"სტერეოტიპულად გავრცელებული "ძაან მაგარი სკოლები" არ მომეწონა" - გზაპრესი

"სტერეოტიპულად გავრცელებული "ძაან მაგარი სკოლები" არ მომეწონა"

ტელეწამყვანი გვანცა დარასელია 2 შვილის - ერეკლეს და ლილეს დედა გახლავთ. ლილე ჯერ 2 წლისაც არ არის, ერეკლეს კი ახლახან პირველი სასწავლო წელი დაეწყო...

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"საერთოდ, ყველა მოვლენისთვის მზადყოფნა მიყვარს. ჩემს შვილებსაც ასე ვზრდი. მათ ყოველთვის ყველაფრის შესახებ ვუყვები, ბევრს ველაპარაკები. მათთან ურთიერთობას ბევრ დროს ვუთმობ. დიდ ენერგიას ვხარჯავ, ყველა კითხვაზე რომ ვუპასუხო, მათი ყველა ინტერესი რომ დავაკმაყოფილო. დიდი ხანია, რაც პირველი კლასისთვის ვემზადებით. ჯერ იყო სკოლის შერჩევის უმნიშვნელოვანესი ეტაპი. ეს ძალზე სტრესული გახლდათ..."

"ცხოვრებაში როგორი სტრესიც უნდა განმეცადა, არ ყოფილა შემთხვევა, რომ ღამით ვერ დამეძინა, ახლა კი - ღამით შფოთვით მეღვიძებოდა, - ვაიმე, ნეტავ სწორ გადაწყვეტილებას ვიღებ? ნეტავ, კარგი სკოლაა თუ არა-მეთქი?.. როგორც იქნა, სკოლა შევარჩიე. მეორე უმნიშვნელოვანესი ეტაპი ის იყო, რომ ერეკლე ამ სკოლაში უნდა მიმეყვანა და მეჩვენებინა, გარემო მასაც უნდა მოსწონებოდა..."

GzaPress

"სიმართლე გითხრათ, საჯარო სკოლაზე არც მიფიქრია, რადგან პირველ რიგში, მინდა, იქ იაროს, სადაც სწავლას შეეჩვევა. სასწავლო დაწესებულების მხრიდან ყურადღების თითოეულ მოსწავლეზე კონცენტრაცია მნიშვნელოვანია, მოსწავლეები ერთმანეთს იმაში კი არ უნდა ეჯიბრებოდნენ, ვის როგორი ჩანთა ან ტელეფონი აქვს, ზაფხულში მშობლებმა ვინ უკეთეს ადგილას წაიყვანეს დასასვენებლად, არამედ - ვინ უკეთესად ისწავლის. ამის მიხედვით ვეძებე, ვეძებე და ვფიქრობ, რომ სკოლა სწორად შევარჩიე, თუმცა სტერეოტიპულად გავრცელებული "ძაან მაგარი სკოლები" მაინც არ მომეწონა..."

"თავიდანვე ვიცოდი, რომ ჩემი შვილი კერძო სკოლაში ივლიდა, რადგან მინდა, გარანტიები მქონდეს, მაგალითად, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ვფიქრობ, რაც მშობელს შეუძლია, კერძო სკოლას უფრო მოსთხოვოს, რადგან კერძოს თავისი მენეჯმენტი, გადაწყვეტილებები აქვს და საკითხებს მეტი პასუხისმგებლობით უდგება, ვიდრე სამწუხაროდ, საჯარო სკოლები..."

გვანცა დარასელიას გულახდილ ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 20 სექტემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი