სოფო ბათილაშვილის ცხოვრების ამოუხსნელი ამოცანა - გზაპრესი

სოფო ბათილაშვილის ცხოვრების ამოუხსნელი ამოცანა

სოფო ბათილაშვილისთვის მუსიკალური პროექტი - "მხოლოდ ქართული" განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა: კონკურსზე გაიმარჯვა, სოფოს მიერ შესრულებულ სიმღერებს ბევრგან გაიგონებთ, გოგონამ სასიამოვნო პრიზებიც მიიღო... საფრანგეთში მოგზაურობაზე, ბიონსესა და ჯეი ზის კონცერტზე, სამომავლო გეგმებსა და მიზნებად ქცეულ ოცნებებზე სოფო ბათილაშვილი დღის ბოლოს გვესაუბრა. დადებითი ემოციებით აღსავსე მომღერალმა გაგვიმხილა, რომ დღის განმავლობაში, რამდენიმე ადამიანმა გააჩერა და გულთბილად ჩაიხუტა. გულშემატკივრების ასეთი დამოკიდებულება მადლიერებით ავსებს და მოტივაციას უძლიერებს...

- თავს დაღლილად ვგრძნობ, მაგრამ ეს სასიამოვნო დაღლილობაა: ჩემს საქმეს ვემსახურები - ვმღერი, ბევრი კონცერტი გავმართეთ... სიმართლე გითხრათ, ამ ზაფხულს არ დამისვენია, მაგრამ მაინც ვცდილობ, ახალ სასწავლო წელს შემართებით შევხვდე.

- ანუ ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლას აგრძელებ?

GzaPress- კი, აუცილებლად, თუმცა მეტწილად, მუსიკისკენ ვკონცენტრირდები. ფსიქოლოგია მაინტერესებს და მინდა, ეს დრო და შესაძლებლობა სწავლისთვის მაქსიმალურად გამოვიყენო. ტვინს რაც უფრო მეტ საკვებს ვაწვდი ინფორმაციის სახით, მით უკეთ ვგრძნობ თავს მუსიკაში.

- ფსიქოლოგიაში რა მიმართულებით გაიღრმავებ ცოდნას?

- სიმართლე გითხრათ, ფსიქოლოგიის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას არ ვაპირებ. არც უნივერსიტეტში სწავლის დასრულებას, დიპლომის აღებას ვგეგმავ. წმინდა ინტერესის გამო ვსწავლობ - ის საგნები ძალიან მომწონს, რომლებიც სასწავლო პროგრამაშია. ჩემი სამომავლო გეგმები მაინც მუსიკის სწავლას უკავშირდება: პროექტში "მხოლოდ ქართული" საჩუქრად ბერკლიში, 5-კვირიანი მასტერკლასი გადმომცეს. ვიდრე საქართველოში ვიქნები, მანამდე შანსს გამოვიყენებ და ფსიქოლოგიას ვისწავლი, მერე კი ვეცდები, ბერკლის მუსიკალურ სასწავლებელში ბაკალავრზე ვცადო ჩემი ძალა - გამოცდაზე აუცილებლად გავალ.

- ანუ უცხოეთში ხანგრძლივად ყოფნა მოგიწევს...

- არ ვიცი. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შედეგს ვაჩვენებ, თუმცა ბერკლის მუსიკალურ სასწავლებელში დიდი სიამოვნებით ვისწავლიდი.

- პოპულარობას მიეჩვიე?

- მავიწყდება ხოლმე... ჩვეულებრივად ვცხოვრობ. უბრალოდ, ჩემს ცხოვრებაში ახლა მეტი მხიარულება და კარგი განწყობა სუფევს, რადგან ადამიანები მხვდებიან და ჩემ მიმართ სითბოს არ იშურებენ, თავიანთ გრძნობებს გამოხატავენ. ვიდრე ვინმე არ გამომელაპარაკება ხოლმე, მანამდე დიდად არ მახსოვს, რომ რამე შეიცვალა. ჩემი ცხოვრება ჩვეულებრივად მიდის. უბრალოდ, ყურადღების ცენტრში ვარ. ამით შეწუხებული არ ვარ, პირიქით - ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა...

- პროექტის სხვა მონაწილეებთან ურთიერთობას აგრძელებ?

- მეტ-ნაკლებად. მაგალითად, შოთა ლეგაშვილი თბილისში არ არის - თელავშია, თუმცა ტელეფონით, "მესენჯერით" ვეკონტაქტები. როცა აქ არის, ვცდილობთ, სულ ერთად ვიყოთ. როცა ბათუმში ვიყავი, ნანუკა და ქრისტინე შუშაძე მოვიდნენ ჩემთან, კონცერტზე. მიუხედავად იმისა, ვინ სად ვცხოვრობთ, ურთიერთობის გაგრძელებას ძალიან ვცდილობთ.

- კონსტანტინე არ გიხსენებია...

- კონსტანტინე, შოთა და ქრისტინე ჯაფარიძე ალბათ, ყველაზე განუყრელი ოთხეული ვართ. როცა სამნი ერთად ვართ, მერე შოთას ფოტოებს ვუგზავნით და ვახარბებთ ხოლმე (იცინის).M როცა ერთად ვართ, მინდა, ისიც ჩვენთან იყოს.

- როგორი შეგრძნებაა, როცა თითქმის ყველგან შენ მიერ შესრულებული სიმღერები ისმის?

- უცნაური (იღიმის). ძალიან მრცხვენია ხოლმე. როცა სადმე ვარ, სადაც ჩემი სიმღერა ისმის, ჩემთვის, ჩუმად ვზივარ, ხმას არ ვიღებ... ეს ყველაფერი ძალიან უცნაურია.

- მითხარი, არ დამისვენიაო, მაგრამ ზაფხულში, თუნდაც მცირეხნიანი განტვირთვა გქონდა, ალბათ...

- ჩემთვის განტვირთვის საშუალება ის საჩუქარი იყო, რომლითაც ნიცაში, ბიონსესა და ჯეიზის კონცერტზე გახლდით. მე და ქრისტინე ჯაფარიძე გავემგზავრეთ. ნიცაში ქრისტინეს შორეული ნათესავი ცხოვრობს. ძალიან დავმეგობრდით და რამდენიმე დღე კიდევ დავრჩით, მონაკო და კანიც ვნახეთ... ბიონსესა და ჯეიზის კონცერტი ისეთი იყო, რომ სიტყვებით გადმოცემა რთულია! ყველა ის ჰიტი შეასრულეს, რომლებსაც 10 წლიდან ვუსმენ. ჩემთვის შოკი იყო, როდესაც ის ორი ადამიანი დავინახე, ვისაც "იუთუბზე" ვუსმენდი და ოცნებადაც არ მქონია, რომ წავსულიყავი და მათთვის ცოცხლად მომესმინა. ამ შთაბეჭდილებების ზეგავლენიდან კარგა ხანს ვერ გამოვედი. თან, საზღვარგარეთაც პირველად ვიყავი. დიდხანს ვერ გავიაზრე, ჩემს თავს რა ხდებოდა. ერთი კვირაა, რაც გავაანალიზე და აღვიქვი, რაც მოხდა... მოკლედ, კონცერტი ჩემთვის დაუვიწყარი იყო. მე და ქრისტინე ძალიან მაგრად გავერთეთ და ვისიამოვნეთ... ნიცა, მონაკო და კანი ძალიან მომეწონა. სამივეს თავისებური ეშხი აქვს. უბრალოდ, მონაკოს და კანის გარემო საჩემო არ არის. ნიცა საინტერესო ქალაქია, ძალიან მომხიბვლელი სანაპირო აქვს. იქ ზაფხულის არდადეგებს კიდევ ერთხელ, სიამოვნებით გავატარებდი.

- მოზარდობის ასაკიდან სულ ახლახან გამოხვედი - 19 წლის გახდი. თავს დამტყდარმა წარმატებამ, პოპულარობამ ხასიათი, დამოკიდებულებები არ შეგიცვალა?

- რა ცვლილებასაც საკუთარ თავს ყველაზე მეტად ვატყობ, ალბათ, ის არის, რომ ჩემი ოცნებები მიზნები გავხადე, რადგან უცებ ბიონსეს კონცერტზე აღმოვჩნდი. ასევე, ბერკლიში სწავლის 5 კვირა დამიფინანსეს - საერთოდ სხვა კონტინენტზე, იმ სასწავლებელში მივემგზავრები, რომელში სწავლაზეც ყოველთვის ვოცნებობდი, მაგრამ ფინანსურად ჩემთვის ძალიან მიუწვდომელი იყო. მივხვდი, რომ თურმე შესაძლებელია, შენი ოცნებები რეალობად აქციო. ამაზე უფრო მეტად ვკონცენტრირდი. ძალ-ღონე არ მენანება, რომ იმისთვის ვიშრომო, რაც მინდა და მგონია, რომ ადრე თუ გვიან გამომივა. შეიძლება, პირველ ცდაზე მიზანს ვერ მივაღწიო, მაგრამ ოდესმე აუცილებლად გამოვა, ამაში დარწმუნებული ვარ: შეუძლებელი არაფერია. რაც ძალიან გინდა, იმას აუცილებლად მიაღწევ. ჩემი ოცნებები უფრო მეტად დავაფასე.

- იმის მიღება რომ შეგეძლოს, რაზეც ოცნებობ, რას ინატრებდი?

