"ამბობენ, რომ ქალი ჯანსაღი უნდა იყოს..." - გზაპრესი

"ამბობენ, რომ ქალი ჯანსაღი უნდა იყოს..."

წარმატებული მოდელი, არაერთი კონკურსის მონაწილე და გამარჯვებულიც, ასევე მუსიკოსი, რომელსაც ურჩევდნენ, კონსერვატორიაში ჩაებარებინა (ამ სფეროში დიდ წარმატებასაც უწინასწარმეტყველებდნენ), მომავალი ექიმი - კრისტინა კეკუტია ამჯერადაც მიიწვიეს მსოფლიო დონის სილამაზის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ჩინეთში გაიმართება; თუმცა ამჯერად, ის არა საქართველოს, არამედ იტალიას წარადგენს, რაც მოდელს ცოტა არ იყოს, აშფოთებს, მაგრამ შემოთავაზებაზე უარის თქმის მიზეზიც ვერ იპოვა. იმედია, კრისტინა წარმატებას მიაღწევს ამ კონკურში და არა მარტო იტალიელებს, არამედ ქართველებსაც გვასახელებს.

- მივემგზავრები ჩინეთში, ოღონდ ამჯერად იტალიის სახელით გამოვალ. თავიდან ამ კონკურსზე მქონდა შემოთავაზება, რომ საქართველოდან წარვედგინეთ, მაგრამ მალევე ითხოვდნენ პასუხის გაცემას, მე კი ისეთ სიტუაციაში ვიყავი, დარწმუნებული არ გახლდით, შევძლებდი თუ არა გამგზავრებას იმ დროს. მერე, როცა უკვე მივხვდი, რომ პრობლემა არ შემექმნებოდა, დავურეკე ჩემს აგენტს და ვუთხარი, რომ კონკურსში მონაწილეობას შევძლებდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძალიან დავაგვიანე, ვეღარ გაგიყვანთო. მეწყინა, შანსი რომ გავუშვი ხელიდან... რამდენიმე დღეში ისევ დამირეკეს და ამჯერად იტალიის წარდგენა შემომთავაზეს. რთული და უჩვეულო აღმოჩნდა ჩემთვის, სხვა ქვეყნის სახელით კონკურსზე გასვლა. თავიდან ამ ფაქტმა დამაბნია და ცოტაოდენი დრო ვითხოვე დასაფიქრებლად. საბოლოოდ, შემოთავაზებას დავთანხმდი. ხალხის რეაქციის მეშინოდა, თუმცა როცა ახლობლებს ამ შემოთავაზების შესახებ გავენდე, ყველამ ის მითხრა, - დიდი პატივია, როცა უცხო სახელმწიფო ნდობას გიცხადებს და გთავაზობს, მისი სახელით გახვიდე კონკურსზე, ამიტომ ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენოო.

- როგორ ფიქრობ, იტალიელებმა შენ რატომ შეგარჩიეს? თავადაც ხომ ბევრი ლამაზი ქალბატონი ჰყავთ...

- კონკრეტულ აგენტებს, რომლებიც კონკურსში არიან ჩართულები, რამდენიმე იტალიელ მოდელთან ჰქონდათ ურთიერთობა, რომლებიც სავარაუდოდ, დაიწუნეს და მერე, როცა უცხოელის არჩევაზე მიდგა საქმე, ალბათ მოდელების სიას გადახედეს, ნახეს, ვის რა წარმატება ჰქონდა და არჩევანი ამის მიხედვით გააკეთეს. თანაც, მარტო გარეგნობა არ აინტერესებთ. ბევრი გოგოა ძალიან ლამაზი, მაგრამ გამოცდილებასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, შენი თავის საუკეთესო კუთხით წარდგენა უნდა შეგეძლოს; განათლებაც უნდა გქონდეს და რაიმე ნიჭიც, რომ ე.წ. ტალანტების შოუზეც მიაღწიო წარმატებას. მოკლედ, ბევრ რამეს ითვალისწინებენ.

- იტალიაში ხარ ნამყოფი?

- კი, ბევრჯერ. სხვათა შორის, არჩევანი მქონდა უკრაინასა და იტალიას შორის. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ იტალიურ კულტურას უფრო ვიცნობ, ვიდრე მეზობელი უკრაინისას, სადაც ნამყოფიც კი არ ვარ.

- როგორ ემზადები ამ კონკურსისთვის?

- ვამზადებ რამდენიმე მუსიკალურ ნომერს, რადგან არ ვიცი, იქ რა დამჭირდება. იტალიურ და ინგლისურენოვან სიმღერაზე ვმუშაობ, ასევე საფორტეპიანო ვერსიასაც ვამუშავებ - მე ხომ პიანისტი ვარ და შემიძლია, ამ კუთხითაც წარმოვაჩინო თავი, მაგრამ არ ვიცი, იქნება თუ არა შესაძლებლობა სცენაზე როიალის გატანის. ასე რომ, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყო.

