"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია" - გზაპრესი

"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"

ნინი ონიანი ახალ ტელესერიალში მონაწილეობს, რომელსაც მაყურებელი "კომედი არხზე" იხილავს. ასევე, დაახლოებით 1 წელია, რაც მან საკუთარი ბიზნესი წამოიწყო, რომელსაც დირექტორის ამპლუაში უძღვება... ქალბატონებს, რომლებსაც საქმეში რეალიზება სურთ, ურჩევს: საკუთარი თავის სჯეროდეთ, არ იფიქრონ, რომ სუსტები არიან და მიზნებისთვის იბრძოლონ...

- ცხოვრების ამ ეტაპზე მატერიალურად დამოუკიდებელი ვარ: მაქვს ლიმფოდრენაჟის სტუდია, სადაც ქალბატონები წონაში იკლებენ, ცელულიტს იშორებენ... მოკლედ, ქალების სილამაზესა და ჯანმრთელობაზე ვზრუნავ. გარდა ამისა, ტელევიზიაში გადაღებები მაქვს - რეკლამებში, კლიპებშიც მიღებენ... ეს საქმე ძალიან მიყვარს და ვერ მივატოვებ.

- თუ გახსოვს პირველი ჰონორარი როდის და რისთვის მიიღე?

- ბავშვობაში, 6-7 წლისასაც ამიღია, მაგრამ არ მახსოვს... 8-9 წლის წინ, სერიალ "დეტექტივებში" რამდენიმე ეპიზოდში ვმონაწილეობდი (ცოტათი თამამი სცენები იყო). 1.000 ლარი მივიღე, ეს მაშინ იმდენად დიდი თანხა იყო ჩემთვის, რომ ჭკუაზე არ ვიყავი!..

- შენთვის ფული რას ნიშნავს? მისი მნიშვნელობა როდის გააცნობიერე?

- არავინ მითხრას, რომ მისთვის ფული მნიშვნელოვანი არ არის - ეს ყველასთვის აუცილებელი და საჭიროა ელემეტარულად იმისთვის, რომ არ გშიოდეს და არ გციოდეს, ასევე - კარგად გამოიყურებოდე, თავის მოვლა შეგეძლოს, სურვილები დაიკმაყოფილო. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სურვილი მოგზაურობაა. ყოველთვის ვცდილობ, რაღაც თანხა მქონდეს გადანახული ახალი ქვეყნის სანახავად, ახალი ემოციების განსაცდელად, რაღაც ახლის აღმოსაჩენად... როდესაც შვილი გამიჩნდა, ყველაზე უკეთ მაშინ გავაცნობიერე, რომ კარგად ყოფნისთვის ფული მჭირდება. რაც დედა გავხდი, მივხვდი, მატერიალური შესაძლებლობა ბევრად მნიშვნელოვანი ყოფილა, ვიდრე მანამდე ვფიქრობდი.

- ოდესმე სამსახურის მოსაძებნად "სივი" გაგიგზავნია?

- არა, ასე სამსახური არასოდეს მიძებნია. პროფესიით ფარმაცევტი ვარ და ერთხანს პოლიკლინიკაში ვმუშაობდი, მაგრამ მალე გავაცნობიერე, რომ ეს "ჩემი" საქმე არ იყო და ასე ვთქვათ, ხელოვნების სფეროში გადავინაცვლე. ოფისში, სადაც დილის 10 საათიდან საღამოს 6-მდე უნდა იყო, მუშაობის სურვილი არასოდეს მქონია და არც მიძებნია. "სივი" არსად გამიგზავნია, მაგრამ კასტინგებზე, იცოცხლე, ბევრჯერ ვყოფილვარ.

GzaPress- სამსახიობო სფეროში ჩაბმის შენი პირველივე მცდელობა წარმატებული იყო?

- რომ გითხრა, რამდენ კასტინგზეც ვიყავი, ყველა წარმატებული იყო-მეთქი, მოგატყუებ: პირიქით, უმეტესობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

- თუმცა ფარ-ხმალი არ დაგიყრია...

- არა, ფარ-ხმალს არასდროს ვყრი. ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი ცუდი რამ მომხდარა, მაგრამ ყოველთვის ვდგებოდი და გზას ვაგრძელებდი.

- ფინანსური თვალსაზრისით, კრიზისი შეგქმნია?

