"ძალიან ბედნიერი ვარ!.." - გზაპრესი

"ძალიან ბედნიერი ვარ!.."

მსახიობ თაკო ჭანუყვაძის ჩაცმის სტილმა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩენისთანავე ბევრის ყურადღება მიიქცია. საზოგადოების დიდმა ინტერესმა თაკოს სტიმული მისცა, სამოსი სხვებისთვისაც შეექმნა და ძალა ტანსაცმლის დიზაინის სფეროში მოესინჯა... ჩაცმის სტილთან ერთად, თაკოს გრძელი და ჯანმრთელი თმაც ყურადღებას იქცევს. შესაბამისად, მსახიობს თავის მოვლის საშუალებებზეც ვკითხეთ...

ჩაცმის სტილი

- ბავშვობიდან განსხვავებულად ჩაცმა მიზიდავდა. მახსოვს, სკოლაში შარვლებზე კაბებს ვიცვამდი, თუმცა ეს ახლა აქტუალური და მოდურია.

- ჩაცმულობის გამო, სკოლის მოსწავლეობის პერიოდში, შენიშვნა არ მიგიღია?

- არასდროს. ისე არ ვიცვამდი, რომ შენიშვნა მოეცათ, პირიქით - მშობლებს, მეგობრებს ყოველთვის მოსწონდათ, რომ საკუთარი სტილი მქონდა, რომელიც ჩემს შინაგან სამყაროს გამოხატავდა.

ვარცხნილობა და თმის ფერი GzaPress- სერიალში ჩემი გამოჩენის წუთიდან, უამრავ შეკითხვას მისვამენ, თუ როგორ ვუვლი თმას. თმის მოსავლელად განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. უბრალოდ, არ ვიღებავ და არც არასდროს შემიღებავს.

- თმის ფენით გაშრობა, გასწორება, დახვევა შენთვის უცხოა?

- არა, პირიქით - თეატრში ვმუშაობ და სხვადასხვა ვარცხნილობის გაკეთება ყოველდღე მიწევს. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ თმას ვუფრთხილდები. გადაღება მაქვს თუ სპექტაკლი, თმა სულ ფორმაში უნდა იყოს. ფენს ხშირად ვიყენებ. თმის სიგრძეს ძალიან იშვიათად, მინიმალურად ვიმოკლებ, რადგან გრძელი თმა მჭირდება. ბავშვობაში უფრო ღია თმა მქონდა. ახლაც, თმას რომ გადავიწევ, ზოგს მელირება ჰგონია, რადგან ალაგ-ალაგ გახუნებულივით არის. სულ მიკვირდა, როცა ჩემი მეგობრები იღებავდნენ. ვფიქრობ, ვიდრე არ გავჭაღარავდები, არ შევიღებავ, რადგან ასეთი ჩარევის გარეშე თმა უფრო ჯანსაღად გამოიყურება.

- ოდესმე მოკლე ვარცხნილობა გქონია?

- როგორ არა! მახსოვს, ერთი პერიოდი, ძალიან მოკლე ვარცხნილობა მოდური იყო. ერთ დღესაც მე და ჩემმა მამიდაშვილმა - სალომემ გადავწყვიტეთ, რომ მოკლე ვარცხნილობა გვინდოდა. წავედით და "ბიჭურად" შევიჭერით. დღემდე ვერ ვხვდები, ასეთი გადაწყვეტილება როგორ მივიღე...

- ინანე?

- იმ წუთში მოკლე ვარცხნილობა ისე ძალიან მინდოდა, რომ ნამდვილად არ მინანია. საერთოდ, მსგავს რაღაცებს არ ვნანობ. თმა მშვენივრად გაიზარდა, თუმცა მას შემდეგ შეჭრის სურვილი არ გამჩენია. ხომ არიან ადამიანები, რომლებიც თმას იჭრიან და იჭრიან - მოკლე ვარცხნილობაზე დამოკიდებული ხდებიან? მე ასე არ დამმართნია, თუმცა ჩემს სტილისტს ძალიან უნდა, თმა შემჭრას. იცი, როგორ უნდა? სალონში ყოველი მისვლისას მეშინია, რომ ერთხელაც იქიდან მოკლე თმით არ გამოვიდე...

მაკიაჟი, სახის კანის მოვლა - უბრალოდ, ახლა ტონალური კრემის ქვეშ მკვებავის წასმა დავიწყე. სახის კანის მოსავლელად, სხვას არაფერს ვიკეთებ. ჯერ არ მჭირდება. ალბათ, ამის დროც დადგება...

- მაკიაჟის გაკეთება რა ასაკიდან დაიწყე?

