როგორი ქალები წერენ ისტორიას - გზაპრესი

როგორი ქალები წერენ ისტორიას

"ქუთაისი და საერთოდ დასავლეთი საქართველო ყოველთვის ამარაგებდა თბილისს საუკეთესო ხალხით", - მომღერალი მარიტა როხვაძე საკუთარ მოსაზრებებს გულახდილად გვიზიარებს...

- ბავშვობაში განსაკუთრებულად რომელი წიგნები, მწერლები გიყვარდათ?

- ძალიან პატარა ვიყავი, კითხვა მამამ რომ მასწავლა. ეს ბაღში წასვლამდე იყო. ჩემი პირველი წიგნი "დედაენა" გახლდათ. ოდნავ რომ წამოვიზარდე, ზღაპრები შემიყვარდა და დღემდე შენახული მაქვს პატარა, ბლოკნოტის მსგავსი წიგნები: "ხუთკუნჭულა", "ნაცარქექია"... ცოტა რომ წამოვიზარდე, იმ წიგნებს გავეცანი, რასაც ყველა ბავშვი კითხულობდა: "ტომ სოიერი", "ჰეკლბერი ფინი" და ა.შ. სერიოზულ ლიტერატურას რაც შეეხება, პირველი ნაწარმოები, რომელიც თინეიჯერობის ასაკში წავიკითხე, ჯერომ სელინჯერის "თამაში ჭვავის ყანაში" იყო. რომანებსაც ვკითხულობდი, მაგრამ შემდეგ მთლიანად მისტიკამ, საშინელებათა ჟანრმა გამიტაცა. ჩემთვის აღმოჩენა იყო სტივენ კინგი. ახლაც მკაფიოდ მახსოვს ის წიგნი, რომელსაც "პატარა მოთხრობები" ეწერა და განსაკუთრებულად შთამბეჭდავი იყო "და ბუა მოვიდა"... ეს მოთხრობა რომ წავიკითხე, კარგა ხანს სერიოზულად მეშინოდა კარადის გამოღების, სარკეში ჩახედვის... შემდეგ უკვე ბესტსელერებზე გადავედი, კინგის "ნისლი" და სხვა ნაწარმოებები წავიკითხე... სტივენ კინგის შემოქმედებამ გამიტაცა და დღესაც, დრო თუ მაქვს, მის ნაწარმოებებს სიამოვნებით ვეცნობი. მისტიკა და საშინელებათა ჟანრი ძალიან მიყვარს... ვფიქრობ, არიან ადამიანები, რომლებიც გარკვეულ ლიტერატურას ნაძალადევად კითხულობენ, მერე რომ თქვან, ესა და ეს მეც წავიკითხეო... მახსოვს, ბალზაკის კითხვა დავიწყე, რომელიც მაშინ ძალიან ადრე იყო ჩემი ასაკისთვის და წიგნი მალევე გადავდე გვერდზე. ყველა ასაკში შენი წლოვანებისთვის შესაფერისი წიგნი უნდა წაიკითხო, აუცილებელია ამის გათვალისწინება!

- როგორ ფიქრობთ, ყველაზე მეტად რა ახდენს გავლენას ადამიანის გემოვნების ჩამოყალიბებაზე?

- გემოვნება ჩემთვის განათლებას ნიშნავს და ეს მჟღავნდება ჩაცმულობაში, მანერებში და ა.შ. აღზრდასა და გარემოსაც დიდი მნიშვნელობა აქვს... ძალიან გამიმართლა იმ მხრივ, რომ ჩემმა პედაგოგმა პატარა ასაკში კარგი მუსიკალური გემოვნება ჩამომიყალიბა. ყოველთვის საუკეთესო მუსიკას მასმენინებდა. 6 წლის შევედი მუსიკალურ სასწავლებელში და უკვე კლასიკასაც ვუსმენდი... ძალიან კარგი გარემო იყო სახლშიც. არაჩვეულებრივი, უგანათლებულესი დეიდა მყავდა, რომლისგანაც ყველაფერს ვსწავლობდი. ჩემს ირგვლივ, ძალიან კარგი და კეთილი ადამიანები ტრიალებდნენ. ახლა ვხვდები, თურმე რა კარგი ყოფილა, ეს ყველაფერი რომ გაქვს ბავშვობაში!

