სალომე ჭაჭუას უცნაური ჩვევები - გზაპრესი

სალომე ჭაჭუას უცნაური ჩვევები

მოცეკვავე სალომე ჭაჭუა დიდი ხანია, ფართო საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა. როგორც იქნა, მოუხელთებელი რესპონდენტი მოვიხელთეთ და ინტერვიუ ჩავწერეთ.

- ფართო საზოგადოების წინაშე ძირითადად, მაშინ ვჩნდები, როდესაც ჩემს პროფესიას ეხება საქმე. დანარჩენ შემთხვევებში, მივიჩნევ, რომ საჭირო არ ვარ (იცინის). ძველებურად, ჩემი პროფესიით ვარ დაკავებული: სტუდიაში ვასწავლი. ასევე, კიევში ვმუშაობ, რადგან "ტრენერების" ნაწილი იქ მყავს.

- კარიერაში რაიმე სიახლე ხომ არ გაქვს?

- მთელი წლის განმავლობაში, სულ ტურნირებზე ვცეკვავდი. საკმაოდ კარგი წელი მქონდა, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში ბევრ ძალიან კარგ "ტრენერთან" მოვემზადე. საკმაოდ კარგი შედეგები მქონდა. ახლა გეგმები მაქვს, მაგრამ ჯერ არ ვიცი, როგორ გადავწყვეტ.

- ზაფხული როგორ გაატარე?

- წლევანდელი ზაფხული სხვებისგან არ გამოირჩეოდა - დიდად არ დამისვენია. ახალი სამუშაო სეზონის დაწყებამდე, რაჭაში 3 დღით დასვენება მოვასწარი. პირდაპირი მნიშვნელობით, ყველაფრისგან მოწყვეტილმა დავისვენე - სულიერად, მორალურად... ეს 3 დღე ჩემთვის საკმარისი იყო.

- ოთხფეხა მეგობარი გაგიჩენია...

- მყავს ბიშონ ფრიზეს ჯიშის ძაღლი, რომელიც მეგობარმა მაჩუქა. პატარა, თეთრი, უსაყვარლესი არსებაა. მან ცხოვრება სხვაგვარად გამიფერადა. მართლა ძალიან თბილი და საყვარელია. ოთხფეხა მეგობარი ხშირად მყოლია, თუმცა სამწუხაროდ, სახლში არასოდეს ამიყვანია, რადგან დედას, ცოტა არ იყოს, ძაღლების მიმართ შიში აქვს. ეს ერთადერთი ძაღლუკაა, რომელიც დედაჩემმაც შეიყვარა.

- მასზე ზრუნვას ახერხებ?

GzaPress- ასე თუ ისე, ვახერხებ. მაგალითად, დილაობით, როცა კუს ტბაზე ვვარჯიშობ, იქ ჩემს ცუგასთან - ბაზუკასთან ერთად მივდივარ. პატარა, თეთრი, ფითქინა არსებაა, მაგრამ ბაზუკა ჰქვია (იცინის). მინდოდა, მის სახელსა და ვიზუალს შორის კონტრასტი ყოფილიყო.

- პროექტში - "შენ შეგიძლია ცეკვა" ჟიურის წევრი იყავი, თან - საკმაოდ დელიკატური. ცხოვრებაშიც ასეთი ხარ?

- კი, ყოველთვის ასეთი ვარ.

- რამ შეიძლება, მოთმინების უნარი დაგაკარგვინოს?

- არ ვიცი, ასეთი შემთხვევა არ მახსოვს. წონასწორობას იშვიათად ვკარგავ. სამსახურში, პროფესიულ საქმიანობაშიც ყველაფერს ისე ვაგვარებ, რომ ზედმეტად გაღიზიანება არ მიწევს, ისეთი გარემოცვა მყავს. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის სიტუაციები, როცა რაღაც ისე არ ხდება, როგორც გვინდა, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, საკითხს ადეკვატურად მივუდგე, საღად გავიაზრო და დიპლომატიურად მოვაგვარო.

- ამჟამად, ცეკვაში შენი მეწყვილე ვინ არის?

- ისევ მაქსიმ რიჟიკოვი.

- ამ ხნის განმავლობაში, თქვენს ტანდემს საფრთხე ხომ არ შეჰქმნია?

- არა. იცი, როგორ არის? სპორტი ისეთია, რომ შეიძლება, მაგალითად, "ტრენერებმა" გადაწყვიტონ - თქვენ ამ ეტაპზე უკვე იცეკვეთ და ახლა სხვადასხვა მეწყვილესთან ცეკვა უნდა მოსინჯოთო... ჩვენს შემთხვევაში, ჯერჯერობით, ყველაფერი კარგად არის.

- ყოფილა შემთხვევა, როცა გიფიქრია - სათანადო ფორმაში არ ვარო?