- კონსულტაციას არ გადიხარ შენს აგენტთან ან იტალიის წარმომადგენლებთან?

- რა თქმა უნდა, აგენტთან ყოველდღიური კონტაქტი მაქვს. იტალიელებს ჩემს თითოეულ ნაბიჯზე აზრს ვეკითხები, ისინიც საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებენ, თუნდაც, კოსტიუმებთან დაკავშირებით.

- კოსტიუმზე, რომელიც უნდა ჩაიცვა, იტალიური მხარე ზრუნავს?

- იტალიაში ვერ შემიკერავენ, ამას ფიზიკურად ვერ მოასწრებენ, რადგან სექტემბრის დასაწყისში უკვე გაიმართება ეს კონკურსი. სამაგიეროდ, ნაციონალური კოსტიუმის რამდენიმე ვარიანტი გამომიგზავნეს. ყველაფერს თავად აფინანსებენ, გამგზავრების ხარჯების ჩათვლით, გარდა კაბებისა - რაც სანახევროდ ფინანსდება.

- ოჯახს მოსწონს შენი გადაწყვეტილება?

GzaPress- ოჯახი ყოველთვის მხარში მიდგას. ჩემი მამა და ძმა ჩემთან დაკავშირებულ ყოველგვარ სიახლეს, ძალიან განიცდიან, ორჭოფობენ, ნერვიულობენ, მაგრამ მერე მოსწონთ ჩემი წარმატებები. დედას ყოველგვარი ახსნის გარეშე სჯერა ჩემი წარმატების. ოჯახი ყოველთვის მხარში მიდგას და მაძლიერებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია... სხვათა შორის, როცა ჩინეთიდან დავბრუნდები, შეიძლება გავემგზავრო საბერძნეთში - ფრანგული კომპანიის სახე უნდა გავხდე... შარშანაც ვიყავი ამის გამო იტალიაში, საფრანგეთსა და მონაკოში.

- საქართველოში არ გთავაზობენ გადაღებებში მონაწილეობას, პოდიუმზე გასვლას?..

- აქ რაიმე შემოთავაზება ყოველთვის არახელსაყრელია. საქართველოში შრომა არ ფასდება, მით უმეტეს, მოდელის. იმის გამო, რომ აქ პოდიუმზე გავიდე ან ჩემი პლაკატები ქალაქში გამოჩნდეს, არ მიღირს, სწავლას ჩამოვრჩე. ამას მირჩევნია, კლინიკაში წავიდე, პრაქტიკები გავიარო. მოდელობა ჩემთვის ჰობის დონეზეა. კონკურსი იმიტომ მიყვარს, რომ უფრო დაფასებული ხარ, შენი ქვეყნის ელჩი ხარ - ეს სხვა საქმეა.

- პიანისტი ხარ, სამედიცინოზე სწავლობ, მსოფლიო დონის კონკურსები გიზიდავს, ანუ ისეთი საქმეები მოგწონს, რომელიც შენგან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს...

- კი, ამას ბავშვობიდან მიჩვეული ვარ... ბევრს უთქვამს ჩემთვის, სამედიცინო ინსტიტუტში სწავლით რატომ იკლავ თავს, როცა შეგიძლია, ხელოვნება აირჩიო და მარტივად იცხოვროო. მე-12 კლასში ვიყავი, კონსერვატორიაში ჩაბარებაზე უარი რომ ვთქვი და გადავწყვიტე, ისეთი რამე გამეკეთებინა, რაც ხალხთან, მათ დახმარებასთან იქნებოდა დაკავშირებული.

- ამას რაიმე საფუძველი ჰქონდა?

- არანაირი საფუძველი, უბრალოდ, ასე მომინდა. დავფიქრდი და მივხვდი, რაც მინდოდა - ექიმობა. მართალია, იმ დროს ამ გადაწყვეტილებით ყველას ვაწყენინე, მაგრამ დღეს ყველა კმაყოფილია (იღიმის).

- რომელ კურსზე ხარ? როგორც ვიცი, მომავალი პედიატრი ხარ...

- მეხუთე კურსზე ვსწავლობ. ჯერ არ ამირჩევია მიმართულება, მაგრამ ალბათ, ენდოკრინოლოგიას ავირჩევ. თავიდან მართლაც მინდოდა პედიატრობა, მაგრამ მერე დავფიქრდი და მივხვდი, ძალიან მიყვარს ბავშვები და ამის გამო ვერ შევძლებ მათთან მუშაობას, არ შემიძლია ავადმყოფ პატარას ვუყურო, ეს ძალიან დამთრგუნველი იქნება ჩემთვის. რაც შეეხება ენდოკრინოლოგიას: ჯანსაღი ცხოვრების წესი ყველაზე ახლოს არის ჩემთან. ასეთ დაავადებას ყოველთვის ამ წესის დარღვევა იწვევს და მინდა, ხალხს დავეხმარო.

