"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება" - გზაპრესი

"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"

მსახიობი ია სუხიტაშვილი 2 შვილის - 11 წლის ლუკას და 10 თვის იკას დედა გახლავთ. რა არის აუცილებელი ჰარმონიული ოჯახისთვის და რა - მნიშვნელოვანი შვილების აღზრდისას, რას საყვედურობენ მსახიობს ახლობლები და როდის კარგავს მოთმინებას? - ამის შესახებ ია თავად გვესაუბრა...

- თავს ძლიერ ქალად მიიჩნევთ?

- ვცდილობ, ყოველ შემთხვევაში. ალბათ, ნორმალური ადამიანი ცდილობს, საკუთარ თავში ძალა იპოვოს, პრობლემებს რომ (რომლებიც ცხოვრებაში უხვადაა, ყოველდღიურია) თავი გაართვას. ძლიერება თუნდაც იმაში გამოიხატება, რომ ყოველი ახალი დღის დაწყება გიხარია და დილას გაღიმებული ხვდები, მატერიალურ პრობლემებს უმკლავდები. როდესაც ადამიანი შენს სისუსტეებს უარყოფ და ცდილობ, ყველაფერზე მაღლა დადგე, ურთიერთობაში არ დაწვრილმანდები, ოჯახის წევრების წინაშე საკუთარ თავზე გარკვეულ ვალდებულებებს იღებ... "ვალდებულებას" ცუდი გაგებით არ ვამბობ: ძლიერებაა, როდესაც შეგიძლია მშობლების, გვერდით მყოფების წინაშე გარკვეული ვალდებულებები საკუთარ თავზე აიღო და მათი ჭაპანი გასწიო. ბევრმა რამემ შეიძლება გაგრძნობინოს, რომ ძლიერი ადამიანი ხარ. მაგალითად, როდესაც უზნეო გარემოში არ ეფლობი. უზნეობაში თავით გადაშვება ყველაზე იოლია... სუსტი ვარ-მეთქი, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ რამდენად ძლიერი ვარ, არ ვიცი. ჯერ კიდევ უნდა განვვლო ცხოვრება, ამას რომ მივხვდე.

- ახლობლები ყველაზე ხშირად, რას გსაყვედურობენ?

- იმას, რომ ძალიან მგრძნობიარე ვარ. არ შემიძლია, უსამართლობას გულგრილად ვუყურო. უსამართლობა ყოველი ფეხის ნაბიჯზეა. ელემენტარულად, ცხოველების მიმართ გამოჩენილი სისასტიკის ამსახველი ვიდეოები ყოველდღე ქვეყნდება. თუნდაც ჩვენს ქვეყანაში არსებული ეკოლოგიური ვითარება ავიღოთ - როგორ შეიძლება, ამ ყველაფრის მიმართ გულგრილი ვიყო? ძალიან ემოციური ვარ. ყველაზე მეტად, არასწორი დამოკიდებულებები მაგიჟებს! კიდევ, უყურადღებობა არ მიყვარს. მე ყურადღებიანი ვარ და სხვებისგანაც იმავეს მოვითხოვ. თუ შენ ყურადღებას გასცემ, იგივე არ უნდა მოითხოვო სხვისგან, რადგან ამის უნარი ყველას არ აქვს. ეს არ უნდა განერვიულებდეს და გაწუხებდეს - ადეკვატური უნდა იყო. მე ეს არ შემიძლია.

- გაბრაზებული როგორი ხართ?

- ვაიმე, ძალიან აუტანელი (იცინის)!..

GzaPress- ია, "გათხოვილი ქალის" სტატუსი რას ნიშნავს?

