"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის" - გზაპრესი

"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"

მსახიობი ნინო მუმლაძე პრემიერისთვის ემზადება, ოღონდ - არა მშობლიურ მოზარდ მაყურებელთა თეატრში. რეჟისორი კიაზო ჯობავა დგამს სპექტაკლს, სადაც პროფესიონალ მსახიობებთან ერთად არაპროფესიონალებიც მონაწილეობენ და როგორც ნინო ამბობს, ისინი არაჩვეულებრივად თამაშობენ, პროფესიონალებს არ ჩამოუვარდებიან. სპექტაკლში "ეზოში ავი ძაღლია" ნინო მუმლაძე ფოფიას როლს ასრულებს. 20 სექტემბერს მსახიობი მაყურებელს პროფკავშირების სახლში პრემიერაზე იწვევს, დღეს კი სახალისო ამბებს გაიხსენებს.

პატარა ბანდიტი

GzaPress- ჩემს დაზე 4 წლით უფროსი ვარ. ძალიან მინდოდა და ან ძმა მყოლოდა, უფრო - დაიკო, რომელთან ერთადაც ვითამაშებდი. იმ ასაკში ვერ ვაცნობიერებდი, რომ ახალდაბადებული ბავშვი პატარა იქნებოდა და მოლოდინი მაშინ გამიცრუვდა, როცა მედეა პირველად დავინახე. ფუმფულა და საყვარელი კი არა, მჩხავანა იყო, გრძელ თხელ თითებზე დაჭმუჭნილი კანი ჰქონდა. არანორმალური აგრესია გამიჩნდა. ის სულ ტიროდა და უვლიდნენ, მე კი ამას განვიცდიდი. ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტე, რომ ტუალეტში ჩამერეცხა. ვერაფრით შემაყვარეს, ეგოისტურად განვეწყვე. ერთ დღესაც ნათესავი გვესტუმრა, მას სიტუაცია აუხსნეს. წასვლისას ამ კაცმა გაზეთი მოითხოვა. რად გინდაო? - ჰკითხეს. - დეა გადამიხვიეთ, უნდა წავიყვანოო. დავიძაბე, რას ნიშნავს ჩემი და "კალბასივით" გადახვეული წაიყვანოს? არსადაც არ გაგატან-მეთქი. აი, მაშინ მივხვდი, რომ ის ჩემიანია და შევიყვარე...

უფროსი კი ვიყავი, მაგრამ დეას ჩემთვის რომ დაეჯერებინა, ეს გამორიცხული იყო. ჩემი და საზიზღრად იქცეოდა, მთელი სახლი აკლებული ჰქონდა. როცა სახელს ეკითხებოდნენ, "ბანდიუნგა" ვარო, ბანდიტს ვერ ამბობდა. თუ ვეჩხუბებოდი ან რამე პრეტენზია მქონდა მის მიმართ, სიტყვების მარაგი თუ არ ეყოფოდა, აიღებდა პლასტმასის თოჯინას და თავში მირტყამდა (იცინის). მუდამ "სინიაკებით" დავდიოდი. მე რომ ვცემდი, მეუბნებოდნენ, პატარაა და რამე არ დაუზიანოო, სამაგიეროდ, იმას ვყავდი "გაგდებული". ჩვენს სახლში ოთახები ისეა განლაგებული, რომ შეგიძლია წრე დაარტყა. ასე ოთახიდან ოთახში წრეზე დავრბოდი და ის საცემრად დამდევდა. განსაკუთრებით მწარედ ერთი მომენტი მახსოვს: მწერების ცოტა მეშინია, ჩემს დას - არა. ერთხელ დედა მაღაზიაში ჩავიდა, მხოლოდ რამდენიმე წუთით დაგვტოვა. მე ვარ 8 წლის, დეა - 4-ის. უკან მობრუნებულ დედას ისეთი კივილი ესმის, ქალს ლამის გული გაუსკდა. სასწრაფოდ აღებს კარს და რა სცენას ხედავს? დეას ხელში ბუზი უჭირავს და უკან დამდევს, მე გავრბივარ და ვკივი. თუმცა, ერთხელ, ძალიან გავბრაზდი და ისე დავარტყი, რომ კბილი ამოვუგდე - მაინც გამოსაცვლელი ჰქონდა და (იცინის)...