- დიდი ხანია, ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევ?

- კი, წლებია. სიგარეტი არასდროს მომიწევია. სწორად ვიკვებები, ვვარჯიშობ. "ფასტფუდს" არასდროს ვჭამ. შოკოლადს შევჭამ, მაგრამ მცირე რაოდენობით. ჩემს მენიუში ძირითადად ხილი, ბოსტნეულია. სხვათა შორის, 13 წლის ვიყავი, როცა გადავწყვიტე, რომ პური არ მეჭამა.

- პუტკუნა იყავი და ამიტომ?

- ახლა რომ ვაკვირდები, პუტკუნა არ ვიყავი, მაგრამ მოგეხსენებათ, თინეიჯერობის ასაკში გოგონებს სულ რაღაც არ აკმაყოფილებთ (იღიმის) და თავი მსუქანი ჰგონიათ, როგორ კარგ ფორმაშიც უნდა იყვნენ.

- ახლა რამდენს იწონი?

- სიგამხდე ზომაზე მეტად - ეს ჩემთვის მიუღებელია. 58-59 კილო ვარ, მაქსიმუმ 2-3 კილოს თუ მოვიმატებ და ამასაც მარტივად, ვარჯიშის წყალობით ვიკლებ ხოლმე. სიმაღლით 177 სმ ვარ.

- ანუ იტალიელების გემოვნებას აკმაყოფილებ?

- სხვათა შორის, მსოფლიო კონკურსებზე, პოდიუმისგან განსხვავებით, ძალიან გამხდარ გოგონებზე მოთხოვნა არ არის. ამბობენ, რომ ქალი ჯანსაღი უნდა იყოს.

- სწავლა, კონკურსები... მუსიკისთვის გრჩება დრო?

- კი, მრჩება და კომპოზიციებს ვწერ. არ არსებობს, დღე ისე გავიდეს, რომ ერთი საათით მაინც არ მივუჯდე როიალს. ვიღებ ვიდეოებს და ინტერნეტში ვათავსებ.

- როგორც ვიცი, გქონდა შემოთავაზებები საზღვარგარეთიდან, რომ სამუშაოდ სხვა ქვეყანაში წასულიყავი...

- კი, მქონდა ბევრი შემოთავაზება სამოდელო კუთხით, მაგრამ ახლა ყველაფერზე უარს ვამბობ - რა ვქნა, სამედიცინოზე სწავლა იმდენად რთულია, რომ სხვანაირად არ გამოვა. იტალიაში რომ წავიდე და სამოდელო კარიერა განვაგრძო, მედიცინაზე უარი უნდა ვთქვა. რამდენიმე წელი ვიმუშავებ მოდელად, შეიძლება ძალიან წარმატებულიც გავხდე, მაგრამ მერე, როცა ასაკი მომემატება, ფორმები შემეცვლება, რა უნდა ვაკეთო, თუ სხვა პროფესია არ მექნება?..

- პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვი?

- შეყვარებული არ მყავს, მაგრამ თაყვანისმცემლები - კი ბატონო. ზედმეტს არასდროს არავინ მეუბნება. იციან, მე თუ არ მინდა, არ უნდა შემაწუხონ. სანამ ადამიანს ბედს დავუკავშირებ, უნდა დამიმტკიცოს, რომ იმსახურებს ჩემ გვერდით ყოფნას.

- როგორი უნდა იყოს "ის" ერთადერთი?

- გარეგნულად ვერ აღგიწერთ, მაგრამ უნდა იყოს პასუხისმგებლობით სავსე, განათლებული, შრომისმოყვარე, ვაჟკაცური. გარეგნობა ჩემთვის მაინც მეორეხარისხოვანია.

- როგორ ფიქრობ, შენი თაობა რით არის გამორჩეული?

- 22 წლის ვარ. ვფიქრობ, ჩემი თაობა გამორჩეულია განათლებით. სხვების არ ვიცი, მაგრამ ჩემს გარშემო მყოფ ახალგაზრდებზე გეუბნებით. აი, თუნდაც სამედიცინო სასწავლებელში, ძალიან ნიჭიერი თაობა მოდის.

- გვქონდეს მათი იმედი?

- კი, ნამდვილად უნდა გქონდეთ, მაგრამ აქვე გეტყვით, რა არის პრობლემა - ეს გამორჩეულად ნიჭიერი თაობა უფრო მეტის მისაღწევად მიდის საზღვარგარეთ. ვფიქრობ, მთავრობამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ქვეყნიდან კარგი კადრების გადინება არ მოხდეს. მათ პირობები უნდა შეუქმნან საიმისოდ, რომ ქართველებს მოახმარონ საკუთარი ნიჭი.

ლიკა ქაჯაია