა და როცა ჭრილობას მიკერავდნენ, იმ დროს მაყურებინა. აი, მაშინ დავიწყე ტირილი. ტატოს ოცნება იყო, შვილი ჰყოლოდა, თან - რაც შეიძლება მალე. შვილს ეფერება - ჩემი გული, ჩემი სული ხარო. 24 საათი ხელში უჭირავს. სამშობიაროში ბავშვს ის აწყნარებს. ცდილობს, ორივეს თავად მოგვაქციოს ყურადღება. ცივ ნიავს არ გვაკარებს არც მე, არც - ლევანს და ალექსანდრეს.

- შენი უფროსი ვაჟი ახალდაბადებულ ძამიკოს როგორ შეხვდა?

- ლევანიკო ისეთი ბედნიერია, რომ ჩემთან, სამშობიაროში ყოველდღე მოდის, პატარა ხელში უჭირავს და საოცარი სიტყვებით ეფერება... ერთი სული აქვს, შინ როდის მივალთ. ზოგი ბავშვი ხომ ეჭვიანობს? ლევანი განსხვავებული ბავშვია, ძალიან გულთბილია.

- ორსულობის პერიოდი როგორი იყო?

- ვერ ვიტყვი, ცუდად გადავიტანე. ბოლო პერიოდი ცოტათი დაძაბული იყო: ყველა მეუბნებოდა, - შენ დალაგებული არ ხარ, 9 თვის ორსულმა ქობულეთში ბავშვები "ზბორებზე" როგორ წაიყვანეო?!. სამშობიაროში ექიმიც გაოგნებული მიყურებდა, რადგან მშობიარობიდან პირველივე დღეს ფეხზე ვიდექი. მითხრა, ძლიერი გოგო ყოფილხარო. რა ვიცი, ალბათ, ასეა.

- ბავშვზე დამოუკიდებლად იზრუნებ თუ ძიძასაც დაიხმარ?

- დამოუკიდებლად ვერ გამოვა, რადგან სამსახურში უნდა ვიარო - 5 სექტემბრიდან გავდივარ. ყველამ იცის, დიდი აკადემია შევქმენი: ბავშვებს, სტუდიას მიხედვა უნდა. ძიძას ავიყვან. მყავს ოჯახის სანდო ახლობელი, რომელიც ალბათ, მოიცლის. ჯერჯერობით, არ ვიცი. დრო ისე უცებ გავიდა, ყველაფერზე ფიქრი ვერ მოვასწარი.

- "ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალ სეზონში მონაწილეობას ხომ არ აპირებ?

- დიდი სიამოვნებით ჩავერთვები, თუ პროექტში ამიყვანენ. მშობიარობის შემდეგ, ამ 3 დღეში უკვე 15 კილო დავიკელი.

ეთო ყორღანაშვილი