"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
მსახიობი და საქმიანი ქალბატონი - ასმათ ტყაბლაძე უსამართლობას ვერ იტანს. არ შეუძლია მოთმენა, როცა დარბაისელ ქალს მამაკაცი დაუმსახურებელ შეურაცხყოფას აყენებს. უზრდელ მამაკაცებს საკადრის პასუხს სცემს, თუმცა აშარი ქალების არსებობასაც აღიარებს...
- როდის გააცნობიერეთ, რომ მომხიბვლელი ქალბატონი ბრძანდებით?
- როცა მეტყოდნენ, ლამაზი ხარო, დიდად ვერ აღვიქვამდი, რომ ეს ასე იყო (იცინის). 18-19 წლის უკვე მივხვდი, რომ სიმპათიური ვიყავი... ჩემს თავზე ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს.
- ძლიერ ქალბატონად მიიჩნევთ თავს?
- კი, ნამდვილად, ძლიერი ვარ.
- რატომ?
- უშიშარი, სამართლიანი, პირდაპირი და კორექტულიც ვარ. ძალიან "ზედმეტი" უნდა გააკეთოს ადამიანმა, ყველაფერი რომ ბოლომდე ვუთხრა. უზრდელურად ლაპარაკი არ მიყვარს. თავშეკავებაც ვიცი. ისიც ვიცი, რომ ზოგჯერ აუცილებელია, ყველას ყველაფერი პირდაპირ ვუთხრა, რადგან სხვაგვარად საკუთარ დანაშაულს ვერ გრძნობენ.
- რამ შეიძლება წონასწორობა დაგაკარგვინოთ?
- ეს ძალზე იშვიათად ხდება. ყოველთვის ვცდილობ, მოთმინება არ დავკარგო - ჭკუით უფრო ვაჯობო, ვიდრე ემოციით. ასეთი შემთხვევა მქონდა: მამაკაცმა ქალს ხელი ჰკრა და უზრდელურად მოექცა. მამაკაცს ყელში ვწვდი. შევუტიე - როგორ გაბედე, ქალზე ხელი როგორ ასწიე-მეთქი?!. ვინმე ცუდად არ უნდა მომექცეს. ის არ უნდა მითხრას, რაც არ მეკადრება. არ უნდა შემაგინოს - ისე არასოდეს ვიქცევი, რომ შემაგინონ. ვინმე უკადრისად თუ მომექცევა, შეიძლება, მოთმინება დავკარგო და მეც ცუდად მოვიქცე: არ მოვკლავ, მაგრამ გავულაწუნებ - ეს შემიძლია. ქალს სათქმელს ეტყვი, მამაკაცს კი უნდა გაულაწუნო. ქალი რომ გაულაწუნებს, ეს მისთვის ყველაზე დიდი სასჯელი იქნება. ასეთი ორი შემთხვევა მქონდა: ერთხელ მამაკაცმა ორ ქალს ხელი ჰკრა. ერთი წაიქცა, მეორე - შეტორტმანდა და ფეხზე ძლივს დადგა. ორივე ქალი ჩემი ახლობელი იყო. რაღაც საკითხზე დაობდნენ. ის კაცი არაფერ შუაში იყო - მეტიჩრულად გამოვარდა. ჰოდა, კარგადაც მოხვდა ჩემგან - ისე, რომ ადგილზე გაშეშდა. არ ელოდა, რომ ქალები მას წინააღმდეგობას გაუწევდნენ. ეტყობა, ისე ძლიერად მომივიდა, რომ ჩემი გალაწუნებული ეტკინა. როგორც ცნობილ ქართულ ფილმშია - შემაგინე და ვისვრიო, ისე დამემართა. არადა, ფიზიკურად ძლიერი არ ვარ. მორალურად, სულიერად ძლიერი გახლავართ...