- ოჯახს, რომელსაც თავისი პასუხისმგებლობები აქვს. პასუხისმგებლობებს არასოდეს გავქცევივარ, მით უმეტეს, 2 შვილის დედა ვარ. არის გარკვეული პასუხისმგებლობები, რაც შვილის წინაშე ყველა მშობელს აკისრია. საფუძველი ხომ ყველაზე მთავარია? სახლს თუ კარგი საძირკველი არ აქვს, დამთავრებული თემაა, - მიდი და სახლი არემონტე, რამდენიც გინდა. ერთ დღესაც ეს საძირკველი გამოგეცლება და ჭერი თავზე დაგემხობა. ხომ ასეა? ყველაფერს საძირკველშივე უნდა მოფრთხილება, ანუ ბავშვსაც - დაბადებიდან. პირველ რიგში, მის განათლებასა და ჯანმრთელობაზე უნდა აიღო პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობად ის არ მიმაჩნია, რომ შვილს მანქანები უყიდო და ამისთვის კრედიტები აიღო, სახლი დაალომბარდო, რათა შვილმა კუნძულებზე დაისვენოს... მთავარი ის კი არ არის, კისერზე რამდენი გრამი ოქრო ეკიდება, არამედ - განათლება. გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება - ეს ძალიან კარგად მაქვს გაცნობიერებული. ჩემი მთავარი პასუხისმგებლობა ეს არის - შვილების განათლება და ჯანმრთელობა (ჯანმრთელობის კონტროლი, ექიმთან ვიზიტი, რომელი ვიტამინი როდის სჭირდება და ა.შ.), ლუკას (უფროსი ვაჟი) განათლებაზე ძალიან კონცენტრირებული ვარ და შედეგსაც ყოველი წლის ბოლოს ვიმკით, თუნდაც - სკოლაში მისი კარგი ნიშნებით.

- უფროსი ვაჟის აღზრდისას, კრიტიკული სიტუაცია თუ შეგქმნიათ?

- ჯერჯერობით - არა, ღმერთმა დამიფაროს.

- მეცადინეობის დაძალება არ დასჭირვებია?

- გაგვიმართლა, რომ ლუკას კლასში ბიჭები ძალიან კარგად სწავლობენ, ამიტომ აზარტი აქვს, რომ ისიც ერთ-ერთი კარგი მოსწავლე იყოს. დედაჩემი 38 წელია, პედაგოგია. კარგად იცის, ამ მხრივ ბავშვს როგორ მოეპყრას, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას. ლომის წილი დედაჩემს მიუძღვის, რომ ლუკას სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები არ შეჰქმნია და იმედია, არც შეექმნება.

- უმცროს ვაჟზეც მოგვიყევით...

- ძალიან ცელქი და მოუსვენარია. ეტყობა, ახლანდელ პატარებს საკმაოდ პრინციპული ხასიათი აქვთ - ამ მხრივ, მხოლოდ ჩემი შვილი არ გამოირჩევა. მგონი, დაბადებიდან იციან, რა და როგორ უნდათ. მოკლედ, უცნაური ბავშვები არიან, კარგი გაგებით.

- თქვენი აზრით, ჰარმონიული ოჯახისთვის რა არის აუცილებელი?

- ურთიერთგაგება, ხასიათების მაქსიმალურად შერწყმა...

- ოდესმე სასოწარკვეთილ დიასახლისად გიგრძნიათ თავი?

- იცი, ამაზე არ მიფიქრია... სასოწარკვეთილად როგორ არ მიგრძნია თავი, მაგრამ კონკრეტულად, სასოწარკვეთილ დიასახლისად - არ ვიცი, შეიძლება (იცინის)... მადლობა ღმერთს, ჩემი სასოწარკვეთა დიდხანს არ გაგრძელებულა.

- სასოწარკვეთიდან რას გამოჰყავხართ?

- იმ საქმის კეთებას, რაც მიყვარს. ბევრჯერ მითქვამს, ჩემთვის ყველაზე კარგი თერაპია ჩემი საქმეა, მას ისეთ სამყაროში გადავყავარ, რომელიც ცოტა ხნით რეალობას მწყვეტს. ჩემი ასეთი მდგომარეობა თუკი რეპეტიციას დაემთხვა, რეალობას უფრო დიდხანს ვწყდები, რადგან ისეთი პროფესია მაქვს, რომ მინდა თუ არა, სხვა გმირს ვთამაშობ, სხვა სამყაროში შევდივარ, სხვა სახელი მქვია და ისე არ მაცვია, როგორც - რეალურ ცხოვრებაში, ისეთი მეტყველებისა და ქცევის მანერები მაქვს, როგორიც რეალურად არ მახასიათებს. ამიტომ ჩემი საქმე გარკვეულწილად, განწყობაზე კარგად მოქმედებს. ფსიქოლოგებიც ხშირად ამბობენ, - მსახიობებს ფსიქოლოგები ისეთი დიდი დოზით არ სჭირდებათ, როგორც სხვა პროფესიის წარმომადგენლებსო. შეიძლება, ამაში ჭეშმარიტება არის, რადგან მსახიობობა უცნაური, ბევრი სხვა პროფესიისგან განსხვავებულია.

ეთო ყორღანაშვილი