- ვფიქრობ, ასეთი რამ ყველას ცხოვრებაში ყოფილა. პირდაპირ გეტყვი: მქონია პერიოდი, როდესაც ჯიბეში სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის ფულიც არ მქონია. თუმცა ეს არავის უგრძნია, არც გარეგნულად დამტყობია. საერთოდ, არ მიყვარს, როცა მემჩნევა, ჩემს ცხოვრებაში რაღაც ისე რომ არ ხდება, როგორც მე მინდა. ახლაც, ზოგჯერ შეიძლება, ელემენტარული რაღაც ვერ შევიძინო ჩემთვის. მიმაჩნია, რომ ადამიანის ცხოვრებაში, თუ მას სოლიდური კაპიტალი არ აქვს, ეს ნორმალურია.

- ბიზნესის წამოწყება, რომელიც გარკვეულწილად რისკებთან არის დაკავშირებული, როგორ გადაწყვიტე?

- ფეხმძიმობისას გავაცნობიერე, რამხელა პასუხისმგებლობაა შვილის შეძენა. მარტო ყოფნისას ვიცოდი, თუ არაფერს გავაკეთებდი, არაფერი მექნებოდა - მაშინ ეს ჩემთვის დიდი ტრაგედია არ იყო, მაგრამ როდესაც მუცელი წამომეზარდა და გავაცნობიერე, რომ ჩემში ახალი პიროვნება იზრდებოდა, მივხვდი, რაღაცები უნდა შემეცვალა და იმაზე დავიწყე ფიქრი, თუ რა შეიძლებოდა გამეკეთებინა, დამოუკიდებელი ქალი რომ ვყოფილიყავი, რომელიც საკუთარ თავსა და შვილს მიხედავდა. ძალიან ბევრი ვიფიქრე... შვილის გაჩენის შემდეგ, შემთხვევით, ლიმფოდრენაჟის სტუდია აღმოვაჩინე. 6 კილოგრამი სწორედ იქ დავიკელი. მივხვდი, რომ ქალბატონებს ძალიან მოეწონებოდათ. სტუდიის მეპატრონეს ვკითხე, შესაძლებელი იყო თუ არა, რომ საკუთარი სტუდია გამეხსნა. რა თქმა უნდა, ტრენინგები გავიარე - ისევე, როგორც იმ კონსულტანტმა გოგონებმა, ვინც ახლა ჩემს სტუდიაში მუშაობენ. ინფორმაციას დეტალურად გავეცანი, ყველაფერი ძირფესვიანად შევისწავლე, შემდეგ უკვე დავჯექი, მოვიფიქრე, ჩამოვწერე და გადაწყვეტილება მივიღე. ოჯახიც გვერდში დამიდგა, გარკვეული თანხა მეც მქონდა გადანახული.

- როცა უკვე იდეის განხორციელება დაიწყე, წარმატებაში ბოლომდე დარწმუნებული იყავი?

- ყოველთვის მჯერა, რომ როცა რაღაც მინდა, აუცილებლად გამომივა. ჩემი აზრები ასე მაქვს "მოწყობილი" - პოზიტიურზე ვფიქრობ. ვგრძნობ, სამყარო უკან მიბრუნებს იმას, რაც მინდა. ამიტომ ვირწმუნე, რომ ყველაფერი გამომივიდოდა. რატომ არ უნდა გამომსვლოდა?! მილიონ ადამიანს გამოსვლია და შეიძლება, მილიონმეერთე ვყოფილიყავი. თუმცა როდესაც ბიზნესს იწყებ და გამოუცდელი ხარ, მზად უნდა იყო იმისთვისაც, რომ შეიძლება, ყველაფერი ისე ვერ გამოვიდეს, როგორც გინდა. იყო პერიოდები, როცა ჩემს სტუდიასაც პატარ-პატარა "ჩავარდნები" ჰქონდა: მაგალითად, ახალი წლის დღესასწაულზე ხალხი არ არის, თან, საქართველო, ცოტა არ იყოს, არასტაბილური ქვეყანაა. მიუხედავად ამისა, მუშაობა გავაგრძელე, "ამოვქაჩე".

- საქმიანი ქალის ამპლუამ ხომ არ შეგცვალა?