ნინო, დეა და კიდევ სამი ქალი - სახლში 5 ქალი ვცხოვრობთ: მე, დეა, დედა, დეიდა და ბებია. როცა ცხელა, ჩვენთვის ყველაზე მთავარი პრობლემა არის ის, რომ სახლში ჩაცმულები არ დავდივართ. თუ ადამიანმა წინასწარ არ დაგვირეკა და არ გაგვაფრთხილა, რომ მოდის, შეიძლება კართან ლოდინი კარგა ხანს მოუხდეს. კარზე კაკუნის დროს იწყება პანიკა: მიდი, შენ გააღე, მანამდე გამოვიცვლი; - არა, შენ მიდი, უფრო ჩაცმული ხარ... ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის. ასე დავრბივართ და მინიმუმ 15 წუთი სტუმარი კართან გველოდება. ბოლოს შევიმოსებით და კარსაც ვაღებთ. რაც შეეხება სამზარეულოში ტრიალს: კონფლიქტი არ გვაქვს, პირიქით - ოღონდ ვინმე შევიდეს (იცინის). როცა ხასიათზე ვარ, ექსპერიმენტების ჩატარება მიყვარს. ძირითადად, საუზმეს დედაჩემი ამზადებს, ხოლო კერძებზე ერთმანეთს ვენაცვლებით, ხან ვინ აკეთებს, ხან - ვინ.

კულინარიული ჩანახატი - კულინარიამ მაშინ გამიტაცა, როცა ამ თემაზე გადაცემა მიგვყავდა მე და მსახიობ ზურა გორგაძეს. სხვათა შორის, მასაც გაუჩნდა ინტერესი და საკმაოდ კარგი რაღაცები გამოსდიოდა. ყოველთვის ვამბობ, რომ კაცის ხელით მომზადებული საჭმელი გემრიელია. თავად მიწევდა რეცეპტების მოძიება და ყოველდღე, დილაუთენია ახალ-ახალ კერძებს ვამზადებდი. ექსპერიმენტებსაც მივმართავდი. რთულია წელიწად-ნახევრის მანძილზე, შაბათ-კვირის გარდა, ამდენი რეცეპტი აღმოაჩინო. ამასობაში, გინდა თუ არა, კულინარიულად ხელიც და ფანტაზიაც გეხვეწება. ბევრი ტელემაყურებელი ჩვენთან ერთად იღვიძებდა და საუზმესაც ერთად ვამზადებდით. დედაჩემისთვის მეზობლებს არაერთხელ უთქვამთ: "ვაიმე, დღეს რა გემრიელი გამოვიდა!" (იცინის). ჩემი მეგობრის გიორგი მაღალაშვილის დედა მთელი იმ პერიოდის მანძილზე ჩემთან ერთად ამზადებდა საუზმეს. გიორგის დილის ეთერის დროს ეძინა, გაიღვიძებდა და დედა დაახვედრებდა მომზადებულს, - აი, ნინომ დღეს ეს გააკეთა. ჩემი მეგობარი მიირთმევდა და მერე მესიჯებს მწერდა: დღეს მომეწონა ან გუშინდელი სჯობდა და ა.შ.