- სანამ სცენაზე ვდგავარ, ყოველთვის დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მაქვს. შეიძლება, არ ვიფიქრო, რომ ფორმაში არ ვარ, მაგრამ ვცდილობ, რაღაც განვავითარო. ერთი გამომივა, თუნდაც ფიზიკურ მომზადებაში ან ცეკვაში, მერე სხვა რაღაცაზე ვფიქრობ, - მოდი, ახლა სხვა რამეს დავამუშავებ-მეთქი. სულ ვცდილობ, განვითარების პროცესში ვიყო. სხვაგვარად კარგი მოცეკვავე ვერ იქნები.

- როდის გააცნობიერე, რომ მომხიბვლელი გოგო ხარ?

- აბსოლუტურად ყველა ქალი თავისებურად ლამაზია. მთავარია, მათ ეს ესმოდეთ. მეც ქალების ამ კატეგორიას განვეკუთვნები. უბრალოდ, ყოველთვის ვცდილობ, გარეგნულადაც სასურველი ვიყო. მაგალითად, როგორც თავად მომეწონებოდა საკუთარი თავი, ვცდილობ, ისე გამოვიყურებოდე... მართლა არ მიფიქრია, როდის დადგა ეს დღე, მომხიბვლელობა როდის გავაცნობიერე... გაპრანჭვა ბავშვობიდან მიყვარდა, თუმცა - ზომიერად.

- ყველაზე მეტად რა შეკითხვა გაღიზიანებს?

- არანაირი შეკითხვა არ მაღიზიანებს. თუ ადამიანი მიიჩნევს, რომ კონკრეტული შეკითხვა უნდა დამისვას, თავად საჭიროდ თუ ჩავთვლი, ვუპასუხებ. გამაღიზიანებელი არ არის. ყველაფერი კორექტულობის ფარგლებში უნდა იყოს.

- დეპრესია გქონია?

- ძალიან კარგად მაქვს აღქმული, თუ რას ნიშნავს დეპრესია და არასოდეს მქონია. სხვა ადამიანებისგან არ გამოვირჩევი - რთული ეტაპები მეც მქონდა, მაგრამ ვცდილობ, ცხოვრებას საღად ვუყურო, ძლიერი ვიყო, გამოსავალი ვიპოვო და თუ ვთვლი, რომ რაღაც შესაცვლელია (ნებისმიერ ასპექტში), შევცვალო...

- როცა სევდიანი ფიქრები გეძალება, რას აკეთებ, როგორ უმკლავდები?

- ხანდახან სევდიანი ფიქრებიც და მათში გარკვევაც კარგია, მაგრამ არასოდეს ვეცემი. ადამიანს სევდიანი ფიქრებიც უნდა გქონდეს და ბედნიერიც: მრავალფეროვნება კარგია, სულ ერთ ხაზზე არ უნდა იარო.

- ბოლოს როდის იტირე?

- (იცინის) არ მახსოვს. ხანდახან მიამიტი ვარ და ყველაფერი გულთან მიმაქვს. შეიძლება ფილმს ვუყურო, რომელიც ჩემთან ისე "ახლოს იყოს", რომ ცრემლები მომაწვეს. არ მახსოვს, სასოწარკვეთილებაში ჩავვარდნილიყავი. არც ისე ხშირად, მაგრამ ვტირი ხოლმე.

- ქალური შური გიგრძნია?

- კი, როგორ არა! მით უმეტეს, ისეთი პროფესია მაქვს, რომ ხშირად ვგრძნობ, მაგრამ ჩემთვის ესეც ერთგვარი მოტივაციაა, რომ უკეთ გამოვიყურებოდე, მეტი ვიმუშაო. ქალური შური მიგრძნია, მაგრამ არასოდეს გავღიზიანებულვარ - ეს "მათი" შურია, ჩემი ხომ არა?!.

- ბავშვობაში რაზე ოცნებობდი?

- მიუხედავად იმისა, რომ ცეკვა გვიან დავიწყე, ეს საქმე ყოველთვის მიყვარდა. სხვა პროფესია მაქვს, თუმცა ვოცნებობდი, მოცეკვავე ვყოფილიყავი და მსოფლიო ჩემპიონი გავმხდარიყავი. ცოტათი რომ წამოვიზარდე და რეალობას შევეჯახე, ყოველთვის შედეგების გაუმჯობესებისკენ მივილტვი. გადატანითი მნიშვნელობით რომ ვთქვა, არასოდეს ვიძინებ და ასე იქნება, სანამ მოქმედი მოცეკვავის კარიერას არ დავასრულებ.

- შენი ცხოვრების რომელი ეტაპია ყველაზე მნიშვნელოვანი?

- ყველა მნიშვნელოვანია, თუმცა ჩემს ცხოვრებაში გარდასახვა, კონტრასტი დაიწყო მაშინ, როცა არაჩვეულებრივი პროექტი - "ცეკვავენ ვარსკვლავები" გამოჩნდა ტელეეკრანზე და მეც ფართო საზოგადოებამ გამიცნო, ჩემი შემოქმედების შესახებ გაიგეს... ის სითბო, რომელსაც დღემდე ნებისმიერი ადამიანისგან ვგრძნობ, მოულოდნელი იყო.

- პოპულარობას დისკომფორტი არასოდეს შეუქმნია?

- არა. შეიძლება, ისეთ ადგილებში დავდივარ, სადაც ადამიანებისგან ყოველთვის სითბოს ვგრძნობ. ერთადერთი, დისკომფორტად იმას თუ ჩავთვლით, რომ ვფიქრობ, - სად წავიდე, როგორ გამოვჩნდე, რადგან ბავშვებისგან დიდ ყურადღებას ვგრძნობ და ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა, სტიმულია. ვფიქრობ, ყველაფერი ისე გავაკეთო, რომ მათთვის სამაგალითო დავრჩე.

- როგორ ფიქრობ, შეიძლება, ქალი მეორე ნახევრის გარეშე სრულყოფილ ბედნიერებას გრძნობდეს?

- ჩემი პირადი აზრია, რომ არა. ვისთვის როგორ, მაგრამ სიყვარული უმნიშვნელოვანესია. ქალს მამაკაცის სახით გვერდით ის ადამიანი უნდა ჰყავდეს, რომელიც უზომოდ ეყვარება, მისი ცხოვრების თანამგზავრი გახდება.

- შენ როგორი მამაკაცი გჭირდება გვერდით?

- სტერეოტიპი არ მაქვს ჩამოყალიბებული, მაგრამ ძლიერი მამაკაცი მჭირდება. როგორც ყველა ქალს, მეც მსურს - მზრუნველი, თავის პროფესიაში მიზანდასახული იყოს, იუმორის კარგი გრძნობა ჰქონდეს და ა.შ.

- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება, შეგიძლია, გაგვიმხილო?

- არაფერი ისეთი განსაკუთრებული, რომ საჯაროდ ვთქვა. ჯერჯერობით, თავისუფალი ადამიანი ვარ და ასე ცხოვრებას ვაგრძელებ.

- რის შესახებ შეგიძლია თქვა, რომ გაგიმართლა?

- გამიმართლა, რომ კარგ ოჯახში დავიბადე და ამას დედას ყოველთვის ვეუბნები. მეგობრებშიც გამიმართლა და კიდევ იმაში, რომ იმ სფეროში აღმოვჩნდი, რომელიც მიყვარს, მასში საკუთარი თავი ვიპოვე. არსებობს ადამიანების კატეგორია, ვინც წარმატებულია, კარგი სამსახური აქვს, თუმცა ვერ გრძნობს, რომ ეს მისი საქმეა, საკუთარი თავი ვერ იპოვეს. ამიტომ მივიჩნევ, რომ ამაშიც გამიმართლა.

- რაიმე უცნაური ჩვევა გაქვს?

- ბევრი უცნაური ჩვევა მაქვს: მაგალითად, საჭმელს თუ სახლში მივირთმევ, სამზარეულოში აივნის კარი დახურული უნდა იყოს. არც ფანჯარას ვაღებ, რადგან ამ შემთხვევაში, სხვადასხვა სუნი ერთმანეთს ერწყმის და ვეღარ ვჭამ; კიდევ, მარცხენა თვალი თუ მითამაშებს, აუცილებლად ხელით სამჯერ უნდა ვაკოცო. დაკვირვებული ვარ: თუ მარცხენა თვალი ოდნავ თამაშობს, ის დღე პოზიტიურად არ ჩაივლის, მარჯვენა თუ მითამაშებს, პირიქით - პოზიტიური დღე მექნება. შეიძლება, სულელურად ჟღერს (იცინის)... რაღაც ჩვევები კიდევ მაქვს, მაგრამ ახლა ვერ ვიხსენებ.

- ასაკის მატება გაშინებს?

- არა, რატომ უნდა მაშინებდეს? ჯერჯერობით, თავს კარგად ვგრძნობ (იცინის). ყოველ 10 წელიწადში ორგანიზმი იცვლება, ამიტომ თავს უფრო გამძაფრებულად ვაკონტროლებ. მაგალითად, თუკი შოკოლადს წინათ დიდი დოზით მივირთმევდი, ახლა ვცდილობ, დოზა გავაკონტროლო. ასაკს გააჩნია: თუკი ადამიანს გინდა, რომ კარგად გამოიყურებოდე, მერე შესაბამისი კრემების შეშველებაც უნდა დაიწყო. ქალი ნებისმიერ ასაკში ულამაზესია. მთავარია, მას ყოველთვის უნდოდეს, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს - სხვებისთვის კი არა, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის, რადგან ამ საკითხში ფსიქოლოგია მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

ეთო ყორღანაშვილი