- სკოლაში სწავლის პერიოდში, მაკიაჟის მიმართ ინტერესი უკვე მქონდა, "რუმიანას" ვიყენებდი, თუმცა მერე, როცა თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე, სადაც გრიმის გაკეთების ცოდნა აუცილებელია, ნელ-ნელა პრაქტიკამ მაკიაჟის კეთება მასწავლა.

- მაკიაჟს ყოველდღიურად იკეთებ?

- ყოველდღიურად თეატრში ვარ ან გადაღება მაქვს და მაკიაჟი მჭირდება. გამოდის, რომ ყოველდღიურად ვიკეთებ.

- შენთვის მაკიაჟის შეუცვლელი შტრიხი რომელია?

- ტუჩსაცხი, მით უმეტეს, როცა გარუჯული ვარ. "დამჯდარი" ფერის ტუჩსაცხი მიყვარს, რომელიც არ ბზინავს. ზაფხულში სხვას არაფერს ვიყენებ. ვცდილობ, კანმა დაისვენოს.

სამკაული, აქსესუარები - საყურე, ბეჭედი, სამაჯური ჩემთვის საყვარელი სამკაულია.

- სამკაულსა და აქსესუარებს თავადაც ხომ არ ქმნი?

- ჯერჯერობით - არა. საერთოდ, მგონია, რომ ადამიანი თუ მოინდომებს, ყველაფერს გააკეთებს. დედაჩემი ლამაზ სამკაულებს აკეთებს. ამიტომ მგონია, ამ საქმეს მეც თუ მოვკიდე ხელი, გამომივა... როცა დიდი საყურე მიკეთია, ვცდილობ, ყელსაბამი არ გავიკეთო ან პირიქით - თუ ყელსაბამი მიკეთია ან მცირე ზომის საყურეს ვიკეთებ, ან საერთოდ უარს ვამბობ მათ გაკეთებაზე... მოკლედ, სამკაული მიყვარს, მაგრამ ყველაფერს ერთად არ ვიკეთებ... სათვალე ჩემი საყვარელი აქსესუარია. ე.წ. კატისებრი სათვალე ძალიან მომწონს და მისი ხშირი მომხმარებელი ვარ. სათვალე თითქმის ყოველთვის მიკეთია, როდესაც შინიდან გავდივარ. ასევე, ჩანთაც მნიშვნელოვანი აქსესუარია. ქსოვილის ჩანთებს (ფერადს, სხვადასხვა პრინტით) თავად ვქმნი. მოგეხსენებათ, როდესაც თეატრში ან გადაღებაზე მივდივარ, უამრავი რაღაც მიმაქვს. ამიტომ დიდი მოცულობის ჩანთა მჭირდება. ამისთვის მაქვს ჩემ მიერ შექმნილი დიდი ჩანთები.

შოპინგი - შოპინგზე დავდივარ, თუმცა ტანსაცმელების მაღაზიაში შესვლას, მირჩევნია, ქსოვილების მაღაზიაში შევიდე, უამრავი ქსოვილი ვიყიდო და ის შევიკერო, რაც მინდა, რადგან ყოველთვის რაღაც განსხვავებული სამოსი მსურს. მაღაზიებში ისეთი რაღაცები ნაკლებად მხვდება, რაც მომწონს. ამიტომ თუ საშოპინგოდ დავდივარ, უფრო - ოჯახის წევრებისთვის... მიმაჩნია, რომ ფეხსაცმელი აუცილებლად კომფორტული და ხარისხიანი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, როცა საზღვარგარეთ მივდივარ, იქ აუცილებლად ვყიდულობ, თუმცა ვფიქრობ, საქართველოშიც არის ბევრი მაღალი დონის მაღაზია, სადაც ხარისხიანი ფეხსაცმლის შეძენა შესაძლებელია.

- მაღაზიაში სასურველ სამოსსა თუ ფეხსაცმელს იოლად ირჩევ?

- რომ გითხრა, ბევრს ვფიქრობ-მეთქი, მოგატყუებ. თუ რამე მომეწონა, იმწამსვე ვიცი, მინდა თუ არა. თუმცა, ასეთი ჩვევა მაქვს: თუ ოდნავ ვყოყმანობ, სახლში უნდა წავიდე და რაღაც სიტუაციაში თუ გამახსენდა ის ნივთი, ე.ი. მინდა და მაშინვე მაღაზიაში მივდივარ... ძალიან სასაცილოა: მაღაზიის შესასვლელში ვდგავარ ხოლმე - ჯერ იქაურობას თვალი უნდა გადავავლო და რაღაც თუ "მეძახის", მასთან უნდა მივიდე. ამას წინათ, მაღაზიაში შვილი მივიყვანე. იდგა და ათვალიერებდა, შემდეგ კი კონკრეტულ ნივთთან მივიდა. ვუყურებდი და საკუთარი თავი გამახსენდა (იღიმის).