4 წლის მსახიობი, ანუ ვინ გიყვარს ყველაზე მეტად? - საბავშვო ბაღში არ მივლია, 2 წლიდან მასწავლეს წერა-კითხვა. 4-ის ვიყავი, როცა ხელოვნების სკოლაში რამდენიმე წრეზე შემიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ დირექტორი უარზე იყო, ჩვენ 6-7 წლის ბავშვებს ვიღებთო. უთხრეს, რომ წერა-კითხვაც ვიცოდი, სიმღერაც და ცეკვაც. - კარგი, მოიყვანეთ გასაუბრებაზეო. შევედი გამართულად. დედამ გამაფრთხილა, დიდივით უნდა მოიქცეო. პირველი კითხვა იყო: ვინ გიყვარს ყველაზე მეტად? პასუხად დედას ან მამას ელიან, მე კი ვპასუხობ: მაიკლ ჯეკსონი. სიცილით დაიხოცნენ. ჩვენს ოჯახში ყოველთვის გემოვნებიან მუსიკას უსმენდნენ. ვგიჟდებოდი ჯეკსონის რითმებზე, კულულს წინ ჩამოვიგდებდი, შლაპას ვიხურავდი და ვცეკვავდი. გასაუბრებაზე ყველაფერი გავაკეთე, რაც ვიცოდი. თქვეს, ძალიან არტისტული ბავშვია და თეატრალურ წრეზე შევიდესო, მაგრამ ჩემი ოცნება ბალეტი იყო! დედას 2 წლიდან ოპერისა და ბალეტის თეატრში დავყავდი და ბალეტზე ჭკუა მეკეტებოდა. სულ ბალერინებს ვხატავდი. შემიყვანეს ბალეტზე. იქ 7 წლისები იყვნენ, მე 4-ის ვარ და ხომ წარმოგიდგენიათ, სიმაღლეში რა განსხვავება გვქონდა. ყველანი ნატიფები და თხელები, მე ღიპუცა ვიყავი. იმათ ფონზე სასაცილოდ გამოვიყურებოდი (იცინის), თუმცა, ძალიან პლასტიური გახლდით. ბალეტზე 4 წელი დავდიოდი, მერე მივხვდი, რომ ეს მთლად ჩემი არ იყო. პარალელურად თეატრალურ და ხატვის წრეებზე ვიარე. თეატრალური წრის სპექტაკლში 4 წლისამ ოქროს წიწილა ვითამაშე. ბებიამ ულამაზესი კაბა შემიკერა ოქროსფერი ქსოვილისგან. მიუზიკლს "სიმღერა ტყეში" ერქვა. მახსოვს ტაში ჩემი გამოსვლის შემდეგ და ყვავილები რომ მომართვეს.

ბავშვობიდან ყველაზე დიდი ემოცია დამიტოვა პირველმა გამოსვლამ ფილარმონიის სცენაზე, როცა 5 წლისა ვიყავი. საქართველოს დამსახურებული არტისტის, მედუდუკე გრიშა ქსოვრელის შვილიშვილი ვარ. ის დედაჩემის მამაა და ანსამბლი "სოინარი" მისი დაარსებულია, რომელსაც დღეს მის პატივსაცემად "ქსოვრელები" ჰქვია. მაშინ ფილარმონიაში პირველად ჩატარდა კონცერტი, სადაც მონაწილეობდნენ მსახიობები, მომღერლები. მასშტაბური მარათონის თანხები სამოქალაქო ომის შემდეგ რუსთაველის გამზირის აღდგენას მოახმარეს. ბაბუამ კონცერტის ორგანიზატორებს შესთავაზა, - ჩემი შვილიშვილი ლექსს დუდუკის თანხლებით კითხულობს და ვფიქრობ, საინტერესო ნომერი იქნებაო. ჯერ გაუკვირდათ, ასეთი პატარა როგორ შეძლებსო? რეპეტიციაზე მიმიყვანეს, მომისმინეს და გადაწყვიტეს, ჩემი ნომერი დაემატებინათ. წარმოიდგინეთ, გურამ საღარაძე კითხულობს ლექსს დუდუკის ფონზე და უცბად აცხადებს, - სცენაზეა 5 წლის ნინო მუმლაძე! ყველაფერი განსაკუთრებული იყო: ფილარმონიის უზარმაზარი დარბაზი, ამდენი ხალხი, ის ემოცია რაც შევიგრძენი, აპლოდისმენტები. ანა კალანდაძის ლექსი "საქართველოო ლამაზო" ბაბუას დუდუკის ფონზე წავიკითხე. ემოციებისგან უზომოდ ბედნიერი ვიყავი. ხალხისგან საოცარი აპლოდისმენტები დავიმსახურე.

კინოა, კინო... GzaPress- "ჩემი ცოლის დაქალებიდან" ჩემი და ყოჩის სასიყვარულო, ე.წ. სექსუალური სცენა ასე გადავიღეთ: ოთახში შევდივართ, პატარა კოცნა გვაქვს, აჩვენებენ სკამს, სადაც ჩემი კაბა ეცემა - იგულისხმებოდა, რომ გავიხადე. მაგრამ კაბა დავაგდეთ, არ გამიხდია. სცენა იმით გრძელდება, რომ საწოლიდან ზეწარშემოხვეული ვდგები. ყოჩის, რა თქმა უნდა, საცვალი ეცვა, თუმცა დამაჯერებლობისთვის, რომ ვითომ ახლა ჩაიცვა, საცვალის რეზინი გაატკაცუნა, - ეს ლევანმა თვითონ მოიფიქრა. მე კიდევ ზეწრის ქვეშ ჩვეულებრივად ტანსაცმელი მეცვა, მხოლოდ ბრეტელები ჩამოვიწიე, რომ მხრები მოშიშვლებული ყოფილიყო, ეს იყო და ეს (იცინის). ჰოდა, ატყდა ამბავიიი. დედა, ეს გაფუჭებული ქალი, ასეთი, ისეთი... ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ ერთმა ჟურნალისტმა დამირეკა და მკითხა: ოჯახში ასეთ თამამ სცენებს როგორ უყურებენო? ამ როლს დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ერთი ამბავი მახსენდება: რაიონში ვიყავი, მაღაზიაში შევედი და გამყიდველი ქალი შემფასებლური მზერით მიყურებს. მივხვდი, რომ მიცნო და თან სახეზე აწერია, დადებითად არაა განწყობილი ჩემი პერსონაჟის მიმართ. მაღაზიიდან უკვე გამოსვლას ვაპირებდი, როცა გამაჩერა: რაღაც უნდა გკითხო. გათხოვილი ხარ? - არა. - არც იყავი? არა-მეთქი. - ხო, მარა, იმფერი როლი გაქვს, რამე თავისებური გამოცდილება, ალბათ, გექნებაო! რაც ეკრანზე ხდება, ყველაფერს რეალურად აღიქვავენ. ძალიან მიკვირს, რატომ ვერ წარმოუდგენიათ, რომ ეს არის დადგმული?!

ერთი ქალბატონი "ფეისბუკზე" მწყევლიდა, თან გაუჩერებლად. ერთხელ მივწერე, - ეს კინოა, კინო და არაფერ შუაში არა ვარ-მეთქი, მაგრამ მაინც მწერდა. მერე ჩემი პერსონაჟი ნათია რომ დაავადდა, რაღაც დროის შემდეგ დაწერა: მაპატიე, ამდენი ცუდი არ უნდა მომეწერაო. - არა უშავს, ხდება ხოლმე-მეთქი. იმან ტექსტი ასე გააგრძელა: რას გერჩოდი, როგორ ავად ყოფილხარ, ღმერთმა მაინც დაგსაჯაო (იცინის).

ორი ეპიზოდი - ფილმში "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს" ნუნუკას როლს ვთამაშობ. ის არის პატიოსანი, მორცხვი გოგო და სულ დახურული სამოსით დადის. მოიფიქრეს, რომ გმირი გარეგნულად რადიკალურად უნდა შეიცვალოს. ერთ ეპიზოდში, სადაც კაბას შემოახევენ, მას კოლჰოტის ნაცვლად სექსუალური ფერადი "ჩულქი" აცვია, რაც პერსონაჟისგან განსხვავებულ, მოულოდნელ ეფექტს ქმნის. სცენარი დაიწერა და ვეძებთ ფერად "ჩულქს", რომელიც არ იშოვება. დავდივართ მე და ადელინა გოგუაძე, მას ე.წ. სეტკა კოლჰოტი სჭირდებოდა იმ ეპიზოდისთვის, ერთად ვთამაშობდით. ერთ მაღაზიაში ათასნაირი ტიპის საქონელი შევამჩნიე. შევედით და გამყიდველს ვეკითხებით: უკაცრავად, "სეტკა" კოლჰოტი ან ფერადი "ჩულქები" ხომ არა გაქვთ? ამ ქალმა ისე გადმოგვხედა, თვალებით გვეუბნებოდა, - რაებს კადრულობთ გოგონებოო? მერე გვიპასუხა, არაო. გამოვდივართ და ზურგს უკან მესმის, ერთი ეკითხება მეორეს: რად უნდათ, ნეტავ? პასუხია: კლიენტების მოსაზიდად! (იცინის).