ჩაცმულობას რაც შეეხება, ყოველთვის მქონდა ჩემი გემოვნება და ვიცვამდი იმას, რაც მიხდებოდა. მოდას ბრმად აყოლილი არასოდეს ვყოფილვარ... არ მომწონს ბრენდებს რომ ყიდულობენ და არ იციან, რას შეუხამონ, როგორ მოიხდინონ. ყველაზე დიდი უგემოვნებაა, როდესაც ბრენდი გაცვია და გიკეთია აქსესუარები, რომლებიც ერთმანეთთან საერთოდ არაფერ შუაში არ არის!

GzaPress- რომელი ქვეყნებია თქვენთვის უფრო მიმზიდველი, თანამედროვე მეგაპოლისები თუ ისტორიული წარსულის მქონე?

- პატარაობიდანვე რისი ნახვაც ძალიან მინდოდა, პირამიდები იყო. საბედნიეროდ, მომეცა საშუალება ეგვიპტეში წავსულიყავი და ეს მშვენიერება მენახა... ეს იყო ოცნება, რომელიც ავიხდინე. შემდეგ მინდოდა იერუსალიმში წასვლა, რათა მენახა გოლგოთა, სადაც ქრისტე აწამეს, ქრისტეს საფლავი - მქონდა ბედნიერება და ეს ოცნებაც ავისრულე. ეს ნამდვილი სასწაული იყო, ძალიან შთამბეჭდავი... ახლა რომის ნახვა მინდა და იტალიაში წასვლასაც ვაპირებ... ბარსელონაში ვიყავი რამდენიმე თვის წინ და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იქაურმა ისტორიულმა ადგილებმა. ვფიქრობ, ადამიანებმა აუცილებლად უნდა იმოგზაურონ და სხვადასხვა ქვეყნის კულტურას გაეცნონ. პირადად მე, სურვილი მაქვს იმ ქვეყნებში ვიმოგზაურო, რომლებსაც დიდი ისტორიული წარსული აქვთ... თანამედროვეობას რაც შეეხება, ვერ ვიტყვი, რომ ვგიჟდები ცათამბჯენებსა და "ჰაი კლასის" შენობებზე. ისინიც საინტერესოა, მაგრამ ჩემთვის უფრო საინტერესო სიღრმისეული თემებია. ალბათ ამიტომაც, მინდოდა არქეოლოგი გამოვსულიყავი და სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე... ბევრს აინტერესებს იაპონიის ნახვა და მათ შორის, მეც. ვფიქრობ ამ ქვეყანაში უნდა წახვიდე, რომ ნახო, მომავალში რა იქნება.

- რომელმა ქვეყანამ დატოვა თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება გემოვნებიანი მოსახლეობის მხრივ?

- ვფიქრობ, სადაც კი ვყოფილვარ, ყველაზე გემოვნებიანი და დახვეწილი ხალხი ჩემს ქალაქში - ქუთაისშია... იქ დღესაც თავს ძალიან კარგად უვლიან და მატერიალური მდგომარეობის მიუხედავად, ცდილობენ, საუკეთესოდ გამოიყურებოდნენ...

- ცნობილი ქართველი ქალბატონებიდან ვის გაიხსენებდით, როგორც მისაბაძს?

- ძალიან მომწონს თეონა თავართქილაძე. მისი ჩაცმის სტილი, შეხედულებები, განათლება მართლაც გამორჩეულია. ყველაფერი თავმოყრილია ამ ერთ ქალში - შარმი, სილამაზე, წარმატება, განათლება, ოჯახის სიყვარული. შესანიშნავი დედა და მეუღლეა... მქონდა ბედნიერება მასთან მეთანამშრომლა და იმდენად დიდი შთაბეჭდილება დატოვა, რომ 11 წლის შემდეგაც ყოველთვის ვაკვირდები მის ჩაცმულობას, მანერებს და აღფრთოვანებული ვარ! ეს ქალბატონი ნამდვილად არის ჩემთვის მისაბაძი.

ასევე, გავიხსენებდი ჩვენს საუკეთესო მსახიობებს. მაგალითად, ლია ელიავა ულამაზესი და უმშვენიერესი იყო, გამორჩეული სტილისა და შარმის მქონე. ზუსტად ასეთი გამორჩეული ქალბატონები წერენ ისტორიას და არასოდეს კვდებიან...

- პოლიტიკოსი ქალბატონებიდან ვის გაიხსენებდით?