- რა თქმა უნდა, სამსახურში სხვანაირი ვარ - როგორიც ტელევიზიაში გახლავართ, იქ ისეთი ვერ ვიქნები, რადგან აბსოლუტურად სხვადასხვა სფერო, სხვადასხვა სიტუაციაა... პიროვნულ თვისებებს, ქცევას, ხალხთან ურთიერთობას რაც შეეხება, ისევ ძველებური ნინი ვარ და მუდამ ასეთი ვიქნები, 10 სტუდია რომ გავხსნა და უამრავი ბიზნესი მქონდეს. ამით ჩემი პიროვნება არ იცვლება. უბრალოდ, არის რაღაც ეთიკური ნორმები, რომლებიც სიტუაციის შესაბამისად უნდა დაიცვა.

- ჩაცმის სტილი შეიცვალე?

- ვერ ვიტყვი, სამსახურში კოსტიუმით დავდივარ-მეთქი, მაგრამ ვცდილობ, სოლიდურად გამოვიყურებოდე.

- ხელქვეითებთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- ძალიან მეგობრული. საერთოდ, უფროსის ტონი არ მსიამოვნებს. რა თქმა უნდა, მკაცრი ვხდები, როდესაც ეს აუცილებელია, რათა საქმე წარმატებული იყოს - ადამიანი ამას ვერ აუცლის გვერდს. საერთოდ, თანამშრომლებს ისე ვარჩევ, რომ მინდა, ყველანი ჭკვიანები და მეგობრულები იყვნენ. რაკი მეგობრული კოლექტივი მყავს, უფროსის როლის მორგება ხშირად არ მჭირდება. ერთხელ რომ ვეტყვი, ესმით - ძალიან საყვარელი, ერთგული და პროფესიონალი თანამშრომლები მყავს.

- შენი გარეგნობა საქმეში დაგხმარებია?

- რა თქმა უნდა, ბევრ რამეში დამხმარებია, მაგრამ ხელიც არანაკლებ შეუშლია, რადგან როცა ლამაზი ხარ (თავს უფლებას მივცემ, საკუთარი თავი ასე მოვიხსენიო), თვლიან, რომ ან სულელი ხარ, ან - დათმობაზე უნდა წახვიდე, რომ რაღაც მიიღო. ყველასთვის დამიმტკიცებია, რომ არც სულელი ვარ და რამის მისაღებად არც დათმობაზე წამსვლელი. თუკი ცხოვრებაში რაიმესთვის მიმიღწევია, მხოლოდ ჩემი გონებით.

- საქმე გაქვს, ბავშვი გყავს... შენი დღის რეჟიმი როგორია?

- ვაიმე, არ მკითხო - საგიჟეთია (იცინის)! დილის 7 ან მაქსიმუმ, 8 საათზე ვდგებით. დღის პირველ ნახევარში, მე და ლუკა (ჩემი შვილი) სახლში ვართ. მერე გარეთ გამყავს, ვაჭმევ, ვთამაშობთ... შუადღისას ვაძინებ, დედას გადავაბარებ და შინიდან გავდივარ. თუ გადაღება მაქვს, იქ მივდივარ, თუ არა და, პირდაპირ - სტუდიაში, შეხვედრებზე დავდივარ... გადატვირთული რეჟიმი მაქვს და ამიტომ ქრონიკულად მეძინება.

- კმაყოფილი ხარ შენი ცხოვრებით? თავს შემდგარ ადამიანად გრძნობ?

- 15 წლისაც შემდგარ ადამიანად ვგრძნობდი თავს, რადგან როცა პიროვნება საკუთარ თავთან კომფორტულად ხარ, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ შემდგარი ადამიანი ხარ. კმაყოფილებას რაც შეეხება: საკუთარი თავით კმაყოფილი არასოდეს ვარ. როცა კმაყოფილი ვიქნები, ყველაფერი იქ დასრულდება, რადგან კმაყოფილებისას წყდება ადამიანის განვითარება. შესაბამისად, ჩემთვის პრიორიტეტულია, რომ მუდმივად განვვითარდე, ორიენტირებული ვიყო იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ვისწავლო, ვნახო, შევიმეცნო... რა თქმა უნდა, კმაყოფილი არ ვარ იმით, რაც დღეს მაქვს - ბევრად მეტი მინდა. დიდი გეგმები მაქვს. ვცდილობ, წინ წავიდე, ბევრი რამე შევისწავლო და ვიმოგზაურო...

ეთო ყორღანაშვილი