- თანხის გამო, სამოსის ყიდვისგან თავი შეგიკავებია თუ მზად ხარ, კოლოსალური თანხაც გადაიხადო, თუკი რაღაც ძალიან მოგწონს?

- არა, იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, ვინც სამოსში დიდ თანხას იხდის. მით უმეტეს, თუ სამოსის გამო გადავირიე, შემიძლია, ქსოვილი ვიყიდო და შევიკერო. "უაზრო" თანხას ნამდვილად არ გადავიხდი.

საქმე - პროფესიით მსახიობი ვარ. ჩემი უპირველესი საქმე თეატრია, მერე - სერიალი. სამოსის შექმნა ჩემი ჰობია. ამ საქმის მიმართ ყოველთვის დიდი ინტერესი მქონდა. მას მერე, რაც "ჩემი ცოლის დაქალებში გამოვჩნდი", ჩემი სამოსის მიმართ დიდი ინტერესი გაჩნდა. ზაფხულის პერიოდი შედარებით თავისუფალია და ეს დრო ჰობისთვის გამოვიყენე. ორი ადამიანი გამოჩნდა, რომელმაც ბათუმში, კონკრეტულ მაღაზიებში სამოსისა და ჩანთების მიტანა მთხოვა. რა თქმა უნდა, დავთანხმდი და წავიღე. შემდეგ "აჭარა ფეშენ ვიკისთვის" კოლექციის შექმნა მთხოვეს. რა თქმა უნდა, ამ გამოწვევასაც დავთანხმდი და კოლექცია მოვამზადე. ვნერვიულობ, მაგრამ ეს ხომ ჩემი გატაცებაა? ადამიანებს ჩაცმის ჩემი სტილი ხომ მოსწონთ? ამიტომ, "ფეშენ ვიკზე" კოლექციის გატანის უფლება მივეცი საკუთარ თავს...

GzaPressსაცურაო კოსტიუმები - ვინმე არსებობს, ვისაც გარუჯვა არ უყვარს? არა მგონია! არც ის მგონია, რომ ვინმეს ნამზეური არ უხდებოდეს. მზის გულზე ყოფნა ძალიან მიყვარს! ფერადი საცურაო კოსტიუმები მომწონს. ახლა მთლიანი, ლამაზი, ფერადი "კუპალნიკები" ძალიან მოდურია.

- საცურაო კოსტიუმებს თავად არ ქმნი?

- ამ თემაზე ვფიქრობდი. ერთხელ საცურაო კოსტიუმი ჩემთვის შევიკერე, მაგრამ არ მომეწონა. ამ შემთხვევაში, ალბათ, მზა "კუპალნიკის" ყიდვა სჯობს.

დასვენება, გართობა - მსახიობების გართობა მოგეხსენებათ: როცა ერთად ვართ, დღე აუცილებლად სიმღერით ან ცეკვით უნდა დასრულდეს. ხალხმრავლობა მიყვარს, სადაც სიცოცხლე იგრძნობა, კარგი აურაა. ასეთ გარემოში ყველგან კარგად ვარ. ალკოჰოლური სასმელები არ მიყვარს. არ მაქვს კომპლექსი - "თუ დავლიე, ვიცეკვებ". მუდმივად კარგ ხასიათზე ვარ, ყველგან კარგად ვერთობი. მთავარია, კარგი განწყობა, დადებითი აურა, კარგი ხალხი იყოს და სიცოცხლის სიყვარული იგრძნობოდეს... დასასვენებლად წყნარი ადგილი და განმარტოება არ მიყვარს. მომწონს, სადაც სიცოცხლე ჩქეფს და ბევრი ხალხია. კომფორტი, სისუფთავე მიყვარს.

ოჯახი - მყავს მეუღლე და გოგონა - ანასიკო, რომელიც 4 წლის ხდება. ანასიკო თეატრზე გიჟდება, ისე უყვარს! ერთსა და იმავე სპექტაკლს 3-4-ჯერ უყურებს. მიხარია, რომ თეატრი ასე უყვარს. თეატრში მოსვლა უხარია და ბედნიერია. საქმის გამო, ჩემი ოჯახის წევრებს ბევრ დროს ვაკლებ. ამიტომ აგვისტოში (როცა თეატრიდანაც და გადაღებებიდანაც ვისვენებ), ვცდილობ, მათთან ერთად ვიყო. უკვე მე-9 წელია, დაოჯახებული ვარ. ძალიან თბილი და ტკბილი ოჯახი მყავს. მეუღლე ჩემი გულშემატკივარია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. უფრო მეტად ძლიერი ვარ, როცა მისგან თანადგომას ვგრძნობ; როცა ვიცი, რომ მყავს ადამიანი, რომელიც დიდი შემართებით მამხნევებს - მიდი, ყველაფერს შეძლებო!.. ძალიან ბედნიერი ვარ!..

ეთო ყორღანაშვილი