- ძალიან აპოლიტიკური ვარ და საერთოდ არ ვადევნებ თვალს, რა ხდება პოლიტიკაში, მით უმეტეს, პოლიტიკოსების ჩაცმულობაზე ვერაფერს ვიტყვი... მოდის სამყაროდან და ცნობილი ქალბატონებიდან მომწონს თაკო ჩხეიძეც. ის ყოველმხრივ გამორჩეულია!

- პირადად თქვენ, როგორი ჩაცმულობა გიყვართ?

- ძალიან მიყვარს თავისუფალი, "ქეჟუალ" სტილი... ხშირად მიწევს სცენაზე დგომა, სადაც ყოველთვის მიხდება დრესკოდის დაცვა. ამიტომაც ყოველდღიურობაში თავისუფალი ჩაცმაა ჩემთვის კომფორტული. ზედმეტი მაკიაჟი არ მიყვარს... ჯინსები, ფართო ზედები და ბოტასები - ესაა ჩემი ყოველდღიურობა... ძალიან მიყვარს მწვანე ფერი. ასევე შავი, რადგან მართლაც კლასიკაა და თან, მუქი სამოსით ხანდახან ვცდილობ, ზედმეტი წონა დავმალო... მკვეთრი ფერებიც მხიბლავს - წითელი, ბრჭყვიალა, რომელიც სცენას ძალიან უხდება... რაც შეეხება აქსესუარებს, განსაკუთრებით მიყვარს საათები და მზის სათვალე...

- დასასვენებლად ზღვა გირჩევნიათ თუ მთა?

- ზღვა... ძალიან მიყვარს წყალი. იქიდან გამომდინარე, რომ ზოდიაქოს მიხედვით თევზები ვარ, წყალი ჩემი სტიქიაა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. შემიძლია ზღვის, ტბის, მდინარის პირას ძალიან დიდი დრო გავატარო, ეს მაწყნარებს... ყოფილა შემთხვევები, როცა ზამთარშიც მომნდომებია ზღვაზე წასვლა, ნაპირზე დავმჯდარვარ და მიფიქრია. ყოველთვის მამშვიდებს იქაურობა.

- საცხოვრებლად როგორი სახლია თქვენთვის სასურველი?

- დაბადებიდან კორპუსში ვცხოვრობ და მინდა მქონდეს საკუთარი სახლი, რომელსაც ექნება დიდი ეზო, ხეხილი, ბოსტანი... მსურს ბოსტანს თავად ვუვლიდე. დღეს დიდი ფუფუნებაა ნატურალური პროდუქტის ჭამა. კაცმა არ იცის, რით ვიკვებებით და აქედან გამომდინარე ვნატრობ საკუთარ სახლს დიდი ეზოთი, სადაც ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი!

- მანქანების მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

- ვერ ვიტყვი, რომ მანქანის შეძენის დიდი სურვილი მაქვს... ქუთაისსა და თბილისში ისეთი პირობებია, რომ საჭესთან ნევროზი გარანტირებული გაქვს... სამწუხაროდ, გადათხრილია მთელი ქალაქის ქუჩები და გაუთავებელი მშენებლობები მიმდინარეობს. ყოველთვის ვცდილობ, ზედმეტად არსად წავიდე, სახლში ვიყო ან მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გავიდე...

- საუბრის დასასრულს, რა რჩევებს მისცემდით სხვებს გემოვნებასთან დაკავშირებით?

- ყველა ის უნდა იყოს, ვინც სინამდვილეშია! არასოდეს ითამაშონ ყალბი როლები! არ ღირს ნივთების გაფეტიშება! დღეს ადამიანები არ არიან გულახდილები და კონტაქტურები... ვფიქრობ, ეს ცუდია, ერთმანეთს მეტი დრო უნდა დავუთმოთ! დამოკიდებული ვართ სოციალურ ქსელებზე და უკვე იქამდე გულწრფელები ვართ, რომ შეგვიძლია ერთმანეთს არ შევხვდეთ, ისე მოვაგვაროთ საქმეები... ადამიანებთან ურთიერთობები მეც ძალიან მაკლია, რადგან მეც დამოკიდებული ვარ ტექნიკაზე. თუ ერთმანეთს არ დავუბრუნდებით და არ გავუზიარებთ ჩვენს ბედნიერებას, ფიქრებსა და შეხედულებებს, ბოლოს შეიძლება ძალიან ცუდად დავასრულოთ... ვისურვებდი აღვადგინოთ ურთიერთობები, რაც ბევრ კარგს მოგვიტანს!

მანანა გაბრიჭიძე