მეორე ეპიზოდში ფილმის გმირი დოლჩე სახლში გოგონებს აიყვანს, ამ დროს იატაკზე უამრავი პრეზერვატივია მიმობნეული. ასევე, ფილმში ფიგურირებს წნევის წამალი და პრეპარატი ვიაგრა. ამ ყველაფრის ყიდვა მხატვარს დაავალეს. წავიდა კაცი აფთიაქში და გამყიდველს ეუბნება: მომეცით ერთი წნევის წამალი, ერთი ვიაგრა და 50 ცალი პრეზერვატივი (იცინის). ფარმაცევტმა შოკი მიიღო. ალბათ ფიქრობდა, თუ ადამიანს წნევის წამალი სჭირდება, ვიაგრა და ამდენი პრეზერვატივი რაღად უნდაო? თურმე, ხელიდან დასცვივდა წამლები... მხატვარი დარცხვენილი და აწითლებული გამოვიდა აფთიაქიდან, თავის მართლებას ხომ არ დავიწყებდიო.

მეშინია და რა ვქნა? GzaPress- მახსოვს, ძალიან პატარა ვიყავი, როცა დავინახე, როგორ დაკლეს ქათამი, მერე უთავოდ რომ ფართხალებდა და კისერს იქნევდა. ალბათ, ამან ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ბავშვობაში ავად როცა ვხდებოდი ან მაღალი სიცხე მქონდა, ღამე ქათმები მესიზმრებოდა - იმდენად მეშინოდა ამ ფრინველის. დღესაც, ცოცხალ ქათამს, ფრინველს ხელში ვერ დავიჭერ. ქათამს მივირთმევ და მომზადებაც შემიძლია, ოღონდ სოფლისას ვერ ვამზადებ, გრძელი კისერი მაშინებს. ერთხელ, კერძო დასახლებაში ქათამი ეზოდან გადმოხტა ქუჩაში და ჩემი მეგობარი ხელებაწეული წინ ისე გადაუდგა, თითქოს ტანკისგან მიცავდა (იცინის). ჩემს კივილზე სახლიდან პატრონი გამოვარდა, - რა ხდებაო? ქათმის ეშინიაო, - უთხრეს. გაოცებულმა ჩაილაპარაკა: ამ საცოდავი ქათმისა რანაირად უნდა ეშინოდესო? ამას წინათ სოფელში ბუმბულაფოფრილი ქათამი ვნახე, ისეთი უცნაური იყო, შიში და შოკი ერთად მქონდა.

"ჩიფსების თაობას" ვიღებდით და ასეთი სცენა მოიფიქრეს, ნუნუკას (ჩემ გმირს) ქათამი შესაწირად მიჰყავს ეკლესიაში. ჩემი ფობიის შესახებ არაფერი იცოდნენ და სცენარსაც წინასწარ არ გვიგზავნიდნენ. მსახიობები ტრადიციულად 11 საათზე მივდიოდით, ერთად ვეცნობოდით სცენარს, იქვე ვსწავლობდით და ვიღებდით. საჭირო რეკვიზიტი უკვე მომზადებული ჰქონდათ. შევდივარ სტუდიაში და შუა ოთახში მაგიდაზე ქათამს ვხედავ. ჩემი რეაქციაა არაადამიანური კივილი, მერე შევრბივარ საგრიმიოროში, ვხურავ კარს და კივილს იქ ვაგრძელებ. ყველა გაკვირვებულია. იმ დღეს გადაღება ჩაიშალა. სცენარი შეცვალეს და მეორე დღეს ბატკანი მომიყვანეს.

ნანული ზოტიკიშვილი