მეორე შემთხვევას რაც შეეხება, უზრდელურად დამელაპარაკა მამაკაცი და უცებ, ჩემგან კარგი გალაწუნებაც მიიღო... არ ვნანობ! ძალიან მომეწონა, ეს რომ გავაკეთე. ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ დღესაც ანალოგიურ სიტუაციაში რომ აღმოვჩნდე, უკან არ დავიხევ. არ დავუშვებ, რომ მამაკაცმა ქალს დაუმსახურებელი შეურაცხყოფა მიაყენოს. ზოგი ისეთი აშარი ქალია, რომ თვითონაა გასალაწუნებელი, მაგრამ აბსოლუტურად დაუმსახურებლად, დარბაისელ ქალს ცუდად რომ ეპყრობიან, ვერ მოვითმენ!.. ახალგაზრდების ჩხუბშიც ჩავრეულვარ - ფიზიკური ძალით კი არა, სიტყვით. გვერდი არასოდეს ამივლია და არ მითქვამს - რაც უნდათ, ის ქნან-მეთქი. პირიქით, სულ მიფიქრია, - ცუდი არაფერი გააკეთონ, ვინმე არ დაიღუპოს-მეთქი. იმ გახმაურებული შემთხვევისას, როცა ბიჭები ერთმანეთს დანებით დაერივნენ, შორს არ დავდგებოდი - მივიდოდი და ჩავერეოდი. იმაზე არ ვიფიქრებდი, - მეც რომ მოვკვდე ან რამე დამიშავდეს-მეთქი?..
- ძლიერი პიროვნება ხართ, თუმცა სუსტი მხარე ყველა ჩვენგანს აქვს...
- ვერ ვიტყვი, პირად ცხოვრებაში ვიყოჩაღე, ამ მხრივ ძალიან სუსტი ვიყავი. მიძალება არ მიყვარს, თუმცა ალბათ, ზოგჯერ საჭიროც არის, ინიციატივა გამოიჩინო. მე კი ძალიან ამაყი ვარ. ბევრმა ჩემმა ნაცნობმა ცოლიან კაცებთან სასიყვარულო ურთიერთობა გააბა, ცოლ-შვილს დააშორა და სახლში წამოიყვანა. წამითაც არ დამიშვია, რომ მეც ასე მოვქცეულიყავი.
- სიყვარული რა არის?
- როდესაც გინდა, რომ ადამიანი, ვინც გიყვარს, ძალიან ბედნიერად იყოს, სიკეთე, სიხარული ჰქონდეს, მისთვის რაღაც კარგი გააკეთო, რა თქმა უნდა, მასაც უნდა უნდოდეს, რომ შენ გვერდით იყოს, შენი კარგად ყოფნა სურდეს... იცი, ადამიანი ბედნიერი როდის ხარ? მაშინ, როცა უბედური არ ხარ, შენს ოჯახს, ქვეყანას უბედურება არ სჭირს...
- ქალური შური გიგრძნიათ?
- პირადად მე, ცხოვრებაში შური არ გამჩენია. შურიან ადამიანებს ვერ ვიტან, ძალიან მებრალებიან. "თეთრი შური" არ არსებობს. არსებობს შური და "შეგნატრი" (როცა კარგად ხარ და მეც მინდა, რომ კარგად ვიყო). შურიანი ადამიანი ცხოვრებაში ბევრს აგებს. სხვებისგან შური მიგრძნია, მაგრამ ამაზე რეაქცია არ მქონია, რადგან ეს მათი მინუსია, ჩემი კი არა. მაგალითად, ვიღაცას შურს, რომ თუნდაც, ბიზნესს თავად ვერ აწყობს - უნარი არ ჰყოფნის. ტვინთან ერთად, ადამიანს უნარიც რომ გაქვს, ეს უკვე ძვირფასი რამეა. ზოგი შურს ვერც მალავს, ზოგი - მალავს, მაგრამ მაინც ჩანს. ბევრი ნაცნობი მყავს, რომლებიც ნამდვილად ვიცი, რომ შურიანები არ არიან, ჩემი კარგად ყოფნა გულწრფელად უხარიათ. ისეთებიც არიან, ვინც შურს ვერ მალავს - რაღაც "მწარე" მაინც წამოსცდება ხოლმე.
- ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით?
- ამ ჭკუით და გამოცდილებით ბევრ რამეს, მაგრამ ადამიანის ბუნებას ვერ შეცვლი. ძალიან წესიერი ადამიანების, დადებითი პიროვნებების გაზრდილი ვარ. რაც სატრაბახო მაქვს, ეს ჩემი მშობლების წესიერებაა. დედაჩემი 100 წლის იყო, როცა გარდაიცვალა. სამშობლო ისე უყვარდა, რომ მისი ბოლო სიტყვები იყო: ღმერთო, შენ უშველე ჩემს ქვეყანას და ჩემს შვილებსო. ზოგს უკვირს, - რატომ ხარ გადარეული შენს ქვეყანაზეო? არადა, ეს გასაკვირი არ არის. მაგალითად, პაპაჩემი სულ საქართველოს ისტორიას გვიყვებოდა. ზოგიერთს დღეს პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარული სასაცილოდ ეჩვენება - გლობალიზაციაა, რა დროს სამშობლოზე ფიქრიაო?.. ჩემს ცხოვრებაში რაიმეს შეცვლა რომ შემეძლოს, რა თქმა უნდა, ყველაფერს შევცვლიდი, რაც არასწორი ყოფილა, მაგრამ აუცილებლად, ისევ მსახიობი ვიქნებოდი, ჩემს ახლობლებს ისევ ვუპატრონებდი. ზოგიერთ ადამიანს არ ვენდობოდი, რადგან ზოგს ვენდე და მერე აღმოჩნდა, რომ სანდოები არ ყოფილან. ამ მხრივ, ადამიანებთან ცოტა უფრო ფრთხილი ვიქნებოდი.