GzaPress- ვისურვებდი, ჩემი ქვეყნიდან ასე შორს წასვლა არ მიწევდეს იმის გამო, რომ მუსიკალური კარიერის თვალსაზრისით განვვითარდე. ეს მართლა ოცნებაა. დღევანდელ რეალობაში, საქართველოში, ჩემს სფეროში კარიერული განვითარების პერსპექტივას ვერ ვხედავ. არ ვიცი, ვინ რა უნდა გააკეთოს. ყველაფერს აქვს დასასრული: რაღაც დონეზე მიხვალ და მერე გაჩერდები - იწყება რეგრესი. იმასაც ვერ ინარჩუნებ, რასაც მიაღწიე. მეტი გინდა, მაგრამ ამ "მეტს" ვერსაიდან იღებ. აი, იმას ვისურვებდი, რომ იმაზე ფიქრი არ მიწევდეს, თუ სად წავიდე, რომელ კოლეჯში ჩავაბარო, რომ იქიდან მივიღო ის, რაც აქ ვერ ვიპოვე. ალბათ, ყველაზე მტკივნეული ეს არის. რეალურად, სხვაგან ცხოვრება არ მინდა. რა თქმა უნდა, ძალიან მაინტერესებს ჩვენი ქვეყნის ფარგლებს მიღმა რა ხდება - სიამოვნებით ვნახავდი, დავათვალიერებდი, გარკვეულ პერიოდებს სხვადასხვა ქვეყანაში (რომლებიც განსაკუთრებულად მაინტერესებს) გავატარებდი, მაგრამ მაინც მინდა, საქართველოში ვიცხოვრო და ყველაფერი აქ გავაკეთო, რაც მუსიკას უკავშირდება, რადგან ჩემთვის ძვირფასი ყველა ადამიანი აქ მყავს. არ მინდა, ჩემთვის საყვარელი საქმე მათგან შორს ვაკეთო...

- შენთვის ყველაზე კომფორტული მუსიკალური ჟანრი რომელია? როგორი სტილის სიმღერების შესრულება უფრო მოგწონს?

- ეგ ჩემი ცხოვრების ამოუხსნელი ამოცანაა (იცინის). ბავშვობიდან ვეძებ და ვერ ვიპოვე: ხან ხალხურ სიმღერებს "მოვედე", ხან - ვგალობდი, ხან უცხოური პოპი, ჯაზი, როკი ვცადე... ხარბად ნათქვამი გამომდის, მაგრამ ვერც ერთს ვერ ვთმობ, თითქოს ყველაფერი მჭირდება...

- შარშან ამ დროს თუ იფიქრებდი, რომ ასეთი წარმატებული და პოპულარული იქნებოდი?

- ვერა (იცინის)!..

- მაშინ რას აკეთებდი?

- მთელი ზაფხული ვისვენებდი და ძირითადად, ამას ვფიქრობდი: - ნეტავ, რა უნდა ვქნა? ეს მუსიკა სად წავიღო? თავში რომელი ქვა ვიხალო-მეთქი (იცინის)?.. თან, უნივერსიტეტში ჩარიცხვასთან დაკავშირებით, გამოცდების პასუხებს ველოდებოდი. აბიტურიენტი გახლდით, რაც ძალიან სტრესული იყო: მსურდა, მხოლოდ მუსიკა "მეკეთებინა". არადა, საერთოდ სხვა რამეზე დარდი და ნერვიულობა მიწევდა... რა თქმა უნდა, იმას ვერ წარმოვიდგენდი, რაც დღეს ჩემს თავს ხდება. ყოველ შემთხვევაში, პირველი კურსის ისე დახურვას ვაპირებდი, რომ არსად, არავითარ მუსიკალურ კონკურსზე გასვლას არ ვგეგმავდი. მინდოდა, მთელი ყურადღება ფსიქოლოგიისთვის დამეთმო. ჩემს ცხოვრებაში რაღაც საოცრება მოხდა და ეს ნაბიჯი გადავდგი - პროექტ "მხოლოდ ქართულში" მონაწილეობა მივიღე.

- შენი მთავარი პრიზი - ბინა შენების რა ეტაპზეა?

- ბინის სანახავად ვიყავით, ფართობი ვნახეთ და მას მერე აღარ მივსულვარ - არ ვიცი, რა სიტუაციაა. თუმცა როგორც ვიცი, ერთ წელიწადში აშენდება.

- ფულადი პრიზი - 10 ათასი ლარი რისთვის გამოიყენე?

- ჯერ არ დამიხარჯავს. რა თქმა უნდა, მუსიკას მოვახმარ ან ისეთ რაღაცას, რაც მუსიკის "კეთებაში" დამეხმარება. ავტომობილის ყიდვაში ან რამე მსგავს სისულელეში ამ თანხის დახარჯვას არ ვაპირებ - მუსიკასთან დაკავშირებული გეგმებისთვის გამოვიყენებ ამ ფულსაც და იმასაც, რასაც ჰონორარის სახით ვიღებ. პირველი ჰონორარით გიტარა ვიყიდე - რაღაცების დაკვრას ვცდილობ (იღიმის)...

ეთო ყორღანაშვილი