- თქვენი ყოველდღიური საზრუნავი რა არის?
- პირველ რიგში, შვილიშვილი და შვილი, ჩემი დედმამიშვილები... ოჯახი ძალიან მიყვარს. ისეთი დროა, რომ მეგობრებს შორის, ბევრ მათგანს ავადმყოფობა, ფიზიკური ტკივილი აწუხებს. მათზე გული ძალიან შემტკივა. მინდა, კარგად იყვნენ. ყოველ დილით იმაზე ფიქრით ვიღვიძებ, როგორ იქნებიან ჩემი ახლობლები, რომლებსაც უჭირთ ან ვის როგორ დავეხმარო - ეს ჩემი ყოველდღიურობის თანმდევია. რა თქმა უნდა, ჩემი ქვეყნის ამბავი ძალიან მაწუხებს. უამრავი "უცხოტომელია" ჩამოსული. Eქსპრეზიდენტმა ბათუმში მისცა მოქალაქეობა თურქებს. ამჟამინდელზე ამბობენ, - ირანელებს მისცა მოქალაქეობაო, ფერეიდნელი ქართველი კი გვეუბნება, - მიწას ნუ გაყიდით, გაუფრთხილდითო... ჩემი თბილისი ძალიან მებრალება, რომელიც ბეტონის "ყუთებში" "ჩაჯდა". ონკოლოგიური დაავადებები ძალიან გავრცელებულია. თურქეთში უთქვამთ, - პროცენტულად, იმდენი ონკოლოგიური პაციენტი, რამდენიც საქართველოშია, სხვაგან არსად არისო. როგორ შეიძლება, ადამიანს ამაზე გული არ შეგტკიოდეს, არ გადარდებდეს?
- შვილის აღზრდისას დაბნეულხართ?
- სხვათა შორის, ჩემი შვილი იოლად აღსაზრდელი, დამჯერი იყო, კარგად სწავლობდა. ზოგჯერ არც ვკითხულობდი, გაკვეთილი იცოდა თუ არა, დარწმუნებული ვიყავი, რომ იცოდა. ჩემი შვილიშვილი სკოლაში სწავლას ახლა იწყებს და დარწმუნებული ვარ, ისიც დედასავით იქნება.
- თავის მოვლას, გარეგნობაზე ზრუნვას რამდენ დროს უთმობთ?
- ძალიან ცოტას. რა თქმა უნდა, თავის მოწესრიგება აუცილებელია, მაგრამ რომ გითხრათ, ძალიან ბევრს ვფიქრობ, თმა როგორ შევიღებო, როგორი ვარცხნილობა გავიკეთო-მეთქი, მართალი არ იქნება. მაკიაჟს ძალიან სწრაფად ვიკეთებ, თეატრში გრიმსაც - ასევე სწრაფად და იოლად. ჩემი დიზაინით ლამაზი ბარი მაქვს გაკეთებული. კარგად ვკერავდი, ვქსოვდი, ვაცხობდი... ყველაფერს ვაკეთებდი, რასაც მოვისურვებდი.
- ოდესმე სასოწარკვეთილ დიასახლისად გიგრძნიათ თავი?
- არასოდეს! იმ წუთშივე მოვიფიქრებ, რა გავაკეთო! მაგალითად, ერთხელ ქურქი გადავაკეთე: ძალიან გვიანი იყო. ეტყობა, ძილი მომერია, უთო დავადე და ქურქი გამიფუჭდა. იმ წუთშივე მოვიფიქრე, რა უნდა გამეკეთებინა. არასოდეს მოვთქვამ - ვაიმე, ეს რა დამემართა-მეთქი. ბებიაჩემი გვასწავლიდა, რაც უნდა მოხდეს - ნივთი გატყდება, გაფუჭდება თუ სადილი დაგეწვება, არასოდეს იდარდოო. ბებიაჩემისგან ეს კარგად დავიმახსოვრე.
ეთო ყორღანაშვილი